GE

„ჩვენი მოდელი ითვალისწინებს მთლიანად სწავლების პროცესის შეცვლას“ – ილიაუნის ბიზნეს სკოლის ახალი კონცეფცია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლამ განვლილი სასწავლო წლის ბოლოს შემაჯამებელი შეხვედრა გამართა, სადაც ბიზნეს სკოლის დეკანმა გიორგი ქადაგიძემ არსებულ მიღწევებზე, შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

როგორც ქადაგიძე ამბობს, ლექტორების მიერ აუდიტორიაში ახსნილი მასალებისა და დავალებების სახლში გაკეთების მეთოდი უკვე მოძველებული და უინტერესოა სტუდენტებისთვის. სწორედ ამიტომ იცვლება სწავლების მოდელიც და ის აღარ იქნება მხოლოდ აუდიტორიაში ახსნილი მასალითა და სახლში საშინაო დავალების გაკეთებით შეზღუდული; სწავლების ახალი მოდელის დანერგვის შემდეგ სწორედ აუდიტორია გახდება ის ადგილი, რომელიც დავალებების შესრულების სივრცედ გადაიქცევა.

„დღეს ძალიან სწრაფად იცვლება ბიზნეს გარემო და ჩვენ ხშირად გვესმის, თუ რამდენად ცვალებადია გარემო და რამდენად მნიშვნელოვანი ცვლილებებია. იმ რეალობაში, როცა არ ვიცით როგორი იქნება ეკონომიკა თუნდაც 2 წლის შემდგომ, როგორი იქნება მოთხოვნა ძირითად პროფესიებზე და როგორი უნდა იყოს ბიზნეს განათლება, ცხადია, მნიშვნელოვნად გადასააზრებელია. ჩვენ ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მიდგომები, რომელიც შარშან და შარშანწინ მუშაობდა, დღეს აღარ მუშაობს, რადგან კლასიკური განათლება, როცა ლექტორი 30-40 სტუდენტს გადასცემდა ერთსა და იმავე ინფორმაციას, დღეს ძალიან რთულია, ასეთი ტიპის ინფორმაციით სტუდენტი დააინტერესო“, – აცხადებს ქადაგიძე.

ბიზნეს სკოლის დეკანის განცხადებით, ილიაუნი მომავალი სასწავლო წლიდან სრულიად ახალი სასწავლო მოდელის დანერგვას იწყებს, რომელიც ერთის მხრივ, უცხოეთის წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორების ვიდეო ლექციებზე იქნება დაფუძნებული და მეორეს მხრივ, იმ პრაქტიკოს ლექტორებზე, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებაში იყენებენ იმ თეორიულ ცოდნას, რომლებსაც სტუდენტები ახლა იძენენ.

„აუდიტორიაში სწავლებისა და დავალებების მეთოდი, ჩემი აზრით, ძალიან მოძველებულია. რასაც ამ მხრივ თანამედროვე სამყარო გვთავაზობს, არის ის, რომ ჩვენ დღეს ვსაუბრობთ ვიდეოკონტენტის გამოყენებაზე. თუმცა ეს არ არის ვიდეო, რომელსაც სტუდენტი მხოლოდ ისმენს, სინამდვილეში ჩვენ ვსაუბრობთ მთლიანად მოდელის შეცვლაზე, საშინაო დავალებისა და აუდიტორიაში მიმდინარე მდგომარეობაზე.

ჩვენი მოდელი ითვალისწინებს მთლიანად  სწავლების პროცესის შეცვლას. უფრო დეტალურად თუ გეტყვით, სტუდენტი იღებს ცოდნას ვიდეო ლექციების სახით საერთაშორისო, ყველაზე წარმატებული უნივერსიტეტების კონტენტს, ამ ცოდნას ის იღებს ვიდეოს საშუალებით ნებისმიერი ადგილიდან, ხოლო აუდიტორია იქცევა საშინაო დავალების შესრულების ადგილად, სადაც რეალურად უნდა გადავცეთ ჩვენ სტუდენტებს ის უნარები, რომელიც მას ნებისმიერი სხვა სტუდენტისგან განასხვავებს.

ჩვენ არ გვჭირდება ენერგიის დახარჯვა იმაზე, რისი მოძიებაც და მოსმენაც სტუდენტს თავად შეუძლია. აღსანიშნავია რომ ჩვენი ლექტორების უმეტესობა არის პრაქტიკოს ლექტორი და სწორედ ეს არის მნიშვნელოვანი, რომ ისინი სტუდენტებს პრაქტიკულ ცოდნას უზიარებენ. ჩვენ არ გვჭირდება სახელმძღვანელოების თავების მოყოლა სტუდენტებისთვის, არამედ გვჭირდება ის, რომ სტუდენტებს ვესაუბროთ როგორ ხდება გუგლის მოდერნიზება, ლომბარდის მართვა. ანუ ჩვენ უნდა დავაბრუნოთ აუდიტორიაში რეალური ცხოვრება“,- განაცხადა გიორგი ქადაგიძემ ახალი კონცეფციის წარდგენისას.

ვიდეო ლექციებსა და სხვა სიახლეზე EDU.ARIS.GE -ს ბიზნეს სკოლის ეკონომიკის ასოცირებული პროფესორი და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი გიორგი პაპავა ესაუბრა.

„ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის და რაც წინა სემესტრში დავტესტეთ, არის ის, რომ სტუდენტებს მივეცით შესაძლებლობა, მაკროეკონომიკის შემთხვევაში სტენფორდის უნივერსიტეტის ვიდეო მასალაზე ხელმისაწვდომობა ჰქონოდათ. შედეგებმა გვაჩვენა, რომ ცალსახად უკეთესი იყო იმ სტუდენტების მოსწრება და მათთვის ცოდნის მიღება სწორედ ამ მეთოდით. ამ სატესტო მეთოდით სწავლებაში ჩართული იყო 90 სტუდენტი, და იგივე რაოდენობა იყო საკონტროლო ჯგუფში, რათა შემდგომ შეგვძლებოდა შედეგების შედარება და ვნახეთ, რომ ამან ცალსახად დადებითი შედეგი მოგვცა.

ერთის მხრივ, ჩვენ გვინდა სტუდენტებისთვის მაქსიმალურად ხელშესახები გავხადოთ ის მსოფლიო კონტენტი, რომელიც არსებობს, რაც მოგვცემს გარანტიას, რომ სტუდენტი უმაღლესი დონის განათლებას მიიღებს. პარალელურად, გარდა ვიდეო ლექციებისა, აუცილებელია სემინარები, სადაც ჩვენ უკვე ძალიან ბევრი პრაქტიკოსი ლექტორი გვყავს, რომლებსაც ცხოვრებაში აქვთ გამოყენებული ის ცოდნა, რომელსაც ვიდეო ლექციებში ისმენენ სტუდენტები.

შემდგომში, გვინდა მაქსიმალურად გავავრცელოთ მსგავსი ტიპის სწავლება. მაგალითად, მარკეტინგის საფუძვლების კურსში, ჩვენ უკვე გვაქვს კოლუმბიის უნივერსიტეტის ვიდეოკონტენტის გამოყენებაზე თანხმობა. ეს კურსი უნდა გადავთარგმნოთ და ქართულ ენაზე მივაწოდოთ სტუდენტებს. ჩვენი მიდგომის მთავარი ხიბლი ის არის, რომ ერთის მხრივ, სტუდენტებს ვაძლევთ ცოდნას მაკროეკონომიკის შესახებ, რა ხდება ამ მხრივ ამერიკაში და უშუალოდ შეხვედრების დროს უკვე სტუდენტებს ვუყვებოდით, თუ რა ხდება ამ მხრივ საქართველოში. სხვა კურსების შემთხვევაშიც, ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება სწორედ ეს, რომ ერთი მხრივ იღებ ზოგად ცოდნას საკითხთან დაკავშირებით, ეცნობი კონკრეტული ქვეყანაში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით რა მდგომარეობაა და შემდგომ რა ხდება საქართველოში.

მეორე მნიშვნელოვანი სიახლე ის არის, რომ შემდეგი სემესტრიდან საგამოცდო ცენტრი გვექნება, რომელიც საშუალებას მოგვცემს სტუდენტის მოსწრება პირდაპირ იყოს დაკავშირებული იმ ცოდნასთან, რომელსაც ისინი ლექტორებისგან იღებენ“, – აღნიშნა გიორგი პაპავამ.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური