GE

„დაფინანსდება 1 300 სტუდენტის სწავლა“ – რას გააკეთებს განათლებაში აჭარის მთავრობა 2023 წლის ბიუჯეტით

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მომავალი წლის ბიუჯეტი, რომელიც 2023 წლის იანვრიდან ამოქმედდება, ითვალისწინებს აჭარის მთავრობის შეხედულებით განათლებისა და საგანმანათლებლო საზოგადოების ინტერესების შესაბამისი პროგრამული ღონისძიებების დაფინანსებას და მათ შორის არის როგორც სტუდენტების დაფინანსება, ისე სტუდენტებისთვის საერთო საცხოვრებლის მშენებლობის საკითხი. აღნიშნულისთვის მხოლოდ საერთო საცხოვრებლის შენობის/შენობების მშენებლობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვისთვის 300,0 ათასი ლარი დაიხარჯება.

რაც შეეხება ბიუჯეტით განსაზღვრულ ღონისძიებებს, რომელიც განათლების კუთხით 2023 წლის პრიორიტეტულ მიმართულებებშია შემოთავაზებული, ქვესათაურების სახით წარმოგიდგენთ. გამაყოფილი თანხების შესახებ კი ინფორმაცია იხილეთ დანართში.

ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების სფეროს ხელშეწყობა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო დებულების, დასახული პრიორიტეტისა და თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლების მშენებლობა/რეაბილიტაციას და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების ხელშეწყობის მიზნით ატარებს კონკურსებსა და ოლიმპიადებს, მონაწილეობს ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვაში, აფინანსებს სტუდენტებს, ხელს უწყობს ახალ მოთხოვნებზე ორიენტირებული პროფესიული განათლების ფორმირებას, სახელოვნებო განათლებას, სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებას. ახორციელებს კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებს, რაც მიზნად ისახავს რეგიონში კულტურული და ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობას და გაუმჯობესებას.

განათლების მართვა, კულტურისა და სპორტის სფეროს პოლიტიკის შემუშავება და მართვა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე განათლების, კულტურისა და სპორტის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარება მიზნად ისახავს გამოავლინოს განათლების, კულტურისა და სპორტის სფეროებში გამოწვევები და მათზე რეაგირებისთვის დასახოს პრიორიტეტები და განახორციელოს ის ღონისძიებები, რომლებიც დაეხმარება და ხელს შეუწყობს მათ განვითარებას და პოპულარიზაციას.

განათლების ხელშეწყობა და ხარისხის გაუმჯობესება

განათლების, კულტურისა და სპორტის სფეროში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებაში ხელშეწყობა.

კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში კონტროლი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული ეროვნული სასწავლო გეგმების, სტანდარტების და სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამების შესრულებაზე მის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში;

საინფორმაციო ბანკის შექმნა სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიულ-საგანმანათლებლო, სკოლისგარეშე სახელოვნებო და სასპორტო დაწესებულებების მატერიალურ-ტექნიკური, ადამიანური და ფინანსური რესურსების შესახებ;

ხელშეწყობა სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტებისა და პროგრამების, მათ შორის, სასკოლო მზაობის საგანმანათლებლო სახელმწიფო სტანდარტისა და პროგრამის პილოტირებას, დანერგვასა და მონიტორინგს;

საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, ინვენტარით აღჭურვა და საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფა

საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა ხელს შეუწყობს სამუშაო და სასწავლო პირობების გაუმჯობესებას, უსაფრთხო და კომფორტული გარემოს შექმნას ზოგადი განათლების მიღებასა და სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის ხარისხის ამაღლებას.
განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმების ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტს წარმოადგენს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, ინვენტარით აღჭურვა და სკოლის საბიბლიოთეკო ფონდის განახლება, რაც დღემდე ეტაპობრივად ხორციელდება.

საჯარო სკოლის მოსწავლეებისათვის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმისაწვდომობის გაზრდა.

საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება

საჯარო სკოლებში სამუშაო და სასწავლო პირობების გაუმჯობესება და მოსწავლეებისათვის უსაფრთხო და კომფორტული გარემოს შექმნა. 22 საჯარო სკოლის შენობის/სპორტული დარბაზის მშენებლობა, 70 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია, 50 საჯარო სკოლის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვა. სხვადასხვა სტიქიური მოვლენის ან/და სხვა წინასწარ გაუთვალისწინებელი გარემოების შედეგად დაზიანებული შენობის ან მსგავსი საფრთხის თავიდან აცილების მიზნით განხორციელდება 8 საჯარო სკოლის შენობების და ტერიტორიის გადაუდებელი სამუშაოები.

საჯარო სკოლების მატერიალური ბაზის გაუმჯობესება

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებული 20 საჯარო სკოლა აღიჭურვება სასკოლო ინვენტარით, 10 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკა შეივსება ქართველი და მსოფლიო კლასიკოსების, საბავშვო, საყმაწვილო, შემეცნებითი ხასიათისა და სხვა სახის ლიტერატურით, 5 სკოლა აჭარაში აღიჭურვება ტექნოლოგიებით, 10 საჯარო სკოლა მიიღებს სპორტულ ინვენტარს (ჭადრაკის, მაგიდის ჩოგბურთის კომპლექტი, ფეხბურთის, კალათბურთის, ფრენბურთის აღჭურვილობა, სხვ.) საჭიროების მიხედვით, 3 სკოლა აღიჭურვება მუსიკალური ინსტრუმენტებით (პიანინო, გიტარა, დასარტყამი და სასულე ინსტრუმენტები და სხვ,) რემოდელირებული იქნება 4 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკა.

საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფა

საჯარო სკოლის მოსწავლეებისათვის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმისაწვდომობის გაზრდა. სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის (განსაკუთრებით მაღალმთიან რეგიონებში) და მოსწავლეთა უსაფრთხოდ გადაადგილების პრობლემებმა (დიდი მანძილი, ცენტრალური მაგისტრალის გასწვრივ, ტყიანი ადგილები სოფლებს შორის, სადაც გარეული ცხოველების საშიშროებაა, მდინარეებზე გადასასვლელები და ა.შ.) წარმოშვა მათი საცხოვრებელი ადგილიდან სკოლამდე ტრანსპორტით გადაადგილების საჭიროება.

ამასთან, აჭარის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსწავლეები, რომელთაც აღენიშნებათ განვითარების შეფერხება, სენსორული, ქცევისა და ემოციური დარღვევები, საჭიროებენ ტრანსპორტირებას თბილისის და ქუთაისის შესაბამის სკოლებში (სკოლა-პანსიონი), რომლებიც ახორციელებენ სპეციალურ პროგრამებს ყრუ და სმენადაქვეითებული მოსწავლეებისათვის.

აჭარაში მოქმედი სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებულ ოთხ უმაღლეს სასწავლებელზე სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის ხელშეწყობა, უმაღლესი პროფესიული, საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების განხორციელების ხელშეწყობა, მატერიალურ-ტექნიკური ბაზისა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება.

საჯარო სკოლების საპანსიონო მომსახურება, გაძლიერებული (ფიზიკა-მათემატიკა) და ინკლუზიური სწავლების ხელშეწყობა

ბავშვთა კეთილდღეობის რეფორმის ფარგლებში სახელმწიფოს პრიორიტეტია საპანსიონო მომსახურების დაწესებულებების ბენეფიციარი მოსწავლეების დაბრუნება ბიოლოგიურ ოჯახებში, ან განთავსება ალტერნატიულ ოჯახურ გარემოსთან მიახლოვებულ სერვისებში (საოჯახო ტიპის სახლები) და აქცენტი აღებულია გაძლიერებული სწავლების დანერგვაზე, შესაბამისად გარდამავალ ეტაპზე შეჩერდა პანსიონებში მოსწავლეთა მიღება.

ფიზიკა-მათემატიკის გაძლიერებული, ინტენსიური შესწავლა თანამედროვე, საერთაშორისო დონეზე აპრობირებული მეთოდებით. ფიზიკური, ინტელექტუალური, სოციალური, ემოციური, ლინგვისტური თუ სხვა მდგომარეობის გამო სწავლასთან დაკავშირებული სირთულეების მქონე მოსწავლეებისთვის მაღალი ხარისხის განათლების მისაღებად შესაბამისი პირობების შექმნა.
აჭარის ორ მუნიციპალიტეტში (ქედა და ქობულეთი) შეიქმნება თითო ინკლუზიური განათლების ცენტრები სკოლების ბაზაზე, რომლებიც მომსახურებას გაუწევენ თითოეულ მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სსსმ მოსწავლეებს სკოლის შემდგომი საგანმანათლებლო და რეკრეაციული აქტივობების შეთავაზების გზით.

ზოგადი განათლება

განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა, სწავლის ხარისხის ამაღლება და განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმების ხელშეწყობა.

მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების (ქედა, შუახევი, ხულო) საჯარო სკოლებში მასწავლებელთა დეფიციტის აღმოფხვრა და ზოგადი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა. სწავლისა და სწავლების მოტივაციის ამაღლება.

ვასწავლოთ მომავალი წარმატებისთვის

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მუნიციპალიტეტების (ქედა, შუახევი, ხულო) საჯარო სკოლებისათვის კონკურსის წესით შეირჩევა და დასაქმდება არაუმეტეს 30 მასწავლებელი.
წარმატებული მასწავლებლების წახალისება.

მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში, კერძოდ, ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებში პედაგოგების სასტუმროთი უზრუნველყოფა და ტექნიკური მხარდაჭერა, ცალკეული საგნების გაძლიერებული სწავლების უზრუნველყოფის მიზნით.

კონკურსები და ოლიმპიადები

განათლების ხარისხის ამაღლება. მოსწავლეთა სწავლის მოტივაციის გაზრდა.
სასკოლო ცხოვრების გამრავალფეროვნება, სასკოლო კლუბების განვითარების ხელშეწყობა, სასკოლო ბიბლიოთეკების განვითარება, მოსწავლეების ჩართულობა სხვადასხვა სასკოლო აქტივობებში – ოლიმპიადები, კონკურსები, ლიტერატურული მარათონი და სხვ. და სასწავლო გარემოს გაუმჯობესება. საგანმანათლებლო/შემეცნებითი ღონისძიებების დაფინანსება საქართველოს ფარგლებს გარეთ და საქართველოში. ორგანიზებულია 6 საზაფხულო სკოლა.

უწყვეტი განათლება

ქართული (ქართული ენის არმცოდნე მოქალაქეებისათვის), აფხაზური და უცხო ენების, TOEFL-ის გამოცდისათვის მოსამზადებელი კურსების, კომპიუტერული უნარ ჩვევების შესწავლა, ასევე უსინათლოთათვის და შშმ პირთათვის კომპიუტერული უნარ ჩვევების და ინგლისური ენის შესწავლა; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარება; ინკლუზიური განათლების ხელშეწყობა; ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირების სწავლება; სკოლის ადმინისტრაციისა და პერსონალის პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, ტრენერთა კვალიფიკაციის ამაღლება, სკოლამდელი აღზრდის მასწავლებელთა გადამზადება.

პროფესიული და უმაღლესი განათლება

განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა, სწავლის ხარისხის ამაღლება და განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმების ხელშეწყობა. უმაღლესი განათლება ხელმისაწვდომია სოციალურად დაუცველ, ობოლ, მრავალშვილიან ოჯახთა და მაღალმთიანი რეგიონის ბენეფიციართათვის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის, იმ პირისათვის, რომელსაც ან რომლის მშობელსაც მინიჭებული აქვს მარტოხელა მშობლის სტატუსი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შედეგად ზომიერად/ მკვეთრად/ მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანისათვია ან მისი შვილისთვის, აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე პირისათვის.

სამეცნიერო ღონისძიებებში მონაწილეობა/ღონისძიებების ორგანიზების ხელშეწყობა.
ახალგაზრდა მეცნიერების მხარდაჭერისთვის დახმარება გაიცემა საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალებში სამეცნიერო სტატიის გამოქვეყნებისა და საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად.

განათლება ტექნიკურ და საბუნებისმეტყველო მიმართულებებზე ხელმისაწვდომია სოციალურად დაუცველ, ობოლ, მრავალშვილიან ოჯახთა და მაღალმთიანი რეგიონის ბენეფიციართათვის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის, იმ პირისათვის, რომელსაც და რომლის მშობელსაც მინიჭებული აქვს მარტოხელა მშობლის სტატუსი, ვერცხლის ან ოქროს მედალოსანი პირებისათვის.

ერთჯერადი ფინანსური დახმარება გაიცემა სტუდენტებზე, რომლებიც სწავლობენ საქართველოში ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკრედიტებულ საბაკალავრო/სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ქართველოლოგიის მიმართულებით.

უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობა საზღვარგარეთ. სტაჟიორების გაგზავნა/მიღება პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით.

სტუდენტთა დახმარება

დაფინანსდება სხვადასხვა კატეგორიის საშუალოდ 1 300 სტუდენტის სწავლა.

უმაღლესი განათლების ხელშეწყობა

მოეწყობა საშუალოდ 3 კონფერენცია, საშუალოდ სამეცნიერო ღონისძიებაში 10 ბენეფიციარის მონაწილეობა, საშუალოდ 2 სეზონური სკოლა, ითარგმნება/დაიბეჭდება საშუალოდ 4 უცხოენოვანი სამეცნიერო ლიტერატურა, მოეწყობა საერთაშორისო კონფერენციები – ადრეული განათლება და ზრუნვა და ზოგადი განათლება: სწავლა და სწავლება, გამოწვევები და პერსპექტივები. განხორციელდება სამეცნიერო ღონისძიება – შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე. დაფინანსდება ევროპული ინოვაციების აკადემია, რომელიც ჩაატარებს ინოვაციების და ტექნოლოგიების საერთაშორისო ფორუმს.

ტექნიკური, საბუნებისმეტყველო და ჰუმანიტარული მიმართულებების ხელშეწყობა

დაფინანსდება ტექნიკური, საბუნებისმეტყველო და ჰუმანიტარული მიმართულების საშუალოდ 60 ბენეფიციარი.

სწავლა საზღვარგარეთ

უმაღლესი განათლების ხელშეწყობა. სტუდენტებზე, რომლებიც სწავლობენ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, გაერთიანებული სამეფოს, ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადაში, ავსტრალიაში, იაპონიაში, შვეიცარიასა და ნორვეგიაში უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მეორე/მესამე საფეხურის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე, ასევე პირს, რომელიც ჩაირიცხება პოსტ საბაკალავრო/პოსტ სამაგისტრო სახელოვნებო პროგრამაზე. საშუალოდ 55 დაფინანსება გაიცემა საზღვარგარეთ სწავლის მიზნით.

უცხოეთში სტაჟირება

18-დან 32 წლამდე ასაკის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე ბოლო ერთი წლის მანძილზე რეგისტრირებულ საქართველოს საშუალოდ 8 მოქალაქე სტაჟირებას გაივლის ევროპის რომელიმე ქვეყანაში და აჭარის რეგიონში მიღებული იქნება საშუალოდ 8 უცხოელი სტაჟიორი.

პროფესიული განათლების ხელშეწყობა

პროფესიული განათლების მასწავლებლის მომზადება და განვითარება თანამდროვე სტანდარტებისა და მოთხოვნების შესაბამისად.კომპეტენციის განვითრების მიზნით სისტემატური და სისტემური ტრენინგების უზრუნველყოფა საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე განთავსებულ საჯარო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმებული მასწავლებლის კვალიფიკაციის ამაღლება/სტაჟირების გავლა ან მონაწილეობა საერთაშორისო ღონისძიებებში.

სახელოვნებო განათლების ხელშეწყობა

სკოლისგარეშე სახელოვნებო სკოლების ხელშეწყობა;
სახელოვნებო განათლების ხარისხის ამაღლება და კულტურისა და ხელოვნების სფეროს კვალიფიციური სპეციალისტებით უზრუნველყოფა;
საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებისა და ამოქმედების ხელშეწყობა;
სახელოვნებო-საგანმანათლებლო სკოლის მოსწავლეების მხარდაჭერა სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსებსა და ღონისძიებებში მონაწილეობის გზით.

სკოლისგარეშე სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელშეწყობა
ბავშვთა და მოზარდთა მაქსიმალური რაოდენობის ჩართვა სპორტულ-გამაჯანსაღებელ სექციებში, მათი მეთოდური აღზრდა და დაოსტატება. ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდა და მისი დამკვიდრება მოზარდ თაობაში, მასობრივი სპორტის განვითარება.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დამტკიცებული ბიუჯეტი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური