GE

მოსწავლეთა ინტელექტუალური შეჯიბრი ,,ინტელექტის დღე” ოფიციალურად გაიხსნა

18 აპრილს „ინტელექტის დღე 2015″ ოფიციალურად გაიხსნა. მუნიციპალური ეტაპის ცენტრალური მოედანი თბილისის პირველ კლასიკურ გიმნაზიაში მოეწყო, სადაც თამაშს საქართველოს ინტელექტ-კლუბის „რა? სად? როდის?“ პრეზიდენტი გიორგი მოსიძე უძღვებოდა. თამაშს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე რატი ბრეგაძე დაესწრნენ. მათ მონაწილე გუნდებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს და წარმატებები უსურვეს.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს 71 მუნიციპალურ ცენტრში ერთდროულად აიღო სტარტი ყველაზე მასშტაბურმა ინტელექტუალურმა შეჯიბრმა – „ინტელექტის დღე“. ეს არის საქართველოს ჩემპიონატი მოსწავლეთა შორის ინტელექტუალურ თამაშში „რა? სად? როდის?“, რომელიც წელს უკვე მეოთხედ იმართება.

18 აპრილს ტურნირის პირველი, მუნიციპალური ეტაპი გაიმართა და მასში მონაწილეობა საქართველოს მასშტაბით წინასწარ დარეგისტრირებულმა 1400-მდე სკოლამ მიიღო. მუნიციპალურ რაუნდში გუნდებმა 24 შეკითხვას უპასუხეს, გამარჯვებულები კი 10 მაისს თბილისში ფინალში გამოავლენენ საუკეთესოს. დასკვნით ეტაპზე გუნდები 36 შეკითხვას უპასუხებენ. გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან პრიზებითა და დიპლომებით.

პროექტის ორგანიზატორები არიან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საქართველოს სპორტისა და ახალგზრდობისა საქმეთა სამინისტრო და საქართველოს ინტელექტ-კლუბი „რა? სად? როდის?“. პროექტის გენერალური პარტნიორია კავკასიის უნივერსიტეტი, ხოლო პარტნიორები არიან გამომცემლობა „პალიტრა L“ და IDS ბორჯომი საქართველო.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური