მასწავლებელთა სქემაში 811 პედაგოგი დაწინაურდება
მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში ამ ეტაპზე 811 მასწავლებელი დაწინაურდება. სწორედ ესაა იმ პედაგოგთა რაოდენობა, რომლებსაც პროფესიული უნარები ჩაბარებული ჰქონდათ, ახლა საგნის გამოცდა ჩააბარეს და უფროსი მასწავლებლებლის სტატუსს მიიღებენ. ამის შესახებ EDU.ARIS.GE-ს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის მართვის პროგრამის მენეჯერმა კახა ჟღენტმა განუცხადა.
„811 მასწავლებელია, რომელმაც გამოცდა წარმატებით ჩააბარა და უნარების გამოცდაც აქვთ წარმატებით ჩაბარებული. სავარაუდოდ, ეს 811 კაცი შეიცვლის სტატუსს. ზუსტი ციფრი, მაშინ გვეცოდინება, როცა სკოლები ინფორმაციას ატვირთავნენ eschool-ში. მასწავლებლებმა, რომელი გამოცდაც ჩააბარეს, იმის შესაბამის საგანს თუ ასწავლიან, მაშინ 811-ივეს შეეცვლება სტატუსი. სკოლებმა სრულფასოვნად უნდა დააფიქსირონ საათობრივი განაწილების ინფორმაცია. eschool-ში გამოჩნდება, ვის რა საგანი მიეცა, ვინ რომელ კლასში შევიდა. ამ შემთხვევაში საინტერესოა, გამოცდაჩაბარებული მასწავლებელი რომელ საგანს ასწავლის. ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ დავადგენთ, რამე ხომ არ შეიცვალა.
სქემაში ერთი სპეციფიკაა, თუ ამ 811-დან რომელიმემ სხვა საგანში მოინდომა სწავლება, ანუ სხვა საგანში მისცეს საათები, მაშინ სხვა მუხლები ამოქმედდება. დიდი ალბათობით, ეს 811 ადამიანი არის ის ხალხი, ვინც იმიტომაც ჩააბარა ეს გამოცდა, რომ უნარები ჰქონდათ ჩაბარებული და წინ წასვლა უნდოდათ. ასე რომ, 811 კაცი გვყავს, ვინც უფროსი მასწავლებელი გახდება გამოცდის ჩაბარების ხარჯზე“, – უთხრა კახა ჟღენტმა EDU.ARIS.GE-ს .
რაც შეეხება ჩვენს შეკითხვას, წამყვანი მასწავლებლად თუ დაწინაურდა ვინმე, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის მართვის პროგრამის მენეჯერმა გვიპასუხა, რომ ამ ეტაპზე არავინ დამატებია წამყვან მასწავლებელთა სიას.
„წამყვან მასწავლებელთან დაკავშირებით უნდა ყოფილიყო საგაკვეთილო დაკვირვების ელემენტი გამოყენებული (ვიდეოგაკვეთილი). ამასთან დაკავშირებით არ გვაქვს ზუსტი პასუხი, ცვლილებები მზადდება და ბატონმა მინისტრმა თქვა, რომ, სადღაც ერთ თვეში, ამ ცვლილებების ბოლო ვარიანტს დადებენ. საგაკვეთილო დაკვირვების გარე შეფასების რუბრიკა, ბოლო ვარიანტი, უნდა დაემტკიცებინა „ნაეკს“ , შესაბამისად, იმ რუბრიკაზე უნდა ავწყობილიყავით ჩვენ. ამიტომ, ამ ერთი წლის განმავლობაში წამყვანი მასწავლებელთა რაოდენობა ვერ მოიმატებდა“.
ჩვენს კითხვაზე, როგორ არიან ამ ეტაპისთვის მასწავლებლების სქემაში კატეგორიების მიხედვით გადანაწილებულები, კახა ჟღენტმა გვიპასუხა, რომ სქემაში ჩართული 64 081 საჯარო სკოლის პედაგოგიდან, 200 წამყვანი მასწავლებელია, 16 309 უფროსი და 47 572 პრაქტიკოსი.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის მართვის პროგრამის მენეჯერის თქმით, ეს მონაცემები სექტემბრის ბოლოს კიდევ დაზუსტდება, როცა სკოლების მიერ e school-ში შეტანილი ინფორმაციის საფუძველზე აისახება სქემაში ყველა ცვლილება.
„ვაპირებთ, მასწავლებლის პროფესიული უნარების გამოცდა აღვადგინოთ და გავხადოთ არჩევითი“
განათლების მინისტრი მიიჩნევს, რომ პედაგოგთა პროფესიული განვითარების სქემა დასახვეწია
ცისანა არის© შერგილაშვილი
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება