GE

„ეს  არც ისე იოლია, როგორც ჰგონიათ“ – პედაგოგის ინსტრუქცია დამწყებ მასწავლებელს სკოლაში შესვლამდე

იმისთვის, რომ დამწყებმა პედაგოგმა პროფესიული საქმიანობის წარმართვა დამოუკიდებლად შეძლოს და არ საჭიროებდეს კოლეგების მუდმივ დახმარებას, აუცილებელია, კარგად იყოს გარკვეული იმ საქმეებში, უფლებებსა თუ მოვალეობებში, რისი შესრულებაც მოუწევს.

როგორც მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პედაგოგები ამბობენ, დამწყებების ინფორმირების საუკეთესო გზა საქართველოს კანონმდებლობაში არსებული გარკვეული დოკუმენტებისა თუ ჩანაწერების გაცნობაა. რას მოიცავს ეს დოკუმენტები, რისთვის და რატომ არის აუცილებელი მათი ცოდნა და ზოგადად, რა არის ის, რაც დამწყებმა პედაგოგებმა საკუთარი კოლეგებისგან და მათ გარეშეც უნდა ისწავლონ? ამ საკითხებზე ვესაუბრეთ ბაია მაჩიტიძეს, ქუთაისის #33-ე საჯარო სკოლის დაწყებითი განათლების მასწავლებელს, რომელსაც 15-წლიანი პედაგოგიური გამოცდილება აქვს.

– ბაია, შეგიძლიათ გაიხსენეთ, რა იყო თქვენთვის მთავარი გამოწვევა, როცა მასწავლებლის პროფესიაში იკიდებდით ფეხს და რა გამოწვევები აქვთ დამწყებ პედაგოგებს დღეს?

– პროფესიაში შევედი წლების წინ, დაახლოებით 15 წლის წინ. ჯერ კიდევ ვსწავლობდი მაგისტრატურაზე. ვთვლიდი, რომ იმ დროისთვის სათანადო საგნობრივი ცოდნა მქონდა, მაგრამ არასაკმარისი გამოცდილება. როცა სკოლაში დავსაქმდი, მთავარი გამოწვევა ჩემთვის კარგად ორგანიზებული გაკვეთილის ჩატარება იყო. ეს  არც ისე იოლა, როგორც ჰგონიათ. მაშინ ნაკლებად ხელმისაწვდომი იყო ინტერნეტსივრცე და მეთოდური ორიენტირები, დღეს პროფესიული განვითარების უფრო მეტი შესაძლებლობები აქვთ პედაგოგებს.

– რომელია ის ფუნდამენტური დოკუმენტები, რომელების გაცნობის რეკომენდაციასაც დამწყებ პედაგოგებს მისცემდით და დაასაბუთეთ, რატომ და რისთვის უნდა გაეცნონ ამ დოკუმენტებს?

– პროფესიაში შემსვლელთათვის ბევრი დოკუმენტების ცოდნაა აუცილებელი, მაგრამ მათ შორის მნიშვნელოვანია იცნობდეთ:

  • ზოგადი განათლების შესახებ კანონი. რომელიც ფუნდამენტური დოკუმენტია. ეს კანონი აწესრიგებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მუშაობასთან დაკავშირებულ ბევრ საკითხს, რომელთა ცოდნა აუცილებელია;
  •  ეროვნულს სასწავლო გეგმა. ეს გახლავთ უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი, სადაც პედაგოგი ეცნობა ძირითად საგანმანათლებლო პრინციპებს, ადმინისტრაციულ და კონცეპტუალურ საკითხებს;
  •  მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსი. მასწავლებელი უნდა ფლობდეს ცოდნას პროფესიული ქცევის წესების შესახებ, რა უფლება-მოვალეობა აქვს და როგორ უნდა არეგულიროს ქცევა კოლეგებთან, მოსწავლეებთან და მშობლებთან, ეს დოკუმენტი სწორედ ამ კითხვებზე გასცემს პასუხს დამწყებ პედაგოგს.

– როგორ ფიქრობთ, რა უნდა ისწავლონ თქვენგან, როგორც გამოცდილი პედაგოგებისგან?

– პირადად მე, ბევრი რამ ვისწავლე გამოცდილი პედაგოგებისგან. დამწყები პედაგოგი მზად უნდა იყოს კოლეგასთან თანამშრომლობისთვის და მისი რჩევა კოლეგიალურად უნდა მიიღოს. რაც არ უნდა კარგი თეორიული ცოდნა გააჩნდეს დამწყებ პედაგოგს, მას მაინც შეხვდება პრაქტიკულ საკითხებთან დაკავშირებული სირთულეები და ამ სირთულეების აღიარების არ უნდა მოერიდოს.

გამოცდილი პედაგოგისგან დამწყებმა პედაგოგმა შეიძლება ისწავლოს: კლასის მართვა, მშობლებთან ურთიერთობის სხვადასხვა ხერხი, კოლეგებთან თანამშრომლობის აუცილებლობა/მნიშვნელობა. მიხვდეს რას მიაქციოს ყურადღება მოსწავლეებთან ურთიერთობისას, როგორ იქმნება მოსწავლეზე ორიენტირებული გარემო და როგორ იგეგმება ეფექტური გაკვეთილი. მოკლედ, გამოცდილი კოლეგისგან ბევრი რამ შეიძლება ისწავლო, გააანალიზო და გამოიყენო.

– რას ეტყოდით იმ მასწავლებლობის მსურველებს, რომლებიც ორჭოფობენ და ვერ გადაუწყვეტიათ შემოვიდნენ თუ არა ამ პროფესიაში. თქვენ რა უპირატესობებს ხედავთ მასწავლებლობაში, ეს პრივილეგიაა?

– დღევანდელი გადმოსახედიდან თუ შევაფასებთ, მასწავლებლის პროფესია დღეს არის ძალიან შრომატევადი, მაგრამ საინტერესო და შეიძლება ითქვას ღირებული.

ამ პროფესიაში შესვლისას, ცოდნასთან ერთად, მთავარია სიყვარული, როგორც პროფესიის, ასევე ადამიანებისადმი. შემდეგ მთავარია მონდომება და სიახლის მიღების სურვილი. მათ, ვისაც არჩეული აქვს ან მომავალში აირჩევს ამ პროფესიას ვეტყვი, რომ თუ უყვარს შრომა, აქვს პასუხისმგებლობის უნარი და მხოლოდ მატერიალურ მოთხოვნილებების დაკმაყოფილება არ სურს, მაშინ სწორი გადაწყვეტილება მიუღია.

– მიმართეთ მომავალ კოლეგებს, რა იქნებოდა თქვენი გზავნილი?

– ვუსმენთ მოსწავლეებს, ვაანალიზებთ პროცესებს, ვიკვლევთ საკუთარ საქმიანობას, ვეცნობით სიახლეებს, ვიღებთ რჩევებს, ვარეგულირებთ საკუთარ ემოციებს და გვაქვს პასუხისმგებლობა. ესაა ჩვენი საქმიანობა. კოლეგებო, გისურვებთ წარმატებას!

ასევე იხილეთ;

„გაჯეტებთან ბრძოლა, ალბათ, მთავარი გამოწვევა იქნება“ – როგორ ხედავს დაწყებითი კლასების მომავალი მასწავლებელი საკუთარ მისიას

21 წლის მასწავლებლობის მსურველი: „არის რაღაცები, რასაც არ ვისწავლიდი უფროსი ასაკის პედაგოგებისგან..“

„ისტორიის საგანს ისტორიკოსები უნდა ასწავლიდნენ და არა სხვა პროფესიის წარმომადგენლები“ – მასწავლებლობის ახალგაზრდა მსურველი მესტიიდან

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური