GE

„სამარცხვინოდ უტვინო ხარ!“, „გენებში გაქვს პრობლემა!“ – ფრაზები, რომლებიც მეთორმეტეკლასელებს მასწავლებლებისაგან დაამახსოვრდათ

ფოტო –
ფოტო არ ასახავს სტატიაში მოყვანილი კომენტარების ავტორებს. ბათუმის სკოლა, ბათუმელები

2020-2021 სასწავლო წელი დასასრულს უახლოვდება და სკოლას ზოგი სამი თვით, ზოგიც სამუდამოდ ემშვიდობება. რა თქმა უნდა, მათ უამრავი მოგონება, კარგი მეგობრები და ცოდნა მიჰყვებათ, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ზოგიერთი მოგონების არდავიწყებას, წლევანდელი კურსდამთავრებულები, სულაც არ ისურვებდნენ.

ბოლო წლებში ჩატარებული ტრენინგების, მედიის მხრიდან მეტად გაშუქების, სხვადასხვა ორგანიზაციის მუშაობისა და თავად საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების შედეგად, სიტუაცია ბევრად გაუმჯობესებულია და სკოლაში მასწავლებლის მიერ ბავშვის სიტყვიერი დამცირება, ფიზიკური დასჯა, ან შევიწროება ისეთი ჩვეულებრივი მოვლენა აღარაა, როგორც ჩვენი, ან ჩვენი მშობლების მოსწავლეობის დროს. მიუხედავად ამისა, როგორც გავარკვიეთ, აღნიშნულისგან საბოლოოდ გათავისუფლებამდე საქართველოს სკოლებს ჯერ კიდევ ბევრი უკლიათ.

როდესაც მეთორმეტეკლასელებს დავუსვით კითხვა, თუ რა გამორჩეული ფრაზა დაამახსოვრდათ მათ თავიანთი პედაგოგებისგან და პასუხად მხიარულ ან შთამაგონებელ ფრაზებს ველოდით, აღმოჩნდა, რომ ამ ფრაზების უმეტესობა შეურაცხმყოფელი იყო. სულ თითებზე ჩამოსათვლელი რაოდენობის მოსწავლემ გვითხრა, რომ პედაგოგისგან რაიმე გამამხნევებელი, საქებარი, შთამაგონებელი და სასიამოვნო ნათქვამი მიჰყვება. მასწავლებლის მხრიდან მოსწავლეებისადმი გამოთქმულ ფრაზებში კვლავ „ვნახოთ, წლის ბოლოს ვინ გაიცინებს“ ლიდერობს. მას მოჰყვება ისეთი გაცვეთილი, თუმცა კვლავინდებურად შეურაცხმყოფელი გამოთქმები და შეფასებები, როგორიცაა – „რა ოჯახში იზრდები“, „რამდენს ტლიკინებ“, „ბავშვები კი არა, ქაჯები ხართ“ და ასევე, უწინდელი და დღევანდელი ახალგაზრდების შედარება ახალი თაობისთვის დამამცირებელ კონტექსტში.

EDU.ARIS.GE-მ მოაგროვა ის გამონათქვამები, რომელთა გახსენებაც მეთორმეტეკლასელებმა ჩვენთან შეძლეს და თქვენც გიზიარებთ (ზოგიერთი მოსწავლის სახელი და გვარი, მათივე სურვილიდან გამომდინარე, შეცვლილია):

ნინუცა: პატარაობიდან სრული აღნაგობის ვიყავი და მასწავლებლები ხშირად მეძახდნენ პუტკუნას, პონჩიკას, სქელოს, ძონძროხას. ახლა უკვე სკოლას ვასრულებ და წონაშიც დავიკელი, მაგრამ ჩემს კლასელებში ეს მეტსახელები მაინც შემრჩა.

ცირა ნანობაშვილი:  შე ქალის არამსგავსოო – მიღრიალა ერთმა „პედაგოგმა“. იმის გამო, რომ კიბეზე სწრაფად ჩავრბოდით. მისი აზრით, ალბათ, გოგონებმა ნელა და ნაზად უნდა ვიგოგმანოთ კიბეებზე.

სესილი დუმბაძე: „ხვალ მშობლების გარეშე არ დაგინახო სკოლაში!“

ანა ცეცხლაძე: ძალიან რო მოვუშალე ნერვები, ერთმა მასწავლებელმა მითხრა – „არ ისწავლი და გისვრი ფანჯრიდან“! გაგიკვირდებათ და ის მასწავლებელი ყველაზე მეტად მიყვარს და მასაც ძალიან ვუყვარვარ.

გიორგი ზარქუა: „ასე გინდა გამოცდების ჩაბარებაა“?

ნინი: „იცინე, იცინე, წლის ბოლოს მე გავიცინებ“!

„40 წელია ამ სკოლაში ვმუშაობ და ამისთანა კლასი პირველად შემხვდა!“
„ადრე ბავშვებს წკეპლით სცემდნენ, ახლა თითსაც ვერ დაადებ!“
„წადი და მიჩივლე ახლა!“
„გენებში გაქვს პრობლემა!“

ბაბი აფციაური: ჩვენმა უსაყვარლესმა დამრიგებელმა იცის ხოლმე – „გაგგლიჯავთ!“

ალექს გულაშვილი: ყველაზე მეტად საყვარელი მასწავლებლისგან მეწყინა – „გაეთრიეო!“ ცხოვრებაში არ დამავიწყდება. კლასელები საუბრობდნენ და მეც რაღაც ვთქვი, თან არ ვუყვებოდი გაკვეთილს და რამდენს ლაპარაკობ, გაეთრიეო. გავშეშდი და გავედი.

ნინო კაჭარავა: ,,ნინო, ჯიბეში გაქვს პასუხები”, – ისტორიის მასწავლებელი მეუბნება ხოლმე და ეს მამახსოვრდება ყველაზე მეტად.

ანი დანგიაშვილი: “სად გაიზარდე?“ – ეს მაშინ მითხრა, როცა ქვემოთ დავიხარე, რომ კლასელისთვის კალამი მიმეწოდებინა.

ლაშა: „სამარცხვინოდ უტვინო ხარ!“ – ასე მითხრა და ძალიან შემრცხვა, მთელი კლასის თანდასწრებით ასეთი რამ რომ მაკადრა.

მარიამ ალავერდაშვილი: ერთ-ერთ საკონტროლო ნაშრომზე, რომლის გარკვეული ნაწილიც სხვისგან გადავიწერე და როგორც ჩანს, მასწავლებელი მიხვდა ამას, ფურცელზე ნიშნის გვერდზე დამხვდა ასეთი წარწერა – „არასოდეს დაუშვა, რომ სხვისი აზრები უფრო ღირებულია, ვიდრე შენი!“. მესიამოვნა ის, რომ მასწავლებელმა ასე მიმითითა არასწორ ქცევაზე და არა კლასის თანდასწრებით გამომლანძღა, როგორც სხვები მოიქცეოდნენ და ასევე, ეს სიტყვები გულში ჩამრჩა. პასუხისმგებლობის გრძნობაც გამიათმაგა, საკუთარი თავის რწმენაც შემმატა და მას მერე აღარც მიცდია სხვისი ნაწერი ჩემად გამესაღებინა.

მარია: მე სკოლა შარშან, პანდემიის პერიოდში დავასრულე და მასწავლებელმა გვითხრა – როგორი განსაკუთრებული ბავშვებიც ხართ, ისე განსაკუთრებულად ამთავრებთ სკოლასო. ამაზე მართლაც ვიტირე.

თამო ხოზრევანიძე: ცხოვრებაში ვერაფერს მიაღწევო – ერთმა მასწავლებელმა მითხრა და მაგალითი მომცა იმის, რომ ასეთი მასწავლებელი არავითარ შემთხვევაში არ ვიქნები.

ნია ბარამია: ერთმა მასწავლებელმა მითხრა მეათე კლასში – ასეთი ქცევით ცოლად არავინ მოგიყვანსო. ვუპასუხე, ნუ მომიყვანენ-მეთქი და შენნაირები აშოროს საქართველოსო – მიპასუხა. თუმცა, დადებითი შეფასებებიც მომისმენია. მაგალითად, ჩემმა მათემატიკის მასწავლებელმა დამარწმუნა იმაში, რომ ეროვნულებზე მათემატიკა ჩამებარებინა. მე მეშინოდა და იმდენი მელაპარაკა, იმდენი მაქო და ისეთი რამეები მითხრა, რომ საკუთარ თავში დამარწმუნა – საოცარი ტვინი გაქვს და გამოიყენეო. მისი სულ მადლიერი ვიქნები.

ნიკოლოზი: კარგი მასწავლებლები გვყავს და ყველა მიყვარს, მართლა, მაგრამ შეურაცხმყოფელი ფრაზები არაერთხელ მოგვისმენია. მაგალითად, ერთმა მითხრა – დაეგდები თუ ჩაგათრიო დირექტორთანო. ჩემს კლასელს უთხრეს – ცხოველისაგან არაფრით განსხვავდებიო. უტვინო, რამ გამოგაშტერა, შენ იდიოტი ხომ არ ხარ, აქამდე დებილიც გაიგებდა, გაეთრიე, გაგაცლი თმებს – ასეთი ფრაზები ხშირად ისმის კლასში. მგონი თავად ვერც ხვდებიან, შეურაცხყოფას რომ გვაყენებენ.

ანი ლატარია: რა ძროხებივით დაიარებითო – გოგოებს მოგვაძახა ერთმა მასწავლებელმა.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მასწავლებელთა პროფესიული ქცევის წესებს მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსი ადგენს, რომლის დაცვაც სკოლებში დასაქმებულ პირებს მოეთხოვებათ. კოდექსის მიზანი, როგორც თავად დოკუმენტში ვკითხულობთ, მასწავლებლის სავალდებულო პროფესიული ქცევის ერთიანი წესის დამკვიდრებაა.

„მასწავლებელი არ აყენებს მოსწავლეებს სიტყვიერ ან ფიზიკურ შეურაცხყოფას და არ ახდენს მასზე ემოციურ (ფსიქოლოგიურ) ზეწოლას“, – აღნიშნულია კოდექსში, სადაც აგრეთვე წერია, რომ „მასწავლებელი პატივს სცემს მოსწავლეთა აზრებს, უქმნის მათ ყველა პირობას იდეებისა და შეხედულებების თავისუფლად გამოსახატად.“

ამავე კოდექსის მიხედვით, ნორმების უხეში, ან მუდმივი დარღვევისათვის პედაგოგს პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობისა და დადებული შრომითი ხელშეკრულების შესაბამისად უნდა დაეკისროს.

მსგავსი სტატია:

როგორ ემზადება პანდემიის მეორე გამოშვება სკოლის დამთავრებისთვის – 2021 წლის კურსდამთავრებულები VS კოვიდ-19

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური