GE

ახალი მოდულური პროგრამები და ახალი კანონი – ცვლილებები და მოლოდინი პროფესიულ განათლებაში

პროფესიული განათლების განვითარება პირდაპირ კავშირშია, როგორც ქვეყნის ეკონომიკის განვითარებასთან, ასევე  მოქალაქეების კეთილდღეობის გაუმჯობესებასთან, რადგან განათლების ეს მიმართულება იძლევა მოქნილი და მოკლევადიანი პროგრამებით შრომის ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიებისა და ხელობების დაუფლების საშუალებას.

საშემოდგომო მიღებას, რომელიც 3 ოქტომბერს გამოცხადდება, სისტემა 85 ახალი მოდულური პროგრამით ხვდება. უფრო ფუნდამენტური ცვლილებების გარანტიას პროფესიული განათლების ახალი კანონი ქმნის, რომელიც ასევე უახლოეს პერიოდში, პრეზიდენტის ხელმოწერის პროცედურის დასრულების შემდეგ უნდა ამოქმედდეს.

პროფესიული განათლების ამბები

რა სიახლეებია პროფესიული განათლების სისტემაში ახალ სასწავლო წელს და რას უნდა ველოდოთ უახლოეს მომავალში, როცა ამოქმედდება ახალი კანონი პროფესიული განათლების შესახებ?  

EDU.ARIS.GE-ს ამ საკითხებზე ესაუბრნენ პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსი ირინე წეროძე და პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი კახაბერ ერაძე.

„ბევრმა სასწავლებელმა გაიარა რეგისტრაცია ახალ დუალურ პროგრამებზე ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, მშენებლობის მიმართულებით. სიახლეა, რომ  ხობის მუნიციპალიტეტში, რეაბილიტირებულ შენობაში გაიხსნა და უკვე მიიღებს სტუდენტებს ხობის პროფესიული სასწავლებელი, ასევე, თბილისის სარკინიგზო კოლეჯი; ათასწლეულის გამოწვევის საგრანტო კონკურსის ხელშეწყობით, ბევრ პროფესიული განათლების დაწესებულებას მიეცა საშუალება განევითარებინა ახალი საგანმანათლებლო პროგრამები, მათი განხორციელება მოხდება დუალური პრინციპით. ეს პროგრამები, უმეტესწილად, ახალ პროფესიებზეა ორიენტირებული“, – აღნიშნავს ირინა წეროძე.

პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფაზე განათლების ხარისხის  განვითარების ეროვნული ცენტრის შესაბამის სამსახურს ენიჭება პასუხისმგებლობა. ავტორიაზაცია და ავტორიზაციებს შორის პერიოდები სწორედ პროფესიული განათლების თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას ემსახურება. მუდმივად ცვალებადი შრომის ბაზარი ითხოვს დინამიურ და ადეკვატურ რეაგირებას პროფესიული განათლების განმახორციელებელთა მხრიდან.

„პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში მიღება წელიწადში 2-ჯერ ცხადდება.  მიღების წინა პერიოდში  ძალიან ინტენსიური მუშაობა გვიწევს,  რადგან ვიხილავთ საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან შემოსულ განაცხადებს პროგრამების დამატებასთან დაკავშირებით. ეს სამთვიანი წარმოების პროცესია, რომლის შედეგების საფუძველზეც დაწესებულებას ეძლევა ახალი პროგრამების განხორციელების ან მეტი სტუდენტის მიღების უფლება. ამ ეტაპზე 60-მდე განაცხადზე ვიმუშავეთ. საშემოდგომო მიღების წინ იყო  მოდულური პროგრამების დამატების „ბუმი“. მათ შორის, ამ პროგრამების უპრეცედენტოდ  დიდი რაოდენობა  დუალურ მიდგომას ითვალისწინებს. დუალური მიდგომით პროგრამების განხორციელება დაიწყო შარშან და წელს ამ პროგრამების ოდენობა თითქმის გაორმაგდა“, – აცხადებს კახაბერ ერაძე.

მისივე საუბრიდან ირკვევა, რომ გარდა უკვე დამატებული 3 კოლეჯისა, განაცხადები გაკეთებულია და მალე სხვა ახალი კოლეჯებიც ამოქმედდება რეგიონებში, რაც სწავლების გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობას გაზრდის. „დასახელებისგან თავს ვიკავებთ, მაგრამ იმას კი ვიტყვით, რომ ეს არის მოქმედი კომპანიებისაგან შემოსული განაცხადები, რომლებსაც სურთ პროფესიული განათლების სისტემაში შემოსვლა და გადაწყვეტილების მიღებისთანავე, საზოგადოება მიიღებს ინფორმაციას. საშემოდგომო მიღებისთვის დამატებით გაცემულია უფლება 85 მოდულური საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებით, მათ შორის, 22 პროგრამისა – დუალური მიდგომით“.

„დღეს პროფესიული განათლება არის, აბსოლუტურად, უფასო, სახელმწიფო სასწავლებლებში ფინანსდება ყველა პროგრამა და სტუდენტთა მხრიდან  მხოლოდ სურვილი და მონდომებაა საჭირო. სახელმწიფო მათ ეხმარება მიიღონ მოთხოვნადი პროფესია, მორგებული საკუთარ ინტერესებსა და შესაძლებლობებზე“, – აღნიშნავს ირინა წეროძე.

საგნობრივი პროგრამები, რომლებიც ხშირად თავისი შედეგებით ვერ უზრუნველყოფდა  პრაქტიკული უნარების ადეკვატურ განვითარებას, თანდათან მოდულური პროგრამებით ნაცვლდება. კახაბერ ერაძე ამ ჩანაცვლების საფუძველს განმარტავს: „ხშირად სტუდენტისთვის, ექსპერტებისთვის და დამსაქმებლებისთვის ბუნდოვანი რჩებოდა, კონკრეტული საგანი რატომ იყო საჭირო ამ პროფესიისთვის. მართლაც, საგნობრივი პროგრამა ზოგჯერ დაწესებულების ინტერესიდან გამომდინარე, არსებული რესურსის (მათ შორის, ადამიანურის) გათვალისწინებით დგებოდა. ამ მიდგომის შეცვლას შევეცადეთ მეტ-ნაკლებად უნიფიცირებული მოდულური პროგრამების შემოტანით“.

მოდულური პროგრამები, განსხვავებით საგნობრივი პროგრამებისაგან, დაფუძნებულია კომპეტენციების განვითარებაზე.

„ჩვენთვის მთავარია, ის ცოდნა და უნარები, რასაც სტუდენტი შეიძენს მოდულის გავლის შედეგად. განსხვავებული მიდგომებია შეფასების მიმართაც. საგნობრივ პროგრამებში ეს კომპონენტი ძირითადად ცოდნის შეფასებას ახდენდა, რაც არაადეკვატური იყო უნარების შესაფასებლად. არადა, კანონი პირდაპირ ამბობს, რომ პროფესიული საგანმანათლებლო  პროგრამა ეს არის პრაქტიკული უნარების გამომუშავებაზე ორიენტირებული პროგრამა.

ამიტომაც ჩნდებოდა კითხვა, მხოლოდ ტესტირებით, პრაქტიკულ დავალების გარეშე, როგორ შეიძლება შეფასდეს, ვთქვათ, ელექტროობაში ჩამრთველის დაყენების უნარი და ხარისხი? ამიტომ რევოლუციური გადატრიალება მოხდა შეფასების კომპონენტშიც. ამ ახალ მიდგომაზე გადასვლა ადვილი არ აღმოჩნდა; სასწავლებლების მხარდაჭერისთვის გამოიყო საბიუჯეტო თანხები, მილენიუმის პროგრამის დახმარებით მოხდა მასწავლებელთა გადამზადება და  სამი წლის თავზე ვხედავთ, რომ მიდგომა თანდათან იცვლება და როგორც სწავლება, ასევე შეფასებაც მოთხოვნებთან თავსებადი ხდება“, – უკვე დამდგარ შედეგებზე საუბრობს კახაბერ ერაძე და აგრძელებს: „ჩვენ გვაქვს ფუფუნება, რომ დონორი ორგანიზაციებისაგან მივიღოთ პარტნიორული დახმარება ამ მიმართულებით. განსჯის საკითხად იქცევა ხოლმე თემა – ჩვენი დუალური განათლების მოდელი არის თუ არა გერმანულის შესაბამისი? რა თქმა უნდა, არა, ჩვენი მოდელი ვერ იქნება გერმანული მოდელის ზუსტი ასლი, რადგან წინაპირობებიც  განსხვავებული იყო: გერმანიაში ბიზნესმა შექმნა პროფესიული განათლება, ხოლო ჩვენთან ბიზნესს უკვე დახვდა პროფესიული განათლება. იქ ინიციატივა ეკუთვნოდა ბიზნესს, ჩვენთან – განათლების სისტემას. ეს მოდელი თანდათან იხვეწება. ახალი კანონი გარკვეულ კონტურებს ხაზავს ამ მიმართულებითაც. თუმცა გერმანული მოდელის მთავარი პრინციპები შენარჩუნებულია“.

როცა საუბარია დუალურ პროგრამაზე, იქ აუცილებლად იგულისხმება სტუდენტის ხელფასიც. სტუდენტი მეტ დროს ატარებს საწარმოში, მეტ სწავლის შედეგს აღწევს უშუალოდ სამუშაო გარემოში, რაც ზრდის დასაქმების გარანტიას.

რამდენიმე დღის წინ, საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა პროფესიული განათლების ახალ კანონპროექტს, რომელიც, როგორც EDU.ARIS.GE-ის რესპონდენტები აღნიშნავენ, არის პროფესიულ განათლებაში ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი ცვლილებების სამართლებრივი საფუძველი. პრეზიდენტის ხელმოწერის პროცედურის დასრულების შემდეგ ახალი კანონი ამოქმედდება.

„ეს გულისხმობს, პირველ რიგში, საგანმანათლებლო ჩიხის აღმოფხვრას: პროფესიის შესწავლასთან ერთად სტუდენტებს შეეძლებათ სრული ზოგადი განათლების მიღება, რაც გაზრდის პროფესიული განათლების მიმზიდველობას. ახალი კანონი იძლევა იმის საშუალებასაც, რომ პროფესიული განათლება დაუკავშირდეს უმაღლეს განათლებას, ჩნდება ახალი შესაძლებლობა მოკლე ციკლის პროგრამების სახით, რაც არის განათლების მეხუთე საფეხურის პროგრამა და ნიშნავს ბაკალავრიატის უფრო შემოკლებულ და პრაქტიკულ უნარებზე ორიენტირებულ პროგრამას; სტუდენტს, სურვილის შემთხვევაში, შეეძლება მოკლე ციკლის დაფარვის შემდეგ გავიდეს შრომის ბაზარზე, ასევე, ნებისმიერ ასაკში შემობრუნდეს უმაღლესი განათლების საფეხურზე, უღიარდეს კრედიტები და გააგრძელოს სწავლა. ეს ქმნის საშუალებას, მოქალაქეები უფრო დიდხანს იყვნენ საგანმანათლებლო სისტემაში, შეეძლოთ თავიანთი ცოდნა ახალ მოთხოვნებთან, პრაქტიკულ უნარებთან მორგებული გახადონ, რაც ჩვენს შრომის ბაზარს უფრო მეტად სჭირდება“, – აღნიშნავს ირინა წეროძე.

ახალი კანონი პროფესიულ განათლებას უფრო მიმზიდველს ხდის კერძო სექტორისათვის და მას მეტ გარანტიებს სთავაზობს. ჩნდება კერძო სექტორის ჩართვის კონკრეტული მექანიზმების დანერგვის შესაძლებლობა; დუალური განათლება უკვე საკანონმდებლო დონეზე იქნება გამყარებული.

„ასევე დაიწყება ზრდასრულთა განათლების სისტემის განვითარება. აქამდე, ჩვენ არ გვქონდა  დიფერენცირებული მიმართულები ზრდასრულებისთვის, მოზარდსაც და ზრდასრულსაც ერთი პროგრამის გავლა უწევდა. ახალ კანონში გათვალისწინებულია ზრდასრულთა განათლების ნიშანდობლივი პრინციპი – უნარების გაუმჯობესება მოკლევადიანი ციკლით; ეს იქნება უკვე ფორმალური განათლების ნაწილი და შესაძლებელი იქნება, დამსაქმებელთან ერთად შექმნილი, სატრენინგო ცენტრის ბაზაზე განხორციელებული კურსი აღიარდეს სახელმწიფოს მიერ; ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მიერ რეგულირებადი პროფესიების ჭრილში. კანონი არეგულირებს პროგრამების ინტერნაციონალიზაციის საკითხებსაც. საგანმანათლებლო დაწესებულებებს ექნებათ საშუალება პროფესიული პროგრამები განახორციელონ საზღვარგარეთ არსებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ერთად და გაიცეს ორმაგი დიპლომი“, – ასეთი მოლოდინები აქვს ირინა წეროძეს ახალი კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით და მისი დანერგვის ვადად ორწლიან პერიოდს ასახელებს.

ახალი კანონით, სისტემა მთლიანად გადავა მოდულურ პროგრამებზე, გადავა დუალურ პროგრამებზე, რაც გახლდათ რეფორმის ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორი. 2019 წლის პირველ იანვრამდე კოლეჯებს საშუალება აქვთ ჩარიცხონ საგნობრივ პროგრამებზე სტუდენტები. ამ ვადის შემდეგ საგნობრივ პროგრამებზე ჩარიცხვები აღარ მოხდება, უკვე ჩარიცხული სტუდენტები მილევად რეჟიმში დაასრულებენ ამ კურსს.

„ახალი კანონი ბევრ სიახლეს გვთავაზობს ხარისხის განვითარების მიმართულებით, პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფა აქამდე 3 სტანდარტით (ადამიანური, მატერიალური რესურსები და პროგრამები) ხდებოდა. ახლა კიდევ ორი სტანდარტი ამოქმედდება, რომლებიც ხელს შეუწყობს ხარისხის კულტურის ზრდას სასწავლო დაწესებულებაში, ეს  შეეხება სასწავლებლის მისიას, სტრატეგიის შემუშავებას,  ესეც შეფასების თემა გახდება. დაწესებულებამ უნდა გვაჩვენოს, რომ ის საქმიანობას წარმართავს სწორედ პროფესიული განათლების ეროვნული მიზნებიდან და რეგიონული საჭიროებებიდან გამომდინარე. კიდევ ერთი სტანდარტი – სტუდენტებზე ორიენტირებაა, რაც გულისხმობს პროფესიულ ორიენტაციას, კურსდამთავრებულთა კარიერის დაგეგმვას, კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებლების კვლევას, რაც შემდგომში გახდება რეავტორიზაციის ინდიკატორი. საინფორმაციო რესურსების არსებობა, ფინანსური რესურსების ადეკვატურობა იქნება ის ახალი სტანდარტები, რომლებიც დაემატება შეფასების სისტემას. ოღონდ, არ გვინდა, ამ სიახლეებმა რაიმე შიშები აღძრას, ჩვენ გვაქვს საბიუჯეტო ქვეპროგრამა, რომელიც დანერგვის მხარდაჭერას მოახდენს. ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მისია და მინისტრის მიერ ბოლო დროს დეკლარირებული მიდგომები თავისთავად გულისხმობს  დაწესებულებების მაქსიმალურ კონსულტირება-დახმარებას, განსაკუთრებით გარდამავალ პერიოდში, რომ  კოლეჯებს ერთბაშად არ  გაუჭირდეთ ახალი სტანდარტების დაკმაყოფილება.“

EDU.ARIS.GEსთან საუბარში რესპონდენტები ხაზგასმით აღნიშნავენ დონორების, მათ შორის ათასწლეულის გამოწვევის ფონდის წვლილს სფეროში მიმდინარე რეფორმაში და კვლავაც აქვთ მათი მხარდაჭერის იმედი.

პოზიტიური მოლოდინები ნამდვილად არსებობს, მაგრამ მაინც ჩნდება კითხვა მოლოდინების გამართლების შემთხვევაშიც კი, შეიძენს თუ არა ეს მიმართულება რეალურ მიმზიდველობას საზოგადოებაში?

რჩება თუ არა რისკი, რომ გამართული საკანონმდებლო ბაზა, ახალ სტანდარტზე მორგებული პროგრამები და ასე შემდეგ, არ აღმოჩნდეს საკმარისი სტუდენტთა მისაზიდად, შრომის ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდებას შორის ბალანსის მისაღწევად და რისკი იმისა, რომ ისევ შენარჩუნდეს სახელობო პოზიციებზეც კი, უმაღლესი განათლების მოთხოვნის ალოგიკური პრაქტიკა? ეს ყველაფერი უკვე ცალკე საუბრის თემას წარმოადგენს.

პროფესიული განათლების ამბები

აღნიშნული სტატია მომზადდა ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ (ISWD) მცირე საგრანტო კონკურსის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (www.mcc.gov) მიერ. ინფორმაცია, რომელიც მოცემულია აღნიშნულ გამოცემაში არ წარმოადგენს აშშ-ის მთავრობის, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციისა და ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს პოზიციას.
დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური