GE

აბიტურიენტების საყურადღებოდ! – საგანმანათლებლო პროგრამების რეიტინგულ სიაში ცვლილებების შეტანის ზუსტი ვადა ცნობილია

2019 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გასულ აბიტურიენტთა აპელაციის შედეგები და მათი გათანაბრებული ქულები უკვე ცნობილია. მიმდინარე წლის 20 აგვისტოს კი სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული ფაკულტეტების ჩამონათვალი გამოქვეყნდა.

აბიტურიენტები ღელავდნენ იმ ფაქტზე, რომ მათ საგანმანათლებლო პროგრამების პრიორიტეტულ ჩამონათვალში ცვლილების გასაკეთებლად ცოტა დრო ჰქონდა, რადგან აქამდე საგამოცდო ცენტრში ამბობდნენ, რომ აპლიკანტები პრიორიტეტულ ჩამონათვალში ცვლილების შეტანას აპელაციის შედეგების გამოქვეყნების შემდეგი დღის 18:00 საათამდე შეძლებდნენ.

დღეს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ გადაიწია აბიტურიენტებისთვის საგანმანათლებლო პროგრამების რეიტინგულ სიაში ცვლილებების შეტანის ვადებმა.

საგანმანათლებლო პროგრამების რეიტინგულ სიაში ცვლილებების შეტანის ვადა აბიტურიენტებისათვის 26 აგვისტოს 18:00 საათზე იწურება.

“ეს, ალბათ, მოხდა იმიტომ, რომ ხვალ და ზეგ არასამუშაო დღეებია, ამიტომ მიიღეს გადაწყვეტილება. დღეს, შაბათ-კვირას და 26 აგვისტოს 18:00-საათამდე აბიტურიენტებს შეუძლიათ თავიანთ გვერდს ეწვიონ და იქვე განახორციელონ ეს ცვლილებები და შევახსენებ, რომ აუცილებლად უნდა დააჭიროთ დამახსოვრების ღილაკს, რომ ცვლილება აისახოს”, – აღნიშნავს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი, მაია გაბუნია EDU.ARIS.GE-სთან საუბარში.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სთხოვს ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეებს, საკუთარ გვერდზე კიდევ ერთხელ ყურადღებით გაეცნონ სასურველ საგანმანათლებლო პროგრამებზე არსებულ კონკურსს, მიღებულ შედეგს (გათანაბრებულ ქულებს) და შესაბამისად შეადგინონ პროგრამების საბოლოო პრიორიტეტული ჩამონათვალი.

აბიტურიენტებს საშუალება აქვთ შეუზღუდავი რაოდენობით აირჩიონ ის საგანმანათლებლო პროგრამები, რომელთა მოთხოვნებსაც შეესაბამება მათ მიერ ჩაბარებული საგნობრივი გამოცდები და მიღებული ქულები.

აბიტურიენტმა აუცილებელია ასევე გაითვალისწინოს, რომ:

  • იმ შემთხვევაში, თუ მიღებული საკონკურსო ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა მის მიერ მითითებული რეიტინგული სიის პირველ პროგრამაზე ჩასარიცხად, მაშინ განიხილება ჩამონათვალში მითითებულ მეორე პროგრამაზე მისი ჩარიცხვის საკითხი და ა. შ.
  • იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტი ჩაირიცხა რეიტინგული ჩამონათვალის რომელიმე პროგრამაზე, მაშინ რეიტინგულ სიაში მითითებულ მომდევნო პროგრამაზე მისი ჩარიცხვის საკითხი აღარ განიხილება.

სოფო გორგოძის თქმით, ამჟამად მიმდინარეობს მონაცემთა დამუშავება ჩარიცხვებისა და გრანტის განაწილებისათვის. ჩარიცხვების შესახებ ინფორმაცია აღნიშნული პროცედურების დასრულების შემდეგ, აგვისტოს თვის ბოლოს გამოქვეყნდება.

ცნობისთვის, წელს საგამოცდო ცენტრმა 3000-მდე სააპელაციო განაცხადი მიიღო. სააპელაციო კომისიის მიერ ნაშრომების ხელახლა გასწორების შედეგად კი შეფასება შეეცვალა 648 აბიტურიენტს.

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

მოამზადა თამთა ვირსალაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური