ცნობილია, რომელი საგანმანათლებლო დაწესებულებების მშენებლობას განახორციელებს განათლების სამინისტრო – დადგენილება
პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ახალი შენობების მშენებლობას, სრულ და ნაწილობრივ რეაბილიტაციას ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და რეგიონული განვითარების სამინისტროს ნაცვლად, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო განახორციელებს. ამას გულისხმობს ცვლილება, რომელიც 29 სექტემბერს, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს უფლებამონაცვლე უწყებების განსაზღვრისა და მათთვის სათანადო უფლებამოსილებების გადაცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 30 ივლისის დადგენილებაში შევიდა.
ახალი დადგენილებით, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს, ირკვევა, რომ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ახალი შენობის მშენებლობისა და სრული რეაბილიტაციის ფუნქციას განათლების სამინისტრო ინფრასტრუქტურის, ხოლო ნაწილობრივი რეაბილიტაციის ფუნქციას რეგიონული განვითარების სამინისტროსგან გადაიბარებს.
ამავე დადგენილების მიხედვით, გივი მიქანაძის უწყება ხდება უფლებამოსილი, განახორციელოს:
- საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სისტემაში შემავალი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მხარდაჭერა პოსტავტორიზაციის პროცესში, ავტორიზაციის სტანდარტებთან (ინფრასტრუქტურის ნაწილში) შესაბამისობის უზრუნველყოფის მხარდაჭერა.
- საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სისტემაში შემავალი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების შენობებში სახანძრო უსაფრთხოების სისტემის მოწყობა/აღჭურვა.
დადგენილება 30 სექტემბერს გამოქვეყნდა და უკვე ძალაშია.
შეგახსენებთ, რომ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს გაუქმებული სსიპ-ის – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო – „ესიდა“, რომელიც საგანმანათლებლო დაწესებულებების მშენებლობა-რეაბილიტაციაზე იყო პასუხისმგებელი, მიმდინარე წლის 1-ელი სექტემბრიდან გაუქმდა. მისი უფლებამოსილებები კი განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროებს გადაეცათ.
ასევე იხილეთ:
-
პროფესიული განათლება – მომზადება-გადამზადების პროგრამები და საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების სია
by პროფესიული განათლების ამბები
-
პროფესიული სასწავლებელს უფლება ექნება, საგანმანათლებლო საქმიანობის პროცესში შექმნილი პროდუქციის რეალიზება განახორციელოს
by პროფესიული განათლების ამბები
-
„მნიშვნელოვანია, საზოგადოებაში მოვშალოთ მენტალობა, რომ უმაღლესი განათლების მიღება აუცილებელია, ვაძლიერებთ პროფესიულ მიმართულებას“
by პროფესიული განათლების ამბები