GE

ავსტრიის გამოცდილება – რა შედეგი მოაქვს სკოლისა და საზოგადოების თანამშრომლობას

განათლების მკვლევარმა ზიგლინდე ვეირინგერმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო ლექცია, სკოლისა და საზოგადოების თანამშრომლობის შესახებ, ჩაატარა.

დოქტორი ზიგლინდე ვეირინგერი იკვლევს და ასწავლის ზალცბურგის უნივერსიტეტში (ავსტრია). მისი ძირითადი ინტერესებია სკოლისა და დემოკრატიული საზოგადოების კავშირი; ღირებულებითი განათლება; მასწავლებლების მომზადება.

ლექციაზე, რომელიც სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლობით ჩატარდა, ზიგლინდე ვეირინგერმა განიხილა, თუ რატომ არის სასარგებლო და როგორ არის შესაძლებელი სკოლისა და უნივერსიტეტების, არასამთავრობო, სახელმწიფო, სამეწარმეო და სხვა ორგანიზაციების თანამშრომლობა. აუდიტორიას საშუალება ჰქონდა, გაცნობოდა ავსტრიის გამოცდილებას.

განათლების მკვლევარის სიმონ ჯანაშიას თქმით, ჩვენს სკოლებს ძალიან უჭირთ ურთიერთობა სხვადასხვა ორგანიზაციასთან. უჭირთ იმიტომ, რომ არსებობს სხვადასხვა ბარიერი, როგორც საკანონმდებლო, ისე რესურსების და ცოდნის თვალსაზრისით.

„სწორედ ამიტომ გვყავს მოწვეული ქალბატონი ზიგლინდე, რომ დაგვეხმაროს იმის გარკვევაში, როგორ შეიძლება შევხედოთ ამ საკითხს და როგორ შეიძლება, სხვისი გამოცდილებით ვისწავლოთ ჩვენც, რომ არა მხოლოდ გადავლახოთ ეს ბარიერები, არამედ ვმართოთ ეს პროცესი ისე, რომ არ შექმნას დამატებითი პრობლემები“, -განაცხადა სიმონ ჯანაშიამ.

როგორც ზიგლინდე ვეირინგერმა პრეზენტაციისას აღნიშნა, სკოლა წარმოადგენს საზოგადოების სარკეს. განსაკუთრებით მოიცავს იმ ინფორმაციას, როგორი იყო საზოგადოება წარსულში, როგორია ახლა და როგორი იქნება მომავალში.

„სკოლა ემსახურება სუვერენს, ამ შემთხვევაში სუვერენი არის ხალხი. საზოგადოება უნდა ფიქრობდეს იმაზე, როგორი მომავალი თაობა უნდა, რომ მიიღოს. როგორი ადამიანი გვინდა, რომ ამ სკოლიდან გამოვიდეს და განსაზღვრავს იმას, როგორი უნდა იყოს მომავალი საზოგადოება“,- განაცხადა ზიგლინდე ვეირინგერმა.

მისი თქმით, 1962 წელს ავსტრიაში მიიღეს კანონი, რომელიც ეხება სკოლების მოწყობის სისტემას. ეს არის კანონი, რომელიც სკოლების ზოგად მოწყობას შეეხება. კანონი განახლდა 1986 წელს, მან კიდევ განიცადა ცვლილებები, რომლიდანაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კანონი სკოლების ავტონომიის შესახებ. ამ კანონის მიხედვით ფოკუსი მთლიანად გადავიდა ცალკეულ ბავშვზე და მასწავლებლებს მიეცათ საშუალება, თვითონ აერჩიათ სწავლების მეთოდები.

„ამ კანონის შემდეგ დაიწყო სხვდასხვა სახის ურთიერთობა საზოგადოების წარმომადგენლებთან. სკოლაში სხვადასხვა ადამიანები შედიოდნენ და უყვებოდნენ  საკუთარი გამოცდილებიდან ბავშვებს. მე ერთ სოფელში ვასწავლიდი. იმ სოფლის სკოლაში თვითონ მოსწავლეების მშობლები მოვიწვიეთ, რომლებიც მონადირეები, მეთევზეები იყვნენ და თავიანთი გამოცდილება უფრო კარგად გაუზიარეს ბავშვებს, ვიდრე ამას მე ვიზმადი. ეს ბავშვების მოტივაციაზეც დადებითად მოქმედებს.

იყო სხვადასხვა ტიპის თანამშრომლობები თვითონ სკოლებს შორისაც. ზოგი იყო პრობლემური, ზოგი ნაკლებად პრობლემური. პრობლემური არ იყო სხვადასხვა სახის კულტურული ურთიერთობები, წასვლა მუზეუმში, ან მსახიობების, აკრობატების მოსვლა სკოლაში.

რაც შეეხება  პოლიტიკურ პარტიებს და მათ აქტივობებს, კანონით განსაზღვრულია, სადამდე აქვთ უფლება მათ სკოლას მიუახლოვდნენ და პლაკატები გააკრან. სკოლაში ეს დაუშვებელია. კერძო კომპანიებს შეუძლიათ, სკოლებთან ერთად გარკვეულ ღონისძიებებში ჩაერთონ, საქმე ეხება დასპონსორებულ ღონისძიებებს. ან მაგალითად, კომპიუტერების სკოლებისთვის გადაცემა. აქ განსაზღვრულია თვითონ ბიზნესის ინტერესიც“, – აღნიშნა ავსტრიელმა განათლების მკვლევარმა.

ზიგლინდე ვეირინგერის თქმით, საზოგადოების, ორგანიზაციების და სკოლის ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ასეთ დროს მოსწავლეები უკეთ სწავლობენ, პრაქტიკაში იყენებენ ნასწავლს, ხოლო საზოგადოება იღებს უფრო განათლებულ ახალგაზრდობას.

„ასეთი ტიპის თანამშრომლობა ბავშვებისთვის არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ისინი თავს გრძნობენ საზოგადოების წევრებად. ისინი არიან წინა პლანზე და მათ შეუძლიათ თავიანთი წვლილის შეტანა საქმიანობაში და გამოკვეთილია მათი კონკრეტული როლი და მნიშვნელოვანია, რომ თავის საქმეს აკეთებენ.

მსგავსი სწავლების დროს, მთავარია, რომ კურიკულუმი იყოს გათვალისწინებული და მთელი რიგი ღონისძიებები, რომლებიც გარეშე ორგანიზაციებისგან ტარდება, კურიკულუმთან იყოს შესაბამისობაში. რა თქმა უნდა, არის ისეთი ღონისძიებები, რომ მოსწავლეები გაერთონ. სახალისო მომენტებიც სკოლაში ძალიან მნიშვნელოვანია, მოსწავლეების მოტივაცია რომ ამაღლდეს, მაგრამ, ძირითადად, ეს დაკავშირებული უნდა იყოს მაინც სწავლის მიზნებთან და საგანთან. საგანთაშორის ურთიერთობებიც უნდა იყოს გათვალისწინებული.

მასწავლებლებს ევალებათ კონკრეტული გეგმის გაკეთება. მოსწავლეები უნდა იყვნენ ჩართულები მსგავსი ტიპის ღონისძიებებში, მაგრამ ისე უნდა გათვალონ მასწავლებლებმა, რომ წლის ბოლოს მოსწავლეებმა გამოცდები ჩააბარონ“, – აღნიშნა განათლების მკვლევარმა.

ზიგლინდე ვეირინგერის თქმით, მასწავლებლებისთვის ეს დამატებითი სამუშაოა და ესეც გააზრებული უნდა ჰქონდეთ. უნდა ჰქონდეთ მოტივაცია, რომ მოსწავლემ წარმოაჩინოს თავი და დაანახოს თემს, რას აკეთებს. თუმცა, როგორც ზიგლინდე ვეირინგერმა აღნიშნა, ახალი მეთოდების დანერგვას მუდამ თან სდევს წინააღმდეგობები და უნდა შეძლონ პედაგოგებმა მათი გადალახვა, თუ უნდათ რომ განსხვავებული მიდგომები შესთავაზონ მოსწავლეებს სწავლების პროცესში.

„მასწავლებლებისთვის ეს დამატებითი სამუშაოა, ამიტომ მათ უნდა დავეხმაროთ გარედან, თუნდაც ეს იყოს ფსიქოლოგიური მხარდაჭერა. მთვარია, ბავშვს ვასწავლოთ, როგორ ისწავლოს.

როდესაც ადამიანი რაღაც ახლის კეთებას იწყებს, ყოველთვის უნდა იყოს მოლოდინი, რომ პრობლემები შეექმნება. უნდა მობილიზდეთ. არ მკითხოთ, მასწავლებლებს, რომლებსაც საქმის ბოლომდე მიყვანა უნდოდათ, რამდენი დაპირისპირება და წინააღმდეგობა შეხვდათ!

1986 წელს მიღებულ კანონში ასევე გათვალისწინებული იყო მონტესორის იდეები. ამ წელს რამდენიმე მასწავლებელი გამოჩნდა, რომლებსაც უნდოდათ, უფრო ღრმად შეესწავლათ მონტესორის იდეები. მათი შთაგონების წყაროს წარმოადგენდა ის, რაც გაიგეს ჰოლანდიასა და იტალიაში მოგზაურობის დროს. როდესაც დაბრუნდნენ უკან, თქვეს, რომ ეს ჩვენთანაც დავნერგოთ. მაგრამ დირექტორებმა უთხრეს, არ არის ეს საჭირო, იმას გააკეთებთ, რაც გევალებათ. მაგრამ მასწავლებლები არ დანებდნენ. არ იყო ადვილი, მაგრამ მათ მიაღწიეს, რომ ეს მეთოდები დაენერგათ სკოლაში“, – აღნიშნა ზიგლინდე ვეირინგერმა.

ვის ემსახურება დღეს განათლების სისტემა, ბავშვებს თუ მასწავლებლებს?!

მოამზადა ცისანა შერგილაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური