GE

„მასწავლებლის პროფესიის რეგულირების ახალი წესი შემუშავდება“ – რას გვპირდება მთავრობა ზოგადი განათლების მიმართულებით 2024 წლის ბიუჯეტში

ზოგადი განათლების შესახებ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ახალი ხედვა ჯერ არ წარუდგენია, თუმცა მსუყე სიახლეების ჩამონათვალი კერძო სკოლებთან დაკავშირებით გამოქვეყნებულია.

სამინისტროში შექმნილი რეფორმების ჯგუფის წარმომადგენლები კი ამბობენ, რომ სიახლეები ზოგად განათლებაში მრავლისმომცველი იქნება და “ერთი სული აქვთ” საზოგადოებას გააცნონ.

ზოგადი განათლების მხრივ მთავრობის გეგმა-დაპირებების ვრცელ ჩამონათვალს EDU.ARIS.GE-მ 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ მომზადებულ დოკუმენტში მიაკვლია და საინტერესო პასაჟია ისიც, რომ გარდა ზოგადი განათლების განახლებული ეროვნული მიზნების სამუშაო დოკუმენტისა (რომელიც ჯერ მხოლოდ სამინისტროს რეფორმების ჯგუფისთვის არის ხელმისაწვდომი), მოსწავლეების აღზრდის პრინციპების შესახებ ჩანაწერს აქაც ვხვდებით, სადაც მთავრობა ზოგადი განათლების ხელშემწყობ ქმედებად წარმოგვიდგენს შემდეგს:

“მოსწავლეებში პატრიოტული სულისკვეთების, სახელმწიფოებრივი აზროვნებისა და მოქალაქეობრივი თვითშეგნების ამაღლება; საქართველოსა და მსოფლიოს წინაშე არსებული საფრთხეებისა და მათზე რეაგირების მექანიზმების გაცნობა”.

მნიშვნელოვანი რეფორმის ნაწილი – „მასწავლებელთა ხელფასების ზრდის ახალ კონცეფციას ოქტომბრის ბოლოს წარმოგიდგენთ“

მთავრობის გეგმა-დაპირებები 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ზოგადი განათლების მიმართულებით სწორედ განათლებაში დაგეგმილი რეფორმის ხსენებით იწყება და სწავლების მეთოდოლოგიის დახვეწით სრულდება:

უზრუნველყოფილი იქნება მასწავლებელთა და სკოლების ადმინისტრაციული პერსონალის შრომის ანაზღაურება დაგეგმილი განათლების რეფორმისა და მასწავლებელთა კარიერული სქემის დანერგვის შესაბამისად;

დამტკიცდება და დაინერგება ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ახალი სტანდარტები და პროცედურები, განხორციელდება მხარდამჭერი ღონისძიებები ამ სტანდარტების დასაკმაყოფილებლად;

2026-2027 სასწავლო წლის დაწყებამდე უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დაფუძნებული/რეორგანიზებული საჯარო სკოლების ეტაპობრივი ავტორიზაცია;

შემუშავდება და დაინერგება სკოლების მართვისა და დაფინანსების დიფერენცირებული მოდელები;

გაგრძელდება ახალი, თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი, მაღალ სტანდარტებზე ორიენტირებული ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შესაბამისი სასწავლო რესურსების შექმნა და განვითარება;

გადამუშავდება ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის ეროვნული სასწავლო გეგმა;

დაინერგება ფართომასშტაბიანი სასკოლო შეფასების სისტემა;

დაიწყება ელექტრონული რესურსების განვითარება;

რეფორმის ფარგლებში დაინერგება მოსწავლის განვითარებაზე ორიენტირებული სწავლა-სწავლების პრინციპები;

განხორციელდება ღონისძიებები სკოლებში ადამიანური კაპიტალის გაძლიერებასა და განვითარებაზე ორიენტირებული სასკოლო კულტურის ჩამოყალიბების ხელშეწყობისთვის;

გაგრძელდება ახალი სახელმძღვანელოების შექმნის პროცესი;

განახლდება გრიფირების პროცედურები;

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (სსსმ)/შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირებისთვის განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდისა და მათზე მორგებული სასწავლო პროცესის წარმართვისთვის ქვეყნის მასშტაბით აქტიურად დაინერგება და განვითარდება ინკლუზიური განათლების კომპონენტები;

არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეებისთვის ფართოდ დაინერგება ბილინგვური სწავლების განსხვავებული მოდელი;

განისაზღვრება განათლების მიღმა დარჩენილი პირების სასწავლო პროცესში ინტეგრაციის პოლიტიკა;

მათთვის უზრუნველყოფილი იქნება ალტერნატიული კურიკულუმი;

დიასპორის წარმომადგენლებისთვის ხელმისაწვდომი იქნება ქართული ენის დისტანციური სწავლების კურსი;

ინკლუზიური განათლების პოპულარიზაციისთვის განხორციელდება ცნობიერების ამაღლების ღონისძიებები;

სკოლებში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის შეიქმნება პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორციელების, აგრეთვე ფსიქოსოციალური მომსახურების მიღების მოქნილი, შედეგებზე ორიენტირებული მექანიზმები;

გაიზრდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის მომსახურებით მოსარგებლე საჯარო სკოლების რაოდენობა;

განხორციელდება მანდატურების, ფსიქოლოგების, სოციალური მუშაკებისა და უსაფრთხოების დაცვის უფლებამოსილების მქონე პირების გადამზადების პროგრამები;

შემუშავდება მასწავლებლის პროფესიის რეგულირების ახალი წესი;

განხორციელდება მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარების ღონისძიებები მათი პროფესიული საჭიროებების შესაბამისად;

გაგრძელდება სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარება; დასრულდება სრულად ადაპტირებული 80 სკოლის მშენებლობა და 850-მდე საჯარო სკოლის ნაწილობრივი რეაბილიტაცია;

განხორციელდება ავარიული საჯარო სკოლის გამაგრება/სრული რეაბილიტაცია სსსმ მოსწავლეებისთვის საჭირო გარემოს შექმნის მოთხოვნების გათვალისწინებით;

უზრუნველყოფილი იქნება საჯარო სკოლების ოპერირებისა და მოვლაპატრონობის ფუნქციის წარმატებით შესრულება;

ეტაპობრივად დაიხვეწება სწავლების დისტანციური და ჰიბრიდული მეთოდოლოგია.

ასევე იხილეთ:

„სრული ქაოსია“ – რა უნდა გვახსოვდეს, როდესაც ზოგადი განათლების ახალ ეროვნულ მიზნებში მოსწავლის ღირებულებების ჩამოყალიბებაზე ვწერთ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური