GE

რა სახის საერთაშორისო გაცვლით პროგრამებს სთავაზობს აკაკი წერეთლის სახელმწფო უნივერსიტეტი სტუდენტებს

გაცვლითი პროგრამები უნივერსიტეტის შეფასებისას სტუდენტობის მსურველისთვის ერთ–ერთი არსებითი კრიტერიუმია. სტუდენტების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ თუ უნივერსიტეტი მას ასეთ სერვისს სთავაზობს, არჩევასაც იმსახურებს. ქუთაისის აკაკი წერეთლის  სახელობის უნივერსიტეტი   სტუდენტებს  3   სახის  საერთაშორისო გაცვლით  პროგრამებს სთავაზობს. უნივერსიტეტის სტუდენტებს,  გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის მისაღებად,  კონკურსის გავლა წელიწადში ორჯერ შეუძლიათ.  როგორც   EDU.ARIS.GE-სთან საუბრისას  წერეთლის უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა განვითარების სამსახურის  ხელმძღვანელი დავით გეგჭკორი  ამბობს, ერთ-ერთი ასეთი პროგრამა აქვთ ამერიკის მისურის შტატის უნივერსიტეტთან. სადაც გაცვლით პროგრამაში მონაწილე  სტუდენტი  უსასყიდლოდ სწავლობს.

გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის მისაღებად მთავარი კრიტერიუმები ინგლისური ენის კარგად ცოდნა და მაღალი აკადემიური მოსწრებაა.

333ad242-1303-4e9a-b06d-08930de96a57-ბატონო დავით, რამდენი სახის  საერთაშორისო გაცვლითი პროგრამაშია ჩართული  წერეთლის უნივერსიტეტი?

–უნივერსიტეტი ახორციელებს 3 ტიპის გაცვლით პროგრამას. პირველი ეს არის მთავრობათა შორის არსებული ხელშეკრულებები. საქარველოს მთავრობას,  ხელშეკრულებები გაფორმებული  აქვს  ჩეხეთთან  და სლოვაკეთთან. ამის შემდეგ   ჩვენთან მოდის პროგრამები.  მაგალითად ერთ-ერთი იყო სლოვაკეთის მთავრობასთან,  როცა მათ გამოყვეს სტიპენდია საქართველოს 20 მოქალაქისთვის და მათ საშუალება აქვთ იქ ისწავლონ.

ასევე, მთავრობათა ხელშეკრულებების  საფუძველზე,  ჩვენ გვყავს ლექტორი ეგვიპტიდან. მეორე ტიპის ხელშეკრულებები უკვე უნივერსიტეტებთან არის  გაფორმებული. წერეთლის უნივერსიტეტს 50-მდე უნივერსიტეტთან აქვს გაფორმებული ასეთი ხელშეკრულებები. საუბარია ევროპის და ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებზე. ერთ-ერთი კონკურსი  ახლა მიმდინარეობს, ეს არის ამერიკაში მისურის  უნივერსიტეტთან, სადაც ყოველწლიურად ჩვენგან   2 სტუდენტი მიდის  და ისინი თავისუფალი არიან  სწავლის გადასახადისაგან.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას სწორედ ეს უპირატესობა აქვს, როცა სტუდენტი ჩვენგან მიდის, არ იხდის სწავლის ქირას,  რაც დიდი შეღავათია ქართველი სტუდენტისთვის.

–რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს სტუდენტი,  თუ მას გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა და კონკურსის გავლა სურს?

–კონკურსი როდესაც ცხადდება იქ არის საბაზისო მოთხოვნები. პირველი არის ენის ბარიერი, ანუ მინიმალური მოთხოვნა ინგლისური B2 დონე. მეორე ეს  არის სამოტივაციო  წერილი,  რატომ მიდის ამ ქვეყანაში. ნიშნების  ფურცელი,  აკადემიური მოსწრება და ყველაზე  მთავარი – კრედიტების თანხვედრა.  ანუ, მე შეიძლება ვსწავლობ ეკონომიკაზე,  მაგრამ  მინდა წავიდე საინჟინროზე, თუ მინიმალური თანხვედრა  არის 20 კრედიტი, ამ შემთხვევაში სტუდენტი შეიძლება წავიდეს, თუ კრედიტების მინიმალური რაოდენობა  არ  ემთხვევა,  ამ შემთხვევაში სტუდენტი ვერ  მიიღებს მონაწილეობას გაცვლით პროგრამაში.

–ამ ეტაპზე რამდენი სტუდენტია წასული  აკაკი წერეთლის უნივერსიტეტიდან გაცვლითი პროგრამით სასწავლებლად?

–ამ ეტაპზე,  ჩვენგან სხვადასხვა გაცვლითი პროგრამებით წასულია 25 სტუდენტი.  რაც შეეხება უცხოელ სტუდენტებს, ამჟამად ჩვენთან სწავლობს სამი ერასმუსის პროექტით.  ასევე არიან ავსტრიელები  და პოლონელები და  გვყავს  ნიგერიელი სტუდენტებიც.

–როგორ უნდა გაიგოს სტუდენტმა, რომ უნივერსიტეტი კონკურსს აცხადებს  გაცვლითი პროგრამაში მონაწილეობის მსურველთათვის?

–კონკურსი ცხადდება,  ინფორმაცია განთავსდება უნივერსიტეტის ვებ–გვერდზე.  ტარდება საინფორმაციო შეხვედრები.  კონკურსი  ცხადდება ორ ეტაპად, პირველი  სემესტრისათვის ცხადდება ნოემბრიდან – თებერვლის ჩათვლით,  რომ სექტემბერში წავიდეს სტუდენტი და მეორე ეტაპი არის მარტი აპრილი,  რომ საშემოდგომო სეზონისათვის მოასწორს იქ ჩასვლა.

თუმცა, ერთი ფაქტორია,  ეს პროგრამები არ ეხებათ პირველკურსელებს. მსურველს უნდა ჰქონდეს უცხო ენის კომპეტენცია საკმაოდ მაღალი.  გაცვლითი პროგრამები ეხებათ  სტუდენტებს  მეორე კურსიდან ზემოთ. პირველ კურსზე მათ კრედიტებიც არ აქვთ ათვისებული, მეორე კურსის სტუდენტს კი ეს ყველაფერი გავლილი აქვს.  მთავარი მოთხონაა  მაღალი აკადემიური მოსწრება და უცხო ენის ცოდნა.

როგორც აკაკი წერეთლის  საგარეო ურთიერთობათა განვითარების სამსახურის უფროსი დავით გეგჭკორი  EDU.ARIS.GE-სთან განმარტავს, პერმანენტულად  აკვირდებიან იმ სტუდენტების დასაქმების დინამიკას, რომლებმაც სწავლება საზღვარგარეთ გაიარეს და აღმოჩნდა,  რომ დამსაქმებლები ასეთ ახალგაზრდებით  დაინტერესებულნი  არიან.

აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური