განათლების მინისტრი სასკოლო კვების თემაზე დეპუტატების კითხვებს პარლამენტში უპასუხებს – კითხვები
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, გიორგი ამილახვარს, ინტერპელაციის წესით პარლამენტში კვირის ბოლოს, 19 მაისს მოუსმენენ. გიორგი ამილახვარს შესაბამისი წერილითა და კითხვებით 24 აპრილს მიმართეს, სასაუბრო თემა კი სასკოლო კვება იქნება.
წერილს, რომელიც EDU.ARIS.GE -მ 10 მაისს მოიპოვა, ხელს აწერს ლევან ბეჟაშვილი, პარლამენტში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი. ამავე თემაზე, გიორგი ამილახვარს პარლამენტიდან დეპუტატის კითხვების ფორმატშიც აქვს წერილი მიღებული.
ოპოზიცია განათლების მინისტრს საქართველოს მთავრობის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ არაერთხელ გაჟღერებულ დაპირებას ახსენებს, რომელიც სკოლებში ბავშვთა უფასო კვების პროგრამის დანერგვას უკავშირდება.
„დღემდე აღნიშნული დაპირება არ შესრულებულა და სკოლებში ბავშვებს შიმშილი აწუხებთ, რაც გავლენას ახდენს მათი სწავლის ხარისხზე. დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო საჯარო სკოლებში 50,130 სოციალურად დაუცველი მოსწავლე ირიცხება. ჩატარებული წიგნიერების საერთაშორისო კვლევა (PIRLS) გვიჩვენებს, რომ საქართველოს მოსწავლეთა 77% ხანდახან (42%) ან ყოველდღიურად (35%) განიცდის შიმშილს. ეს გარემოება მნიშვნელოვნად უშლის ხელს მოსწავლეთა ფიზიკურ და კოგნიტურ განვითარებას, რაც თავის მხრივ, უზღუდავს მათ განათლებისა და ჯანმრთელობის კონსტიტუციურ უფლებებს. საერთაშორისო გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ხსენებულ პრობლემებთან ბრძოლის ეფექტიან საშუალებას სასკოლო კვების პროგრამა წარმოადგენს“, – ვკითხულობთ ინტერპელაციის წესით შედგენილ წერილში.
აქვე, წერილის ავტორს მოჰყავს გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით ჩატარებული ბოლო კვლევის შედეგები, რომელიც ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა და რომლის თანახმად: „სკოლის პერიოდში ბავშვების 1/3-ზე მეტი (34.9%) არასდროს იკვებება. სკოლის საათებში საკვების არმიღება ბევრად უფრო ხშირია მატერიალური და სოციალური დანაკლისის მქონე ბავშვებში (44.9%). ყველაზე ხშირად ნახსენები მიზეზი (37.7%) არის ფინანსური პრობლემა. რესპონდენტთა დიდი უმრავლესობა (83.2%) დარწმუნებულია, რომ ბავშვის კვება სკოლამ უნდა უზრუნველყოს. აღსანიშნავია ისიც, რომ ბავშვების 5.6% ყოველდღიურად ვერ იღებს ხილსა და ბოსტნეულს, ვინაიდან მათ ოჯახს არ გააჩნია ამისთვის საკმარისი ფინანსები“.
რა კითხვებზე მოუწევს პასუხების გაცემა განათლების მინისტრს პარლამენტში გამოსვლისას:
- კონკრეტულად რა ნაბიჯებია გადადგმული სკოლებში ბავშვთა უფასო კვების პროგრამის უმოკლეს დროში დასანერგად;
- რომელი წლიდან იგეგმება სკოლებში კვების პროგრამის დანერგვა;
- მოგვაწოდეთ, სამინისტროს ხედვა მოსწავლეთა კვების პროგრამის შემუშავებაზე, მისი განხორციელების გზებზე, მართვისა და ლოჯისტიკის საკითხებზე.
ცნობისთვის, ინტერპელაცია მინისტრის მიერ კითხვებზე პასუხის გაცემის გარდა, დებატების გამართვას ითვალისწინებს. დებატებში მონაწილეობისთვის რეგლამენტით განსაზღვრული დრო უფრაქციო პარლამენტის წევრებს, საპარლამენტო ოპოზიციისა და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს დაეთმობათ.
ინტერპელაციისთვის განსაზღვრული მაქსიმალური დრო 5 საათი და 25 წუთია.
დეპუტატების მიერ კონკრეტულ თემებზე მინისტრის საკანონმდებლო ორგანოში დაბარებას საქართველოს კონსტიტუცია და პარლამენტის რეგლამენტი ითვალისწინებს.
ამავე თემაზე:
„ბავშვების 35% არასდროს იკვებება სკოლის პერიოდში“ – უახლესი კვლევის შედეგებს UNICEF აქვეყნებს
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება