GE

არ არსებობს დადგენილი ლიმიტი, რომელსაც ადამიანი უნდა დასჯერდეს – ილიაუნის სტუდენტი

ელენე დვალიშვილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების სტუდენტია. ამბობს, რომ პოლიტიკითა და ქვეყნების შიდა და საგარეო საკითხებით ბავშვობიდანვე იყო დაინტერესებული. თუმცა ამატებს, განვითარების კუთხით თავი არასდროს შემიზღუდავსო და18 წლისამ ზუსტად იცოდა, რომ აკადემიური თუ პერსონალური განვითარების გაგრძელება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სურდა.

“ილიაუნიში ჩაბარების შემდეგ ჩემ წინ შესაძლებლობების საკმაოდ ფართო არჩევანი გამოჩნდა, ერთ-ერთი იყო დიდ ბრიტანეთში სწავლის შესაძლებლობა.

გლაზგოს უნივერსიტეტში სწავლამ არა მხოლოდ თეორიული ცოდნა შემძინა, არამედ დამანახვა, რომ არ არსებობს დადგენილი ლიმიტი, რომელსაც ადამიანი უნდა დასჯერდეს. ყოველთვის იმაზე დიდი მიზნების მიღწევა შეგიძლია, ვიდრე წარმოგიდგენია. თბილისიდან გამგზავრებისას არცთუ ისე დიდი წარმოდგენა მქონდა ჩემს პროფესიულ მომავალთან დაკავშირებით. ჩემ ირგვლივ არსებული სურათის მხოლოდ მცირე ნაწილს ვხედავდი. ყველაფერი შეიცვალა, როდესაც უცხო მიწაზე უცხო ადამიანებთან აღმოვჩნდი, რომლებთანაც დიდი საერთო მქონდა – პროფესიის სიყვარული. ისინი ამ სფეროში მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ადამიანები იყვნენ, მე კი მათთან დიალოგი შემეძლო, როგორც მათ ტოლს. ასეთი შესაძლებლობების არსებობამ არა მხოლოდ ჩემს თავში უფრო მეტად დამარწმუნა, არამედ მიმახვედრა, რომ დიდი მიზნების დასახვას ლიმიტი არ გააჩნია.

ბევრი შეიძლება არ დამეთანხმოს, მაგრამ ერთ-ერთი მსგავსება, რომელიც ილიაუნისა და გლაზგოს უნივერსიტეტს შორის დავინახე, იყო მოწადინებული სტუდენტების აურაცხელი რაოდენობა. ორივე უნივერსიტეტში ყოველი სემინარი არა მხოლოდ ქულის მოსაპოვებლადაა გამიზნული, არამედ სემინარებზე თითოეული სტუდენტი საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას მთელ აუდიტორიას დიდი სიხარულით უზიარებს. მსგავსი დისკუსიების წყალობით ორივე უნივერსიტეტის სემინარზე მრავალი საინტერესო რჩევა და ფაქტი მომისმენია, რისი საშუალებაც ჩვეულებრივ ლექციებზე არ მექნებოდა. ამ ყველაფერს კი ილიაუნისა და გლაზგოს უნივერსიტეტში თანაკურსელებს უნდა ვუმადლოდე.

მიუხედავად იმისა, რომ სწავლის პერიოდში ბევრი ადამიანი გავიცანი, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც იმ ადამიანების გაცნობა იყო, რომლებთან ერთადაც მომიწია ოთხი თვე ცხოვრება. ამ პერიოდში უცხო ქვეყანაში არსებული ყველა სირთულე სწორედ მათთან ერთად გადავლახე, ერთად ვისწავლეთ უამრავი ცხოვრებისეული გაკვეთილი, ამიტომაც უმნიშვნელოვანესია უცხო ქვეყანაში სწავლისას თქვენი მეგზურები სწორად აარჩიოთ.

ჩემი ინტერესი ცენტრალური და აღმოსავლეთ ქვეყნების პოლიტიკისადმი უფრო გაიზარდა, როდესაც შევხვდი ჩემს პროფესორს, რომელიც ცენტრალურ და აღმოსავლეთ ქვეყნების პოლიტიკას ასწავლიდა. დიდი მასალის მიუხედავად, თითოეულ ლექციასა თუ სემინარზე დასწრება ძალიან საინტერესო იყო, ყოველთვის ცდილობდა ჩვენს გამხიარულებას. უამრავი საქმის ფონზე კი ლექტორის მსგავსი დამოკიდებულება საკმაოდ დადებით გავლენას ახდენდა სტუდენტებზე.

დიდ ბრიტანეთში ყოფნისას, ყოველი დღე თავგადასავლის ტოლფასია. არცერთი დღე არ გადიოდა ისე, რომ რაღაც ახლის აღმოჩენით განცვიფრებული არ დავრჩენილიყავი. გლაზგოში ყოფნისას, უბრალო დღეებიც კი უდიდესი მნიშვნელობის იყო ჩემთვის. ასეთი ჩვეულებრივი დღე იყო, როდესაც ბიბლიოთეკიდან გამოსვლის შემდეგ განსხვავებული გზით გადავწყვიტე სახლამდე ფეხით გამესეირნა. ამასობაში გაწვიმდა და გზა ამებნა. დავიკარგე, თუმცა ერთი წამითაც არ მინერვიულია, რადგან ჩემ წინ სრულიად ახალი სამყარო გადაიშალა. ძველებური შენობებიდან ახალი, მაღალი შენობებით სავსე ქუჩაზე მოვხვდი, სადაც მხოლოდ დიდი კომპანიების ფირმები იყო განთავსებული. სახლამდე მისვლაში კი არა მობილური, არამედ შოტლანდიური აქცენტით მოსაუბრე ხალხი დამეხმარა.

უცხო ქვეყანაში სწავლის გაგრძელება გამოწვევებთან და რთული ნაბიჯების გადადგმასთანაა დაკავშირებული, მაგრამ სწორედ ამის შემდეგ შეგეძლებათ თქვენთვის აქამდე წარმოუდგენელი მიზნების მიღწევა”, – მიმართავს აბიტურიენტებსა და თანატოლებს ელენე.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური