GE

სკოლის მოსწავლეებისთვის, პრეზიდენტის ინიციატივით, ვიდეოების კონკურსი გამოცხადდა

ორგანიზაცია „დემოკრატიის ლაბორატორია“ პრეზიდენტის ინიციატივითა და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით აცხადებს კონკურსს საქართველოს ყველა სკოლის უფროსკლასელებისთვის. კონკურსის სახელწოდებაა „შენი ხმა, ჩვენი მომავალი.“ პროექტის პარტნიორია განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად. მასში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ნებისმიერ სკოლაში შექმნილ 3 კაციან გუნდს. თითო სკოლიდან შესაძლებელია რამდენიმე გუნდის მონაწილეობა. გუნდში უნდა იყოს 3 უფროსკლასელი (9,10,11,12 კლასი) და მას უნდა ხელმძღვანელობდეს 1 მასწავლებელი.

პირველი ადგილის მფლობელი გუნდი მიემგზავრება რომში (იტალია), უძველესი რესპუბლიკის საარჩევნო სისტემების წარმოშობისა და განვითარების გასაცნობად. მეორე ადგილზე გასული გუნდი გაემგზავრება ტალინში (ესტონეთი) თანამედროვე ელექტრონული საარჩევნო სისტემის გასაცნობად. მესამე ადგილის მფლობელები საჩუქრად მიიღებენ ნოუთბუქებს. ერთ-ერთი ფინალისტი გუნდი დაჯილდოვდება სპეციალური პრიზით – ტაბლეტებით.

კონკურსის წესები:
პირველი ტური: კონკურსის პირველ ეტაპზე, მონაწილეობის მსურველი გუნდი ამზადებს ვიდეოს საარჩევნო აქტივობის თემაზე. ვიდეოში მონაწილეებმა უნდა ახსნან, რატომ არის მნიშვნელოვანი თითოეული მოქალაქის ხმა არჩევნებზე და რა როლი აქვს არჩევნებს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში. ყურადღება მიექცევა როგორც რგოლის შინაარსს, ასევე მის კრეატიულობას. ვიდეორგოლის ქრონომეტრაჟი არ უნდა აღემატებოდეს 2 წუთს, ფორმატი შეუზღუდავია. კატეგორიულად იკრძალება ვიდეოში რაიმე სახის პოლიტიკური ან/და პარტიული აგიტაცია, პროპაგანდა, რეკლამირება. პროპაგანდად ჩაითვლება ასევე ნებისმიერ პარტიასთან ასოცირებული სიმბოლიკის, ვიზუალის, ან/და სხვა ტიპის მასალის გამოყენება. ვიდეო შეფასდება შემდეგი კრიტერიუმებით: · შინაარსობრივი გამართულობა · კრეატიულობა

ვიდეოების გამოგზავნა შესაძლებელია 11 ივლისიდან 1 სექტემბრის ჩათვლით ელექტრონულ მისამართზე: demlabinfo@gmail.com

თქვენ მიერ გამოგზავნილ წერილში აუცილებლად მიუთითეთ რეგიონი, სოფელი/ქალაქი, სკოლა და გუნდის ხელმძღვანელი მასწავლებლის საკონტაქტო ნომერი. ასევე კონკურსში ჩართვის შემთხვევაში გუნდმა უნდა გაიაროს რეგისტრაციაც. რეგისტრაციის ფორმას ნახავთ ლინკზე.

ვიდეო, რომელიც თავისი შინაარსით ლახავს სხვა ადამიანთა პატივსა და ღირსებას, ავტომატურად მოიხსნება კონკურსიდან.

სურვილის შემთხვევაში კონკურსში დარეგისტრირებული მოსწავლეები გაემგზავრებიან საზაფხულო ბანაკში, სადაც მათ ჩაუტარდებათ ტრენინგი სამოქალაქო აქტივობისა და საარჩევნო ხმის მნიშვნელობაზე.

საუკეთესო ნამუშევრებს თითოეული რეგიონიდან და დედაქალაქიდან შეარჩევს კომპეტენტური ჟიური. საუკეთესო ნამუშევრები გამოვლინდება საქართველოს ყველა რეგიონსა და დედაქალაქში.

მეორე ტური: მეორე ეტაპზე გადასულ კონკურსანტებს დაევალებათ საკუთარ რეგიონში საინფორმაციო კამპანიის ჩატარება საარჩევნო ხმისა და არჩევნებში მონაწილეობის მნიშვნელობის შესახებ. კამპანია მიზნად უნდა ისახავდეს რეგიონში მცხოვრები მოქალაქეების მაქსიმალურ ინფორმირებას და ცნობიერების ამაღლებას საარჩევნო აქტივობის მნიშვნელობის თემაზე. კამპანიის ჩატარებისას გუნდებს შეეძლებათ გამოიყენონ ნებისმიერი ფორმატი, განახორციელონ აქტივობები საკუთარი შეხედულების მიხედვით, როგორც პირისპირ, ისე ონლაინ. მათ შორის: ფეისბუქის კამპანია, ფლეშმობი, აქციები, კვლევები, გამოკითხვები, პირისპირ შეხვედრები და სხვა.

კატეგორიულად იკრძალება საინფორმაციო კამპანიისას რაიმე სახის პოლიტიკური ან/და პარტიული აგიტაცია, პროპაგანდა, რეკლამირება. პროპაგანდად ჩაითვლება ასევე ნებისმიერ პარტიასთან ასოცირებული სიმბოლიკის, ვიზუალის, ან/და სხვა ტიპის მასალის გამოყენება. ასევე კამპანიის დაგეგმვა ან განხორციელება ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის ან პარტიასთან ასოცირებული პირის მონაწილეობით. ასევე პოლიტიკური შინაარსის ან რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებული სიმბოლიკის შემცველი საინფორმაციო მასალების (ბროშურა, ფლაერი, პლაკატი) გავრცელება ან გამოყენება. კამპანიის მიმდინარეობისას 11-ვე რეგიონში იმუშავებენ სუპერვაიზერები 2 მეთოდით: ფარულად ან აშკარად. ფარული დაკვირვების ფორმა გულისხმობს სუპერვაიზერების გამოცხადებას კამპანიის ადგილზე გუნდისათვის წინასწარი შეტყობინების გარეშე. ხოლო აშკარა ფორმა ითვალისწინებს სუპერვაიზერების უფლებას გამოცხადდეს კამპანიის წარმოების ნებისმიერ მისთვის სასურველ ეტაპზე და ღიად დააკვირდეს პროცესებს. ნებისმიერი გუნდი, რომელიც წესებს დაარღვევს, მოიხსნება კონკურსიდან.

კამპანია შეფასდება შემდეგი კრიტერიუმებით: 1. აუდიტორიისთვის მიწოდებული ინფორმაციის სიმარტივე. 2. კამპანიის მასშტაბურობა 3. კამპანიის კრეატიულობა 4. კამპანიის ღონისძიებების ჯერადობა, მრავალფეროვნება. ყველა კრიტერიუმის შეფასებისას გათვალისწინებული იქნება რეგიონის და მონაწილეების საცხოვრებელი ადგილის სპეციფიკა.
კამპანია შეფასდება გუნდების ანგარიშის საფუძველზე, რომელიც წარმოდგენილი იქნება წინასწარ დადგენილ ფორმატში. მეორე ტურში თითოეული რეგიონიდან და დედაქალაქიდან შეირჩევა თითო გამარჯვებული.

მესამე ტური: მესამე ტურში, ანუ ფინალში გასული გუნდები სამ დაკვნით ეტაპში მიიღებენ მონაწილეობას.

  1. კაპიტნების კონკურსი: კაპიტნების კონკურსი გულისხმობს ხმის მიცემის სიმულაციას. გუნდის კაპიტანმა წინა დღეს გავლილი ტრენინგის დროს მიღებული ცოდნის საფუძველზე უშეცდომოდ უნდა გაიაროს იმიტირებულ საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცედურა და აღმოაჩინოს ხელოვნურად შექმნილი რამდენიმე დარღვევა. ქულები დაიწერება თითოეული სწორად გავლილი ეტაპისა და აღმოჩენილი დარღვევის მიხედვით.
  2. სლოგანი: გუნდებს ეძლევათ ერთი საათი იმისათვის, რომ კონკურსის განმავლობაში გავლილ ეტაპებზე დაყრდნობით მოიფიქრონ სლოგანი, რომლითაც კონკურსის მთავარ თემასთან დაკავშირებით მიღებულ ცოდნასა და საკუთარ მოსაზრებებს შეაჯამებენ. სლოგანი მათ უნდა გადაიტანონ ბანერზე, რომელსაც თავად დაამზადებენ წინასწარ მიცემული რეკვიზიტების დახმარებით. ბანერის წარდგენისთვის მათ მიეცემათ 1 წუთი. კონკურსის ეს ეტაპი შეფასდება კომპეტენტური ჟიურის მიერ 5-5 ქულით.
  3. საჯარო გამოსვლა: მონაწილეებმა უნდა მოამზადონ გამოსვლა თემაზე: „შენი ხმა ჩვენი მომავალი.“ მაქსიმუმ 2 წუთის განმავლობაში გუნდის ერთმა ან რამდენიმე წევრმა უნდა დაასაბუთოს, რატომ არის მისი მომავლისთვის მნიშვნელოვანი არჩევნებში მაქსიმალურად მეტი მოქალაქის მონაწილეობა. საჯარო გამოსვლა გათვლილი უნდა იყოს დამსწრე აუდიტორიაზე, ავლენდეს გამომსვლელის არგუმენტირების უნარს და იმას, თუ რამდენად კარგად ესმის აქტიური მოქალაქის როლი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესში. კონკურსის ეს ეტაპი შეფასდება 10-10 ქულით სამკაციანი კომპეტენტური ჟიურის მიერ.
    კონკურსის დაწყებამდე, ფინალის პირველ დღეს მონაწილეებს ჩაუტარდებათ ტრენინგი შემდეგ თემებზე: საარჩევნო სისტემის მიმოხილვა საქართველოში, ხმის მიცემის პროცედურა, არჩევნებში მონაწილეობის მნიშვნელობა (ქართული და მსოფლიო პრაქტიკა), აქტიური მოქალაქე, როგორც დემოკრატიული საზოგადოების უმნიშვნელოვანესი კომპონენტი.

ქულების დამთხვევის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება საჯარო გამოსვლის ტურში უფრო მაღალი ქულის მქონე გუნდს. თუ ქულები მაინც დაემთხვა, უპირატესობა მიენიჭება სლოგანის ტურში უფრო მაღალი ქულის მქონე, შემდეგ შემთხვევაში კი კაპიტნების კონკურსში მაღალი ტურის მქონე გუნდს.

დემოკრატიის ლაბორატორია და პრეზიდენტის ადმინისტრაცია უფლებამოსილია, როგორც კონკურსის მიმდინარეობისას, ისე მისი დამთავრების შემდეგ, თავისი შეხედულებისამებრ გამოიყენოს (გაავრცელოს, გადაამუშაოს, დაარედაქტიროს, თარგმნოს) კონკურსის განმავლობაში შემოსული ნებისმიერი საკონკურსო ვიდეო ან სხვა მასალა.

დამატებითი ინფორმაციისათვის ორგანიზატორებს დაუკავშირდით ნომრებზე: 577191417 591705503 577171733 მეილზე demlabinfo@gmail.com ან ფეისბუქ გვერდზე

 

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური