GE

დეტალები სკოლაში მოსწავლის მიერ დისციპლინური დარღვევისა და ოქმის შედგენის შესახებ – რა არის აკრძალული და ისჯება გარიცხვით

როგორ ნარჩუნდება სკოლებში დისციპლინა, რა მექანიზმები არსებობს მათი დაცვისთვის და როგორ მუშაობს ის რეალურად?

EDU.ARIS.GE დაინტერესდა კონკრეტულად რა დარღვევების გამო შეუძლია სკოლის მანდატურს დისციპლინური ოქმი შედგენა, რა ხდება ოქმის შედგენის შემდგომ, რა პროცედურების გავლა უწევს მოსწავლეს და როგორ რეგულირდება აღნიშნული შემთხვევები კანომდებლობით.

საჯარო სკოლებში დისციპლინური ოქმის შედგენის პასუხისმგებლობა მანდატურს ენიჭება, ხოლო კერძო სკოლებში, სადაც მანდატურის ინსტიტუტი არ ფუნქციონირებს სკოლის ადმინისტრაციას. აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს ყველა სკოლაში ფუნქციონირებს დისციპლინური კომიტეტი, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას, თუ რა რეაგირება ექნება სკოლას თითოეული დისციპლინური დარღვევის ფაქტზე, (მათ შორის მასწავლებლის მხრიდან ავტ.) სწორედ კომიტეტზე განიხილება მოსწავლის სკოლიდან გარიცხვის საკითხიც.

სკოლის მანდატურის სამსახურის დებულებაში ვკითხულობთ, რომ მანდატურის ერთ-ერთი ფუნქციაა, ,,უზრუნველყოს სკოლაში გამოვლენილი დარღვევების შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული ფორმის შესაბამისი საჯარო სკოლაში დარღვევის აღრიცხვის ფურცლის შედგენა და სკოლის დირექტორისა და სამსახურის უფროსისათვის წარდგენა” ამ ფუნქციას ემატება, ,,სკოლის შინაგანაწესის შესრულებაზე კონტროლი”.

დარღვევების ჩამონათვალი, რომელთა საფუძველზეც მანდატურს მანდატურს დისციპლინური ოქმის შედგენა შეუძლია?

ეს საფუძვლები სკოლის შინაგანაწესშია განსაზღვრული.

EDU.ARIS.GE-მ მოიპოვა და თბილისის მე-11 საჯარო სკოლის შინაგანაწესის მაგალითზე, გეტყვით რა ითვლება დისციპლინურ გადაცდომად და რა ე.წ დისციპლინური სახდელი ეკისრება კანონდამღრვევს.

,,მოსწავლის დისციპლინურ გადაცდომად ითვლება:

ა) არაერთგზის დაგვიანება;
ბ) გაკვეთილის ჩაშლა ან ჩაშლის მცდელობა;
გ) გაკვეთილის თვითნებურად მიტოვება;
დ) მობილური ტელეფონით ან/და ნებისმიერი სხვა სახის ტექნიკური საშუალებით არასასწავლო მიზნით სარგებლობა;
ე) სკოლისათვის მატერიალური/ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების შექმნა;
ვ) მოსწავლის მიერ სკოლის შინაგანაწესით დადგენილი ჩაცმულობის წესის (სამოსი, იერსახე და სხვა) დაუცველად სკოლის ტერიტორიაზე გამოცხადება, გარდა სკოლის მიერ წინასწარ განსაზღვრულ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღების მიზნით გამოცხადებისა;
ზ) მოსწავლის/სკოლაშიდასაქმებულის/მოსწავლის მშობლის/წარმომადგენლის/სკოლის ტერიტორიაზე შემოსული გარეშე პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა;
თ) მოსწავლის/სკოლაშიდასაქმებულის/მოსწავლის მშობლის/წარმომადგენლის/სკოლის ტერიტორიაზე შემოსული გარეშე პირის ფიზიკური შეურაცხყოფა;
ი) სკოლის ტერიტორიაზე მოსწავლის გამოცხადება იკრძალება შემდეგი ნივთებით: თამბაქოს ნაწარმი/ელექტრონული სიგარეტი; ალკოჰოლური საშუალებები; ნარკოტიკული საშუალებები; ფსიქოტროპული საშუალებები, ექიმის შესაბამისი ნებართვის გარეშე; ასაფეთქებელი და მომწამვლავი ნივთიერებები; ძვირადღირებული ნივთები ან დიდი ოდენობის ფული; ნებისმიერი სახის იარაღი ან ბასრი ნივთი, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს იარაღად;სანთებელა ან ასანთი; აზარტული თამაშის საშუალებები; უხამსობის ამსახველი ნივთები/საშუალებები; ელექტროშოკური მოწყობილობა; ნებისმიერი სხვა ნივთი, რომელიც შეიძლება საფრთხეს უქმნიდეს სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
კ) ფულის ან სხვა ნივთების გამოძალვა;
ლ) მოსწავლის მიერ წინამდებარე პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ნივთის/ნივთების გამოყენება;
მ) ყურსასმენების გამოყენება არასასწავლო მიზნით;
ნ) სკოლაში დასაქმებული პირების კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობა;
ო) სკოლის ტერიტორიაზე სხვისი ნივთის უნებართვოდ აღება, დაკარგვა ან/და დაზიანება;
პ) სკოლის უსაფრთხოების წესების დარღვევა, რომელმაც ზიანი გამოიწვია;
ჟ) მოსწავლეთა ქცევის კოდექსის დარღვევა, გარდა აღნიშნული კოდექსის მე-8 მუხლის დარღვევისა;
რ) ფსიქოლოგიური ზეწოლა;
ს) სკოლის დოკუმენტაციის ხელყოფა;
ტ) სკოლის საქმიანობისთვის განკუთვნილი კომპიუტერული მონაცემის მიღება ან/და კომპიუტერული სისტემის უნებართვოდ ან სკოლის ინტერესების საწინააღმდეგოდ გამოყენება;
უ) არაფხიზელ მდგომარეობაში სკოლაში მისვლა”.

თითოეული ქმედების დაფიქსირების შემთხვევაში, კლასის დამრიგებელი, მასწავლებელი თუ სკოლის სხვა პერსონალი მიმართავს მანდატურს, რომელიც ადგენს დისციპლინურ ოქმს, ოქმის შედგენის შემდგომ კი, დისციპლინური კომიტეტი გადაწყვეტს რა სანქცია დააკისროს მოსწავლეს, მისცეს სიტყვიერი გაფრთხილება, დროებით გაანთავისუფლოს გაკვეთილებიდან, თუ გარიცხოს სკოლიდან.

დისციპლინური კომიტეტი, რომელთა შემადგენლობაშიც შედის სკოლის დირექტორი, პედაგოგიური და მშობელთა საბჭოს წარმომადგენლები, მოსწავლეები სკოლის თვითმართველობიდან, გადაწყვეტილებას იღებენ ხმათა უმრავლესობის საფუძველზე. ( ნახევარზე მეტი მომხრე) .

დისციპლინური სახდელის სახით სკოლიდან გარიცხვა მხოლოდ საშუალო კლასის მოსწავლეს ემუქრება, თუ მან ჩაიდინა შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომა და მის მიმართ გამოყენებულია დისციპლინური პასუხისმგებლობის წინა ზომა, სკოლიდან დროებით დათხოვნა 5-დან 10 სასწავლო დღემდე. თუმცა მისი გარიცხვა შესაძლებელია პირდაპირ, დისციპლინური პასუხისმგებლობის წინა ზომების გამოყენების გარეშეც, თუ მოსწავლის მიერ ჩადენილი ქმედება განზრახ ან/და არსებით ზიანს აყენებს სკოლის ინტერესებს.

როგორც EDU.ARIS.GE-მ გაარკვია, ინფორმაცია იმის შესახებ რა სტატისტიკაა სკოლებში მოსწავლეთა დისციპლინური დარღვევებისა და ოქმების შედგენის არ არსებობსს, ასევე არ ვიცით ყოველწლიურად რა რაოდენობით მოსწავლე ირიცხება სკოლებიდან ამ ინფორმაციას არც სკოლები და არც სამინისტრო არ ასაჯაროებს. გარდა ამისა, მანდატურების ნაწილი პირად საუბრებში ამბობს, რომ ხშირ შემთხვევაში ოქმების წერის პრაქტიკა მხოლოდ ფორმალობაა და ის რეალურად არ მუშაობს.

ასევე იხილეთ:

როგორ უნდა მოიქცეთ თუ მოსწავლეს სკოლაში ნივთს მოპარავენ და რა ხდება, როცა მოსწავლე სკოლის საკუთრებას აზიანებს

მოამზადა მზეო შველიძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური