GE

ცნობილია, რას გააკეთებს სკოლებისთვის რეგიონული განვითარების სამინისტრო – დებულება დამტკიცდა

საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის ხელმოწერით, დამტკიცდა საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მხარდაჭერისა და მუნიციპალიტეტების ინფრასტრუქტურული პროექტების სახელმწიფო შესყიდვების კოორდინაციის დეპარტამენტის დებულება.

დოკუმენტში განსაზღვრულია, რა მხარდამჭერ ღონისძიებებს შეასრულებს უწყება სკოლების ინფრასტრუქტურულ გამართულობისთვის:

დეპარტამენტის უფლებამოსილება

1. დეპარტამენტის უფლებამოსილებას მიეკუთვნება:

ა) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სისტემაში შემავალი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ნაწილობრივი რეაბილიტაცია, მხარდაჭერა პოსტავტორიზაციის პროცესში, ავტორიზაციის სტანდარტებთან (ინფრასტრუქტურის ნაწილში) შესაბამისობის უზრუნველყოფის მხარდაჭერა და მითითებული დაწესებულებების შენობებში სახანძრო უსაფრთხოების სისტემის მოწყობა/აღჭურვა, ასევე, კომპეტენციის ფარგლებში, აღნიშნული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ფუნქციონირებისა და საქმიანობისათვის სხვა შესაბამისი ღონისძიებების უზრუნველყოფა/ უზრუნველყოფის მხარდაჭერა;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში მუნიციპალიტეტების მიერ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით, სამინისტროს უფლებამოსილების შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება;

გ) სამინისტროში შემოსული და დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული კორესპონდენციის განხილვა, შესაბამისი პასუხის მომზადება და ამ მიზნით შესაბამისი კორესპონდენციის გადაგზავნის უზრუნველყოფა სხვა დაწესებულებაში;

დ) მინისტრის ან კურატორი მინისტრის მოადგილის მიერ (ასეთის არსებობის შემთხვევაში), დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში დაკისრებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება, რომლებიც არ შედის სამინისტროს სხვა სტრუქტურული ერთეულების კომპეტენციაში და მიეკუთვნება სამინისტროს მმართველობის სფეროს;

ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შესაბამისი უფლებამოსილებების, სახელმწიფოს მიერ, შესაბამისი მუნიციპალიტეტებისათვის დელეგირების შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დარგობრივი ზედამხედველობის განხორციელება.“.

დეპარტამენტის სტრუქტურა

დეპარტამენტის სტრუქტურაში დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფის სახით შედის:

ა) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მხარდაჭერის სამმართველო;

ბ) მუნიციპალიტეტების ინფრასტრუქტურული პროექტების სახელმწიფო შესყიდვების კოორდინაციის სამმართველო.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მხარდაჭერის სამმართველო

1. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მხარდაჭერის სამმართველოს უფლებამოსილებას მიეკუთვნება:

ა) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სისტემაში შემავალი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ნაწილობრივი რეაბილიტაციის, მხარდაჭერა პოსტავტორიზაციის პროცესში, ავტორიზაციის სტანდარტებთან (ინფრასტრუქტურის ნაწილში) შესაბამისობის უზრუნველყოფის მხარდაჭერის და მითითებული დაწესებულებების შენობებში სახანძრო უსაფრთხოების სისტემის მოწყობა/აღჭურვის, ასევე, კომპეტენციის ფარგლებში, აღნიშნული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ფუნქციონირებისა და საქმიანობისათვის სხვა შესაბამისი ღონისძიებების უზრუნველყოფა/ უზრუნველყოფის მხარდაჭერის მიზნით:

ა.ა) საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სისტემაში შემავალი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების შენობების ნაწილობრივი რეაბილიტაცია;

ა.ბ) საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სისტემაში შემავალი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მხარდაჭერა პოსტავტორიზაციის პროცესში, ავტორიზაციის სტანდარტებთან (ინფრასტრუქტურის ნაწილში) შესაბამისობის უზრუნველყოფის მხარდაჭერა;

ა.გ) საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სისტემაში შემავალი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების დაფინანსება მცირე ინფრასტრუქტურული სამუშაოებისათვის;

ა.დ) საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სისტემაში შემავალი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების შენობაში ან/და ეზოში სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა და ინვენტარით აღჭურვა;

ა.ე) საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სისტემაში შემავალი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების შენობებში სახანძრო უსაფრთხოების სისტემის მოწყობა/ აღჭურვა;

ა.ვ) საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფა;

ა.ზ) საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სისტემაში შემავალი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების გაზიფიცირება/საწვავის/ბრიკეტების/შეშის შესყიდვა;

ბ) მინისტრის ან კურატორი მინისტრის მოადგილის მიერ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში დაკისრებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება, რომლებიც არ შედის სამინისტროს სხვა სტრუქტურული ერთეულების კომპეტენციაში და მიეკუთვნება სამინისტროს მმართველობის სფეროს;

გ) კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტში შესული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება;

დ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შესაბამისი უფლებამოსილებების, სახელმწიფოს მიერ შესაბამისი მუნიციპალიტეტებისათვის დელეგირების შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დარგობრივი ზედამხედველობის განხორციელება.“.

მუნიციპალიტეტების ინფრასტრუქტურული პროექტების სახელმწიფო შესყიდვების კოორდინაციის სამმართველო

მუნიციპალიტეტების ინფრასტრუქტურული პროექტების სახელმწიფო შესყიდვების კოორდინაციის სამმართველოს უფლებამოსილებას მიეკუთვნება:

ა) საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროსთვის, მუნიციპალიტეტებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების მიერ, საქართველოს მთავრობის 2024 წლის №458 დადგენილების საფუძველზე წარდგენილი ცხრილი №3-ით განსაზღვრული CPV კოდების (45100000, 45200000, 45300000, 45400000) ფარგლებში, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების დაწყებამდე შესყიდვის ობიექტის შესახებ წარდგენილი ინფორმაციის მიღება და კოორდინაცია;

ბ) ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში ინფორმირების მიზნით წარდგენილ დოკუმენტებზე შესაბამისი ღონისძიებების გატარება;

გ) მინისტრის ან კურატორი მინისტრის მოადგილის მიერ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში დაკისრებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება, რომლებიც არ შედის სამინისტროს სხვა სტრუქტურული ერთეულების კომპეტენციაში და მიეკუთვნება სამინისტროს მმართველობის სფეროს;

დ) კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტში შესული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება;

ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.

დეპარტამენტის უფროსი

1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრის ან კურატორი მინისტრის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინაშე.

3. დეპარტამენტის უფროსი, დეპარტამენტის უფლებამოსილების განხორციელების მიზნით:

ა) ახორციელებს დეპარტამენტის საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას;

ბ) უზრუნველყოფს დეპარტამენტისათვის ამ დებულებით და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებას და დაკისრებული ამოცანების შესრულებას;

გ) წარმოადგენს დეპარტამენტს უფლებამოსილების განხორციელებისას და პასუხისმგებელია დეპარტამენტისათვის დაკისრებული ამოცანების შესრულებაზე;

დ) ანაწილებს ფუნქციებს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებს და დავალებებს;

ე) ხელს აწერს ან ვიზირებას ახდენს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებზე, დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების მიერ შემუშავებული დოკუმენტების ვიზირებას;

ვ) ზედამხედველობს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას და შრომის დისციპლინის დაცვას;

ზ) კონტროლს უწევს მინისტრის ბრძანებების, მითითებებისა და ინსტრუქციების შესრულებას დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;

თ) მინისტრს ან კურატორ მინისტრის მოადგილეს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შემდგომი რეაგირებისათვის განსახილველად წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის მუშაობის გაუმჯობესების, დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

ი) ორგანიზებას უწევს ამ დებულებით დეპარტამენტისათვის განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებას, რისთვისაც წარუდგენს მინისტრს ან კურატორ მინისტრის მოადგილეს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით;

კ) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რაც აუცილებელია დეპარტამენტის უფლებამოსილების განსახორციელებლად;

ლ) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა ანგარიშს მათ მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;

მ) მინისტრს ან კურატორ მინისტრის მოადგილეს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წარუდგენს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის თაობაზე;

ნ) კომპეტენციის ფარგლებში შუამდგომლობს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ;

ო) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებას.

დეპარტამენტის უფროსის მოადგილე

1. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, რომელსაც, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:

ა) ხელს უწყობს დეპარტამენტის უფროსს მასზე დაკისრებული უფლებამოსილების განხორციელებაში;

ბ) ზედამხედველობს დეპარტამენტის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას;

გ) დეპარტამენტის უფროსის დავალების შესაბამისად, განიხილავს დეპარტამენტში შესულ კორესპონდენციას;

დ) ანაწილებს დავალებებს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა შორის;

ე) ახდენს დეპარტამენტში მომზადებული დოკუმენტების ვიზირებას;

ვ) ასრულებს მინისტრის ან კურატორი მინისტრის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და დეპარტამენტის უფროსის ცალკეულ დავალებებსა და მითითებებს.

3. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის წინაშე.

სამმართველოს უფროსი

1. დეპარტამენტის სტრუქტურაში დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფის სახით შემავალ სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. სამმართველოს უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს შესაბამისი სამმართველოს საქმიანობას;

ბ) განიხილავს შესაბამის სამმართველოში შესულ კორესპონდენციას;

გ) ანაწილებს დავალებებს შესაბამისი სამმართველოს საჯარო მოსამსახურეებს შორის, უზრუნველყოფს შესაბამისი სამმართველოს მუშაობის ორგანიზაციას და აკონტროლებს შესაბამისი სამმართველოს საჯარო მოსამსახურეთა მიერ დისციპლინის დაცვას;

დ)აკონტროლებს მინისტრის ბრძანებების, აგრეთვე, დეპარტამენტის უფროსის ან/და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ცალკეული დავალებების და მითითებების შესრულებას;

ე) ასრულებს დეპარტამენტის უფროსის ან/და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ცალკეულ დავალებებსა და მითითებებს;

ვ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. სამმართველოს უფროსი შესაბამისი სამმართველოსთვის განსაზღვრული უფლებამოსილებისა და დაკისრებული ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის ან/და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის წინაშე.

დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურე

1. დეპარტამენტის შესაბამის საჯარო მოსამსახურეს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეები:

ა) ახორციელებენ დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფლებამოსილებას;

ბ) პასუხისმგებელნი არიან მათ მიერ მომზადებული დოკუმენტაციის კანონიერებასა და ადეკვატურობაზე;

გ) დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფლებამოსილების ფარგლებში, ვალდებულნი არიან დაიცვან წინამდებარე დებულება და საქართველოს კანონმდებლობა;

დ) ახორციელებენ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ უფლებამოსილებას.

3. დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეები ასრულებენ შესაბამისი სამმართველოს უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ან/და დეპარტამენტის უფროსის ცალკეულ მითითებებსა და დავალებებს.

4. დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურე ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ან/და შესაბამისი სამმართველოს უფროსის წინაშე.

5. დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით.

უფლებამონაცვლეობა

1. დეპარტამენტის უფროსის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას, მინისტრის გადაწყვეტილებით, ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.

2. დეპარტამენტის უფროსის და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ერთდროულად არყოფნის ან მათ მიერ ერთდროულად თავიანთი სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში დეპარტამენტის უფროსის მოვალეობა შეიძლება შეასრულოს დეპარტამენტის ერთ-ერთმა სამმართველოს უფროსმა, მინისტრის გადაწყვეტილებით.

3. დეპარტამენტის უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილის და სამმართველოს უფროსების ერთდროულად არყოფნის ან მათ მიერ ერთდროულად თავიანთი სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში დეპარტამენტის უფროსის მოვალეობა შეიძლება შეასრულოს დეპარტამენტის ერთ-ერთმა საჯარო მოსამსახურემ, მინისტრის გადაწყვეტილებით.

ამავე თემაზე:

„2025 წლის 1-ელი სექტემბრიდან უქმდება სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო“

ცნობილია, რომელი საგანმანათლებლო დაწესებულებების მშენებლობას განახორციელებს განათლების სამინისტრო – დადგენილება

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური