GE

ახდენილი ოცნებები თუ გაცრუებული იმედები – როგორია გასული წლების საუკეთესო აბიტურიენტების ცხოვრება და კარიერა

მათ გასული წლების ეროვნულ გამოცდებზე საუკეთესო შედეგები აჩვენეს. გახდნენ სხვადასხვა წლის ყველაზე წარმატებული აბიტურიენტები, ჩაირიცხნენ სასურველი უნივერსიტეტების სასურველ ფაკულტეტებზე, მიიღეს 100 %-იანი სახელმწიფო დაფინანსება და არაერთი შესაძლებლობა თავიანთი კარიერული წინსვლისთვის. სტუდენტობას ისინი უზარმაზარი ენთუზიაზმითა და გეგმებით შეუდგნენ.

ახლა ისინი უკვე დამამთავრებელი კურსის სტუდენტები, ან კურსდამთავრებულები არიან. უკვე წარსულში დარჩა ის, რასაც მაშინ, როცა საუკეთესოებს შორის დასახელდნენ, დიდი იმედითა და ინტერესით ელოდნენ. სტატიაში ისინი ღიად საუბრობენ იმაზე, გამართლდა თუ არა მათი მოლოდინები და იმედები, შეინარჩუნეს თუ არა პირველობა, ასეთივე წარმატებით გაგრძელდა მათი ცხოვრება თუ მეცადინეობაში გათენებულმა ღამეებმა და თავდაუზოგავმა შრომამ ამაოდ ჩაიარა და რეალობით იმედგაცრუებულები დარჩნენ. ისინი გასული წლების ყველაზე მაღალქულიანი, საუკეთესოებს შორის საუკეთესო აბიტურიენტები არიან და თავიანთ ისტორიებს EDU.ARIS.GE-ს მკითხველისთვის ყვებიან.

ლაშა ფანცხავა 2013 წლის TOP აბიტურიენტების სიიდანაა. სკოლა-პანსიონი კომაროვი დაასრულა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე, ფიზიკის საბაკალავრო პროგრამაზე ჩააბარა. 2017 წელს საბაკალავრო პროგრამა წარმატებით დაასრულა, რის შემდეგაც სწავლა მაგისტრატურაზე, იტალიაში ქალაქ აქუილაში თეორიული ნაწილაკების ფიზიკის მიმართულებით განაგრძო და ისიც, ასევე წარმატებით, 2019 წელს დაასრულა. ამჟამად დოქტორანტია ისევ თსუ-ში და დოქტორის ხარისხს თეორიულ ფიზიკაში დაიცავს.

ამბობს, რომ მისი არჩევანი, უნივერსიტეტის თაობაზე, გაცნობიერებული იყო, რადგან მიიჩნევდა, რომ აქ საუკეთესო სპეციალისტებთან ექნებოდა ურთიერთობა. თუმცა იმასაც დასძენს, რომ უნივერსიტეტის ნაკლოვანებებიც მალევე დაინახა.

„თსუ ერთ-ერთი სახელმწიფო სტრუქტურაა უამრავი ბიუროკრატიით და ალოგიკური კანონებით, რომელიც სწავლის დონის აწევას აფერხებს, რაც საკმაოდ კარგად ჩანდა და ახლაც ჩანს, თუმცა საქართველოს ბაზარზე უკეთესი ალტერნატივა არაა, რადგან ამ უნივერსიტეტში აქტიური და საკმაოდ გამოცდილი, წარმატებული მეცნიერები მუშაობენ. ჩანს მეცნიერების დაუფასებლობა, რაც ლაბორატორიების ნაკლებობაში გამოიხატება“, – აღნიშნავს ლაშა.

ბაკალავრიატის ოთხივე წელს, ქულებიდან გამომდინარე, სახელმწიფო სტიპენდია ჰქონდა. ჩართული იყო რამდენიმე სამეცნიერო პროექტში, როგორც თეორიულ ასევე ექსპერიმენტულში. მონაწილეობას იღებდა კონფერენციებში და სხვადასხვა დროს პირველი და მეორე ადგილებიც დაიკავა. შემდგომ, იტალიაში სწავლისთვის დაფინანსება მოიპოვა და დაახლოებით 2 წელი და 6 თვე იტალიაში გაატარა. წელს კი მან ფოლკსვაგენის გრანტი მოიპოვა დოქტორანტურაზე სწავლისთვის.

როდესაც ლაშას ევროპული და აქაური საგანმანათლებლო სისტემის შეფასება ვთხოვეთ, გვიპასუხა, რომ ფიზიკის ფაკულტეტზე მომუშავე ქართველი სპეციალისტები იტალიელ კოლეგებს პროფესიონალიზმით არ ჩამოუვარდებიან, თუმცა თსუ-ში ფინანსური რესურსის სიმწირის გამო პროფესორებს პრაქტიკისთვის ნაკლები დროის დათმობა უწევთ. იმის შესწავლას, რასაც ერთი წელი სჭირდება, მხოლოდ ერთი სემესტრი ეთმობა.

„ჩემი აზრით, ჩვენთან განათლების დონე საკმაოდ მარტივად შეგვიძლია გავუტოლოთ ევროპას. კვალიფიციური პროფესორები გვყავს, უბრალოდ მეტი დაფასება და ყურადღებაა საჭირო“, – მიიჩნევს ლაშა.

კარიერასთან დაკავშირებულ შემოთავაზებებსაც უკვე იღებს. შეეძლო სამედიცინო ფიზიკის მიმართულებით მთავარი ფიზიკოსის პოზიციაზე ემუშავა, თუმცა გადაწყვიტა სამეცნიერო კარიერას მეტი დრო დაუთმოს და ამიტომ, ამ შესაძლებლობაზე უარი თქვა – 3 წელიწადში თეორიულ ფიზიკაში დოქტორის ხარისხი უნდა აიღოს.

„მათ, ვინც ახლა გახდა სტუდენტი, ვურჩევდი მუდმივად შეაფასონ არის თუ არა მათი არჩეული პროფესია ბაზარზე მოთხოვნადი. ბევრი იმუშავონ, რადგან სკოლა და უნივერსიტეტი ერთმანეთისაგან საკმაოდ განსხვავდება. ეცადონ დროის სწორად ხარჯვა ისწავლონ, რადგან ამ მძიმე შრომასთან ერთად სოციალური ცხოვრებაც აუცილებელია“, – აცხადებს ლაშა.

რომა კუტუბიძეც 2013 წლის 10 საუკეთესო აბიტურიენტს შორისაა. ვლადიმერ კომაროვის 199-ე საჯარო სკოლა დაამთავრა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტზე ჩააბარა. მაშინ ის, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მაღალქულიანი აბიტურიენტი, უნივერსიტეტის გაზეთშიც კი მოხვდა. ამ ეტაპზე სწავლა უკვე დასრულებული აქვს და ამბობს, რომ უნივერსიტეტში ისეთივე სიტუაცია დახვდა, როგორიც წარმოედგინა.

„ზოგადად, უნივერსიტეტი საკმაოდ მოუქნელი სისტემაა. ძველი პროფესორების გაშვება შეუძლებელია. ასევე, ბევრი უსარგებლო საგანი ისწავლება. საგნების განახლებაც ნელა მიმდინარეობს. ამ მოცემულობიდან გამომდინარე, რთულია უნივერსიტეტს პრაქტიკულობა და თანამედროვეობასთან შესაბამისობა მოსთხოვო. მეორე მხრივ, უმაღლესი განათლება არაა განკუთვნილი მხოლოდ პრაქტიკული ცოდნის მიღებისთვის, პირიქით, თავისი არსით თეორიულია და შემდეგი კვლევებისთვის გამზადებს. ჩემი აზრით, ვისაც დღევანდელ შრომის ბაზარზე ადგილის პოვნა უნდა, უმაღლესი განათლება საერთოდ არ სჭირდება, მცირე გამონაკლისების გარდა“, – მიიჩნევს რომა.

გარკვეული პერიოდით ევროპაშიც იყო სასწავლებლად წასული და ამბობს, რომ ამან იგი დამოუკიდებლობასა და მეტ პასუხისმგებლობას მიაჩვია. მისი აზრით, იქ პროფესიონალიზმის დონე ბევრად მაღალია. სტუდენტები და პროფესორები თავიანთ საქმეს პროფესიონალურად უდგებოდნენ და ამას ისურვებდა საქართველოშიც, მაგრამ იმასაც დასძენს, რომ ამ რეალობაში მაგის მიღწევა შეუძლებელია.

„იქაც ფიზიკას ვსწავლობდი და მინდა აღვნიშნო, რომ ზოგიერთი ჩვენი პროფესორი არაფრით ჩამოუვარდებოდა იმათსას, თუმცა სამწუხაროდ, მხოლოდ ზოგიერთი და არა ყველა“, – ამბობს რომა.

ამჟამად რომა სწორედ იმითაა დაკავებული, რაც მოსწონს, თუმცა სამომავლოდ მეტის მიღწევას გეგმავს – „საქართველოში ყველაზე დიდ კომპანიაში ხელოვნური ინტელექტის ალგორითმებით ისეთ მოდელებს ვაკეთებ, რომელიც კომპანიას ბიზნესის კეთებას უადვილებს და უიაფებს. საკმაოდ პროფესიონალურ გარემოში ვარ, სადაც ჯერ კიდევ ბევრს ვსწავლობ. როცა მივხვდები, რომ აქ ახალს ვეღარაფერს ვისწავლი, ცვლილებებზე ფიქრს მაშინ დავიწყებ“, – ამბობს ის.

ჩვენს კითხვაზე, თუ რას უსურვებდა ახალგაზრდებს, რომელთაც ესესაა დაასრულეს აბიტურიენტობა და სტუდენტები გახდნენ, რომა შემდეგნაირად გვპასუხობს:

„არასდროს დაკმაყოფილდნენ იმით, რასაც უნივერსიტეტში ასწავლიან. გამოიყენონ ინტერნეტი და მიიღონ ბევრი პრაქტიკული ცოდნა, რისთვისაც უამრავი რესურსი არსებობს“, – აღნიშნავს 2013 წლის ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო შედეგების მქონე აბიტურიენტი.

2014 წელს 36 ათასი აბიტურიენტიდან საუკეთესო კი გიორგი წიკლაური იყო. მან, ქულების მიხედვით, პირველი ადგილი დაიკავა და იმ წლის ყველა კურსდამთავრებულს აჯობა. თბილისის 55-ე საჯარო სკოლის მოსწავლემ თავისუფალი უნივერსიტეტის მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერების ფაკულტეტი აირჩია. ბაკალავრიატი დაასრულა და მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელებაზე ფიქრობს.

„უნივერსიტეტი ჩემთვის სრულიად ახალი ხილი აღმოჩნდა. აბიტურიენტობისას არც მქონდა დიდად ინფორმაცია სტუდენტობის შესახებ, ასე რომ, ჩემი ყველა მოლოდინი ისევ სკოლის სისტემაზე იყო დაფუძნებული. თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ რეალობამ ამ მოლოდინებს გაასწრო და ბევრი რამ შემძინა.

„უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა, რა თქმა უნდა, უმეტესწილად თეორიულია, თუმცა ეს მიღებული ცოდნა ნამდვილად არ იყო ზედაპირული. საკმაოდ მომთხოვნ, კონკურენტუნარიან, მაგრამ ამავდროულად თბილ და დამხმარე გარემოში შევიძინე არა მარტო პროფესიული, არამედ ზოგადი განათლებაც. პრაქტიკული უნარ-ჩვევები, ლოგიკურია, რომ პრაქტიკიდან მოდიოდეს, მაგრამ უნივერსიტეტმა შემიქმნა ის საძირკველი, რომელსაც ყოველდღიურად ვეყრდნობი”, – ამბობს გიორგი.

მიღწევები სტუდენტობისასვე ჰქონდა, ისეთი, როგორიცაა მაღალ ქულებზე დამთავრება, ჰაკათონებში გამარჯვება, კარგ სამუშაო სფეროში მოხვედრა, სხვადასხვა სერტიფიკატების აღება, პირადი პროექტების დასრულება, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი წარმატებად მას პიროვნული ზრდა მიაჩნია.

„მუშაობა პირველად მესამე კურსზე დავიწყე. პროგრამირება საკმაოდ მაღალმოთხოვნადი პროფესიაა, ამიტომაც კარგი კარიერის აწყობას მხოლოდ კარგი ცოდნა და წინსვლის მუდმივი შინაგანი მოთხოვნა სჭირდება. ამ დროის განმავლობაში ბევრ სხვადასხვა ქვე სფეროში მქონდა შემოთავაზება, ზოგ გადადგმულ ნაბიჯს ვნანობ, ზოგით ძალიან ვამაყობ, მაგრამ რეალობა ისაა, რომ ამჟამად მივაღწიე უფროსი (senior) დეველოპერის პოზიციას, კარიერულად მყარად ვარ და ძალიან ბევრი ახალი შესაძლებლობა მაქვს წინ გახსნილი. ეს ეტაპი შეიძლება უკვე წარმატების მიღწევად ჩაითვალოს, თუმცა მიმაჩნია, რომ ჯერ კიდევ ძალიან დიდი გზაა გასავლელი.

„შემიძლია ვთქვა რომ ჩემი ოცნებები ახდა, რადგან ამჟამად ვარ ისეთ პოზიციაში, სადაც არ მადარდებს ყოველდღიური მოთხოვნილებები და შემიძლია ვაკეთო ზუსტად ის, რისი სურვილიც მექნება. ზუსტად ეს თავისუფლება არის ის, რასაც ვფიქრობ, რომ ადამიანი უნდა ესწრაფვოდეს”, – მიიჩნევს გიორგი.

მისივე აზრით, მიუხედავად ბევრი განსხვავებული შეხედულებისა, საუნივერსიტეტო განათლება უმნიშვნელოვანესია. სწორედ ამიტომ, წლევანდელ პირველკურსელებს იგი ამ ეტაპის ნაყოფიერად გამოყენებას ურჩევს.

“დიდად არ ინერვიულოთ თუ არ იცით, რისი გაკეთება გინდათ, 17 წლის ადამიანმა რომ დანამდვილებით იცოდეს ეს, აბსურდია. შემდეგ წლებში ბევრი ცვლილება იქნება თქვენს მიზნებში, შეიძლება მთლიანად შეიცვალოთ სფერო, შეიძლება ბაკალავრის შემდეგ სხვაგან ჩააბაროთ ხელახლა. ეს არანაირი პრობლემა არაა და კლასიკური სქემა – ბაკალავრი->მაგისტრატურა->დოქტორანტურა->სახლში დიპლომი, ნუ შეგზღუდავთ. მთავარია მუდმივი წინსვლა და საკუთარ თავთან სიმშვიდე”, – დასძენს გიორგი.

ნათია ინაძე კი, რომელიც ფოთის მე-15 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულია, 2017 წლის ერთ-ერთი საუკეთესო შედეგების მქონე აბიტურიენტია. ის, სკალირებული ქულებით, უნივერსიტეტში პირველ ადგილზე იყო და სრული დაფინანსებით ჩაირიცხა სან–დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი–საქართველოსა და თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივ პროგრამაზე – ქიმია/ბიოქიმია. სექტემბრიდან ამ პროგრამის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი იქნება.

ნათია მაშინაც ჩვენი რესპონდენტი იყო. 2017 წლის ინტერვიუში ის ამბობდა, რომ ამ შედეგის მიღწევა არ გასჭირვებია, რადგან პირველი კლასიდან შრომისმოყვარეობით გამოიერჩეოდა და ყოველთვის ცდილობდა მაქსიმუმი გაეკეთებინა. მათ შორის აბიტურიენტობის პერიოდშიც, როცა მთელს დღეებს მეცადინეობაში ატარებდა.

უნივერსიტეტში ნათია უზარმაზარი მოლოდინებით აბარებდა. ამბობდა, რომ აღნიშნული სასწავლებელი იმის გამო აირჩია, რომ იქიდან მაქსიმალურ ბენეფიტებსა და საუკეთესო განათლებას ელოდა. ახლა ნათია ფიქრობს, რომ მისი მოლოდინები გამართლდა და გარკვეულ ასპექტებში გადააჭარბა კიდეც – ამერიკული განათლება თავისივე ქვეყანაში მიიიღო.

„ამერიკული განათლების სისტემასთან უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვამდეც მქონია მჭიდრო შეხება. შეერთებულ შტატებში სკოლის პერიოდში გაცვლითი პროგრამით ცხოვრებისა და სწავლის პერიოდში მისი უშუალო მონაწილეც გახლდით. აქედან გამომდინარე, ჩემი მოლოდინები სან–დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის დაწყებისას საკმაოდ რეალისტური იყო. სწავლების პროცესის ინგლისურ ენაზე მიმდინარეობა, საპროგრამო მასალის შესაბამისობა საერთაშორისო სტანდარტებთან, აქ მომუშავე ქართველი და ამერიკელი პროფესორების მაღალკვალიფიციურობა, მათი უშუალო და მეგობრული დამოკიდებულება სტუდენტებთან – ეს ყველაფერი ჩემთვის უცხო და გასაკვირი არ ყოფილა. აღფრთოვანებული დავრჩი იმ ტექნიკითა და ინფრასტრუქტურით, რასაც უნივერსიტეტი ფლობს და ყოველ წელს აუმჯობესებს“, – გვიყვება ნათია.

განსაკუთრებულად კი მას ის შესაძლებლობები მოსწონს, რაც პრაქტიკული უნარ-ჩვევების განსავითარებლად ეძლევა – რამდენიმე კვირის წინ დაასრულა სტაჟირება რიჩარდ ლუგარის სახელობის ლაბორატორიაში, ვოლტერ რიდის სამხედრო კვლევითი ინსტიტუტის განყოფილებაში, რაც, მისი აზრით, ბაკალავრიატის სტუდენტისათვის უპრეცედენტო გამოცდილებაა.

ბაკალავრიატზე სწავლის პერიოდშივე შეძლო და სტაჟირებაზე გერმანიაში, იულიხის კვლევით ცენტრში, ნეირომეცნიერებისა და მედიცინის ინსტიტუტშიც გაემგზავრა. იქ საერთაშორისო დონის ლაბორატორიებში პრაქტიკული ცოდნის მიღების საშუალება მიეცა, რაც საბაკალავრო საფეხურის საუნივერსიტეტო ლაბორატორიებისგან განსხვავებულ ინსტრუმენტებთან მუშაობას მოიცავდა. გაიცნო გერმანიაში მოღვაწე მეცნიერები, მათი კვლევები და მომავლის პერსპექტივები. ინსტიტუტის პრეზიდენტისაგან სტაჟირების პროგრამის გასაგრძელებლად მოწვევაც კი მიიღო. ნათიას სან დიეგოს უნივერსიტეტის მთავარ კამპუსში წასვლის შესაძლებლობაც ჰქონდა, თუმცა პანდემიისგან შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, ეს ყველაფერი ამჟამად კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

„თუ საქართველოს საგანმანათლებლო სისტემას საზღვარგარეთ არსებულს შევადარებ, ერთი რამ, რაც აშკარად ჩანს, ჩვენს ქვეყანაში სამეცნიერო სასწავლო პროგრამების განვითარების დაბალი დონეა, რაც ძალიან სამწუხაროა. მართალია, ბოლო წლების განმავლობაში განვითარება შეიმჩნევა, თუმცა ეს მხოლოდ მიზერული წვლილია იმ დონის სამეცნიერო მუშაობასთან შედარებით, რაც გერმანიასა თუ ამერიკაში მიმდინარეობს. სამეცნიერო და ტექნიკური სფეროს განვითარება უმნიშვნელოვანესია საქართველოში განათლების დონის ამაღლებისა და ქვეყნის წინსვლისათვის. ამიტომ, ვფიქრობ, ამ საკითხს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს“, – მიიჩნევს ნათია.

სამსახურთან დაკავშირებულ შემოთავაზებებსაც უკვე იღებს, მათ შორის უნივერსიტეტში მომუშავე პროფესორებისგან მათთან ასისტენტად მუშაობის თაობაზე. სხვა მხრივ, სამსახურის თაობაზე ნაბიჯების გადადგმისგან თავს იკავებს, რადგან სურს დროის უმეტესი ნაწილი სწავლას დაუთმოს, ვინაიდან, ეს საფეხური მნიშვნელოვნად განსაზღვრავს მის შესაძლებლობებს მომავალში, იქნება ეს სწავლის გაგრძელება მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურებზე თუ შემდგომი კარიერული წინსვლა სამუშაო ადგილის სახით.

კითხვაზე, ფიქრობს თუ არა რომ მიაღწია, რისთვისაც შრომობდა და ახდა თუ არა მისი ოცნებები, ნათია გვპასუხობს, რომ ამის თქმა ჯერ ადრეა, თუმცა „გვირაბის ბოლოს აშკარა სინათლე იკვეთება“.

იხილეთ წლევანდელი მაღალქულიანი აბიტურიენტები:

ქართულში სულ 20 უმაღლესი შეფასება დაიწერა – გაიცანით ზოგიერთი მაღალქულიანი აბიტურიენტი

59, 58, 56 – გაიცანით გოგონები და ბიჭი რომელთაც მათემატიკის გამოცდაზე უმაღლესი ქულები აიღეს

შაკო გორიდან, ანი ჭიათურიდან და კახა თბილისიდან – ისტორიაში მაღალქულიანების ისტორიები

„ბავშვობიდან ექიმობაზე ვოცნებობ“ – გოგონა ლაგოდეხიდან, რომელმაც ბიოლოგიაში უმაღლესი ქულა მიიღო

მოამზადა თაკო მათეშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური