„ეს ადამიანები ერთხელ უკვე შეამოწმეთ, „ეკლიანი გზა“ გავლილი აქვთ და მენტორის წოდება ულაპარაკოდ ეკუთვნით“
ავტორი: ირმა სტეფნიაშვილი, უფროსი მასწავლებელი
სპეციალურად EDU.ARIS.GE-ს მკითხველისთვის:
ჩემი წინა წერილი საკმაოდ ვრცელი იყო და თან ბევრი პარალელით სხვადასხვა მიმართულებასთან. რადგან ჩემი სტატიების ფუნქცია პრობლემაზე საუბარია და არა საკუთარი გონებრივი შესაძლებლობის წარმოჩენა, ამჯერად შევეცდები ჩემი სათქმელი შედარებით მოკლედ ჩამოვაყალიბო უმნიშვნელო ლიტერატურული პარალელებით, თუმცა ისევ აქტუალურ პრობლემებზე. მაშ ასე, დავიწყოთ.
“კაცი ხარ მაშინ,
თავზე ქუდის მაშინ ხარ ღირსი,
როდესაც იცი,
ზედმიწევნით როდესაც იცი:
რა არ უნდა თქვა,
რა უნდა თქვა,
როგორ უნდა თქვა,
სად არ უნდა თქვა,
სად უნდა თქვა,
რატომ უნდა თქვა“.
ეს ის ერთ-ერთი ლექსია, რომელიც დარჩა ჩემს „მკვიდრ წარმოდგენაში“ და სიმართლის წერისკენ მიბიძგებს. ვფიქრობ, ეს ჩემი ვალდებულებაცაა, როგორც მასწავლებლის.
მასწავლებლებს ძალიან დიდი გულისტკივილი გვაქვს, რადგან განათლების სისტემაში არსებული მდგომარეობის ერთადერთ დამნაშავედ ჩვენ ვსახელდებით. ვართ დაუსრულებელი არა რეფორმების, არამედ ექსპერიმენტების მონაწილენი და ყველაზე დიდი უბედურება კიდევ ისაა, რომ ჩვენ ამ ექსპერიმენტების „შემოქმედად“ ვიწოდებით და მთელი უკმაყოფილების ტალღა ჩვენკენაა მომართული. ჯერ კიდევ მაშინ, როცა ეს გამოცდები დაიწყო, სულ სხვა პირობა და სხვა მოლოდინი ჩაუსახეს მასწავლებლებს (მე მაშინ სკოლაში არც ვმუშაობდი და არც მაშინ უკითხავთ მასწავლებლებისთვის ისინი რას ფიქრობდნენ, როგორ ესახებოდათ განათლების განვითარება). პირველად მაშინ დაიყო მასწავლებლები და მათი პირველი „წაკიდება“ მოხდა.
უნარები, უნარები, საგნის გამოცდა, გამოცდის ჩაბარება -ეს იქცა მასწავლებლის მთავარ საზრუნავად და სადარდებლად. მერე შეიცვალა მინისტრი და გაჩნდა სიტყვა „კრედიტები“. ათი კრედიტი, ათი კრედიტი -ყველა მასწავლებელს ეს ორი სიტყვა უტრიალებდა თავში, ოცდამეხუთე კადრივით. შემდეგ სრულიად „რევოლუციური“ თუ „სენსაციური“ კანონი შევიდა ძალაში. თურმე, ის ათი კრედიტი სულაც არ არის აუცილებელი. მიიღე ერთი, ოთხი, შვიდი კრედიტი. გაიარე რაღაც ტრენინგები და მორჩა, სრულად „გაუთანაბრდი იმ ათკრედიტიან მასწავლებელს“-(მე შეგნებულად ვსვამ ბრჭყალებს). და იმ მასწავლებელმა, რომელმაც საგნის გამოცდა ერთ ქულაზე ჩააბარა, მოინდომა, „აქეთ ეცა, იქით ეცა“ და არათუ უფროსი, წამყვანიც კი გახდა. და რატომაც არა? რა გააკეთა უკანონოდ? ჰქონდა ამის უფლება, ჰქონდა ამის შესაძლებლობა და გამოიყენა. განა ვინმეს რამე წაგვართვა? ან ჩვენი წილი სტატუსი მოიპარა სქემიდან?
მერე შეიცვალა მინისტრი, შეიცვალა მოთხოვნებიც და დღეს, არათუ გათანაბრება, „ერთკრედიტიან“ და „ოთხკრედიტიან“ მასწავლებელს არ აქვს წამყვან-მენტორის გამოცდაზე გასვლის უფლება. რატომ ჩაგრავთ ახლა ამ მასწავლებლებს? მაშინ შეიძლებოდა და ახლა არა? თქვენი მიდგომა ასეთია: გუშინ მზე მზე იყო, დღეს-არა. ხვალ რა იქნება, ვნახოთ! ასეთი შეკითხვა მაქვს თქვენთან: თუ ეს ადამიანები(„ერთ და ოთხ კრედიტიანი“ მასწავლებლები)იმის ღირსებიც არ არიან, რომ წამყვან-მენტორის გამოცდაზე გავიდნენ, იმის ღირსები არიან, რომ სკოლაში ბავშვებს ასწავლონ? და თუ ისინი კეთილსინდისიერად ასრულებენ საკუთარ მოვალეობას, რატომ არ ეძლევათ გამოცდაზე გასვლის უფლება? და თუ მოვალეობას კეთილსინდისიერად და არასათანადოდ ასრულებენ, რატომ აჩერებთ სკოლაში? (აღარ დავიწყებ სკოლის მნიშვნელობაზე საუბარს). რა გამოდის, რომ მომავალზე სათანადო ზრუნვა არაფერია წამყვან-მენტორის გამოცდის მნიშვნელობასა და „წონასთან“. (პირადად მე, ეს ფაქტი არ მეხება, მაგრამ სიმართლის მარცვლებს დავეძებ თქვენს გადაწყვეტილებაში და ვერსად მივაკვლიე).
გასაგებია, რომ მაშინდელი კანონი აძლევდა მათ წინსვლის საშუალებას, ახლანდელი -არა. მაგრამ მაგ კანონებსაც ხომ თქვენ ადგენთ? გასაგებია, შეიძლება ბევრი თქვენთაგანი არც იღებდა მონაწილეობას მაშინ მაგ გადაწყვეტილებაში, მაგრამ წინა კაცი ხომ უკანა კაცის ხიდია და წინა კაცი ბევრის დანახვის, მისი შეცდომის კვლავ არ დაშვების საშუალებას გვაძლევს? რატომ დავბორიალობთ დახურული ჰორიზონტში დაუსრულებელ წრიულ ლაბირინთში? გული იმაზე მწყდება, რომ ჩვენ, ნაცვლად იმისა, ასეთი კანონები გავაპროტესტოთ, ვდგავართ და ერთმანეთის „წარმატებას“ ვაპროტესტებთ. რამდენჯერაც მსგავსი შინაარსის კომენტარს ვკითხულობდი, სულ ჭაბუა ამირეჯიბის „დათა თუთაშხია“ მახსენდებოდა. აი, სწორედ ის მონაკვეთი, სადაც თუთაშხია ამბობს: „რას დაგვამსგავსა…“ -შეგნებულად არ ვაგრძელებ, რადგან უნებურად, ამ ყველაფრის სრულად მონაწილე და გამზიარებელი მეც ვარ. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყველა პრობლემა მოგვარებადია, თუ ერთად ვიქნებით:
„მოკლედ ცალ-ცალკე
ყველა სუსტი ვართ,
თუ შევიკვრებით,
მაშინ მუშტი ვართ!“
გარდა იმისა, რომ დაუსრულებლად „რეფორმების“ მორევში ვტრიალებთ, ემატება ისიც, რომ ყველა, ვინც განათლების სფეროსთან რაიმე სახით შეხებაშია და განათლების პრობლემებზე თუ სირთულეებზე საუბრობს, ჩვენკენ, მასწავლებლებისკენ იშვერს ხელს. და ყოველი მათი ინტერვიუს თუ სატელევიზიო გადაცემის შემდეგ, ორმაგად ძირს სცემენ მასწავლებლის ისედაც დათრგუნულ, „ავტორიტეტს“. მაგ, ვკითხულობ ერთ-ერთ სტატიაში: „ღია კარის პოლიტიკა რომ გვქონდა და ყველა მასწავლებლობის მსურველი სკოლაში შევიდა, ამიტომ ვართ ამ დღეში“(სახელს და გვარს არ ვწერ შეგნებულად). შემდეგ: „ამ მასწავლებლებს ჰგონიათ, რომ დავალებები მშობლებისთვისაა, ისეთ დავალებებს აძლევენ ბავშვებს“ აღარ გავაგრძელებ. გულწრფელად ველოდი ამდენ ხანს, რომ ვინმე გულიანი, მართალი ადამიანი გამოვიდოდა და ჩვენ როლზე, ფუნქციაზე და უფლებებზე ხმამაღლა ისაუბრებდა და ყველას გასაგონად იტყოდა, რომ ჩვენ არც დავალების რაოდენობას ვადგენთ და არც მის მოცულობას და არც რაიმე მსგავსს. ალექსანდრე ყაზბეგის „ხევისბერი გოჩა“ გამახსენდა, რამხელა ვაჟკაცობა გამოიჩინა ონისემ და მეც სწორედ „ონისეს“ გამოჩენას ველოდი. მაგრამ არ იქნა და არ გამოჩნდა!
რა მაოცებს კიდევ იცით? არავინ არაფერზე რომ არ იღებს პასუხისმგებლობას. მე, ან ჩემმა კოლეგებმა შევიმუშავეთ „ღია კარის პოლიტიკა?“ თუ იცოდით, რომ ეს უბედურებას უქადდა განათლების სისტემას, რატომ მაშინვე არ შეეწინააღმდეგეთ? თქვენ ხომ ამ ჯგუფის წარმომადგენელი და მათი იდეების დანერგვის მომხრე იყავით? რატომ დუმდით?? იცით რას ჰგავს ზოგადად ასეთი მიდგომა? ნიკოლოზ ბარათაშვილის „ბედი ქართლისა“-დან ასეთი ტაეპი გამახსენდა:
„და მერმე ქართლი ვინც ვერ განაგოს,
მაშინ მან უწყის, რაც მოაგვაროს”.
(მე ეს ციტატა ნაწარმოების თემატიკის კუთხით არ მომყავს, ამსახველია იმისა, თუ როგორი პასუხისმგებლობით ეკიდებით მოვალეობას)!
წინა კვირას, ერთ-ერთი ინტერვიუს შინაარსიდან გამომდინარე, (აქაც არ ვწერ შეგნებულად სახელს და გვარს) მორიგი კრიტიკის ქარცეცხლში გავეხვიეთ მასწავლებლები. ინტერვიუს ამონარიდს მოჰყვა უამრავი კომენტარი. შინაარსით:(მეტყვით, რას კითხულობ მეტი საქმე არ გაქვსო? მაგრამ კომენტარებში ხომ ის გაჟღერდება ხოლმე, რაც ხალხს რეალურად აწუხებს) რომ ბავშვებს ვაძლევთ უაზრო დავალებებს. მაგ: გააგრძელე მოთხრობა, დახატე ტექსტის მონაკვეთი და ა.შ. თითქოს ავტორმა ვერ დაწერა რაც უნდოდაო. ან სადღა აქვთ სკოლიდან დაბრუნების შემდეგ ბავშვებს დრო, რომ ამდენი დავალებები შეასრულონო და.ა.შ.
მასწავლებლებმა, ამდენი დაუმსახურებელი დავიდარაბა და გაკიცხვა რომ ავირიდოთ, მოდით, ასე მოვიქცეთ: როდესაც სახელმძღვანელოების გრიფირების ან სახელმძღვანელოების შერჩევის პროცესი დასრულდება, „მათმა“ წარმომადგენლებმა სრულად მოახდინონ მშობლების ინფორმირება იმის შესახებ, თუ რა სტრუქტურის, რა შინაარსის ტექსტების შესწავლა, ან რა დავალებების შესრულება მოუწევთ მათ შვილებს და მშობლებთან შეთანხმებით მოხდეს საკლასო ცხოვრებაში ამ სახელმძღვანელოების დანერგვა. და მეორე, რადგან უამრავი საპილოტე პროგრამა ხორციელდება,(ჩვენი აზრის მიუხედავად) მაგ შემთხვევაშიც სრულად მოახდინონ მშობლების ინფორმირება იმის შესახებ, თუ რას მოიცავს პროგრამა, რა მოვალეობები ექნებათ მათ პროგრამის განხორციელებისას. განუმარტონ მშობლის როლი, მოვალეობა, ვალდებულება, ჩართულობის ხარისხი და მნიშვნელობა ამ პროგრამის განხორციელებისას. და, თუ მშობლების მხრიდან თანხმობა იქნება, ჩვენ მაშინ ჩავერთოთ შერჩეულ საპილოტე პროგრამაში. შედეგად: მშობელი ნათლად დაინახავს ჩვენ წილსა და როლს ზოგადად განათლების სისტემაში და მშობელს ის მაინც ეცოდინება, ვისი მისამართით გამოთქვას საყვედური.
და ან ეს ყბადაღებული დავალებები! მოდით, ამაზეც შევთანხმდეთ მშობლებთან და მისი შესრულებაც სურვილის მიხედვით იყოს. უნდა შეასრულონ დავალებები, უნდა-არა! რა პრობლემაა ამის მოგვარება. იყოს ნებაყოფლობითი! მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მასწავლებლის სახელმძღვანელოში მოცემული გვაქვს გაკვეთილის კონკრეტული ეტაპის აქტივობაც, დავალების ფორმაც (სამუშაო რვეულის სახით) და ჩვენ არაფერს ვადგენთ, მაინც არავინ ამბობს ჩვენთვის სასიკეთოდ ერთ სიტყვასაც კი. ჩვენ დაუმსახურებელ დაცვას ხომ არ ვითხოვთ, უბრალოდ სიმართლის მთქმელს ვეძებთ, მაგრამ…
ჩვენ, მასწავლებლები, მუდმივად მითითების ქვეშ ვართ. ამ სიტყვის ხსენებაზე სულ ი.გოგებაშვილის „კურდღლები და ბაყაყები“ მახსენდება. მაგრამ აქ მთავარი ისაა, რომ ჩვენ მათზე უარეს დღეში ვართ. საკმარისია, ვინმე ავტორიტეტულმა, ცნობადმა სახემ რაიმე თქვას და უკვე წამოსულია საყვედურები და რეკომენდაციები ჩვენი მისამართით და მართლა მრჩება განცდა, რომ ჩვენ ყველას „გონებაჩლუნგები“ ვგონივართ. ვერავის დავეთანხმები, რომ ბავშვს რაიმე უნდა ვაიძულოთ, თუნდაც ფიზიკური აქტივობა, რადგან ჩვენ ყველა უნიკალური და ძალიან საჭირონი ვართ ისეთები, როგორი ბუნებაც დაბადებიდან დაგვყვა. გავიხსენოთ დავითის და გოლიათის შებრძოლება. ამ პატარა და გამოუცდელმა მწყემსმა დავითმა, ჩვეულებრივი ქვით დაამარცხა გამოცდილი და ძალიან სახელოვანი გოლიათი. ის უბრალო ქვა ყველაზე უპირატესი და ძვირფასი იყო ყველა ქვას შორის. და მე ვფიქრობ, რომ სწორედ საკუთარი განსაკუთრებულობა უნდა გააძლიეროს ადამიანმა და არა სხვისი მიმბაძველობა. და როგორც არ უნდა იცელქოს, თუ მას სათანადო ცოდნა და გამოცდილება არ ექნება, ვერასოდეს ააშენებს ქალაქებს, ვერასოდეს ჩაიდენს გმირობას, რადგან სულ მცირე, მისი მნიშვნელობა და ფასი უნდა იცოდეს. და რატომ შეგვიძლია ვამტკიცოთ, რომ ჩვენი თვალით აღქმული რეალური და სინამდვილეა, როცა:
„ზოგი საკუთარ ჩრდილში დგება მისივე ნებით
და ჯუჯად თვლიან სულით გოლიათს,
ბავშვობიდანვე ჩუმად დააქვს შეჭრილი ფრთები,
ბრბოს კი რატომღაც, კუზი ჰგონია“.
ჩემთვის გაუგებარია თქვენი (და მე გულწრფელად არ ვიცი, რამდენი ადამიანი მოიაზრება ამ სიტყვაში) შემდეგი მიდგომა, რომ სახელმძღვანელოს წლიური პროგრამის სწავლება სულაც არ გვევალება. არგუმენტი ასეთია, რომ: მთელი პროგრამის უხარისხოდ გავლას ჯობს, ცოტა ასწავლო ბავშვებს და ხარისხიანად. ეს პირდაპირ მოწოდებაა მასწავლებლის მისამართით. და გულწრფელად მაინტერესებს, მართლა ხართ დარწმუნებული თქვენი გადაწყვეტილების სისწორეში და მიგაჩნიათ, რომ ნახევარი ან სახელმძღვანელოს ორი მესამედის გავლა ნორმალურია და არანაირად არ აისახება მოსწავლეზე ან მასწავლებელზე უარყოფითად? რას ფიქრობთ, რა უარყოფითი, ან მინიმუმ, რა დიდი გაუგებრობა შეიძლება ამ მიდგომას მოჰყვეს? რადგან სიტუაციური ამოცანებისა და ქეისების განხილვა ძალიან მოდურია, მოდით, განვიხილოთ შემდეგი ქეისი:
თეო, ეკა, ელენე და ია პარალელური კლასების მასწავლებლები არიან. მათ საკუთარ მოსწავლეებზე დაკვირვების შედეგად გადაწყვიტეს, რომ წლიური პროგრამა მოსწავლეების ინტერესებზე და შესაძლებლობებზე მოერგოთ და პროგრამიდან ამორჩეული თემები საფუძვლიანად დაემუშავებინათ. ასეც მოიქცნენ. ყველა მასწავლებელმა განსხვავებული რაოდენობის თემები დაამუშავა მოსწავლეებთან (სრულად კანონიერად, მათთვის მიცემული რეკომენდაციის შესაბამისად) და მომდევნო წელს, თავისი კლასები სიამაყით გადააბარეს მაია მასწავლებელს. მაია მასწავლებელს აქვს თავისი პროგრამული გეგმა და საკითხები, რომლებიც წელს უნდა დაამუშაოს მოსწავლეებთან და აღმოჩნდა, რომ წელს არათუ იმ დონის თუ კლასის მასალა უნდა ასწავლოს მოსწავლეებს, წინა წლის მასალაც დასამუშავებელი და ასახსნელი ჰქონია. მაიკომ იცოდა, რომ ახალ მასალაზე გადასვლას აზრი არ ჰქონდა და მიჰყვა წინა წლის თემების დამუშავებას. შედეგად, ყველა კლასში სხვადასხვა ადგილასაა და გრძნობს, რომ მშობელთა მხრიდან უკმაყოფილება იწყება. ამას ერთვის ისიც, რომ მისი მოსწავლეების მშობლებს მაგალითად მოჰყავთ სხვა სკოლის მაგალითი, სადაც „ის“ მასწავლებელი ამ წლის პროგრამას მიჰყვება და მისი მეგობრის შვილი უფრო წინაა ამ კონკრეტულ საგანში და მეტი იცის, ვიდრე მისმა შვილმა. მაია მასწავლებელი უხსნის შექმნილი მდგომარეობის მიზეზს, თუმცა მის ამ ქმედებას სათანადო შედეგი მაინც არ აქვს.
- დაასახელე პრობლემა;
- დაასახელე ვინ ან რა ფაქტორია ამ პრობლემის გამომწვევი;
- დაასახელე სტრატეგია, რომლის გამოყენებასაც ურჩევდი მაიკო მასწავლებელს
- ახსენი, როგორ გააუმჯობესებს შენ მიერ შერჩეული სტრატეგია, როგორც მაიკო მასწავლებლის რეპუტაციას, ასევე ზოგადად, სასწავლო სიტუაციას.
დიდი სიამოვნებით წავიკითხავდით, მასწავლებლები თქვენს არგუმენტირებულ პასუხს და შემდეგ ვნახავდით მის პრაქტიკულად განხორციელებას უკვე სკოლაში, რეალურ გარემოში. და პრობლემასთან გამკლავებისას დავაკვირდებოდით. რადგან თქვენი რეფორმების(უკვე ფრჩხილების წერაც მომბეზრდა) შედეგად ასეთი (და არა მხოლოდ ასეთი) პრობლემა ბევრია.
მოკლედ, ჯერ ისე იყოსო, მერე-ასეო. მერე-სულ სხვანაირადო. მერე-იქნებ ასე ჯობდესო. მერე-ვნახოთ და რამე მოვაკლოთო. მერე-რა მოვაკლოთ, დავამატოთო და ასე გრძელდება და გრძელდება.
იცით რატომ ვართ ასეთ დღეში? (ორი კრიტიკოსი)
„ის ერთი -უგულო აზროვნებს უდავოდ.
მეორეს გული აქვს დადის კი უთავოდ.
ნაღდი პოეზია ორივეს სწყურია:
ერთი მთხოვს აზრიანს, მეორე-გულიანს.
მეც ვურჩევ, როგორმე თავები გაცვალონ,
რომ აღარ გაგტანჯონ,
მკითხველო საწყალო“.
და რადგან სიტყვა ქეისი ვახსენე, მინდა, ცოტა რამ ვთქვა გამოცდაზე გამოყენებულ საკითხებზეც. წინა წერილშიც დავაფიქსირე ჩემი მოსაზრება ზოგადად, მაგრამ ახლა უფრო დავაკონკრეტებ. მაგ: ერთ-ერთი „ქეისის“ ბოლოს გვქონდა ასეთი დავალება, რომ უნდა დაგვესახელებინა მასწავლებლის ქმედებიდან ორი დადებითი და ორი უარყოფითი მაგალითი. ასეც მოვიქეცით, დავწერეთ ორი დადებითი და ორი უარყოფითი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ თურმე, მათი სისწორის არგუმენტირებაც უნდა მოგვეხდინა, თუ რატომ ვთვლიდით მას დადებითად ან უარყოფითად. თუმცა, დავალების პირობაში მსგავსი მოთხოვნა არსად ყოფილა მითითებული. იცით რა მაინტერესებს, ანალოგიური შემთხვევა მასწავლებელ-მოსწავლეს შორის რომ ყოფილიყო და მოსწავლეს ამ კონკრეტულ წერაში, პირობაში არ არსებული მოთხოვნის გამო, რვა ქულის ნაცვლად, ოთხი ან ნაკლები ქულა მიეღო და ეს ამბავი თქვენამდე მოეტანა, გაეპროტესტებინა, თქვენ ვის გაამართლებდით? რა თქმა უნდა, მოსწავლეს და ასეც უნდა იყოს! მაგრამ, ჩვენ შემთხვევაში, ჩვენ რატომ დავიმსახურეთ რვა ქულიან საკითხში ოთხი, ან უფრო დაბალი ქულა? დავალების არასრულფასოვნად შესრულების გამო? არა! განა ასეთი რთული იყო მხოლოდ ერთი სიტყვის: ახსენი ან დაასაბუთეს პირობაში ჩაწერა? (ამდენი წლის ნაფიქრ, შედგენილ, გადამოწმებულ ტესტში).
რაც შეეხება ფუნქციურ წერას, მასწავლებლებს გვევალება, მოსწავლეებს ინტერესის აღძვრის მიზნით, საგნის ცხოვრებისეული გამოყენება და საჭიროება ვაჩვენოთ. და ჩვენ, მასწავლებლებს რატომ მოგვეთხოვება სხვანაირად? მოგახსენებთ, რასაც ვგულისხმობ. გამოქვეყნებულ ტესტის ნიმუშში იყო ასეთი სიტუაცია: რომ სკოლის ბიბლიოთეკაში, სადაც (უნიკალურს და მნიშვნელოვანს თავი დავანებოთ) წიგნებია, ჩამოდის წყალი. შედეგად ნადგურდება ბიბლიოთეკა და ჩვენ, მასწავლებლებმა უნდა მივწეროთ დონორ ორგანიზაციას წერილი, სადაც დახმარებას ვითხოვთ და ა.შ. მოკლედ რომ ვთქვათ, ჩვენ ვართ ერთადერთი „გადამრჩენლები“, სხვას არც კი ადარდებს ეს ამბავი.
ან მეორე, რაც გამოცდის მეორე ვარიანტში იყო, რომ სკოლაში განსაკუთრებული საჭიროების მოსწავლეები გვყავს და მათთვის სასწავლო გარემოს შესაქმნელად მაქსიმალურად დავიხარჯეთ მასწავლებლები, რაც შევძელით ის გავაკეთეთ და ვთხოვთ ისევ დონორ ორგანიზაციას, რომ დაგვეხმაროს და აქაც, რომ იტყვიან დედამიწის ზურგზე არავის არ ადარდებს ეს ამბავი და მხოლოდ ჩვენ ვცდილობთ მის მოგვარებას.
მაინტერესებს, რა ვქნა, ეს საკითხები ერთი ადამიანის შედგენილ-დადგენილი ხომ არ არის? ამაზე ხომ რამდენიმე ადამიანი მაინც მუშაობდა, თანაც საკმაო ხნის განმავლობაში. არავის არ დაგებადათ აზრი, რომ პრობლემის ამგვარად ჩამოყალიბება თუ წარმოდგენა სრულად ანტისახელმწიფოებრივი განცხადებაა? რატომ? შეხედეთ, ბიბლიოთეკაში წყალი ჩამოდის, სკოლაში თურმე განსაკუთრებული საჭიროების ბავშვები მოდიან და ეს პრობლემები საერთოდ არ ადარდებს სახელმწიფოს. სადმე იმდაგვარად მაინც ყოფილიყო მოხსენიებული, რომ პრობლემის გამოსწორების რაიმე მცდელობა ჰქონდათ. არა! წარმოიდგინეთ, მსგავსი დავალება რომ შეიტანოს მასწავლებელმა კლასში. პირველივე კითხვა ის იქნება, რომ დირექტორი რას აკეთებს ამ დროს? და პასუხს არავინ დაელოდება, რადგან პასუხი სიტუაციაშია მოცემული.
ან, თითქოს, ასეთი ორგანიზაციების რიცხვი, რომლებიც მომართულნი არიან დასახმარებლად, მართლაც N-ია. ორი წლის წინ, ჩემს კლასში რაღაც პროექტს ვამუშავებდით და სწორედ ასეთი ორგანიზაციების ჯერ აღმოჩენა და შემდეგ ჩვენ პროექტში ჩართვა მინდოდა. ალბათ, ორგანიზაცია აღარ დამრჩა, ვისთანაც მიმოწერა „არ გავაჩაღე“ და ჩვენს პროექტში სიმბოლურ მონაწილეობას ვთხოვდი. არ იფიქროთ, რაიმე გრანდიოზული თხოვნა მქონდა მათთან. ამ ამბავში ჩართული იყო ჩემი მოსწავლის მშობელიც, ისიც დაუკავშირდა „ნაცნობებს“ და პასუხი ყველა მხრიდან ასეთი იყო, რომ დაინტერესების შემთხვევაში დამიკავშირდებოდნენ. ეს იყო და ეს.(არ მახსოვს, რამდენი ქულა დავიმსახურე გამოცდაზე ფუნქციურ წერაში, თუმცა, მშვენივრად გავაგებინე ჩემი წინადადება ადრესატებს. მხოლოდ ეს იყო, რომ მათგან არ გაჩნდა პროექტში ჩართვის სურვილი.(ისე, მგონი, საკმაოდ დაბალი ქულა მივიღე)).
(თუმცა, წლის ბოლოს აღმოჩნდა ერთი კომპანია, რომელიც ჩაერთო პროექტში, ისიც იმ პირობით, რომ არსად არ გაჟღერდებოდა მათი სახელი და მე მადლობის მეტი არაფერი მეთქმის. მაგრამ დარწმუნებული ვარ, იმხელა მასშტაბის დახმარება ან ჩართულობა რომ მეთხოვა, რაც შენობის გადახურვას სჭირდება, არავინ დამთანხმდებოდა, სამწუხაროდ!).
კარგი, დავუშვათ, ვიპოვე დამხმარე ორგანიზაცია ამდენი ხნის მერე და წარმოიდგინეთ, ბიბლიოთეკაში „წვიმს“ და ელოდე ორი წელი მხოლოდ პასუხს… მითხარით, რაიმე აზრი აქვს ფუნქციური წერაში დახელოვნებასა და გაწაფვას? რა თქმა უნდა, არა! ჯერ ერთი, მე ეს სიტყვაც კი (ფუნქციური წერა) არ მქონდა გაგონილი და ჩემი წინადადება მშვენივრად გავაცანი მათ. და მეორე, დამარწმუნა იმაში, რომ რეალურად არ არის საჭირო ფუნქციური წერა, რადგან არ ჰყავს ადრესატი. სკოლაში წყლის ჩამოსვლას, გადახურვას, შეკეთებას და მოსწავლეთა საჭიროებებს, ნამდვილად არანაირი ორგანიზაცია არ აგვარებს. ამ მოვალეობებს ნამდვილად სახელმწიფო ასრულებს და მოდით, ვიყოთ მართალნი საკუთარ თავთან. აქამდე რომელ ჩვენგანს მოუგვარებია მსგავსი პრობლემები დონორ ორგანიზაციაზე წერილის მიწერით? არავის! ასე რომ, აღარ არის საჭირო ეს მუცლითმეზღაპრეობა თუ ტყუილების წერა . ფაქტია, ფუნქციური წერა სრულიად უფუნქციოა! ის მაინც დაგეწერათ, რაიმე პროექტში გავიმარჯვეთ, ეზოს ვალამაზებთ ყვავილებით ან რაღაც მსგავსი და ასეთ დროს მიმართე დონორ ორგანიზაციას დახმარების მიზნითო?!
თანაც, გამოცდამდე გვპირდებოდით, რომ თქვენთვის მთავარი პროცესის აღწერა იყო და არა ფაქტობრივი ცოდნა. მასწავლებლებმა საკუთარი გამოცდილებიდან უნდა დაწეროსო, მაგრამ სხვანაირად მოხდა. თუ მაგალითად „ცხელი სკამი“ დაწერა, უკვე გარანტირებული ქულა იყო, მაგრამ თუ პროცესი აღწერა -გააჩნია გამსწორებელს. წარმოიდგინეთ სიტუაცია: ექიმმა იდეალურად ჩაატარა ოპერაცია, მაგრამ ვერ გიპასუხათ, თუ ვინ მოიგონა ეს მეთოდი და რომელ წელს. რა ერქვა თავდაპირველად მას და ა.შ. მაგრამ ოპერაცია უნაკლოდ დაასრულა. მითხარით, როგორ მოვიქცეთ, რა ქულაზე შევაფასოთ მისი მუშაობა? უმაღლესით? როგორ, მან ხომ ვერ გიპასუხათ იმ მეთოდის ავტორის სახელწოდება? კი, ოპერაცია უნაკლოდ შეასრულა, გეთანხმებით. მაშ, მასწავლებლების შემთხვევაში რატომ მოხდა სხვანაირად?
სტატუსის ასამაღლებელი აქტივობების ჩამონათვალი, პორტფოლიოს ჩამონათვალი გვაქვს. დეტალურად განვიხილავდი თითოეულ მათგანს, მაგრამ ძალიან ბევრი გამოვა. მხოლოდ რამდენიმეს შევეხები. მაგ: კოლეგის გაკვეთილზე დასწრების რეფლექსია. შარშან, ალბათ რამდენიმე მასწავლებლის გარდა, (ვის გაკვეთილზეც დასწრება ვერანაირად შევძელი) ყველას დავესწარი. ამდენი რეფლექსია რა დასაწერია მითხარით ერთი. მიპასუხებთ, რომ შენც რამდენიმე მათგანი დაწერე, ყველას ვინ გთხოვსო. და რა არის ეს რეფლექსია? მოდით ეს ვთქვათ: რა გავიგე, რა ვნახე ახალი, რას გამოვიყენებ ხომ, აბა, სხვა აზრი რა უნდა ჰქონდეს ჩემთვის კოლეგის გაკვეთილზე დასწრებას? და მე ეს ინტერესი რომ არ მქონოდა, ვინმე მაიძულებდა სხვის გაკვეთილზე შესვლას ან დასწრებას? -არა. ჩემი კოლეგის გაკვეთილზე დასწრების მიზანიც ხომ სწორედ ეს იყო. რა საჭიროა ამდენი „არაფრისმომცემი რაღაცის“ წერა, გამაგებინეთ!
პორტფოლიოში ჩვენი შედგენილი ტესტების „ჩაწიკწიკებაც“ ხომ გვევალება. (მაქვს ჩემი შედგენილი ტესტებიც განა არ მაქვს) და დავუშვათ არ მაქვს, შევდივარ სხვა მასწავლებლის ბლოგზე, ვნახულობ ტესტებს, იქ მოცემულ ამოცანაში კაკალს ვცვლი თხილით, ბურთს ვცვლი კანფეტით და მორჩა, უკვე ჩემი ტესტია! ვინმე მეტყვის, რომ არასწორად ვიქცევი? რატომ? როდესაც მაქვს ერთ ან ორმოქმედებიანი ამოცანა შესადგენი, რა მნიშვნელობა აქვს ახალს მოვიგონებ თუ არსებულს შევცვლი? ან ვიყიდი რამდენიმე ტესტების კრებულს, სხვადასხვა საკითხებს ამოვარჩევ, იქაც შევცვლი-შემოვცვლი რაღაცებს და უკვე მზადაა ჩემი „დიდი ფიქრისა და გარჯის“ შედეგად შექმნილი ტესტები საქაღალდეში მოსათავსებლად.
მეტყვით, თუ ეგეთი მარტივია, რაღას წუწუნებ, გააკეთეო. მე იმიტომ ვწუწუნებ, რომ ამას დამატებით დრო და ენერგია სჭირდება, რომელიც კიდევ მიმოკლებს ჩემს მოსწავლეებთან საკონტაქტო პროდუქტიულ პერიოდს და მათზე საფიქრალ დროს, თან საკმაოდ დამღლის. ან ტესტის შედგენა ასეთი მარტივი საქმეა? უნდა გაითვალისწინო საკითხების სირთულე, რაობა. შრიფტის სიდიდე, სიტყვებს შორის დაშორება. მანძილი სავარჯიშოებს შორის და ა.შ. კარგი ტესტის შესადგენად პროფესიონალთა გუნდია საჭირო. მე პირიქით, ის არ მომწონს, რომ ასე უბრალოდ ვუყურებთ ამ საკითხს. თან ამდენი ხანი ფიქრობ და ვერ წყვეტ ვიმსახურებ თუ არა სტატუსს და პროგრამის ჩემეულად გარდაქმნას, შეცვლას, დამატებითი ტექსტების არჩევას, შესაბამისი ტესტების შედგენას კი მანდობ. არადა, თუ მე წიგნს „გვერდზე გადავდებ“ და ნაწარმოებებს ჩემი შეხედულებით ვასწავლი, შევურჩევ დავალებებს… აბა, წიგნის ავტორობაც შემძლებია და ეგ არის. ისევ კითხვა მებადება, მე თუ ამდენი რამ ასე კარგად გამომდის და თქვენ სრულ ნდობას მიცხადებთ და მენდობით, გამოდის, ძალიან კომპეტენტური, პროფესიონალი, ჩემი საქმის კარგი მცოდნე და სადღაც წიგნის ავტორიც ვყოფილვარ. მაშ, რატომ მავალებთ საცერით წყლის მოტანას? მეტი რაღა მომეთხოვება?
შეუძლებელი არაფერია, არც გამოცდის ჩაბარება და არც პორტფოლიოს შედგენა, მაგრამ დროს მოითხოვს, დროს და რაც მთავარია ჩვენი მოსწავლეებისთვის საერთოდ არაფრის მიმცემია.
უამრავი შემოთავაზება მოდის უკვე პედაგოგთა ელ.საქაღალდეების მომზადებაში დახმარების გასაწევად. ცხადია, ეს „დახმარება“ ფასიანია და როგორ შეიძლება, ეს თემა ასეთი სპეკულირების საგანი გავხადოთ. პრობლემა იცით რაშია? უნდა იყოს მასწავლებელთა გარკვეული აქტივობები, რომლებიც ყველასთვის სავალდებულო იქნება და არა ასე უეცრად წამოსროლილი. რადგან თქვენ ამაშიც „სრულ თავისუფლებას გვაძლევთ“, რა ქნას ბავშვმა, რომელსაც „ინერტული“ მასწავლებელი შეხვდა. რა გამოდის, რომ ის უკვე „განწირულია“. აი, სწორედ ასეთი მიდგომა უნდა იყოს მასწავლებელთა მიმართ და არა ისეთი, თუ გინდა ხელფასი მოგემატოს, ასე და ისე მოიქეციო. თუ ასეთი მასწავლებელი არსებობს (რომელიც ბავშვებს „წირავს“) იმოქმედეთ შესაბამისად. გაააქტიურეთ იმ დოზით, რამდენიც მოეთხოვება ბავშვების სასიკეთოდ!
ზემოთ ვახსენე, რომ არაფერია შეუძლებელი და ნამდვილად ასეა. დამიჯერეთ, არცერთი მასწავლებელი არ გააპროტესტებს გამოცდას, როცა ეცოდინება, რომ ძალიან კომპეტენტური ტრენერი სწორედ იმ მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავს, რომელიც მისი საქმიანობისთვისაა აუცილებელი და არა ის, შარშან რომ იყო, ვინ რა ტრენინგს უტარებდა და რამდენ რამეს ისმენდნენ მათზე მინდობილი მასწავლებლები, ვინ იცის. მათგან ამ დახმარებას უსასყიდლოდ კი არავინ ითხოვს, არა, თანხასაც გადაიხდიან, ოღონდ პროფესიონალი და პასუხისმგებლიანი ტრენერი იყოს. ყველა მასწავლებელს სურს, რომ ხვალ უკეთესი იყოს საკუთარი მოსწავლისთვის და (არა ვინმესთვის თავის მოსაწონებლად) ვიდრე დღეს არის იგი.
ადრეც გითხარით, რომ არ მომწონს თქვენს წინ პორტფოლიოს დაცვა. „რეპორტაჟი ტაშის მოყვარულთათვის თოჯინების თეატრიდან“- მაგ ლექსს მაგონებს.
მაპატიეთ, თუ ზოგიერთების გაბრაზებას ვიწვევ ჩემი წერილებით, მაგრამ ჩვენი პოზიციის გამოხატვა და აზრის დაფიქსირება ამ თემატიკაზე თავად არ გვთხოვეთ სკოლაში გადმოგზავნილი წერილით? ჰოდა, გპასუხობთ:
„რა საჭიროა რომ მეკითხებით
„როგორ ბრძანდებით?“
თუკი ჩემს პასუხს
არ მოისმენთ და ისე წახვალთ?
გაოგნებული, გულდაწყვეტილი,
ქუჩაში ვბორგავ დაყრილი ფრთებით,
ენაზე მადგას პასუხი: „ვკვდები!“
მაგრამ თქვენ უკვე არ გესმით ჩემი.
რა საჭიროა, რომ მეკითხებით
„როგორ ბრძანდებით?“
და აჰა, გეუბნებით, რომ „ცუდად ვბრძანდებით, ჩვენ, მასწავლებლები!“. უსამართლობის განცდა გვაქვს. წარმოუდგენელია ჩვენს მდგომარეობას სათანადო რეაგირება არ მოჰყვეს თქვენი მხრიდან. ჩვენ ყველა მასწავლებელს, ახლანდელსაც და მომავალსაც გზას დავულოცავთ, მაგრამ ნუ გვამყოფებთ დაჩაგრულის და უგულვებელყოფილის მდგომარეობაში. სიმართლე ერთია. არ არსებობს ნახევარი სიმართლე.
მართალია, ჩვენ ვიცოდით, რომ გამოცდა უნდა ჩაგვებარებინა, მერე პორტფოლიო, მაგრამ არ ვიცოდით, რომ ასე არათანაბარ პირობებში, ამდენი შეცდომის დაშვებით ჩაივლიდა ეს „ნანატრი“ გამოცდა და არც ის ვიცოდით, რომ პორტფოლიოს მომზადება ამდენ ჟონგლიორობასა და აკრობატიკას მოითხოვდა ჩვენგან.
პირადად ჩემი აზრია, რომ გამოცდაჩაბარებულ წამყვან მასწავლებლებს ყოველგვარი ყოყმანის გარეშე უნდა მიანიჭოთ მენტორი მასწავლებლის სტატუსი. რადგან ეს ადამიანები თქვენ ერთხელ უკვე შეამოწმეთ, დაესწარით გაკვეთილზე, წარმოადგინეს კვლევა, დაესწრნენ უამრავ ტრენინგს (ამ ყველაფერს იმდენი დრო სჭირდებოდა, რომ ოჯახის წევრები ვეღარ ცნობდნენ მათ). ანუ, ეს „ეკლიანი გზა“ უკვე გავლილი აქვთ. ჩემს კოლეგებს, ამგვარ მოლოდინში მყოფებს, ნამდვილად ულაპარაკოდ ეკუთვნით მენტორის წოდება.
ახლა დანარჩენებმა რა დააშავეს, ვინც წამყვანის, ან უფროსობიდან მენტორის ზღვარი გადალახა? ხომ დაგიმტკიცათ ყველამ, რომ შესაბამისი ცოდნაც და უნარები აქვთ? სიმართლე და ჭეშმარიტება ერთია და ის ყველასია. ყველას თანაბრად ეკუთვნის!
„ნახევრად ვინ რა აღმოაჩინა,
ან ნახევარი რაა დიდება…
სრული სიცრუე უფრო გაშინებს,
თუ ნახევარი ჭეშმარიტება?
„ვინ თქვა ნახევრად ძლევა მწვერვალის
ან სანახევროდ ვინ თქვა მიზანი?
სულ სწორი იყოს შენი გზა, ამინ!
ეშმაკისაგან გაუჭლიკავი
და თუ იქნები ნახევრად რამე,
მაშინ ნახევრად ღმერთი იყავი“.
მაშინ, როდესაც საგამოცდო ლიტერატურას ამდენად ამცირებ და ზრდი საგამოცდო დროს, ეს უკვე იმის აღიარებაა, რომ რაღაც უკეთესობისკენ გინდა შეცვალო. ვაღიაროთ, რომ წლევანდელ გამოცდაზე გამსვლელი მასწავლებლები, ჩვენზე ბევრად უპირატეს მდგომარეობაში არიან და წარმოუდგენელია, ჩვენ და მათ მიმართ ერთნაირი მოთხოვნები გქონდეთ. წარმოუდგენელი და დაუშვებელია!
მასწავლებელმა რომ ჩაუტაროს ბავშებს „სარეიტინგო წერა“ ან მოკლედ, მნიშვნელოვანი წერა. ერთ ნაკადს ბევრი საკითხი და მცირე დრო რომ მისცეს, მეორე ნაკადს კი საკითხებიც შეუმციროს და სამუშაო დროც გაუზარდოს, რას იტყვიან იმ მასწავლებელზე? მის სამართლიანობაზე? სანდო და სასურველი მასწავლებელი იქნება ვინმესთვის?, რა თქმა უნდა, არა!
ამ ყველაფერს იმიტომ კი არ ვწერ, რომ „ლიტერატურის ტალღებზე ვზივარ, ცას მიყრდნობილი ვეღარ ვგრძნობ ფეხებს“, ან დონ კიხოტივით ქარის წისქვილებს ვეომები, ან პირადი მიზნები მამოძრავებს. მე ჩემს საქმეზე დიდად შეყვარებული ვარ და მაწუხებს ყოველი მისი ტკივილი და პრობლემა. ასე ვართ მასწავლებლები, ბევრი და ბევრზე ბევრნი… ჰოდა: „დღეს სათქმელი არაფერი გვაქვს. ხვალ რომ გვქონდეს, დღეს ნიღბები უნდა გადავყაროთ და საკუთარ თავზე მწარე სიმართლე ვუთხრათ“.(ჯ. ქარჩხაძე).
მეც გოდერძი ჩოხელის ერთ-ერთი პერსონაჟი მღვდელი შიასავით „ყვავი“, მუხრან მაჭავარიანის სიტყვებს ჩამძახის სულ და სიმართლის თქმისა და დაწერისკენ მომიწოდებს. დადუმებული, დაჩაგრული მასწავლებლის მოსწავლეებისთვის დათო ტურაშვილის „ჯინსების თაობა“ მხოლოდ თაროზე შემოსადები წიგნი იქნება, რადგან ასეთი მასწავლებელი ვერასოდეს გაუღვივებს იმედს საკუთარ მოსწავლეებს, რომ „ისინი გადალახავენ ზღვას“.
მე ადრეც ვთქვი, რომ არ მომწონს თქვენს წინაშე პორტფოლიოს დაცვა. გრიგოლ ხანძთელს მონასტრის წინამძღოლობა რომ შესთავაზეს არ ჩათვალა თავი ამხელა წოდების ღირსად „ასაკითა სრულ და სულითა უბიწო“ და მე რას ვაკეთებ ისეთს, რომ ასეთი თავმოწონებით წარვდგე თქვენს წინაშე. (რადგან რეფლექსია დავწერე და ტესტები შევადგინე?) ჩვენ ხომ ისედაც ვავსებთ და ვქმნით ჩვენს პორტფოლიოს ჩვენი საქმიანობით, სიტყვით, გადაწყვეტილებით. სამწუხაროდ, მასზე უფრო ნაკლებად ვზრუნავთ და ვწუხვართ. არაფრისმომცემ საქაღალდეს კი საუკეთესო დრო და წლები უნდა დავუთმოთ. მაგრამ სქემით, რაც თქვენ მასწავლებლებს წარუდგინეთ, ყველას აქვს უფლება, თავისი ადგილი მოითხოვოს იქ!
იმედი მაქვს, რომ ზუსტად მიმიხვდით, რაც მაწუხებს. ბევრი მეტყვის: „მიგიხვდი, ჩემო მოხევე, რა ნესტარითაც ხარ ნაკბენი“(ი.ჭავჭავაძე) და ჩემს სიტყვებს ქვენა აზრებს და ბოროტ ზრახვებს არავინ დასწამებს!
„ნათქვამი „ჩემი“(ვცვლი ერთ სიტყვას)
ვითარცა სხვათა,-
არ გახდეს რათა
სხვების და სხვების
„გულისმიერი“
განხილვის მსხვერპლი“…
დასასრულს კი გკითხავთ:
„საკითხავია, რას ვეტყვით შორეთს,
ხვალინდელ მსაჯულს და ისტორიას?
სწორი პასუხი სადაა თორემ,
კითხვა ისედაც ყველა სწორია.
განა ცოტაა სადიდებელი?
მაგრამ სიცრუე მეტია ასჯერ.
არც მსაჯული ვარ, არც ბრალმდებელი,
პირიქით, მგონი, მე ვიხდი სასჯელს“…
ავტორის სხვა წერილები:
ქართული ხალხური ზღაპრები როგორც სააღმზრდელო საშუალება – „რატომ სწავლობთ ზღაპარს მერვე კლასში?“
რის ფასად მიიღწევა დღეს მასწავლებლობა – პედაგოგის წერილი მშობლებს
როგორია და როგორი უნდა იყოს მშობლის ჩართულობა შვილის სასწავლო პროცესში და სკოლის მიღმა
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება