GE

ეკოტურიზმის საერთაშორისო კონფერენცია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში

10-12 სექტემბერს საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ორგანიზებით საქართველოში ევროპის ეკოტურიზმის მე-5 საერთაშორისო კონფერენცია იმართება. კონფერენციის მთავარ მომხსენებლებს შორის არიან მსოფლიო ეკოტურიზმის ქსელის აღამსრულებელი დირექტორი გენ ჯამპოლი და აზიის ეკოტურიზმის ქსელის დამფუძნებელი მასარუ ტაკაიამა.

3-დღიან კონფერენციაზე მოხსენებებს წაიკითხავენ და დარგის პროფესიონალებს, სტუდენტებსა და თემატიკით დაინტერესებულ სხვა პირებს პრაქტიკულ გამოცდილებას გაუზიარებენ ეკოტურიზმის სპეციალისტები მსოფლიოს 20-ზე მეტი ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდან, იაპონიიდან, კოსტა რიკიდან, იტალიიდან, პოლონეთიდან, რუმინეთიდან, შვედეთიდან, ფინეთიდან, ესტონეთიდან, ესპანეთიდან, გერმანიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან, სომხეთიდან, ნორვეგიიდან, პორტუგალიიდან, ხორვატიიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, მონტენეგროდან და ბელორუსიიდან.

კონფერენციის მისია ეკოტურიზმის მდგრადი განვითარების მხარდაჭერაა; ასევე ევროპაში ტურიზმით გამოწვეული უარყოფითი ზეგავლენის შემცირებაზე მსჯელობა და ამ მიმართულებით კონკრეტული რეკომენდაციების შემუშავება. კონფერენციის მთავარი მიზანია: საქართველოს ეკოტურისტულ ქვეყნად პოზიციონირების ხელშეწყობა ევროპის ეკოტურიზმის საზოგადოებაში და ამ საზოგადოების თანაბარუფლებიანი წევრობის უზრუნველყოფა ქვეყნისთვის; ევროპის ეკოტურიზმის საზოგადოების წარდგენა ფართო საზოგადოებისთვის საქართველოში; ეკოტურისტული ბიზნესისთვის პრაქტიკული სახელმძღვანელოს შექმნა მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკაზე დაყრდნობით; საქართველოში ეკობრენდინგის შექმნის მიზნით ეკოსტანდარტების შესახებ დისკუსიის ინიცირება.

კონფერენციის პროგრამა დაყოფილია სესიებად თემატიკის მიხედვით.

  • დრო: 10-12 სექტემბერი ადგილმდებარეობა: A კორპუსი, ი. ჭავჭავაძის გამზირი N32, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • სამუშაო ენა: ინგლისური

დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური