GE

გადამუშავდება ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტები – რას გეგმავს სახელმწიფო ბიუჯეტის თანახმად

2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველადი პროექტის განხილვა საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში უკვე დასრულებულია და როგორც EDU.ARIS.GE-მ 24 ოქტომბერს გაარკვია, ამ ეტაპზე პარლამენტში საკომიტეტო განხილვების შედეგად შესწორებულ ვარიანტს ელოდებიან, რის შემდეგაც გადამუშავებული დოკუმენტის განხილვა როგორც საკომიტეტო, ისე სასესიო ფორმატში უნდა განხორციელდეს, ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტი კი დეკემბრის თვეში დამტკიცდება.

ჩვენ არაერთი მიმართულებით გავაცანით მკითხველს განათლების ბიუჯეტი და დღეს ადრეული და სკოლამდელი განათლებას შევეხებით. „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ მთავრობის მიერ პარლამენტში წარდგენილ პირველად დოკუმენტში ადრეული და სკოლამდელი განათლების მიმართულებით განსახორციელებელი აქტივობების ვრცელი ჩამონათვალია წარმოდგენილი. ნაწილი (თუ სხვა წლების ბიუჯეტის პროექტებს შევადარებთ) ძველი და ჯერ ვერ შესრულებული, ნაწილი კი ახალი გარემოებებით ნაკარნახევი დაპირებაა, რომელთა განხორციელებამაც საქართველოში ადრეული და სკოლამდელი განათლება უნდა დახვეწოს.

განათლების სისტემის განვითარების მხრივ კი მთავრობას ასეთი დამაიმედებელი პროგნოზი აქვს: “განათლებისა და მეცნიერების მიმართულებებით განხორციელდება რეფორმის მომდევნო, მრავალმხრივი ეტაპი. შეიქმნება ისეთი განათლების სისტემა, რომელიც მდგრადი განვითარების მიზნების შესაბამისად, ბავშვების, სტუდენტების, ახალგაზრდებისა და ზრდასრულების სათანადო თეორიული ცოდნით აღჭურვასა და მათთვის პრაქტიკული და შემოქმედებითი უნარების გამომუშავებასთან ერთად უზრუნველყოფს მათი სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას და მათ მიერ ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების სიღრმისეულად გააზრებას. ქვეყნის გრძელვადიანი ეკონომიკური და საზოგადოებრივი წინსვლის უმთავრესი წინაპირობაა ადამიანური კაპიტალის განვითარება”.

მთავრობის საბიუჯეტო დაპირებების ჩამონათვალში პირველია სასიხარულო ამბავი იმის შესახებ, რომ საჯარო დაწესებულებებში ადრეული და სკოლამდელი განათლება მისი საყოველთაო ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად კვლავ უფასო იქნება.

გაეცანით, რა გეგმა აქვს საქართველოს მთავრობას ადრეული და სკოლამდელი განათლების მიმართულებით:

სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებები გარდაიქმნება სკოლამდელი განათლების დაწესებულებებად, რაც უზრუნველყოფს სკოლებში ბავშვებისთვის საჭირო, მრავალმხრივი აკადემიური, ფუნქციური, ქცევითი, ემოციური და სოციალური უნარების განვითარებას;

განხორციელდება ღონისძიებები სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებზე მორგებული განათლების მომსახურების უზრუნველსაყოფად;

გაგრძელდება სასკოლო მზაობის ცენტრების გახსნის მხარდაჭერა; შემუშავდება და განხორციელდება „სკოლა-ბაღის“ კონცეფციის სტანდარტი;

განისაზღვრება სკოლამდელ დაწესებულებებში დასაქმებულ პირთა შრომის ანაზღაურება, გაგრძელდება ღონისძიებების განხორციელება მათი კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობისთვის;

დაიწყება ღონისძიებების განხორციელება სკოლამდელ დაწესებულებებში ახალგაზრდა, კვალიფიციური კადრების მოზიდვის ხელშეწყობისთვის;

ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტების დანერგვის, განვითარებისა და გაუმჯობესების მიზნით გაგრძელდება საჯარო დაწესებულებების მონიტორინგი;

მონიტორინგის შედეგების საფუძველზე გადამუშავდება ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტები;

არაქართულენოვანი მოსახლეობით კომპაქტურად დასახლებულ ყველა მუნიციპალიტეტში განხორციელდება სახელმწიფო ენის სწავლება ბილინგვური მოდელით, რაც ხელს შეუწყობს სასკოლო მზაობის გაუმჯობესებას, ზოგადი განათლების საფეხურზე ხარისხიანი საგანმანათლებლო პროცესის უზრუნველყოფას და გრძელვადიან პერიოდში საქართველოში მცხოვრები არაქართულენოვანი პირების საზოგადოებაში წარმატებულ ინტეგრაციას;

ყველა ბავშვისთვის უზრუნველყოფილი იქნება სკოლამდელი განათლებიდან ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე გადასვლის ხელშეწყობის ღონისძიებების განხორციელება;

შეიქმნება 1-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვების შესახებ სტატისტიკური მონაცემების ამსახველი, ინტეგრირებული ელექტრონული სისტემა;

დასრულდება საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში 50-ზე მეტი საბავშვო ბაღის მშენებლობა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად;

გაგრძელდება ახალი საბავშვო ბაღების დაფუძნება;

განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტები.

ასევე იხილეთ:

„მასწავლებლის პროფესიის რეგულირების ახალი წესი შემუშავდება“ – რას გვპირდება მთავრობა ზოგადი განათლების მიმართულებით 2024 წლის ბიუჯეტში

მთავრობის გეგმა პროფესიულ განათლებაში, რომელიც 2024 წლის ბიუჯეტშია ასახული

2024 წელს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბიუჯეტი, დაახლოებით, 300 მლნ ლარით გაიზრდება – რა წერია ბიუჯეტის პირველად პროექტში

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური