GE

ფონდი „ქართუს“ მიერ დაფინანსებულ ქუთაისის უნივერსიტეტს ავტორიზაცია ავტომატურად მიენიჭება

„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ კანონით განსაზღვრული ავტორიზაციის წესი, ფონდი „ქართუს“ მიერ დაფინანსებულ ქუთაისის უნივერსიტეტს არ შეეხება.

საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, მშენებარე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს ავტორიზაცია ავტომატურად, უნივერსიტეტის წესდებისა და სამეცნიერო საბჭოს დებულების დამტკიცებისთანავე მიენიჭება. გარდა ამისა, ზედამხედველობასაც უნივერსიტეტს არა განათლების სამინისტრო, არამედ მთავრობა გაუწევს. ეს ჩანაწერი უმაღლესი განათლების შესახებ კანონში გაკეთდა.

ამის მიზეზად „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შექმნის შესახებ“ კანონში, უნივერსიტეტის განსაკუთრებული თავისებურებაა დასახელებული და აღნიშნულია, რომ „განათლებისა და მეცნიერების სფეროებში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობა უნივერსიტეტზე ვრცელდება ამ კანონით განსაზღვრული თავისებურებების გათვალისწინებით.

პარლამენტმა საშემოდგომო სესიაზე, ქუთაისის ყოფილი ტექნოლოგიური უნივერსიტეტის სახელის ცვლილებასთან ერთად, რამდენიმე საკანონმდებლო ცვლილებაც განახორციელა, მათ შორის ცვლილება შევიდა „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში, რომელის თანახმადაც დადგენილი ავტორიზაციის წესი, ახალ უნივერსიტეტზე არ გავრცელდება და ასევე ცვლილება შევიდა “უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონში.

უმაღლესი განათლების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილების ტექსტში საუბარია ახალი უნივერსიტეტის ავტორიზაციასა და საგანმანათლებლო პროგარემების აკრედიტაციაზე, რომელიც „ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განხორციელდება და არა სხვა უმაღლესი სასწავლებლებისთვის დადგენილი წესით.

„მუხლი 566. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავტორიზაციას და საგანმანათლებლო პროგრამები აკრედიტაციას გადის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“. 9. 63-ე მუხლის 12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „12. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ განხორციელებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე არ ვრცელდება ამ კანონით დადგენილი აკრედიტაციის წესები.“. 10. 801 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მაგისტრანტები მიზნობრივად ფინანსდებიან სახელმწიფო გრანტით, რომლის ოდენობის შესახებ გადაწყვეტილებას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის აღმასრულებელი დირექტორის წარდგინებით იღებს საქართველოს მთავრობა“, – ვკითხულობთ კანონში.

პარლამენტის მიერ „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში, მიღებული ცვლილებები კი ასე გამოიყურება:

მუხლი 1. „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №47, 05.08.2010, მუხ. 301) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ახორციელებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების (გარდა საჯარო სამართლის იურიდიული პირისა – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა (შემდგომ – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი)) ავტორიზაციას და მათი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციას;“.

2. მე-8 მუხლის 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „11. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავტორიზაციას მოიპოვებს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“.

3. მე-17 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამები აკრედიტაციას გადის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“.

რაც შეეხება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლებრივ სტატუსს,  ის კანონის მიხედვით ასეა განსაზღვრული:

მუხლი 3. უნივერსიტეტის სამართლებრივი სტატუსი და სტრუქტურა

1. უნივერსიტეტი არის სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისგან განცალკევებული, საქართველოს მთავრობის სახელმწიფო კონტროლისადმი დაქვემდებარებული და ამ კანონით დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც დამოუკიდებლად ახორციელებს საგანმანათლებლო პროგრამებსა და სამეცნიერო კვლევებს.

2. უნივერსიტეტის, როგორც უმაღლესი საგანმანათლებლო კვლევითი დაწესებულების, სტრუქტურა და მისი სტრუქტურული ერთეულების უფლებამოსილებანი განისაზღვრება უნივერსიტეტის წესდებით, რომელსაც უნივერსიტეტის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოსთან (შემდგომ – საერთაშორისო მრჩეველთა საბჭო) და უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭოსთან (შემდგომ – სამეცნიერო საბჭო) შეთანხმებით, უნივერსიტეტის აღმასრულებელი დირექტორის (შემდგომ – აღმასრულებელი დირექტორი) წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

3. უნივერსიტეტი ავტორიზებულად ითვლება უნივერსიტეტის წესდებისა და სამეცნიერო საბჭოს დებულების დამტკიცებისთანავე.

ქუთაისისთვის საერთაშორისო უნივერსიტეტის დაარსების იდეა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის. პროექტის პრეზენტაცია 2016 წლის 8 სექტემბერს გაიმართა, თუმცა აქტიური სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წელს დაიწყო. უნივერსიტეტის მშენებლობას სრულად აფინანსებს ფონდი „ქართუ“ და მისი სავარაუდო ბიუჯეტი მილიარდი ევროა.

ფონდის წარმომადგნელების განცხადებით, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ახალი სახელმწიფო უნივერსიტეტი პირველად ფუძნდება და საგანმანათლებლო სივრცე სტუდენტების პირველი ნაკადის მისაღებად 2020 წლის სექტემბერში იქნება მზად.  მათივე თქმით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მოდელი შემუშავებულია მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობით.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პრეზენტაციისას, განაცხადეს, რომ დაწესებულება უკვე აქტიურად თანამშრომლობს სამეცნიერო დარგში მსოფლიოს წამყვან სასწავლო და სამეცნიერო ცენტრებთან. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი იქნება სამეცნიერო და სასწავლო სერვისების წამყვანი პროვაიდერი, მეცნიერების და ტექნოლოგიების საერთაშორისო ცენტრი მთელს რეგიონში. ის გახდება საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში საქართველოს პოზიციონირების უმნიშვნელოვანესი კომპონენტი.

უნივერსიტეტის მართვის სისტემა, საგანმანათლებლო მიმართულებები, მკვლევართა და ლექტორთა შერჩევის წესი შესაბამისობაში იქნება მიუნხენის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (Technical University of Munich, TUM) მართვის სისტემასთან, რომელთანაც ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქი 2017 წლიდან თანამშრომლობს.

პროექტის პირველ ფაზაში 170 ათასი კვადრატული მეტრის ფართის შენობა-ნაგებობები შენდება, რომელიც 3 სასწავლო კორპუსს, 3 სტუდენტურ საერთო საცხოვრებელს, საცხოვრებელ კორპუსს პროფესორ-მასწავლებელთათვის, ცენტრალურ ბიბლიოთეკას და სასადილოს მოიცავს. შემდეგ ეტაპებზე დამატებით 2 სასწავლო კორპუსი აშენდება – ადრონული თერაპიის ცენტრი, საუნივერსიტეტო კლინიკა, ლაბორატორიები და სამეცნიერო-კვლევითი დანიშნულების სხვა ობიექტები.

უნივერსიტეტს უკვე ჰყავს მეორე რექტორიც (წინა რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ყოფილი განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილე თეიმურაზ მურთულია იყო) და ეს ალექსანდრე თევზაძეა.

მოამზადა თამთა ვირსალაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური