GE

ზმნის მნიშვნელობასა და გასაჭირზე

ქართული ზმნა რთული და მეტად თავისებური მეტყველების ნაწილია. ეს სირთულეები და თავისებურებები განსაკუთრებით „უმწარებს“ ცხოვრებას უცხოელებს, რომლებსაც ენის შესწავლა აქვთ გადაწყვეტილი. მათთვის კი, ვისთვისაც ქართული მშობლიური ენაა, ზმნის ამგვარობა საამაყო და მოსაფრთხილებელი უნდა იყოს. თუმცა, აკვირდები თანამედროვე ქართულ სალიტერატურო ენაში, განსაკუთრებით კი, პრესის ენაში არსებულ ვითარებას და გაოცებას, სირცხვილს, ბრაზს და უმწეობის შეგრძნებებს ლამის ერთდროულად განიცდი.

ამჯერად ერთ მეტად გავრცელებულ და დასაძრახ მოვლენაზე გვინდა ყურადღების გამახვილება.

დავაკვირდეთ საილუსტრაციო მასალას ქართული ონლაინ მედიიდან:

111111

„საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს“, „გასროლა ცეცხლსასროლი იარაღიდან განხორციელდა“ „შემოწმებულ იქნა“ , „დნმ-ის (და არა დნმ-ს) ჩადება მოხდა“ , „მოხდა მისგან დნმის აღება“ , „ფისის გაჟონვა მოხდა“ – ყველა დასახელებულ შემთხვევაში ნაცვლად ქართულისთვის ბუნებრივი ერთსიტყვიანი ზმნისა, გამოყენებულია ისეთი უმართებულო ზმნური წარმოება, სადაც ზმნა ან მხოლოდ დამხმარე სიტყვის როლს ასრულებს, ან მთლიანად დაცლილია მნიშვნელობისგან და უცხო სხეულივითაა შეჭრილი იქ, სადაც, წესითა და რიგით, მისი კუთვნილი ადგილია.
ბუნებრივი, მართებული, ნათელი და მკაფიო ქართული ფრაზები იქნებოდა: გამოძიება მიმდინარეობს, გაისროლეს(გაისროლა) ცეცხლსასროლი იარაღიდან, შეამოწმეს(შემოწმდნენ), დნმ-ი ჩაუდეს, დნმ-ი აიღეს, ფისმა გაჟონა.

ადვილი მისახვედრია, რომ პრესაში ამგვარი ხელოვნური და „უსიცოცხლო“ ფორმები, შტამპები, კალკები ან კანცელარიზმები მკვიდრდება ე.წ. „დოკუმენტური ენის“ მეშვეობით და გავლენით. თუმცა, ასეთ შემთხვევაში ჟურნალისტების პირდაპირი მოვალეობაა ინფორმაციის დამუშავება, „დოკუმენტაციის ენის“ გადმოქართულება და საზოგადოებისთვის მისი ნათლად და გამართულად გადმოცემა.

გრამატიკული ცნობარი

 წყარო – mediachecker.ge
დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური