GE

„ეს ოცნება ისევ ოცნებად დარჩა“- ინტერვიუ თსუ–ის პირველი სტუდენტის შთამომავალთან

ნათელა ნიკოლაძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი სტუდენტის, მედეა ღამბაშიძის შვილი და უნივერსიტეტის ერთ–ერთი პირველი ლექტორის ვანდა ღამბაშიძის შვილიშვილია. სწორედ მედეა ღამბაშიძე იყო პირველი, ვისაც სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი სტუდენტური ბარათი მისცეს, თუმცა მას უნივერსიტეტის დამთავრება არ დასცალდა და მხოლოდ სამი წელი სწავლობდა. შემდეგ კი მთელი ოჯახი ემიგრაციაში წავიდა. მისი ბაბუა ვახტანგ ღამბაშიძე კი პირველი რესპუბლიკის ხანაში თბილისის უნივერსიტეტის ჰიგიენის კათედრას ხელმძღვანელობდა. უკვე დღეს კი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას მისი შვილი ნათელა ნიკოლაძე დაესწრო. ის საფრანგეთში ცხოვრობს და  საქართველოში სპეციალურად დღევანდელი დღისთვის ჩამოვიდა. EDU.ARIS.GE-მ მასთან ხანმოკლე ინტერვიუს ჩაწერა მოახერხა:

–ქალბატონო ნათელა, რა გრძნობაა იყოთ დღეს იმ უნივერსიტეტში, სადაც 100 წლის წინ დედათქვენმა, უნივერსიტეტის პირველმა სტუდენტმა, დაიწყო სწავლა?

–ძალიან საამაყოა ჩემთვის დღეს აქ ყოფნა. დედაჩემი, ბაბუაჩემი და ბებიაჩემი, მთელი ჩემი ოჯახი იყო ეს უნივერსიტეტი. დღეს მე, უსათუოდ, აქ უნდა ვყოფილიყავი და სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოვედი.

რას გიყვებოდათ დედა უნივერსიტეტის პირველი დღეების შესახებ?

–საქართველოზე ჩემს ოჯახში ბევრს საუბრობდნენ, ყოველთვის. სულ ლაპარაკობდნენ ქვეყანაზე, ხალხზე, ხილზე, რომ აქ ეს ყველაფერი საუკეთესოა და რომ საქართველოზე უკეთესი ქვეყანა არ არსებობს. მან ეს ყველაფერი დაწერა, დაწერა როგორი იყო მისი პირველი დღე უნივერსიტეტში. მე ეს ყველაფერი, რაც მქონდა და რაც მნიშვნელოვანი იყო, გადავეცი უნივერსიტეტის არქივს.

თქვენ რა იცით მათი გადმოცემიდან?

–საქართველოზე ყოველთვის ლაპარაკობდნენ, მაგრამ მერე უკვე ძალიან რთული ცხოვრება დადგა, ომი იყო, ფული არ გვქონდა. კონსტანტინეპოლიდან, სადაც წითელ ჯვარში მუშაობდნენ, რომ ჩამოვიდნენ პარიზში,  უკვე ძალიან რთული დღეები გვქონდა. ისეთი გაჭირვება იყო, უნივერსიტეტზე საუბარს ვერ ახერხებდნენ. მე მათი მონათხრობიდან ბევრი არაფერი ვიცი. მხოლოდ ის, რომ ბებია იყო პირველი პროფესორი და ივანე ჯავახიშვილის თხოვნით, ინგლისურ ენას ასწავლიდა და მხოლოდ ის, რომ საქართველო ძალიან კარგი ქვეყანა იყო.

დედას, ბებიას და ბაბუას კვლავ სურდათ საქართველოში დაბრუნება?

–უსათუოდ. მათი ოცნება იყო საქართველოში დაბრუნება. ჩვენ როცა პატარები ვიყავით, სულ გვეუბნებოდნენ რომ ქართული გვესწავლა. ვისწავლეთ კიდეც, რადგან როცა საქართველოში დავბრუნდებოდით და უსათუოდ დავბრუნდებოდით, სირცხვილი იქნებოდა რომ არ გვესაუბრა ქართულად. თუ დავრჩებოდით საფრანგეთში, მაშინ ფრანგულს სკოლაში ვისწავლიდით. ეს ოცნება ყოველთვის გვქონდა, სამწუხაროდ, ეს ოცნება დარჩა ოცნებად…

EDU.ARIS.GE-მ მოიძია ნაწყვეტი მედეა ღამბაშიძის ჩანაწერებიდან:

“ჩავეწერე სიბრძნის მეტყველების ფაკულტეტზე. მახსოვს, მინდოდა ყველა ლექციის მოსმენა, აკაკი შანიძის ლექციით დავიწყე. მისივე რჩევით დავიწყე სომხური ენის სწავლა. 3 გაკვეთილის შემდეგ გადავედი არაბულზე. გ. ახვლედიანთან დავიწყე სანსკრიტის სწავლა. ძალიან მომწონდა ლურსმული წერა. მახსოვს, კიდევ შალვა ნუცუბიძის სიცოცხლით სავსე ლექციები ფილოსოფიაზე და დიტო უზნაძის ნაზი, საინტერესო ლექციები ფსიქოლოგიაზე. ვისმენდი აგრეთვე ბატონი ივანე ჯავახიშვილის ლექციებს საქართველოს ისტორიის შესახებ”.

“ეს რა დამხვდა ჩემო თსუელებო, ეს ის უნი აღარაა…”

მოამზადა ქეთი გიგოლაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური