GE

„ამას, ძალიან კლასიკური გაგებით, კორუფცია ჰქვია“ – განათლების სპეციალისტი გოგებაშვილის დედაენის სკოლაში დაბრუნების ბნელ მხარეებზე

„სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის“ განათლების პროგრამის ხელმძღვანელი თამარ მოსიაშვილი დედაენის შესახებ მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელიც იაკობ გოგებაშვილის დედაენის სკოლაში დაბრუნებას ეხება, საარჩევნო წლის მოახლოებას უკავშირებს და სახელმძღვანელოს ფორმირების პროცესში კორუფციის რისკებს ხედავს. აღნიშნულის შესახებ მან “კვირას” პრეს-კლუბში, ჟურნალისტებთან შეხვედრისას ისაუბრა.

„ეს ახალი გადაწყვეტილება არის სინამდვილეში ძველი, რადგან ზუსტად მსგავსი ინიციატივა გააჟღერეს 2011 წელს და მაშინაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დაებრუნებინა გოგებაშვილის დედაენა. თუმცა გოგებაშვილის დედაენა არც იმ დროს და არც ახლა, სკოლებიდან არსად არ იყო წასული და მისი ადაპტირებული ვარიანტით დღესაც სწავლობენ ბავშვები, არის სხვა სახელმძღვანელოებიც. უცნაური დამთხვევა არის ის, რომ მაშინაც ეს ინიციატივა გაცხადდა მაშინ, როცა ჩვენ ველოდებოდით 2012 წლის არჩევნებს, და ახლაც მსგავსი გადაწყვეტილება გაჟღერდა, როცა 2020 წელს, ისევ  არჩევნებს ველოდებით და ვაბრუნებთ იმ სახელმძღვანელოს, რომელიც არსად არ წასულა. ვნახე ამ თემაზე მინისტრის გამოსვლა და რაციონალური არგუმენტი მე ვერ მოვისმინე.

„სანამ სახელმწიფო უწყება, სადაც დასაქმებულები არიან პოლიტიკოსები და ჩინოვნიკები, მსგავსი გადაწყვეტილებების ეპიცენტრში იმყოფებიან, ქართველი ხალხი მუდმივად ასეთი ბუნდოვანი ინიციატივების წინაშე დადგება. უნდა მოხდეს დეცენტრალიზაცია, დერეგულირება და დეპოლიტიზება. სამინისტრომ უნდა აკეთოს განათლების პოლიტიკა და ეს პოლიტიკა არ არის რომ წიგნი შეაფასოს. კომისია შეიქმნა ნამდვილად ძალიან საპატივსაცემო ადამიანებისგან, თუმცა აბსოლუტურად დააიგნორეს კვალიფიციური ადამიანები, დიახ იმ კომისიაში არიან მეცნიერები, მაგრამ არ არიან დაწყებითი საფეხურის მეთოდიკის მკვლევრები “, – ამბობს თამარ მოსიაშვილი.

მისივე თქმით, იმის გამო, რომ სახელმძღვანელოების შეფასებაც და ბეჭდვაც ერთი უწყების, განათლების სამინისტროს ხელშია, გამორიცხული არ არის, დედაენის დაბრუნების შესახებ, ინიციატივის გაჟღერების მიზეზი, კორუფცია იყოს.

„რომ მივყვეთ სიტუაციას, პირველი – რომ გოგებაშვილი ასად არ წასულა, შემდეგ მასწავლებლებს არავინ არ უკრძალავს დამხმარე სახელმძღვანელოს სახით ნებისმიერი რამ შეარჩიოს. ეს ყველაფერი მაინც უკავშირდება ერთ ძალიან უცნაურ სიტუაციას, რაც დაკავშირებულია სახელმძღვანელოების გრიფირებასთან. შარშან სკანდალურად წავიდა ეს პროცესი. რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, შეიძლება, სახელმძღვანელომ გრიფი მიიღოს, მაგრამ სამინისტრომ არ დაბეჭდოს, რადგან ცოტა სკოლამ აირჩია და არ იყოს მისთვის ხელსაყრელი. ეს პროცესი მთლიანად არის გადასახედი. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ სამინისტრო საერთოდ არ უნდა ბეჭდავდეს სახელმძღვანელოს, ის ყველაფერში ერევა, ის ერევა სახელმძღვანელოების შეფასებაში და შემდეგ ბეჭდვაშიც. მას აქვს ყველა ბერკეტი და შესაბამისად, ის, რომ სახელმწიფომ ვიღაც ლოიალურ ჯგუფს გოგებაშვილის განახლებული დედაენა დაუბეჭდოს და შემდეგ საავტორო ჰონორარიც გადაუხადოს, ამას ჰქვია ძალიან კლასიკური გაგებით კორუფცია“, – აცხადებს თამარ მოსიაშვილი.

ამავე თემაზე:

„აუცილებლად წავუკითხავ პირველკლასელებს, მაგრამ ამ სახელმძღვანელოთი ანბანს არ ვასწავლი“ – მასწავლებლის წერილი „დედაენაზე“

მოამზადა თამთა ვირსალაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური