GE

2016 წელი განათლებაში – გასული წლის მნიშვნელოვანი მოვლენების ქრონოლოგია და 2017–ის გეგმები

განათლებისა და მეცნიერების განვითარების ახალი სტრატეგიული გეგმა, მასწავლებელთა განვითარების ახალი სქემა, გაზრდილი ბიუჯეტი, შემსუბუქებული ჩანთები, ელექტრონული ჟურნალები, გამოცდები და წიგნები, ხმაურიანი აქციები, ახალი მინისტრი – 2016 წელი განათლების სფეროში სიახლეებით დატვირთული აღმოჩნდა.

წელი დაიწყო იმით, რომ იანვრიდან „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ კანონი ამოქმედდა და  საჯარო სკოლის პედაგოგებისთვის და მოსწავლეებისთვის დაწესებული შეღავათები სექტემბრიდან ძალაში შევიდა. შეღავათი 505 საჯარო სკოლასა და 9 534 მასწავლებელზე  გავრცლდა.

შედარებით მძიმედ გაგრძელდა წელი პედაგოგებისათვის იმ მხრივ, რომ იანვარში ჩატარებული საგნის გამოცდის შედეგები სკანდალური  აღმოჩნდა – ზღვარი მხოლოდ 17%–მა გადალახა. გამოცდაზე 10 552 პედაგოგი დარეგისტრიდა,  თუმცა ტესტირებაზე მხოლოდ 6 477 მასწავლებელი გავიდა. შედეგად კი მხოლოდ 1 101–მა გადალახა ზღვარი, გამოცდაზე გასულთა 83%–მა კი  მინიმალური კომპეტენცია ვერ დაადასტურა.

„პედაგოგების შედეგები სახარბიელო არ არის, მაგრამ უკეთესის მოლოდინი ამ ეტაპზე არც იყო“, – ასე გამოეხმაურა თემას განათების მაშინდელი მინისტრი თამარ სანიკიძე.

უფრო საიმედო შედეგები ვერც ზაფხულის გამოცდებზე მივიღეთ – ივლისში ჩატარებული პედაგოგთა საგნის გამოცდაზე გასული 17 137 აპლიკანტიდან გამოცდა წარმატებით მხოლოდ 3464 დასძლია, რაც საერთო ჯამში 20.21 %-ია.

2016 წელი ალბათ ერთ-ერთი ყველაზე რთული წელი იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისათვის. წლის დასაწყისში დაწყებული პროცესები დღემდე არ დასრულებულა. შეიძლება ითქვას, რომ მთელი წლის განმავლობაში უნივერსიტეტში მუდმივად მიდიოდა სტუდენტთა აქციები, დაპირისპირებები და ა.შ. მიზეზი კი მრავალი იყო.

თავდაპირველად სტუდენტთა ნაწილი კანცლერის პოსტსზე გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურას აპროტესტებდა. მოგვიანებით თსუ-ში  ე.წ. ოდეერების არსებობაზე ალაპარაკდნენ. ამ ყველაფერს საკმაოდ მწვავე დაპირისპირება მოჰყვა აუდიტორია 115-სა და უნივერსიტეტის თვითმმართველობას შორის. აუდიტორია 115-მა შიმშილობაც კი დაიწყო. მოვლენები იმდენად დაიძაბა, რომ თსუ-ს რექტორი ვლადიმერ პაპავა თანამდეობიდან გადადგა.

ამას ჯერ რექტორის მოვალეობის შემსრულებლის, შემდეგ კი ახალი რექტორის არჩევა მოჰყვა – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გია შარვაშიძე გახდა. აკადემიურმა საბჭომ მას მხარი ხმათა უმრავლესობით დაუჭირა.თუმცა, საკითხი ამით არ მოგვარებულა  – აქციები თსუ-ში მაინც გრძელდება.

გასული წელი არც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრისთვის აღმოჩნდა იოლი.  აუდიტის სამსახურმა მას მძიმე სისტემური დარღვევები აღმოუჩინა – „განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი მნიშვნელოვანი პრობლემების წინაშე დგას და მათ გადაჭრა სჭირდება,“ – ასეთია აუდიტის დასკვნა. მის მიერ შესწავლილ იქნა ცენტრის ეფექტიანობა ავტორიზაცია-აკრედიტაციის მიმართულებით და მათ ანგარიშში საკმაოდ ბევრი და მძიმე შენიშვნა მოხვდა, რომლის გათვალისწინებაც ეროვნულ ცენტრს მოუწევს.

2016 წელმა მნიშვნელოვანი ცვლილებები ერთიან ეროვნულ გამოცდებსაც მოუტანა – გამოცდები ნაწილობრივ ელექტრონულად პირველად ჩატარდა. ამას აბიტურიენტების ნაწილი მოწონებით შეხვდა, ნაწილი კი, ტესტირებიდან გამოსული სხვადასხვა სირთულეებზე საუბრობდა. ძირითადად თვალების ტკივილს, კომპიუტერების მოუხერხებლობასა და ზომას უჩიოდნენ. იყო ტექნიკისა და ელქტრო ენერგიის  გაუმართავობის შემთხვევებიც.

მიუხედავად ამისა, 2017 წელს უკვე ელექტრონულ ფორმატზე გადასვლა სრულად იგეგმება.  აღნიშნული ცვლილება შეეხებათ როგორც აბიტურიენტებს და სტუდენტებს ასევე მაგისტრობის მსურველებს და პედაგოგებს. დაგეგმილი ცვლილების შედეგად კი აპლიკანტებს შესაძლებლობა ექნებათ ზოგადი უნარების გამოცდის შედეგებს  გამოცდის დასრულების შემდეგ ადგილზევე გაეცნონ.

ეროვნული გამოცდების შედეგებით გამოიკვეთა, რომ თსუ, ილიაუნი, ტექნიკური, სამედიცინო, თავისუფალი – 2016 წლის მოთხოვნადი უნივერსიტეტებია. რაც შეეხება სპეციალობებს, 2016 წელს, ყველაზე მეტმა აბიტურიენტმა ეკონომიკის, ბიზნესისა და სამართლის სპეციალობების დაუფლება ამჯობინა. ისევე როგორც წინა წლებში, ეს ფაკულტეტები ახალგაზრდებში კვლავაც განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს.

თუმცა, როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე ივა მინდაძემ მაშინ  EDU.ARIS.GE-სთან საუბრისას  განაცხადა, წინა წლებისგან განსხვავებით, წელს საკმაოდ ბევრმა აბიტურიენტმა უპირატესობა საინჟინრო და აგრარულ ფაკულტეტებსაც მიანიჭა.

2016 წელსვე გადაწყდა ისიც, რომ  ამიერიდან საჯარო სკოლებში სწავლა ყოველ წელს 15 სექტემბერს დაიწყება. რაც შეეხება კერძო სკოლებს, სწავლის დაწყებით თარიღს ყველა კერძო სკოლა თავად განსაზღვრავს.

პედაგოგებისათვის ეს წელი გარკვეული პოზიტივის მომტანიც აღმოჩნდა, ვინაიდან მათ ნაწილს 1 აპრილიდან ხელფასი მოემატათ.  ამისათვის სახელმწიფოს ბიუჯეტიდან 70 მილიონი ლარი გამოიყო.  ხელფასის ზრდა დამოკიდებული იყო  პედაგოგის სტაჟსა და აკადემიურ ხარისხზე. სამ ეტაპიანი ზრდის მეორე ეტაპის ამოქმედება სწორედ 2016 წლის აპრილისათვის იგეგმებოდა. როგორც განათლების მინისტრი თამარ სანიკიძემ მაშინ EDU.ARIS.GE–სთვის მიცემულ ინტერვიუში განმარტა, მინიმალური კვალიფიკაციის  მქონე პედაგოგების ანაზღაურება 405 ლარი გახდა,  კვალიფიკაციის  მატებასთან ერთად ხელფასი და დანამატიც გაიზარდა  და მაქსიმუმ 1000 ლარამდე ავიდა. თუმცა, ამავდროულად,  15 000–ზე მეტ პედაგოგს გარე დაკვირვების გავლისას 2 ვიდეო გაკვეთილის ჩაწერის ვალდებულებაც დაეკისრა, რომლის ვალდებულებაც ახალი მინისტრის პირობებში მასწავლებლებს აღარ აქვთ.

2016 წელს საგრძნობლად გაიზარდა საატესტატო გამოცდებზე ჩაჭრილ მოსწავლეთა რიცხვი. EDU.ARIS.GE ამ ინფორმაციის მოპოვებას გამოცდების დასრულებიდან დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა, თუმცა განათლების სამინისტრო ჯიუტად დუმდა. გაჩნდა ჭვი, რომ სამინისტრო ასე ჩაჭრილთა უპრეცედენტო რაოდენობის გამო იქცეოდა. ამის აღიარება ბოლოს მათაც მოუწიათ.

ზაფხულის დასაწყისში კი საზოაგდოებამ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლის შესახებ შეიტყო – პრემიერ მინისტრმა განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე თანანდებობიდან გაანთავისუფლა და მის ნაცვლად ალექსანდრე ჯეჯელავა დანიშნა- „ვფიქრობ, რომ ჩვენ დღეს უკვე გვჭირდება განახლებული ხედვები. ჩვენი განათლების სფეროს მომავალი განვითარებისთვის. მინდა წარმატება ვუსურვო სანდრო ჯეჯელავას, რომელიც არის ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებული შენამატი ჩვენი გუნდისთვის”,– ამ სიტყვებით წარადგინა პრემიერ–მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავა განათლების მინისტრის პოსტზე. რაც შეეხება თამარ სანიკიძეს, მას მალევე განათლების ხარისხის მართვის ეროვნული სააგენტო ჩაბარდა.

ჯეჯელავამ მოსვლისთანავე ბევრი რამ შეცვალა. პირველ რიგში, დანიშვნიდან მალევე განაცხადა, რომ მასწავლებლთა პროფესიული განვითარების სქემაში ვიდეოგაკვეთილების კომპონენტი სავალდებულო აღარ იქნება.

მისი დაწუნების მორიგი ობიექტი ეროვნული სასწავლო გეგმა გახდა. ჯეჯელავამ მას უვარგისი უწოდა და ისიც აღნიშნა, რომ მხოლოდ ის მასწავლებლები არიან კარგი მასწავლებლები, რომლებიც გეგმას არღვევენ.

მომდევნო წლებში ელექტრონულ სწავლებაზე ფართოდ  გადასვლა იგეგმება. უკვე ცნობილია, რომ 2017 წლიდან მოსწავლეებს ელექტრონული სახელმძღვანელოებითა და მსუბუქი ჩანთებით სარგებლობის საშუალება მიეცემათ და ამავდროულად, სკოლებში ელექტრონული ჟურნალის დანერგვა იწყება. ელექტრონული ჟურნალი მოიცავს დასწრებისა და აკადემიური მოსწრების აღრიცხვის, ნიშნების ნახვის, კალკულაციისა და გამოცდების მოდულებს.

მთავარი მოლოდინი  მასწავლებლის სქემის ცვლილებსთანაა დაკავშირებული. უკვე ვიცით, რომ იგი იცვლება, რომ „ეს სქემა სახლში არ გაუშვებს არავის“ და „ სახლში გაშვების სქემა ცალკე იქნება“.  ცვლილებების მიხედვით, თუ აქამდე  შემდგომ კატეგორიაში გადასვლის საფუძველი მხოლოდ საგნის გამოცდა იყო, ახლა ასე აღარ იქნება. საგნის გამოცდას დაემატება პროფესიული უნარების გამოცდა, ტრენინგი პროფესიულ უნარებში, პედაგოგიკაში, საგანში, შიდა სასკოლო დაკვირვება და ა.შ. ამ ჯამური ქულით მიიღებს პედაგოგი უფროსი მასწავლებლის სტატუსს.

კიდევ ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება ისაა, რომ პედაგოგთა გამოცდას ბარიერი აღარ ექნება. გამოცდა ჩაბარებულად ეთვლება მასაც, ვინც ერთ ქულას მიიღებს და მასაც, ვინ 80 ქულას დააგროვებს. „ცხადია, ვინც 1 ქულაზე ჩააბარებს გამოცდას, ის შემდგომ საფეხურზე ვერ გადავა. ,,ჩავიჭერი“, ან „ჩაჭრილები“, რომელიც ძალიან შეურაცხმყოფელია და  ნეგატიური, აღარ იქნება“, – აღნიშნა ალექსანდრე ჯეჯელავამ. მისივე აზრით, გამოცდის, და არა მასწავლებლების პრობლემაა ის, რომ უმეტესობა იჭრებოდა.

ახალ სქემაში სამუდამოდ დამსახურებული მასწავლებლის ცნებაც  შემოდის. ბარიერის გაუქმებასთან ერთად კი ზამთრის გეგმიური გამოცდებიც გაუქმდა. როგორც აღმოჩნდა, ამაზე გადაწყვეტილება მინისტრმა პირადად მიიღო.

განახლებული სქემის პრეზენტაციას საზოგადოება უკვე დიდი ხანია ელოდება. იყო მოლოდინი, რომ იგი წლის ბოლოსთვის მაინც გასაჯაროვდებოდა, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ მასწავლებელთა განახლებული სქემა სახელმწიფო კომისიამ უკვე დაამტკიცა, მან დღის სინათლე ჯერ კიდევ ვერ იხილა.

პედაგოგთა ანაზღაურების ზრდა 2016 წლის ერთ-ერთ სკანდალურ თემად  იქცა. როგორც ცნობილია, პირველი იანვრიდან ხელფასების ზრდა იყო დაანონსებული, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ათასობით პედაგოგს მოლოდინი ტყუილად ჰქონდა.

მართალია, 2017 წლის იანვარში მასწავლებელთა გარკვეულ კატეგორიას ანაზღაურება გაეზრდება, მაგრამ ეს კატეგორია უფრო მცირერიცხოვანია, ვიდრე საზოგადოებას მანამდე ეგონა. ყველაზე მაღლი საფეხურის პედაგოგების ხელფასი 1 100 ლარი იქნება. ცვლილებით ისარგებლებენ უფროსი მასწავლებლები, წამყვანი მასწავლებლები, მენტორები,  მაღალმთიან დასახლებაში მომუშავე პედაგოგები. იმის გათვალისწინებით, რომ 2016 წლის დეკემბრის მდგომარეობით, მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებელი სქემაში ჯერ კიდევ არ გვყავს, მენტორის გაზრდილ დანამატს 0 მასწავლებელი მიიღებს.

„60 000 მასწავლებლიდან 40 000 წინასაარჩევნოდ მოატყუეს – ჯეჯელავას არ აქვს წონა მთავრობაში“ – ასე გამოეხმაურა თემას ოპოზიცია.

წლის ბოლოს იმედი მხლოდ პედაგოგებს არ გაცრუებიათ. განათლების სამინისტროდან ჯეჯელავამ 250 თანამშრომლის განთავისუფლება დააანონსა. ეს, მისი თქმით, სამინისტროების ოპტიმიზაციების ფარგლებში ხდება. როგორც ჯეჯელავა განმარტავს, 10%–ით ნაკლებს დახარჯავენ ანაზღაურების და ადმინისტრაციული ხარჯების ნაწილში – „ეს კი დაახლოებით 27 მილიონი ლარის ეკონომიას მოგვცემს“,– დასძინა მან. მისივე თქმით, ოპტიმიზაცია შეეხება როგორც საგანმანათლებლო რესურსცენტრებს, ასევე სამინისტროს სსიპ-ებს.

მნიშვნელოვანი ცვლილებები ამოქმედდება მომდევნო წლიდან უმაღლესი განათლების კუთხითაც. კერძოდ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს ავტორიზაციის გავლა ახალი სტანდარტების გავლით მოუწევთ, რაც იმას ნიშნავს, რომ არსებული სისტემა და შესაბამისად, მოთხოვნებიც პრაქტიკულად სრულად იცვლება.

სიახლეებია განათლების სამინისტროს ბიუჯეტის კუთხითაც. მომდევნო წლისათვის განათლება სახელმწიფოს ერთ-ერთ პრიორიტეტად სახელდება. სწორედ ამიტომ, სამინისტრომ  გასულ წელთან შედარებით საკმაოდ გარზდილი ფინანსური დოკუმენტი მიიღო -თუკი 2016 წელს განათლების სამინისტროს ბიუჯეტი 971.3 მლნ ლარს შეადგენდა,  ბიუჯეტის ახალი პროექტი ჯამში მილიარდ 116 მილიონ 165 ათას ლარს შეადგენს. აქედან მილიარდ 31 მილიონ 165 ათასი  საბიუჯეტო სახსრებია, 80 მილიონი – გრანტი, 5 მილიონი კი  კრედიტი.

გაიზარდა რიგი მიმართულებების დაფინანსებაც, თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ რიგი მიმართულებით ნაკლები თანხები გაიცა.  მაგალითად, მასწავლებლის სახლის ბიუჯეტი შემცირებულია.

წელი ალექსანდრე ჯეჯელავამ ხმაურიანად დახურა – მაშინ, როცა განახლებული სქემის პრეზენტაციას ველოდით,  განათლების მინისტრმა მთავრობას, პრემიერს და საზოგადოებას „განათლებისა და მეცნიერების სტრატეგიული გეგმა“ საზეიმო ვითარებაში წარუდგინა. პრეზენტაცია საკმაოდ მოკლე იყო და მასზე მიმოხილული  საკითხების უმეტესობა სიახლეს არავისთვის წარმოადგენდა. თავად დოკუმენტი კი, EDU.ARIS.GE-მ მრავალხმრივი მცდელობის მიუხედავად ხელში ამ დრომდე ვერ ჩაიგდო.

პრეზენტაციაზე ცნობილი გახდა, რომ 2017 წლიდან სტუდენტთა დაფინანსების წესი იცვლებააბიტურიენტი ეროვნული გამოცდით 4 – წლიან გრანტს ვეღარ მოიპოვებს.

წლის ყველაზე დასამახსოვრებელი ფაქტის ტიტულს კი უდავოდ იმსახურებს  განათლების და მეცნიერების მინისტრ ალექსანდრე ჯეჯელავას მიერ  პედაგოგებისათვის მოხდილი ბოდიში “ყველა იმ უბედურებისთვის, რაც მის ადგილას მდგომებმა (მასწავლებლებს) დამართეს -დისკრედიტაციისათვის და პრესტიჟის დაგდებისათვის .”  განათლების მინისტრის გეგმა ასეთია – 2-3 წელიწადში ”მასწავლებლის სახელი უნდა ქუხდეს ქვეყანაზე”.

კომბლე, ნაცარქექია, დედინაცვალი და „შარში“ მყოფი „ბავშვიყლაპია“ მინისტრი – ჯეჯელავას ხმაურიანი 2016

თაკო არის© მათეშვილი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური