GE

„დღეს მოსწავლე სკოლაში დროის გასაყვანად მიდის და არა განათლების მისაღებად“ – რა სურთ გამართული სისტემისგან გორელ პედაგოგებს

„გამოცდის ჩასაბარებლად არ უნდა ამზადებდეს სკოლა ბავშვს, არამედ უნდა ზრდიდეს და აყალიბებდეს ადამიანად, რომელიც მომავალში სამშობლოს გამოადგება“, – ასეთია გორის მეათე საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგის სურვილი გამართული განათლების სისტემისგან, რომელიც, მისი შეფასებით, დღეს ქვეყანაში არ არსებობს.

ირმა ამბარდნიშვილი აცხადებს, რომ განათლების სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს სკოლის პედაგოგების დაცულობა, შეუნარჩუნოს ღირსება და დააფასოს საკუთარი კომპეტენციის მიხედვით. მისივე აზრით, სასურველია, სკოლებში მოსწავლე მიდოდეს განათლების მისაღებად და არა დროის გასაყვანად, როგორც დღეს ხდება.

„გულწრფელობა, სიმკაცრე და სერიოზული რეფორმები“ – რა სურთ გამართული განათლების სისტემისგან ბათუმელ სკოლის ლიდერებს

„გამართული განათლების სისტემა, რომ არსებოდეს ქვეყანაში, მასწავლებელი იქნებოდა დაცული, რაც დღეს არ არის. დღეს მასწავლებელი საკუთარ თავს ვერ იცავს, ჩამოართვეს ღირსება, უფლებები და მათ პროფესიონალიზმსაც კი საფრთხე ექმნება. ამისათვის კი, დღეს სამინისტრო არაფერს არ აკეთებს და არც პედაგოგთა პროპკავშირი. სკოლა უნდა იყოს განათლებაზე ორიენტირებული და არა საბავშვო ბაღად ქცეული, სადაც მოსწავლეები მიდიან არა განათლების მისაღებად, არამედ იმისათვის, რომ დრო გაიყვანონ. ამას კი სკოლაში ჩვეულებრივ მოვლენად აღიქვამენ და არავინ წუხს. მინდა, რომ საჯარო სკოლებში სწავლა იქცეს პრესტიჟად, მაგალითად, როგორც კერძო სკოლებია. სამწუხაროდ, დღეს საჯარო სკოლებზე პრეტიჟული კერძო სკოლაა და მშობლები არ ინანებენ ფულს, რომ შვილები იქ მიიყვანონ. ვისურვებდი, რომ საჯარო სკოლებში პედაგოგები მუშაობდნენ დიპლომიანები და არა უდიპლომოები. დღეს მათ უმრავლესობას აქვს ნაყიდი დიპლომები, რომლებიც როგორ გახდნენ მასწავლებლები არავინ არ იცის. ეს ყველაფერი როცა აღმოიფხვრება, განათლებაც ფასეული გახდება“, – ამბობს ქალბატონი ირმა.

მასწავლებელი ღიად საუბრობს იმაზეც, რომ სურს სისტემაში პროფესიის შესაბამისი ხელფასები იყოს და არა როგორიც დღეს არის. გვიხსნის, რომ დღეს მასწავლებელს არ უღირს დახარჯოს ენერგია და ბოლომდე გაიხარჯოს მოსწავლისთვის, ეს კი იმიტომ ხდება, რომ არც მშობელი და არც მოსწავლე არ არის მონდომებული ისწავლოს, რადგან მათ მენტალიტეტშია – „მაინც უნდა მოამზადონ შვილები და ასე ჩააბარებინონ გამოცდები“.

„ვისუვებდი, ასეთი მიდგომებიც დაინგრეს და ისეთი სწავლება იყოს სკოლებში, რომ მოსწავლეები მარტივად აბარებდნენ გამოცდებს უმაღლესისთვის. გამოცდის ჩასაბარებლად არ უნდა ამზადებდეს სკოლა ბავშვს, არამედ უნდა ზრდიდეს და აყალიბებდეს ადამიანად, რომელიც მომავალში სამშობლოს გამოადგება. ვისურვებდი, რომ სკოლის პედაგოგებს დაუბრუნდეთ უფლებები, განულებული პრესტიჟი აღუდგეთ. დღეს განათლების სამინისტრო თავადვე არის უსამართლობის სამინისტრო, რომელიც არ არის განათლებაზე ორიენტირებული, არ ზრუნავს პედაგოგებზე, მოსწავლეებზე მშობლებზე და არის ბიუროკრატიული მანქანაა, რომელიც თავს ვერ ართმევს არსებულ გამოწვევებს“, – გვეუბნება ირმა ამბარდნიშვილი.

კიდევ ერთი გორელი პედაგოგის, ირმა გოგიაშვილის სურვილია, განათლების მოსწავლის ინტერესებზე მორგება, რადგან დღეს ბავშვების ცოდნის დონე ზედაპირულია. თვლის, რომ აუცილებელია სკოლა მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბებაზე ზრუნავდეს, რაც ამჟამად შეზღუდულია.

ჩვენი რესპონდენტი პედაგოგების კვალიფიკაციის ამაღლებაზეც ამახვილებს ყურადღებას და ისეთი გამოცდების არსებობაზე წუხს, რომლის ჩაბარების შემთხვევაშიც, ნებისმიერი პროფესიის ადამიანს შეუძლია, პედაგოგი გახდეს.

„როგორ შეიძლება, ინჟინერი ერთი გამოცდით მასწავლებელი გახდეს?! მასწავლებლად ჩამოყალიბებას წელები და შესაბამისი განათლება სჭირდება. მე ვისურვებდი, რომ ეს პრაქტიკა აღარ იყოს საქართველოში. გარკვეული ტესტების ჩაბარებით არ ენიჭებოდეს მსურველს მასწავლებლის სტატუსი. ეს ფორმატი, რასაც დღეს ეს ხელისუფლება აკეთებს, პირადად ჩემთვის მიუღებელია.

„რა თქმა უნდა, მასწავლებელი მოტივირებული პროფესიონალი უნდა იყოს და საზოგადოებაში აუცილებლად დაფასებული. ადრე, მასწავლებელი ფაქტობრივად გაიდეალებული გვყავდა მოსწავლეებს. მეტი პატივისცემა, მეტი მოკრძალება და მეტი დაფასება აუცილებელია. სხვათა შორის, ოცნებაც იყო ძალიან ბევრისთვის, რომ მასწავლებელი გამხდარიყო, ახლა კი….“, – ამბობს მასწავლებელი.

ირმა გოგიაშვილისთვის განათლების სისტემის მთავარი ბირთვი სკოლის თანამედროვე ინფრასტრუქტურა და მისი საჭიროებაა. მისი თქმით, ნაცვლად იმისა, რომ სკოლა როგორც მოსწავლის, ისე მშობლისთვის უსაფრთხო იყოს, ასეთი რამ დღევანდელ სკოლებში იშვიათობაა.

პედაგოგს მშობლისა და სკოლის თანამშრომლობის ხელშეწყობა სურს, რადგან მიაჩნია, რომ მოსწავლის განათლება მხოლოდ მასწავლებლის საქმე არ არის და ოჯახიც აქტიურად უნდა იყოს ჩართული ბავშვის აღზრდა-განათლებაში.

„მიუხედავად იმისა, რომ სკოლებში მანდატურები არიან, ბავშვებს აქვთ შესაძლებლობა ერთმანეთთან არ იყვნენ სიყვარულით და პატივისცემით და პატარა კონფლიქტი სერიოზულ ჩხუბში გადადის. მოსწავლეებს შორის ჩნდება დაძაბულობა, რადგან კონფლიქტი არ არის წამიერი. აი, ამას ვისურვებდი, რომ ეს შეიცვალოს.

„ვისურვებდი, შეიცვალოს სახელფასო სისტემა, რადგან დღეს ძალიან მწირია ხელფასი, რის გამოც პედაგოგები სხვადასხვა სკოლებში არიან გადანაწილებული. სკოლაში მხოლოდ თეორიის სწავლა არ უნდა მიმდინარეობდეს. არის საგნები, რომლებიც თეორიულად, ზედაპირულად ისწავლება და რეალურად გამიჯვნა ხდება პრაქტიკულ სწავლებასთან. მაგალითად, ფიზიკა არის ისეთი საგანი, რომელიც არა მარტო თეორიულად, არამედ პრაქტიკულადაც უნდა ისწავლებოდეს. უნდა შეიცვალოს დღევანდელი განათლების სიტემის სტანდარტი და დაინერგოს თანამედროვე. აი, ამიტომ ვსაუბრობ ამ საკითხებთან დაკავშირებით გულდაწყვეტილი, რომ მიდა შეიცვალოს და კარგი სისტემა რომ გვექნება, იმედია შეიცვლება“, – გვიხსნის ქალბატონი ირმა.

ზერტის საჯარო სკოლის პედაგოგი კი საკუთარი და კოლეგების უუფლებობაზე წუხს და გული სწყდება, რომ ისინი მოწოდების სიმაღლეზე არ არიან. ხედავს, რომ მასწავლებლებს დღეს თავისუფლება აკლიათ და სისტემის მორჩილები არიან.

„ბევრი პრობლემები გვაქვს განათლების სისტემაში და ამიტომ ძალიან ბევრი სურევილები მაქვს. კარგი განათლების სისტემის არსებობის შემთხვევაში, არ მინდა, პედაგოგის უფლებები ისე იყოს დაკნინებული, როგორც დღეს არის. დღეს მასწავლებელი თავისუფალი არ არის, რაც ძალიან მტკივნეულია თითოეული ჩვენგანისთვის. პირადად მე, სამოქალაქო განათლებას ვასწავლი და ძალიან ცუდად მიბრუნდება ჩემი ნათქვამი. მე, რომელიც ჩართული ვარ პროევროპულ აქციებში და მხარს ვუჭერ ევროპულ მომავალს, რათა საუკეთესო განათლება გვქონდეს მომავალში, ბევრს სხვანაირად ესმის. ვითომ მე თავს ვახვევ ჩემს აზრს მოსწავლეს. აქედანაც კარგად ჩანს, რომ თავისუფლი აზრის გამოთქმა ძალიან რთულია დღეს სასკოლო საზოგადოებაში, საშიშია. ძალიან რთულად არის საქმე პედაგოგებში, კომპეტენცია რომ არ აქვთ, იმ ფასეულობების გადაცემა, რაც გვაქვს, არ ხდება მოსწავლეებისთვის, რადგან ხომ წარმოგიდგენიათ, სკოლებში ჯერ კიდევ სტალინისტი პედაგოგები მუშაობენ“, – გვიხსნის ლალი ძულიაშვილი.

პედაგოგის თქმით, როდესაც მასწავლებლის თავისუფლება არ არსებობს, არც ჯანსაღი გარემო გვექნება იმ განათლების სისტემაში, რომელიც ჩვენ გვინდა, რომ გქონდეს.

„ვისურვებდი, რომ სკოლებში მეტად პროგრესული კადრები მუშაოდნენ. მინდა, თავისუფალი მასწავლებელი ვიყო. ჩვენ უნდა ვიყოთ თავისუფალნი და არა მორჩილნი. მორჩილი მასწავლებელი კი თავისთავად შექმნა განათლების სისტემამ, რადგან მასწავლებლების უმრავლესობამ, ან კრედიტებით მოიპოვა პედაგოგობა, ან ერთი კრედიტით გადაფოფხდა [სხვა საფეხურზე] და აი ამიტომ, ასეთები, შემდეგ მადლობლებიც უნდა იყვნენ, რომ სამსახური აქვთ და სამარცხვინოდ არ გაუშვებენ. ასეთი მასწავლებელი შემდეგ ვალშია სახელმწიფოსთან. ვისაც ნამდვილად შეუძლია, რომ უკმაყოფილება გამოთქვას ასეთ ვითარებაში, შემდეგ მათაც ეშინიათ საუბარი და სხვადასხვა საკითხების გაპროტესტებისგან თავს იკავებენ. მასწავლებელი თუ არ არის თავისუფალი, თავისუფალ მოსწავლეს ვერ აღზრდის“, – ამბობს ლალი ძულიაშვილი.

გასაკვირია, მაგრამ გამართული განათლების სისტემისგან არაფერს ისურვებდა ხელთუბნის სკოლის პედაგოგი, ფიქრია მუმლაძე, რომელიც ფიქრობს, რომ „დღეს ყველაფერი ისეა, როგორც უნდა იყოს“.

„ამ ეტაპზე არაფერის შეცვლა არ მსურს და არც არაფერს ვისურვებდი. რაღაცები შეიძლება მომწონდეს, მაგრამ რაღაცები შეიძლება – არა. ეს სისტემის ბრალი ნამდვილად არ არის. დღესდღეობით მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლებაა, გათვალისწინებულია ყველას ინტერესი. გვყვას სპეციალური მასწავლებელი, რომელიც მოსწავლეს ეხმარება თუ მას რამე სირთულე აქვს. მოკლედ, სახელმიწო ზრუნავს სკოლაზე და სასკოლო საზოგადოებაზე. გადახალისდა სასწავლო პროგრამა, დაინერგა ახალი სტანდარტი და მივყვებით ამ ყველაფერს. ამ ეტაპზე არაფერი შენიშვნა არ მაქვს“ – თქვა ფიქრია მუმლაძემ EDU.ARIS.GE-სთან.

ასევე იხილეთ:

„რეპეტიტორი, რომელიც სწავლების ერთსა და იმავე მეთოდს ყველა მოსწავლეზე იყენებს, იშვიათად აღწევს შედეგს“ – აბიტურიენტები გორიდან

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური