GE

„არ გვაქვს ფუფუნება, რომ 2027 წელს დაველოდოთ“ – რა მოლოდინებია სკოლაში საატესტატო გამოცდების დაბრუნებაზე

„XII კლასში მოსწავლეთა ეროვნული განმსაზღვრელი შეფასების სისტემა 2027 წლიდან ამოქმედდება, რომელიც იქნება მოსწავლის სკოლიდან ტრანზიციის მოდელი“, – თქვა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა 2023 წლის ბოლოს.

მინისტრი დაგვპირდა, რომ საზოგადოებას შესთავაზებენ სრულიად ახალ, საერთაშორისო პრაქტიკაზე ადაპტირებულ ჩარიცხვის პროცესს, რომელიც მხოლოდ პილოტირების შემდეგ დაინერგება. „VI-IX კლასის პილოტირება დაიწყება 2025 წლიდან, 2026 წელს დაიწყება მე-12 კლასის პილოტირება და სრულად ეს სისტემა ამოქმედდება 2027 წლიდან”, – განმარტავს გიორგი ამილახვარი.

დამამთავრებელ კლასებში მოსწავლის სავალდებულო შეფასების დაბრუნება და რეპეტიტორის ინსტიტუტი – რისთვის ემზადება სისტემა

სტუდენტის მშობელი, ნინა ქამხაძე რომლის შვილმაც სკოლა 2 წლის წინ დაასრულა, EDU.ARIS.GE-სთან აცხადებს, რომ განათლების სამინისტროს რეფორმის მხარდამჭერია, თუმცა არც იმ მძიმე რეალობის დანახვა უჭირს, რომელიც მოსწავლეებისთვის ცენტრალიზებული შეფასების არარსებობას მოაქვს.

„ვფიქრობ, ყველა რეფორმა, რომელსაც იწყებენ ან დაწყებულია აუცილებელი იყო. მშობლებისთვის პრიორიტეტულია, რომ სკოლამ მოსწავლეებს ხარისხიანი განათლება მისცეს. შედეგებს კი, როგორიც მისცა საჯარო სკოლამ, ამას პირად მაგალითზე ვხედავ. ჩემს ბიჭს, პირველ კურსზე ძალიან გაუჭირდა გამოცდებთან შეჩვევა, სულ ეძებდა მარტივ გამოსავალს, რომ სასწავლო პროგრამა დაეძლია და მეტიც, უნივერსიტეტში სწავლობდა იმას, რას სკოლაში, საშუალო საფეხურზე უნდა ესწავლა. ამ მხრივ, ვფიქრობ, ძალიან ბევრი რამ უნდა გაკეთდეს“, -ამბობს მშობელი.

„NAEC-მა ერთიანი ეროვნული გამოცდების ახალ მოდელზე მუშაობა დაიწყო“ – ვადებზე მინისტრის მოადგილე საუბრობს

რა ხდება სკოლებში ცენტრალიზებული გამოსაშვები გამოცდების არარსებობის პირობებში ან რაში შეიძლება იყოს გამოსავალი იმ ვითარების შესამსუბუქებლად, რომელიც ჩვენმა პირველმა რესპონდენტმა აღწერა, ამ ყველაფერს EDU.ARIS.GE-სთან სტუდენტთა კარიერული განვითარების მკვლევარი, მარიამ გულაშვილი აანალიზებს, რომელიც გვიხსნის, რომ დღეს სკოლის მოსწავლეებს არა მხოლოდ ცოდნის ნაკლებობა აქვთ, არამედ უჭირთ კარიერისა და მომავლის დაგეგმვა, რადგან არ იციან საკუთარი შესაძლებლობები და ვერ ხედავენ პოტენციალს იქ, სადაც განვითარების მეტი შანსი აქვთ. სკოლებში გამოცდების არარსებობით კი, ჩვენი რესპონდენტის თქმით, ეს პრობლემა სულ უფრო ღრმავდება.

მარიამ გულაშვილი მოსწავლეებზე დაყრდნობით ჰყვება, რომ სხვადასხვა საგნებისადმი მათი გულგრილი დამოკიდებულება პირდაპირ არის მიბმული მისაღებ გამოცდებზე. ისინი არ ინტერესდებიან საგნით, რომელსაც უმაღლესში სწავლის გასაგრძელებლად არ აბარებენ და თუ სკოლაც არ ითხოვს მოსწავლის მიერ განვლილი პროგრამის შემოწმებას, საგანს უბრალოდ არ სწავლობენ.

„მოსწავლეები თავადაც მიდასტურებენ, რომ საატესტატო გამოცდების მოხსნამ გამოიწვია მათი მხრიდან ზერელე დამოკიდებულება იმ საგნებისადმი, რომლებიც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე არ ბარდება. მისაღები გამოცდების ჩასაბარებლად დღეს 3 საგნის დაძლევაც საკმარისია და ამ რეალობიდან გამომდინარე, მოსწავლეებს უნივერსიტეტებში მოხვედრა დანარჩენი საგნების მინიმალური ცოდნის გარეშე შეუძლიათ, რაც ასევე არასწორია. ვინც კონკრეტულ პროფესიაში წარმატებით საქმიანობთ დამეთანხმებით, რომ სულ მინიმუმ საბაზისო ცოდნა გაგაჩნდათ თქვენი პროფესიის მომიჯნავე დარგებში და უნარ-ჩვევების ნაკლებობასაც არ უჩიოდით“, – ამბობს მარიამ გულაშვილი.

სპეციალისტი იმ „თავბრუსხვევაზე“ გვიამბობს, რომელიც გამოცდების ჩაბარებამდე აბიტურიენტს პროფესიის არჩევის კუთხით აქვს, რადგან როდესაც საქმეს ირჩევ, აუცილებელია, საკუთარი შესაძლებლობები იცოდე:

„როცა მოსწავლეების აბსოლუტური უმრავლესობა ატესტატს ისე იღებს, რომ გამოცდებს არ აბარებს, უჩნდება კითხვები: „რა ვიცი“, „რაში ვარ ძლიერი“, „რომელ სფეროში შევძლებ წარმატების მიღწევას“.. ვინაიდან მათ ამ კითხვებზე პასუხები არ აქვთ და სისტემაც ვერ ეხმარება, უბრალოდ გაურკვევლობაში რჩებიან. ვტოვებთ ამ გაურკვევლობაში და შემდეგ რა ხდება? – ირჩევენ მათთვის შეუსაბამო პროფესიას, პროფესიას იცვლიან წელიწადში სულ მინიმუმ 3-ჯერ და ამის პროპორციულად უმუშევრობის დონეც მატულობს. მხოლოდ ეს ფაქტორიც, რომ გავითვალისწინოთ, არ გვაქვს ფუფუნება, დაველოდოთ 2027 წელს“, – აცხადებს კარიერული განვითარების მკვლევარი.

მარიამს ვკითხეთ, რა პრობლემებს გადაჭრიდა საატესტატო გამოცდების დაბრუნება თავად აბიტურიენტებისთვის და მისი პოზიციით, ცენტრალიზებული შეფასების არსებობა დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის სკოლის ფუნქციას უფრო ნათელს გახდიდა. ამის გარდა, ისინი ლოგიკურად დაგეგმავდნენ თავიანთ მომავალს.

„გამოცდების დაბრუნება გამოიწვევს მოსწავლეების უფრო ბეჯით მუშაობას ყველა საგანში და სკოლის ფუნქციაც უფრო ნათელი გახდება. საატესტატო გამოცდები სასკოლო საგნების ბაზისურ ცოდნას მოითხოვს და როცა მოსწავლე დაასრულებს სკოლას, მან უნდა დაამტკიცოს, რომ ტყუილად არ უვლია 12 წელი და შესაბამისი დოკუმენტიც (ატესტატი) დამსახურებულად მოიპოვოს, ამით მას მოტივაციაც ექნება და განცდაც, რომ ბრძოლის გარეშე, დაუმსახურებლად ვერაფერს მიიღებს. თუმცა, დავაკონკრეტებ, რა თქმა უნდა, სკოლასა და პედაგოგზე ბევრია დამოკიდებული. ამიტომ, თითოეული მასწავლებელი მოწოდების სიმაღლეზე უნდა იყოს“, – განმარტავს სპეციალისტი.

მარიამ გულაშვილი EDU.ARIS.GE-სთან გადაჭრით ამბობს. რომ 2027 წლამდე დრო ძალიან დიდია და მოქმედ განათლების მინისტრს თხოვნითაც მიმართავს, რომ განათლების სამინისტრომ გადაიბაროს გამოცდების ორგანიზების ვალდებულება, რადგან სკოლები ამ პასუხისმგებლობას თავს ვერ ართმევენ.

„რაც უფრო მოკლე დროში შევძლებთ საატესტატო გამოცდების დაბრუნებას, უკეთესი იქნება მომავალი აბიტურიენტებისთვის. დარწმუნებული ვარ, კარგად იცის ეს თავად მოქმედმა მინისტრმაც. 2027 წლამდე 3 წელია, დასაკარგი დრო კი ნამდვილად არ არის. სკოლებიდან გამოცდების ორგანიზების ფუნქცია ისევ განათლების სამინისტრომ უნდა გადმოიბაროს, რადგან ფაქტია, რომ სკოლებში დღეს, ე.წ შიდა გამოცდებიც კი არ ტარდება“, – დასძენს სპეციალისტი.

როგორც ცნობილია, დღეს საჯარო სკოლებს აქვთ უფლება, სურვილის შემთხვევაში, თავად ჩაატარონ შიდა სასკოლო საფეხურის დამამთავრებელი გამოცდა, თუმცა დამამთავრებელ კლასებში მოსწავლის ცენტრალიზებულად შეფასება ე.წ. კატის გამოცდების გაუქმების შემდეგ, სკოლებში აღარ ხორციელდება.

ცნობისთვის, პირველად, გიორგი ამილახვარმა სკოლაში ეროვნული შეფასების დაბრუნებაზე 2023 წლის მაისში ისაუბრა.

ამავე თემაზე:

„უნივერსიტეტში მიღების ახალი მოდელის შემუშავება“ – რას აანონსებს მთავრობა და რა ინფორმაციამ გამოიწვია კერძო სკოლების „შოკი“

შემუშავდება მოსწავლეთა ეროვნული შეფასება – განათლების მინისტრმა სასკოლო შეფასების დანერგვის ვადებსა და შინაარსზე ისაუბრა

სკოლის საატესტატო გამოცდების დაბრუნების საკითხზე განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ კომენტარი გააკეთა

მოამზადა მზეო შველიძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური