„გამოცდის ჩაბარება არ ნიშნავს მასწავლებლის ეფექტურობას – ეს არის მოსწავლის და მშობლის მოტყუება“
მასწავლებელთა სერტიფიცირების შესახებ EDU.ARIS.GE-ს მიერ გამოთხოვილ ინფორმაციას განათლების სფეროს წარმომადგენლები საგანგაშოს უწოდებენ.
როგორც EDU.ARIS.GE-ს მკითხველმა ჩვენი საიტიდან უკვე შეიტყო, საქართველოს 65 ათასამდე პედაგოგიდან სერტიფიცირებული მხოლოდ 17 491-ია.
ქართული ენის და ლიტერატურის სერტიფიცირებული პედაგოგი მანანა ბეგიაშვილი ამბობს, რომ გამოცდები რთული გადასალახი არ არის და მცოდნე პედაგოგმა ის უნდა დაძლიოს. ამასთან ერთად გამოცდისთვის მზადებას დადებითი შედეგი აქვს და მისი თქმით, ბევრ ახალ რამესაც სწავლობს პედაგოგი.
„ეს მონაცემები ძალიან საგანგაშოა, იმიტომ რომ მასწავლებელი განათლებული უნდა იყოს, პირველ რიგში! მე ძალიან ბევრი კარგი ავტორი და ნაწარმოები წავიკითხე ზუსტად ამ სერტიფიცირების გამოცდის წყალობით. ისეთი საინტერესო ავტორები წავიკითხე, სხვა დროს შეიძლებოდა, არც წამეკითხა, მიუხედავად იმისა, რომ, ასეა თუ ისე, მაინტერესებს ეს ყველაფერი. იძულებით რაღაცების სწავლება, გარკვეულწილად, სწორიც არის. უბრალოდ, მიწოდება სხვა ფორმით უნდა იყოს. სერტიფიცირების დროს უფრო მეტი აქცენტი უნდა გაკეთდეს მასწავლებლის უნარებზე და სიტუაციის მართვის შესაძლებლობებზე და არა იმაზე, როგორ გინდა, რომ ჩაჭრა პედაგოგი.
თვითონ საგანს რაც შეეხება, მე როცა მითხრეს, მეორე – მესამე წელია, ვაბარებ და ვერ ჩავაბარეო, მართლა გამიკვირდა. იქ არაფერია თუნდაც ისეთი დასაწერი, რომ ზღვარი ვერ გადალახო. მე ვიცი, რომ გამოცდა ახლა კიდევ უფრო გამარტივებულია. მასწავლებლები იმიტომ ვერ აბარებენ გამოცდებს, რომ ცოდნა არ აქვთ! ელემენტარული საკითხებია. როგორ შეიძლება, ის ქართულის მასწავლებელმა არ იცოდეს?“ – ამბობს მანანა ბეგიაშვილი.
ქართული ენის და ლიტერატურის პედაგოგი, მართალია, ადვილად გადასალახს უწოდებს გამოცდებს, მაგრამ მის ფორმას იწუნებს.
„ყველაფერს თავისი ფორმის მოძებნა უნდა და ის ფორმა, რომელიც მოცემული იყო, არ იყო მაინც და მაინც ხელსაყრელი. საქმე ის კი არაა, რთულია თუ მარტივი გამოცდა. პირველ რიგში, მე თვითონ პედაგოგი ვარ და ამდენი ვიცი, რომ მთავარი არ არის, რას ასწავლი და რას აძლევ, არამედ რა ფორმით ასწავლი. საკმაოდ რთული ფორმა იყო. ძალიან ხშირად, კითხვა გასაგებად არ იყო დაწერილი.
ფაქტია, რომ მასწავლებელთა პროფესიული უნარების ტესტები, ისევე, როგორც აბიტურიენტებისათვის განკუთვნილი უნარების ტესტები ხშირ შემთხვევაში გაუმართავია, ადვილად არაა გასაგები, რადგანაც მათი პირველწყარო არაქართულია და ჩვენს ენაზე გადმოტანისას ამ ტესტებს ხელოვნური იერი აქვს. მთარგმნელი უმეტესად ზრუნავს ტექსტის გადმოღებაზე და არა იმაზე, რომ მასწავლებელს ან აბიტურიენტს გააგებინებინოს ნათარგმნის არსი. ცხადია, ყველაფრის ზუსტად გადმოტანა შეუძლებელია, მაგრამ მკვეთრად უნდა იყოს განსაზღვრული, რა მოთხოვნებს ვუყენებთ მასწავლებელს ან აბიტურიენტს. ტესტები ისეთი სპეციალისტების შედგენილი უნდა იყოს, მოსწავლეებს და მათ შესაძლებლობებს კარგად რომ იცნობენ. გამოცდა გამოსაცდელი პირის დახმარებას უნდა ითვალისწინებდეს და არა მის გამოჭერას!“, -უთხრა EDU.ARIS.GE-ს მანანა ბეგიაშვილმა.
„სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის“ დირექტორის შალვა ტაბატაძის თქმით, სერტიფიცირებული პედაგოგების ასეთი მცირე რაოდენობა მეტყველებს იმაზე, რომ მასწავლებლებს, რომლებიც გამოცდებზე გადიან და დაბალ შეფასებებს იღებენ, საგნობრივი კომპეტენციის თვალსაზრისით აქვთ პრობლემები. მისი თქმით, ეს არის ცალსახა და არ შეიძლება ეს საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენოთ.
„კითხვის ნიშნის ქვეშ შეიძლება დადგეს ის საკითხი, მასწავლებელმა, რომელმაც ჩააბარა საგნობრივი გამოცდა, რამდენად ეფექტური მასწავლებელია? იმიტომ რომ მაინც და მაინც გამოცდის ჩაბარება არ ნიშნავს მასწავლებლის ეფექტურობას. ეს უფრო მეტად ამძაფრებს პრობლემას.
ის, რომ მასწავლებელი ვერ აბარებს გამოცდებს წლების განმავლობაში და საგნობრივ გამოცდებში იჭრება, ეს ცალსახად ნიშნავს, რომ საგნობრივი კომპეტენციის თვალსაზრისით მასწავლებელს გააჩნია სერიოზული პრობლემები. მასწავლებელს, რომელსაც გააჩნია, საგნის ცოდნის თვალსაზრისით, პრობლემები, სწავლებაშიც აუცილებლად შეექმნება პრობლემები. შეუძლებელია, თუ მასწავლებელმა საგნის შინაარსი არ იცის, ის ასწავლიდეს ეფექტურად. ეს უნდა ვაღიაროთ!
მეორეა, რა მექანიზმი შეიძლება ავამუშაოთ, რომ ეს პრობლემა გადავჭრათ. თორემ, თუ არ ვაღიარეთ და ვთქვით, რომ მერე რა, თუ ამდენი მასწავლებელი იჭრება? მერე რა, რომ მხოლოდ 30%-ია სერტიფიცირებული? ამ რიტორიკით, რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ მივაღწევთ მასწავლებელთა კომპეტენციის გაზრდას და პროფესიულ განვითარებას“,- აღნიშნავს შალვა ტაბატაძე.
სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის დირექტორი აცხადებს, რომ თუ სახელწიფომ არ გამოიძია, რატომ არსებობს ასეთი ტიპის პრობლემები, რატომ ვერ აბარებენ პედაგოგები იმ საგანში გამოცდას, რომელსაც თავად ასწავლიან და ამ პრობლემების გამოსწორებაზე რეალურად არ იზრუნა, ჩვენს განათლების სისტემას მანამ არაფერი ეშველება.
„17 ათასი სერტიფიცირებული მასწავლებელი 65 ათასიდან არის რეალობა, რომელიც გვაქვს. შესაძლებელია, რომ 17, 20, ან 30 ათასზე მეტი კარგი მასწავლებლის მოლოდინი არც უნდა გვქონდეს სისტემაში იმ ტიპის ქვეყანაში, როგორიც არის საქართველო.
ჩვენ უნდა შევისწავლოთ ამის მიზეზები, უნდა შევქმნათ ეფექტური სისტემა, რომ მასწავლებლების კვალიფიკაცია გავზარდოთ, ერთის მხრივ და მეორეს, უზრუნველოვყოთ, რომ სისტემაში იყონ მხოლოდ და მხოლოდ კვალიფიციური პედაგოგები.
არ უნდა ვიყოთ სირაქლემას პოზიციაში და არ უნდა ვთქვათ: მიუხედავად იმისა, რომ 70% ვერ აბარებს გამოცდას, ეს 70% არის ძალიან კარგი. ეს ასე არ არის! ამ მასწავლებლებს საგნობრივი ცოდნის თვალსაზრისით აქვთ ცალსახად პრობლემები. თუ ამას სახელმწიფომ თვალი არ გაუსწორა, თუ ამ პრობლემის გამოსწორებაზე არ იფიქრა, რა თქმა უნდა, ჩვენი განათლების სისტემას არაფერი ეშველება!
შეუძლია, სახელმწიფომ თქვას, რომ მერე რა რომ 70% ვერ აბარებს გამოცდას. მაშინ მთავრობამ, ხელისუფლებამ, განათლების და მეცნიერების სამინისტრომ უნდა დაადასტუროს, მე ვერ წარმომიდგენია როგორ, რომ მასწავლებლების 70% მაინც მაღალკვალიფიციურები არიან და ხარისხიანად ატარებენ გაკვეთილებს. ამის დადასტურება შეუძლებელი იქნება.
ან შეუძლიათ, აირჩიონ, რომელი სტრატეგიაც აქვთ ამჟამად. „მიუხედავად იმისა, რომ საგნობრივი კვალიფიკაცია დაბალი აქვთ, მოდით, რაღაც აქტივობები გამოვუძებნოთ ამ მასწავლებლებს, რომელშიც მივანიჭებთ კრედიტ ქულას და ჩავთვლით, რომ მასწავლებელი პროფესიულად ვითარდება, კომპეტენციას იმაღლებს, სტატუსს ინარჩუნებს, ან გადადის ახალ საფეხურზე“. ეს არის თავის მოტყუება და რაც მთვარია, ბავშვების და მშობლების მოტყუება, რომელსაც ვაჩეჩებთ უხარისხო განათლებას, არაკვალიფიციურ მასწავლებლებს და ვასაღებთ მათ მაღალკვალიფიციურად, იმიტომ რომ პოლიტიკური თუ სხვა მიზნებიდან გამომდინარე, ჩვენ ამ მომენტში ასე გვაწყობს!“ – ამბობს შალვა ტაბატაძე.
რომელ სკოლას ჰყავს ყველაზე მეტი სერტიფიცირებული პედაგოგი საქართველოში
მასწავლებელთა სქემაში 811 პედაგოგი დაწინაურდება
როგორია საჯარო სკოლის პედაგოგთა რაოდენობრივი განაწილება საგნების მიხედვით
ცისანა არის© შერგილაშვილი
- რა აიკრძალება დეკემბრიდან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს – ბიოგრაფიები by ARIS.GE-განათლება
- „სააუდიტორიო და საგამოცდო პროცესი 1 დღით ვაკეში მდებარე კორპუსებში შეჩერდება“ – თსუ-ის ადმინისტრაცია by ARIS.GE-განათლება