GE

„300 ლარად დამხმარეებს შეუგდებენ“ – როგორ უყურებენ მასწავლებლობის მსურველები სკოლაში ასისტენტად მუშაობის პერსპექტივას

საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ მიმდინარე განათლების რეფორმის ფარგლებში რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთი ინიციატივა დააანონსა, რომელიც სკოლაში მასწავლებლების ასისტენტების პრაქტიკის დანერგვას გულისხმობს.

როგორც მარიამ ჯაში ამბობს, მსგავს პრაქტიკას აქტიურად იყენებენ დასავლეთის წამყვანი სახელმწიფოები.

EDU.ARIS.GE დაინტერესდა, რა დამოკიდებულება აქვთ ამ ინიციატივაზე იმ პირებს, ვისაც მომავალში მასწავლებლად მუშაობა სურს, იმუშავებდნენ თუ არა ამ სტატუსით სკოლაში და როგორ ხედავენ პროფესიული განვითარების პერსპექტივას მასწავლებლის ასისტენტის პოზიციიდან.

თეონა ჯანელიძე: „ძალიან მომწონს ეს იდეა, ამ პროფესიაში პრაქტიკა მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, ვიმუშავებდი მასწავლებლის ასისტენტად, ეს ძალიან კარგია დამწყები მაწავლებლისათვის, რადგან ხელს შეუწყობს ჩვენს პროფესიულ განვითარებას, საკუთარი თავის წარმოჩენას და ამავდროულად, იმედია, დაგვეხმარება სამომავლოდ დასაქმებაში“.

ჯონი ხარატიანი: „და ვინც უკვე მოვხვდით ამ სისტემაში, ანუ ახალგაზრდები ვინც ვმუშაობთ სკოლაში და დამამცირებელ ჯამაგირს გვაძლევენ? მე პირადად სასწავლო წლის შემდგომ მივატოვებ ჩემს საქმიანობას, სხვა სფეროში გადავინაცვლებ, ვინაიდან ასე შეუძლებელია ცხოვრება, მეც ადამიანი ვარ და საჭიროებები მიდგას. იმის მაგივრად, რომ ვინც ყავთ, იმათ პროფესიულ და კარიერულ ფინანსურ წინსვლაზე გადადგან მეტი ნაბიჯი, 300 ლარად დამხმარეებს შეუგდებენ. ერიც ბედნიერი იქნება და ბერიც“.

ირინა აბულაძე: „კი, სიამოვნებით ვიმუშავებდი. ვფიქრობ, რომ პროფესიაში შესასვლელად კარგი საშუალებაა. ამასთან, საინტერესო იქნება სიახლის დანერგვა და მასში მონაწილეობა, რომელიც პროფესიულადაც კარგ გამოცდილებას შეგვძენს“.

ხატია კოსიაშვილი: „მივესალმები… იმედია რეგისტრაციას არ გამოგვაპარებთ და ვისაც „ნაცნობი“ არ გვყავს სკოლის სისტემაში ისინიც მოვხვდებით და გაგვიმართლებს… ბოლოს და ბოლოს რაც ვისწავლეთ უნივერსიტეტებში ის დრო ფუჭად არ ჩაგვეთვლება და საბოლოოდ, ჩვენს დიპლომებსაც ეღირსება მზის სხივი.“

სალომე შონია: „ღმერთო ჩემო! ზოგიერთი ისეთი მასწავლებელი გყავთ მაგის ასისტენტად რა ვაკეთო? იყოს ტრენინგები, სამოდელო გაკვეთილები… რა ვიცი, რითაც დარწმუნდებით ჩვენს შესაძლებლობებში, რომ ღირს ჩვენი შეშვება სკოლებში და ხელფასების ასე კატასტროფული მატებაც არ იყო საჭირო რა ამბავია 150 ლარი?!“

განათლების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშის თქმით, საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტს საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე წარედგინება.

სკოლებში მასწავლებლის ასისტენტის პრაქტიკა დაინერგება – საკანონმდებლო ინიციატივა

მოამზადა ანუკი წიწილაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური