GE

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი რექტორი მნიშვნელოვან ცვლილებებს  გეგმავს

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს 20 მარტიდან ახალი რექტორი ჰყავს. უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ უმაღლესი სასწავლებლის ხელმძღვანელის  პოსტზე 4 წლის ვადით ერთხმად ირმა შიოშვილი არჩია, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში რექტორის მოვალეობის შემსრულებელი იყო.

საარჩევნო პროცესს  Aris.ge- განათლება ადგილზე აკვირდებოდა.  მას შემდეგ, რაც აკადემიურმა საბჭომ ირმა შიოშვილის უფლებამოსილება დაამტკიცა, თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის უნივერსიტეტის ახლადარჩეულმა რექტორმა უნივერსიტეტის სამომავლო გეგმებსა და განსახორციელებელ ცვლილებებზე Aris.ge- განათლებასთან ისაუბრა.

– ქალბატონო ირმა, ელოდით რომ აკადემიური საბჭო ერთხმად აგირჩევდათ?

– სიმართლე გითხრათ, ველოდი, რომ ხმების მაქსიმალურ რაოდენობას ავიღებდი.

– რა გაძლევდათ ამ მოლოდინის საფუძველს?

– საერთო მხარდაჭერის ფონი, რომელიც აშკარად შეინიშნებოდა ჩემ მიმართ უნივერსიტეტში. აკადემიური საბჭოს თითოეული წევრი წარმოადგენს თავის ფაკულტეტს. ფაკულტეტებიდან კი მხარდამჭერი დამოკიდებულება მოდიოდა. სხვანაირად უბრალოდ ვერც წარმომედგინა.

– ქალბატონო ირმა , არჩევნების დაწყებამდე ადგილი ჰქონდა გარკვეულ ინციდენტს. უნივერსიტეტის ყოფილი თანამშრომლები დიპლომების გაყალბებებაში გადანაშაულებდნენ, რას უპასუხებთ მათ?

– ეს ქალბატონები უნივერსიტეტის თანამშრომლები საერთოდ არ არიან. სამწუხაროდ დაცვას არ ჰქონდა მითითება რომ არჩევნების დღეს უცხო პირები არ შემოეშვათ შენობაში. ორივე ქალბატონი ჩვენი ყოფილი თანამშრომელია.  ერთ–ერთმა აკადემიური პერსონალის კონკურსში ვერ დაიკავა თანამდებობა – მას ქალბატონმა ნელი ცქიტიშვილმა აჯობა ქულებით. ეს იყო კონკურსი,  რომელიც  გამჭვირვალედ ჩატარდა და ამის მიუხედავად, ეს ქალბატონი ასეთ იაფფასიან პროვოკაციას კადრულობს.  მეორე ქალბატონიც  უნივერსიტეტის თანამშრომელი იყო, თუმცა ვერ გავიხსენებ რატომ  გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან.  ეს ადრე მოხდა, არა ჩემ დროს , რატომ, რა მიზეზით, ვერ გეტყვით.

 მათ ბრალდებაზე -ყალბ დიპლომებზე რას გვეტყვით? მართალია, რომ თელავის სახელმწიფო უნიერსიტეტის მიერ 17 ყალბი დიპლომი გაიცა?

 ყალბ დიპლომებს რაც შეეხება, მე მათზე მეტად ვარ დაინტერესებული, რომ გაირკვეს რაშია საქმე, რატომ ხდებოდა მათი გაცემა. ყალბ დიპლომებში – არ ვიცი რას გულისხმობენ,  ან რაოდენობა 17  საერთოდ არ მესმის საიდან მოაქვთ?! ყალბი დიპლომი ნიშნავს იმას, რომ – სტუდენტი ვისზეც დიპლომი გაიცა, საერთოდ არ არის ჩვენს ბაზაში დაფიქსირებული, არ უსწავლია თესაუში.   ეს ქალბატონები კი, სავარაუდოდ, გულისხმობენ იმას, რომ  დიპლომები გაიცა ჩვენს ისეთ სტუდენტებზე, რომლებიც გამოსაშვები სესიის დროს თელავში არ იმყოფებოდნენ.

– გამოძიება თუ მიმდინარეობს?

– ვერ გეტყვით რა ეტაპზეა, როგორ და რანაირად. საქმე იმაშია, რომ ნამდვილად საინტერესოა, მოხდა თუ არა ეს ფაქტი და თუ მოხდა, ვინ იყო  პიროვნება,  ვინც ეს დიპლომები გასცა. ეს მეც ძალიან მაინტერესებს.

– ახლა ისევ საარჩევნო პროცესს დავუბრუნდეთ, თქვენ კონკურენტებზე რას იტყვით?

 რექტორის კოკნკურსის ორ კანდიდატს ბესიკ სეხნიაიძეს და თამაზ ქორთუას არ ვიცობდი. ერთი ის ვიცი, რომ ქორთუას მამა წარსულში თელავის უნივერსიტეტის რექტორი იყო. მესამე კანდიდატი, გიორგი გოცირიძე ჩვენი თანამშრომელია. მან არჩევნებამდე ერთი დღით ადრე მოხსნა კანდიდატურა, თუმცა ოფიციალურად არ მიუმართავს საარჩევნო კომისიისთვის და ამის გამო, ბოლო წუთამდე კანდიდატად ითვლებოდა. შედეგიდან გამომდინარე ჩანს, რომ გამარჯვების შანსი არც ერთს არ ჰქონდათ.

 კიდევ ერთი პრეტენზია, რაც თქვენს მიმართ გაჟღერდა, არჩევნებში ხმის მიცემის უფლებას ეხებოდა. გქონდათ თუ არა უფლება,  თქვენც მიგეღოთ არჩევნებში მონაწილეობა და ხმის მიცემა?

 მე ვარ აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე და სრული უფლება მქონდა ხმა მიმეცა, მიმეღო არჩევნებში მონაწილეობა. კანონით გამარჯვებულად ითვლება ის კანდიდატი, ვინც ხმების ორ მესამედს მოიპოვებდა – ანუ ოთხ ხმას. შედეგმა აჩვენა, რომ ჩემი ხმა გადამწყვეტი არ ყოფილა.

 თქვენი ოპონენტები ამბობდნენ, რომ აკადემიურ საბჭოს წევრებზე გარკვეული ზეგვალენაც იქონიეთ…

– ღიმილის მომგვრელია ეს ბრალდება. თუ ნდობას და პატივიცემას, რომელსაც აკადემიური საბჭო ჩემ მიმართ იჩენს, ისინი ზეგავლენას უწოდებენ, მოხარული და ამაყი ვარ. 22 დეკემბერს, მაშინ როდესაც რექტორის მოვალეობის შემსრულებლად ამირჩიეს მაშინაც არჩევნები ჩატარდა. იქ აკადემიური პერსონალი მონაწილეობდა – ყველა ვისაც დოქტორის წოდება აქვს. 98-დან 92 ხმა ავიღე. მაშინაც ზეგავლენა ვიქონიე?

 სამომავლო გეგმებზე გკითხავთ, ახლა, როდესაც უკვე რექტორი ხართ, რა შეიცვლება თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში?

– პირველ რიგში უნდა ჩამოვაყალიბო ძლიერი გუნდი, რადგან ერთი ადამიანი თანამედროვე ეტაპზე უნივერსიტეტს ვერ მართავს. გუნდის ჩამოყალიბების შემდეგ რეორგანიზაციას ვგეგმავ.

– თანამშრომლების შემცირებას აპირებთ?

– აქცენტს შემცირებაზე ნუ გავაკეთებთ. შეიძლება, რამდენიმე სამსახური გაერთიანდეს, ან რომელიმე სამსახურს კონკრეტული განყოფილება გამოეყოს. შტატებიც გადაიხედება. ყველაფერი სამსახურის უფროსთან შეთანხმებით მოხდება. თუ იქნება შტატი, სადაც ორი ადამიანის საქმეს ერთიც გააკეთებს, შემცირებაც შეიძლება.

 როგორც ვიცით, ბიუჯეტში სახარბიელო მდგომარეობა არ გაქვთ.

– ბიუჯეტში კარგი მდგომარეობა ნამდვილად არ არის და თუ აქ რაიმე რეორგანიზაცია დაიგეგმება, ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება იქნება. ახლო მომავალში ხელფასების ზრდა მოსალოდნელი არ არის, თუმცა იმედს არ ვკარგავთ.

 რა დახმარებას საჭიროებს უნივერსიტეტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსგან?

– პირველ რიგში დახმარება დაგვჭირდება ინფრასტრუქტურული პრობლემების მოსაგვარებლად. ინფრასტრუქტურა ისეთ მდგომარეობაშია, რომ  გაუმჯობესების გარეშე უნივერსიტეტის განვითარებაზე საუბარიც ზედმეტია. უნივერსიტეტს ამის ფინანსები დამოუკიდებლად არ აქვს და სამინისტროს დახმარების გარეშე ამ პრობლემას ვერ გადავწყვეტთ.

რა სიახლეებს გეგმავთ სასწავლო პროგრამების კუთხით?

-არსებული  პროგრამების დახვეწას ვაპირებთ, რადგან სულ მალე დგება დრო, როდესაც აკრედიტაციის პროცესი თავიდან უნდა გავიაროთ. ახალი პროგრამებიც უნდა დავნერგოთ. აქცენტს აგრარულ მიმართულებაზე ვაკეთებთ, გარდა ამისა, გვინდა სამართლის მიმართულების აღდგენაც, რადგან ამ ფაკულტეტეს ბევრი სტუდენტი მოჰყავდა.  როდესაც პროგრამებზე ვსაუბრობთ აუცილებელია იმის ხაზგასმა, რომ გვესაჭიროება აკადემიური პერსონალის მოწვევაც. მხოლოდ  ადგილობრივი კადრებით, რაოდენ პროფესიონალებიც არ უნდა იყვნენ ისინი, დასახულ მიზნებს ვერ მივაღწევთ.

და ბოლოს, რამდენი სტუდენტის მიღებაზე გაქვთ გაკეთებული განაცხადი და რატომ უნდა აირჩიონ აბიტურიენტებმა თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი?

-შარშან განაცხადი 700 სტუდენტზე გვქონდა, წელსაც დაახლოებით მაგდენივეზე გამოვაცხადეთ. ველოდებით რომ უფრო მეტი მოვა, ვიდრე შარშან. გვაქვს უფასო, სახელმწიფოს მიერ პრიორიტეტად დასახელებული მიმართულებები და ჩვენთან სწავლა მაქსიმუმ 2250 ლარი ღირს.  თესაუში სტუდენტს უფრო დიდი შანსი აქვს მოიპოვოს სტიპენდია და მოხვდეს გაცვლით პროგრამებში, ვიდრე დიდ უნივერსიტეტებში. თუ ფინანსური მდგომარეობა გაგვიუმჯობესდება, გვინდა სახელობითი სტიპენდიები დავაარსოთ იმ სოციალურად დაუცველი სტუდენტებისთვის, რომლებიც კარგად სწავლობენ, მაგრამ ფინანსური პრობლემების გამო ხშირად სტატუსს იჩერებენ.

ეკა არის© წივწივაძე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური