GE

დადასტურებული ავარიულობის მიუხედავად, 138-ე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი კვლავ მიმდინარეობს

თბილისის 138-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები ავარიულ შენობაში სწავლობენ. თითქმის სამი წელია, არსებობს სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა ამ სკოლის ავარიულობის შესახებ, რომელიც 2015 წლის 10 დეკემბრით თარიღდება, თუმცა სასწავლო პროცესი 138-ე სკოლაში ისევ მიმდინარეობს. ექსპერტიზის თანახმად, სასწავლო შენობის სამივე ბლოკი განიხილება როგორც ანტისეისმური ღონისძიებების გარეშე აშენებული, რაც იმას ნიშნავს, რომ მიწისძვრის შემთხვევაში სკოლა დაცული არ არის.

ექსპერტიზის თანახმად, სკოლის აღდგენა-გამაგრებას აზრი არ აქვს:

„გასაძლიერებელია ყველა ვერტიკალური მზიდი და თვითმზიდი კონსტრუქცია – ფუნდამენტიდან დაწყებული კვამლსადენით დამთავრებული, თუმცა უკანასკნელი მთლიანად დასაშლელია.

ამიტომ საჭირო სამუშაოების მოცულობებიდან და მასშტაბებიდან გამომდინარე და რაც მთავარია, შენობის ყველა ბლოკის სეისმურ ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანის აუცილებლობის გამო, სასწავლო კორპუსის სრულფასოვანი რეაბილიტაცია მოითხოვს ახალი მშენებლობის თანაზომად მატერიალურ სახსრებს. შესაბამისად. ქ. თბილისის #138 საჯარო სკოლის შენობის აღდგენა-გაძლიერების პროექტის დამუშავება გაუმართლებლად მიგვაჩნია.

ჩვენ მიერ ჩატარებული დამატებითი კვლევებით დადგინდა, რომ სასწავლო კორპუსის ყველა ბლოკის ღიობზე არსებული ანაკრები არსებული რკინა-ბეტონის ზღუდარი გაერთიანებულია მთელ გარე პერიმეტრზე, ანტისეისმური სარტყელის ანალოგიურად, მაგრამ ვინაიდან მათი მუშა არმირების უწყვეტობა არ არის უზრუნველყოფილი, შედუღებით ან სათანადო გადაბმით, ის არ შეიძლება განხილული იყოს როგორც სარტყელი. ამიტომ კონსტრუქციულად სასწავლო შენობის სამივე ბლოკი განიხილება როგორც ანტისეისმური ღონისძიებების გარეშე აშენებული“, – ვკითხულობთ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის დასკვნაში, რომელიც EDU.ARIS.GE-მ სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოდან გამოითხოვა.

სკოლის მდგომარეობის შესახებ ინფორმირებულია ადმინისტრაცია, მასწავლებლები, მშობლები. თუმცა როგორც EDU.ARIS.GE-მ გაარკვია მათი აზრი ორად არის გაყოფილი. ნაწილს სკოლიდან გასვლა არ უნდა. მშობლების მოსაზრებაა, რომ არ უნდათ სხვა სკოლებში იარონ მათმა შვილებმა, ეს მათთვის დისკომფორტია. მასწავლებლებს ეშინიათ, რომ ამგვარად სამსახურს დაკარგავენ.

არსებობენ მშობლები, რომლებიც მძაფრად აღიქვამენ სკოლის უსაფრთხოების საკითხს და აინტერესებთ, როდის გადაიყვანენ მათ შვილებს უსაფრთხო ადგილას, რომ ყოველდღე შიშში არ იყვნენ, როდესაც ბავშვებს სკოლაში უშვებენ.

EDU.ARIS.GE-ს მშობელი ესაუბრება, რომელსაც შვილი 138-ე საჯარო სკოლაში დაჰყავს. იგი ყურადღებას ამახვილებს ასევე სპორტდარბაზის პრობლემაზეც. მისი თქმით, 138-ე სკოლაში მოსწავლეებს სპორტის გაკვეთილები საერთოდ არ უტარდებათ, ვინაიდან დარბაზიც ავარიულია და სკოლის სტადიონიც გამოსულია მწყობრიდან.

„ჩვენთან იყვნენ მოსულები. გვითხრეს, რომ სკოლა უნდა დაენგრიათ და ახალი აეშენებინათ. ველოდებოდით ამ პროცესს. ვერავინ  ვერ გვცემს ვერაფერზე პასუხს!

დასკვნა დაიდო, რომ ეს სკოლა არ ექვემდებარება გამაგრებას და დასანგრევია. გადახრილია. ცალი მხარე მარჯვნივ არის წასული, ცალი – მარცხნივ. ამის გარემონტება არ შეიძლება. კედლებიდან მზე ჩანს, იმდენად გარღვეულია. ამის გარემონტებაში, ალბათ, სამინისტრო თანხასაც არ ჩადებს, იმიტომ რომ შენობა გადახსნილია.

სკოლებს დარბაზები, სტადიონები აქვთ. უტარდებათ სპორტი. ჩვენს ბავშვებს კი არ აქვთ! გვაინტერესებს, რას აპირებენ ჩვენს სკოლასთან დაკავშირებით? გვაინტერესებს, სექტემბრიდან სად იქნებიან ჩვენი შვილები? საშიშია სკოლის სტადიონზე ბავშვების ჩაყვანა, შეიძლება ან ხელი მოტყდეს, ან ფეხი გადაეჭრას!

სამინისტრო აცხადებს, რომ სპორტით უფრო მეტად უნდა დაიტვირთონ ბავშვები. ჩვენს სკოლაში საერთოდ არ უტარდებათ სპორტი, იმიტომ ამის არანაირი პირობები არ არის!

სამინისტრომ თქვა, რომ სკოლა უნდა დაიცალოს და ბავშვები და მასწავლებელები გადავიდნენ სხვა შენობაში. დაიწყოს ახლის აშენება. წინააღმდეგი წავიდნენ მასწავლებლები და მშობლები. მასწავლებლები ძალიან აგრესიულად შეხვდნენ ამ პროცესს. ვაითუ, ბავშები აღარ წამოვიდნენ იმ სკოლებიდან, სადაც გადაანაწილებენ და ჩვენ უმუშევრები დავრჩეთო. არაფერი აღარ ვიცით, ვინ რას აპირებს ჩვენს სკოლასთან დაკავშირებით?!“- გვითხრა მშობელმა.

EDU.ARIS.GE-მ ჯერ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიმართა ამ საკითხთან დაკავშირებით. მათ გამოგვიგზავნეს ექსპერტიზის დასკვნა, თუმცა გვითხრეს, რომ გადაწყვეტილების მიღება ამ შემთხვევაში განათლების სამინისტროზეა დამოკიდებული. განგვიმარტეს, რომ სააგენტო დასკვნას უგზავნის სამინისტროს და პასუხს არ ელოდება. 138-ე საჯარო სკოლის შესახებ დასკვნა კი უკვე აქვთ გადაგზავნილი.

ამის შემდეგ EDU.ARIS.GE-მ სამინისტროს მიმართა, თუ რას აპირებდა 138-ე სკოლასთან დაკავშირებით, საიდანაც პირველ ჯერზე ასე გვიპასუხეს:

„აღნიშნული საკითხი სამინისტროსთვის ცნობილია, საკითხის შესწავლაში ჩართულია ყველა შესაბამისი უწყება და საკითხი ახლო მომავალში იქნება გადაწყვეტილი”.

ბუნებრივია, ეს პასუხი ბუნდოვანი და არადამაკმაყოფილებელი იქნებოდა ჩვენი აზრით, მათთვის, ვისაც ავარიული 138-ე სკოლის მოსწავლეების და მასწავლებლების ბედი აინტერებთ, ამიტომ კიდევ ვცადეთ კონკრეტული პასუხები მიგვეღო სამინისტროდან.

ამჯერად EDU.ARIS.GE-მ განათლების და მეცნიერების მინისტრის მოადგილეს ლია გიგაურს ჰკითხა:

„138-ე საჯარო სკოლაზე არსებობს სამხარაულის დასკვნა, რომ დასაცლელია შენობა და იქიდან ბავშვები გასაყვანია, მაგრამ სწავლა მაინც მიმდინარეობს. არ არის იქ საშიში ბავშვების სიარული და რას აპირებს სამინისტრო ამასთან დაკავშირებით კონკრეტული გადაწყვეტილებები თუ გაქვთ?“, – რაზეც მინისტრის მოადგილემ ასე გვიპასუხა:

„თუ ასეთი დასკვნა არსებობს, ეს დასკვნა ექნება, ალბათ, ჩვენს ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს და უმჯობესია მათ ჰკითხოთ. თუ ასეთი დასკვნა აქვს, სამინისტროში არ მოდის ინფორმაცია. მიმართავდა თვითონ ეს ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო სკოლას. სკოლას თუ დასჭირდება დახმარება ან სხვა შენობის გამოძებნა მაშინ მოგვმართავენ ჩვენ. ჩემთან ეს ინფორმაცია არ არის“.

ვინაიდან, ბევრი მცდელობის მიუხედევად, განათლების სამინისტროდან კონკრეტული პასუხები ვერ მივიღეთ, ამჯერად ოფიციალური წერილით მივმართეთ უწყებას, რომ  საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის შედეგად მაინც მიგვეღო რაიმე პასუხი, რომელსაც დიდი ხანია ელიან 138-ე სკოლაში.

სამინისტრომ ოფიციალურად ასეთი პასუხი გაგვცა:

„გაცნობებთ, რომ სსიპ ქალაქ თბილისის N138 საჯარო სკოლის შენობის ავარიულობის თაობაზე დასკვნა მომზადებულია ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია მოწოდებულია სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ და ინფორმირებულია სკოლის პედკოლექტივი და მშობლები. სსიპ-საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს 2018 წლის 08 მასისის N548940 წერილის გათვალისწინებით ასევე აღსანიშნავია, რომ სსიპ ქალაქ თბილისის №138 საჯარო სკოლის შენობა ავარიულია და მისი აღდგენა-რეაბილიტაცია არარენტაბელურია.

ხოლო თავის მხრივ აღსანიშნავია, რომ სკოლის ადმინისტრაციისა და გლდანი-ნაძალადევის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მიერ მოძიებულ იქნა ალტერნატიული ფართი ახლომდებარე საჯარო სკოლების შენობებში“, – აღნიშნულია სამინისტროს მიერ EDU.ARIS.GE-სთვის გამოგზავნილს წერილში.

რატომ აყოვნებს სამინისტრო ბავშვების გაყვანას ავარიული სკოლიდან, თუ ალეტრნატიული ფართი უკვე მოძიებულია, ვინ აიღებს პასუხისმგებლობას, თუ სკოლის შენობას რაიმე მოუვა (ექსპერტიზის დასკვნით თუ ვიმსჯელებთ, არაფერია გამორიცხული)? ამაზე პასუხები არ არსებობს.

ფაქტია, რომ სკოლის მოსწავლეები და იქ მომუშავე პირები ყოველდღე საფრთხის ქვეშ იმყოფებიან და პასუხისმგებელი უწყების მხრიდან რაიმე ქმედითი ნაბიჯები ამ მიმართულებით არ ჩანს.

მსგავსი თემები:

მოსწავლეების სიცოცხლე საფრთხეშია – გორის რაიონში სკოლის სპორტული დარბაზი ინგრევა

რა პირობებში შეხვდნენ ახალ სასწავლო წელს ნორიოს სკოლის მოსწავლეები

2019 წლისთვის სკოლების უძრავი და მოძრავი ქონების განკარგვაც მუნიციპალიტეტების საქმე იქნება

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური