GE

სიმკაცრის ხარჯზე მიღწეული წარმატება

გთავაზობთ საინტერესო ამონარიდებს ჯოან ლიპმანის ახალი წიგნიდან „Strings Attached: One Tough Teacher and the Gift of Great Expectations”. ჯოანი გამოცემა The Wall Street Journal დირექტორის მოადგილე და ჟურნალ Condé Nast Portfolio-ს მთავარი რედაქტორია.

„ოდესღაც მყავდა მასწავლებელი, რომელიც თავის მოსწავლეებს დაშვებული შეცდომის გამო იდიოტებს ეძახდა. ის ჩვენი ორკესტრის დირიჟორი იყო, ავი და დაუნდობელი ემიგრანტი უკრაინიდან – ჯერი კუპჩინსკი. თუ ვინმე არასწორ ნოტს აიღებდა, მთელ ორკესტრს აჩერებდა და არადამიანური ხმით გაჰყვიროდა: „პირველ ვიოლინოებში ყრუ გამოგვერიააა?” რეპეტიცია მანამდე გრძელდებოდა, სანამ თითები არ დაგვიბუჟდებოდა. იმისათვის, რომ ჩვენი ურჩი ხელები დაემორჩილებინა, ზოგჯერ ფანქრით გვჩხვლეტდა.

ახლა მსგავსი მიდგომისთვის სკოლიდან დაითხოვდნენ, მაგრამ რამდენიმე წლის წინ ის გარდაიცვალა და უკანასკნელ გზაზე პატივით გავაცილეთ. ყოფილი მოსწავლეები და კოლეგები ქვეყნის ყველა კუთხე-კუნჭულიდან ჩამოფრინდნენ ჩემს მშობლიურ სახლში ნიუ-ჯერსში. თან ძველი ინსტრუმენტებიც გამოაყოლეს, რათა კიდევ ერთხელ შეესრულებინათ მასწავლებლის ხსოვნისადმი მიძღვნილი კონცერტი. მეც სადღაც ვიპოვე მივიწყებული ალტი… სცენის ფარდა რომ აწიეს, ყველამ დაინახა ჩვენი სიმფონიური ორკესტრი. სიდიდით ის არაფრით ჩამოუვარდებოდა ნიუ-იორკის ფილარმონიის ორკესტრს.

გამიკვირდა, რომ მოხუც და უხეშ მასწავლებელს ყველა კარგად იხსენებდა. ჩვენ მას მისტერ კ.-ს ვეძახდით. მაგრამ კიდევ უფრო გამაკვირვეს იმ წარმატებებმა, რომელსაც მისმა ყოფილმა მოსწავლეებმა მიაღწიეს. ბევრი მუსიკას აღარ გაყოლია. უმრავლესობამ თავი ისახელა იურიდიულ, სამედიცინო, სამეცნიერო და პედაგოგიკის სფეროში. მუსიკალური განათლება ხომ დადებითად აისახება ზოგადი სწავლების პროცესზე და, როგორც ჩანს, იმ მასწავლებლის მცდელობამ, რომელიც მთელი მოზარდობა გვტანჯავდა, თავისი პოზიტიური შედეგი გამოიღო.

აშშ-ში ყველას გვრცხვენია არსებული განათლების სისტემის. ყოველდღიურად გვესმის იმასთან დაკავშირებული მითქმა-მოთქმა, რომ ჩვენი მოსწავლეები ცუდად სწავლობენ. 15 წლის ამერიკელი მოზარდები საგრძნობლად ჩამორჩებიან ათობით ქვეყნის თანატოლს ფიზიკა-მათემატიკაში, საბუნებისმეტყველო საგნებში და ეს არა მხოლოდ აზიის ქვეყნებია, არამედ ფინეთი, ესტონეთი, ნიდერლანდები… უხარისხო ამერიკული განათლების მიზეზით უკვე მთელი ინდუსტრია აეწყო – სასწავლო სახელმძღვანელოების, კონსულტირების… ბუნებრივია, ყველას გვიჩნდება ერთი და იგივე კითხვა: სად უშვებენ შეცდომას ამერიკელი პედაგოგები? რას ვერ აკეთებენ? ამას ჩემი კითხვაც ემატება: რას აკეთებდა არასწორად მისტერ კ.? რა გამოცდილების გაზიარება შეიძლება მასწავლებლისგან, რომლის მეთოდები ეწინააღმდეგება თანამედროვე პედაგოგიკას, მაგრამ რომლითაც ის დადებით შედეგს აღწევდა?

თუ მისტერ კ.-ს სწავლების მეთოდებს და ახლანდელ მიდგომებს შევადარებთ, დავეჭვდებით. იქნებ, ძველმოდური, ტრადიციული განათლება და აღზრდის მეთოდები უკეთესი იყო (ვგულისხმობ დისტიპლინასა და მკაცრ მოთხოვნებს)? არ გეგონოთ, რომ ვინმეს შეურაცხყოფისკენ მოვუწოდებ. ძალიან აღვშფოთდები ჩემს შვილს მასწავლებელი უხეშად რომ მოქცეოდა, მაგრამ ამ იდეის გამართლება და არგუმენტირება ბოლო სამეცნიერო მოკვლევებითაც შემიძლია. ისინი გვიდასტურებენ, რომ ბავშვისათვის მცირედი სტრესი სასარგებლოა, მოსწავლის გადამეტებული ქება-დიდება კი მის თვითშეფასების სისტემას აზიანებს.

ცხადია, ეს ყველაფერი წინააღმდეგობაში მოდის აღზრდის იმ მეთოდებთან, რომელიც ამერიკაში ათეულობით წელი ინერგება. საყოველთაო მოსაზრების თანახმად, მასწავლებელმა უნდა „გახსნას” ბავშვის გონება, ეცადოს, ბოლომდე გამოიყენოს მისი პოტენციალი, ძალით თავში არაფერი ჩაუდოს. ჩვენი თაობა მიესალმება პროექტების რეალიზაციაზე დაფუძნებულ სწავლებას, თანამონაწილეობისა და თანამშომლობის პრინციპებს, ომს უცხადებს „ზეპირობანას”, რომელიც ბავშვს უქვეითებს შემოქმედეითობის უნარსა და კლავს მასში მოტივაციას.

ამ საყოველთაოდ აღიარებულ მოსაზრებებს რვა პრინციპი უარყოფს. გნებავთ ამას მანიფესტი, გნებავთ – ლოზუნგი დაარქვით. სწორედ ამ პრინციპების მიმდევარი იყო ჩემი ხადაზმული მასწავლებელიც.

1.ცოტაოდენი ტკივილი არ ვნებს – ფსიქოლოგმა ანდერს ერიქსონმა სახელი გაითქვა კვლევით, რომელიც ადასტურებდა – პროფესიული ცოდნა-უნარების შესაძენად აუცილებელია ადამიანმა პრაქტიკულ საქმიანობას 10 ათასი საათი დაუთმოს. ჰარვარდის ბიზნეს სკოლის ჟურნალ Harvard Business Review-ში 2007 წელს გამოქვეყნებულ სტატიაში ის წერს: „ნამდვილი ცოდნის შესაძენად უნდა გვყავდეს მასწავლებელი, რომელიც მოსწავლესთან ერთად იშრომებს კიდეც და დაიღლება კიდეც”. ერიქსონმა გაანალიზა რა სხვადასხვა სფეროში მოღვაწე წარმატებული სპეცილისტების (მუსიკოსების, ქირურგების, პროგრამისტების, მოჭადრაკეების) საქმიანობა, დაასკვნა, რომ ისინი დიდხანს არჩევდნენ ვინ ასწავლიდა – პედაგოგი უნდა ყოფილიყო არა სენტიმენტალური და კარგი ადამიანი, არამედ მკაცრი და მომთხოვნი.

2.ივარჯიშე, მოწაფევ, ივარჯიშე – აწ უკვე დისკრედიტირებული საზეპიროების წყალობით ინდოელი ბავშვები (ინდურ სკოლებში დღესაც ძალიან მიესალმებიან დაზეპირების მეთოდს) საერთაშორისო კონკურსებში, კერძოდ კი ორთოგრაფიაში ხშირად იმარჯვებენ. ამავე მიზეზით, ჩინელმა ბავშვებმა უკეთ იციან მათემატიკა. ამერიკელი მოსწავლეები კი თავს იმტვრევენ ამოცანებით, რადგან სწრაფად ვერ ანგარიშობენ. ამერიკაში გამრავლების ტაბულის დაზეპირება სავალდებულო არ არის.

უილია კლემი ტეხასის უნივერსიტეტიდან (A&M) დარწმუნებულია, რომ აშშ-ში აუცილებელია სწავლებაში დაზეპირების მეთოდების გამოყენება. 2008 წლიდან მოყოლებული აშშ-ის განანათლების სამინიტრო თავის ანგარიშში მკაცრად აკრიტიკებს ამერიკულ სკოლებს იმის გამო, რომ მოსწავლეები სწრაფად ვერ ხსნიან მათემატიკურ განტოლებებს. სამინისტროს თანამშრომლები მოუწოდებენ სკოლებს პრაქტიკაში დააბრუნონ „დაზეპირება, გამეორება, ვარჯიში”.

3.უშეცდომოდ ვერ ისწავლი – ბავშვები, რომლებსაც ესმით, რომ შეცდომები და წარუმატებლობა სწავლების პროცესის განუოფელი ნაწილია, უკეთ სწავლობენ. 2012 წელს 111 ფრანგ მეექვსეკლასელს მისცეს დავალება: ერთ სიტყვაში ასოების გადაადგილების საშუალებით მათ ახალი სიტყვები უნდა შეედფინათ. მათთვის ეს რთული აღმოჩნდა. ბავშვების ერთ ჯგუფს უთხრეს, რომ შეცდომის დაშვების შემთხვევაში, ისინი ხელმეორედ ცდიან ბედს. ამის შემდეგ მოსწავლეებმა კარგი შედეგები აჩვენეს.

ჩვენ გვეშინია, რომ წარუმატებლობა დასტრესავს ჩვენს შვილებს, მაგრამ ასე არ არის. 2006 წელს Bowling Green State University-ის უნივერსიტეტის ერთ-ერთმა ასპირანტმა ექსპერიმენტი ჩაატარა. მასში მონაწილეობდა ოგაიოს შტატის 31 მოსწავლე, რომელსაც კოლეჯში გასაუბრება უნდა გაევლო. მკვლევარმა აღმოაჩინა, რომ ისიც კი, ვინც ყველაზე დაბალი ქულის მიღებაზე იყო თანახმა, „უარს არ ამბობდა დასახულ მიზანზე. არც მათი თვითშეფასების დონე იკლებდა”.

4.სიმკაცრე სჯობს სიკეთეს – რის ხარჯზე აღწევს წარმატებას მასწავლებელი? პასუხის გაცემა ლოს-ანჟელესის კლერმონტის უნივერსიტეტის ჯგუფმა, პედაგოგიკის პროფესორ მერი პოპლინის ხელმძღვანელობით სცადა. ხუთი წლის განმავლობაში ჯგუფი სწავლობდა სუსტ სკოლებში ყველაზე წარმატებული მასწავლებლების ისტორიებს. პირველი დასკვნა ასეთი იყო: ყველა მასწავლებელი სიმკაცრით გამოირჩეოდა.

მკვლევარები ვარაუდობდნენ, რომ საუკეთესო მასწავლებლები მოსწავლეებს ცოდნას გადასცემდნენ ინფორმაციის ურთიერთგაცვლის გზით, გარჩევებით სემინარებზე. მაგრამ აღმოჩნდა, რომ საგნის მასწავლებლების უმეტესობა იყენებდა დაწვრილებითი ახსნის ფორმატს რომელიც ლექციას წააგავდა. მასწავლებლები ამბობდნენ, რომ „ჩემს კლასში მოსწავლეები გაცილებით ცუდად სწავლობენ, ვიდრე შეუძლიათ და სწორედ მე ვარ იმაზე პასუხისმგებელი, რომ უნდა დავეხმარო. მე ეს შემიძლია”. ერთ-ერთი მეოთხეკლასელი მოსწავლე იგივე მოსაზრებას გაცილებით იოლად განმარტავს: „როდესაც პირველ, მეორე და მესამე კლასში ვიყავი და ვტიროდი, მასწავლებელი მეფერებოდა და ისე მამშვიდებდა. მაგრამ როდესაც მისის ტ.-ს კლასში გადავედი, მან მითხრა, რომ დადგა დრო ცხვირი მომეხოცა, თავი ხელში ამეყვანა და მემაცადინა. ვფიქრობ, მართლია. უფრო მეტი უნდა ვიმეცადინო”.

5.შემოქმედობითობა სწავლებადია – ამბობენ, რომ სწავლების ტრადიციული მეთოდები ბავშვებში შემოქმედებითობის უნარს ასამარებს, მაგრამ ფილადალფიელი ფსიქოლოგიის პროფესორის, რობერტ ვაისბერგის კვლევები სხვა რამეს გვამცნობს. მან შეისწავლა ისეთი გენიალური ადამიანების შემოქმედებითი უნარები, როგორებიც არიან ტომას ალვა ედისონი, ფრენკ ლოიდ რაიტი და პიკასო და დაასკვნა, რომ თანდაყოლილი გენიალურობა არ არსებობს. უბრალოდ, ნიჭიერ ადამიანებს შეუძლიათ ბევრი იშრომონ, რასაც გზადაგზა დიდი აღმოჩენები ახლავს. „ჯერ კარგად უნდა შეისწავლო საგანი და მხოლოდ ამის შემდეგ გაშალო თემა. შემოქმედება ეფუძნება საგნის არაზედაპირულ შესწავლას, სწორედ იმას, რასაც თქვენგან მუსიკის მასწავლებელი ითხოვდა,” – ხსნის ვაისბერგი.

6. შეუპოვრობა ტალანტის წინაპირობაა – პენსილვანის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორი აჯელა დაკუორტი სხვადასხვა კატეგორიის ადამიანთა შესაძლებლობებს სწავლობს (2800 ადამიანის). მათ შორის არიან ორთოგრაფიის კონკურსებში მონაწილენი, უნივერსიტეტის სტუდენტები, შტატ ნიუ-იორკის სამხედრო აკადემიის კადეტები და სხვ. მან დაადგინა, რომ შეუპოვრობა მათთვის სამომავლო წარმატების მაჩვენებელია. თუმცა, როგორც წესი, შეუპოვრობას ნიჭთან არ აკავშირებენ და ერთმანეთის ურთიერთგამომრიცხავადაც კი მიიჩნევენ.

პროფესორ დაკუორტმა მუშაობა სკოლაში მათემატიკის მასწავლებლად დაიწყო. 2013 წელს მან მაკ-არტურის სტიპენდია („გრანტი გენიოსებისთვის”) აიღო და შეიმუშვა „ჟინიანობის შკალა”. შკალის მეშვეობით დგინდება, რამდენად ეხმარება ჟინი/ჟინიანობა ადამიანს საქმის კეთებაში. პროფესორის აზრით, ჟინიანი შეიძლება არ იყო, მაგრამ გახდე. როგორ მარტივადაც არ უნდა ჟღერდეს, ამაში ადამიანს ოპტიმიზმი ეხმარება – მასწავლებლების და მოსწავლეების შემთხვევაში კი იმის იმედი, რომ ყოველთვის არსებობს შანსი გახდე უკეთესი. 2009 წელს დაკუორტმა ახალბედა მასწავლებლებს შესთავაზა შეევსოთ ანკეტები და სასწავლო წელის დაწყებამდე მათი ოპტიმიზმის დონე გამოიკვლია. სასწავლო წლის ბოლოს აღმოჩნდა, რომ მოსწავლეებმა ოპიმისტურად განწყობილ მასწავლებელთა იმედები მეტად გაამართლეს.

7.ზოგს შექება ვნებს და ასუსტებს – ჩემი ძველი მასწავლებელი მისტერ კ. იშვიათად გვაქებდა. მისი საუკეთესო კომპლიმენტი იყო: „არაუშავს”. გამოდის, რომ რაღაც საიდუმლო იცოდა. სტენფორდის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორმა კეროლ დუეკმა აღმოაჩინა, რომ 10 წლის ასაკის ბავშვები, რომლებსაც მუდმივად კარგი აზროვნებისთვის აქებდნენ, დროთა განმავლობაში თავდაჯერება დაკარგეს. ხოლო ის ბავშვები, ვისაც შრომისანურიანობას უქებდნენ ხოლმე, მომავალში კიდევ უფრო კარგად დაიწყეს სწავლა.

„იმიტომაც ვაქებთ მოსწავლეებს საზრიანობისთვის, რომ მათი თვითშეფასება ამაღლდეს და მოტივაცია გაუჩნდეს, მაგრამ რეალურად ეს ყველაფერი უკვალოდ ქრება”, – წერს დუეკი ჟურნალ Educational Leadership გამოქვეყნებულ სტატიაში.

8. სტრესი აკაჟებს – 2011 წელს ფსიქოლოგიის პროფესორმა მარკ სირმა ქალაქ ბუფალოს უნივერსიტეტიდან გამოიკვლია სტრესის გავლენა ჯანმრთელ უფროსკურსელებზე იმის გათვლით, თუ რა რეაქცია ჰქონდათ მათ ახლობლის გარდაცვალებაზე, დედის ავადმყოფობაზე და სხვ. კვლევის დროს სტუდენტებს თხოვდნენ გაყინულ წყალში ჩაეყოთ ხელი. აღმოჩნდა, რომ ის სტუდენტები, ვისაც ცხოვრებისეული ტრაგედიები გადატანილი ჰქონდა, გაყინულს წყალს უფრო ადვილად უძლებდნენ, ვიდრე ისინი, ვისაც მსგავსი რამ განცდილი არ ჰქონდა.

პროფესორ სირის მიერ მიღებული მონაცემები ემთხვევა ნებრასკელი უნივერსიტეტის პროფესორ რიჩარდ დინსტბირის მოსაზრებებს, რომელმაც პირველად შემოგვთავაზა „სიმტკიცის თეორია”. ამ თეორიის მიხედვით, ყოველდღიური სტრესი აძლიერებს ადამიანს. „ყოვედღიურ სტრესში იგულისხმება ჩვეულებრივი განცდები და ნერვიულობა, მაგალითად, როდესაც თქვენი მასწავლებელი მკაცრი და მომთხოვნია,” – ამბობს პროფესორი.

ჩემი მკაცრი მასწავლებელი მისტერ კ. ზემოთჩამოთვლილ პრონციპებზე ალბათ წიგნსაც დაწერდა. თუმცა, უნდა ვაღიაროთ, რომ თითოეული პრინციპი საკმოდ არამომხიბვლელად ჟღერს, ცივია და ცოტა შემაშინებელი. სინამდვილეში კი, ყველა ერთად აღებული პრინციპი სანდოა და საიმედო. მათ მიმდევარ მასწავლებელს სჯერა, რომ მოსწავლეს შეუძლია უკეთესად ისწავლოს. მასწავლებელი სიმკაცრეს იჩენს არა იმიტომ, რომ ბავშვის შესაძლებლობები არ ეიმედება, არამედ პირიქით, დარწმუნებულია – მოსწავლე აუცილებლად ისწავლის.

რამდენიმე ათეული წლის მერე ეს მისტერ კ.-ს ყოფილმა მოსწავლეებმაც გაიგეს. „მან დისტიპლინას დაგვაჩვია”, – თქვა მევიოლინემ, რომელიც უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ექიმი გახდა. „და კიდევ თითმოტივაციას”, – დაამატა ტექნიკური კომპანიის ხელმძღვანელმა, რომელიც ჩემს ახალგაზრდობაში ვიოლონჩელოზე უკრავდა. „გაგვხადა ამტანები და შრომისუნარიანები. გვასწავლა დაცემა, ძალების მოკრება და ადგომა,” – გააგრძელა სხვამ…

ცხადია, მისტერ კ.-ს მეთოდებს ყველა ვერ გამოიყენებს, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი ეფექტიანია და მის მაგალითზე ბევრი რამ შეგვიძლია ვისწავლოთ”.

წყარო: mastsavlebeli.ge

იხილეთ ორიგინალი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური