GE

განათლების სამინისტრო 2021 წლის მე-12 კლასელებისთვის შეფასების პროცესს ამარტივებს – რა ცვლილება შედის ესგ-ში

განათლების და მეცნიერების სამინისტრო საჯარო სკოლების 2020-2021 სასწავლო წლის მე-12 კლასელებისთვის  საბოლოოო შეფასების პროცესის გამარტივებას გეგმავს, გარკვეული შეღავათების დაწესება იგეგმება ასევე სხვა მოსწავლეების შეფასების კუთხით, მიზეზად პანდემიის შედეგად შექმნილი ვითარება სახელდება.

„ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის ბრძანების პროექტი, რომელიც სკოლებს განათლების სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტმა გადაუგზავნა EDU.ARIS.GE- მ 15 ივნისს მოიპოვა.

განათლების სამინისტრო სკოლებს განუმარტავს, რომ  ცვლილებების მიზანია კორონავირუსის პანდემიის პირობებში მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინება და მაქსიმალური ხელშეწყობა 2020-2021 სასწავლო წლის მანძილზე  ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის პროცესის მიმდინარეობის დროს გამოკვეთილი პრობლემების გათვალისწინებით, რაც დაკავშირებული იყო სწავლების ფორმების ხშირ ცვლილებებთან, სასწავლო პროცესში მოსწავლეების სრულფასოვნად ჩართულობასთან დაკავშირებით შექმნილ არათანაბარ პირობებთან და ა.შ.

„მე-12 კლასელების წლიური შეფასებების გამოთვლისას სკოლები წააწყდნენ მნიშვნელოვან პრობლემას, წლის განმავლობაში სწავლების სხვადასხვა მოდელის პირობებში კონკრეტული საგნისთვის დათმობილი საათების 30%-ის დაზუსტების მიმართულებით, ვინაიდან პირისპირ და სრულად ელექტრონული დისტანციური სწავლებისას მოქმედებს სხვადასხვა საათობრივი ბადე (გაკვეთილების ცხრილი) განსხვავებული საათობრივი დატვირთვით, შემაჯამებელი სამუშაოების განსხვავებული რაოდენობით.

„ამასთან, 2020-2021 სასწავლო წლის განმავლობაში, გარდა იმისა, რომ კოვიდპანდემიის გამო ცალკეული სკოლები და კლასები გადადიოდნენ სხვადასხვა ვადით სრულად ელექტრონულ დისტანციურ სწავლების მოდელზე, ცალკეული მოსწავლის მშობელს დიდ ქალაქებში შესაძლებლობა ჰქონდა გაეკეთებინა არჩევანი თავისი შვილის ონლაინ სწავლებაზე გადაყვანასთან დაკავშირებით. აღნიშნულით დამატებით გართულდა მასწავლებლების მიერ წლის ბოლოს თითოეული მოსწავლის დონეზე მათ მიერ არჩეული სწავლების მოდელის შემთხვევაში, შესაბამისი საათობრივი ბადის პირობებში, წლის განმავლობაში კონკრეტული საგნისათვის დათმობილი და კონკრეტულ საგანში გაცდენილი საათების რაოდენობის გამოთვლა.

„აღნიშნულ პროცესს ვერც ელექტრონული ჟურნალის ამოქმედებამ შეუწყო ხელი, ვინაიდან მშობელთა მიერ სწავლების მოდელების ხშირმა ცვლილებამ, შეაფერხა ელექტრონულ ჟურნალში მოსწავლეების ყოველდღიურ საგაკვეთილო პროცესზე დასწრებისა და შეფასების წარმოების პროცესი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ელექტრონულ ჟურნალში არსებული ინფორმაცია (დასწრება /აკადემიური მოსწრება) არარელევანტურია მოსწავლეთა დასწრებისა და სემესტრული/წლიური შეფასების დათვლის მიზნებისათვის“, – ნათქვამია მინისტრის ბრძანების პროექტის განმარტებით ბარათში.

უწყების მიერ სკოლებისთვის გაგზავნილი ინფორმაცის თანახმად, „ცვლილებები ეხება 2020-2021 სასწავლო წელს საბაზო-საშუალო საფეხურის მოსწავლეებისთვის ექსტერნატის გამოცდის გაუქმების საკითხს, მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის მის ჩანაცვლებას შემაჯამებელ-კომპლექსურ დავალებაში მიღებული შეფასებით, დანარჩენი კლასების მოსწავლეთათვის სემესტრული და წლიური შეფასების განხორციელებას ეროვნული სასწავლო გეგმის 34-ე მუხლის შესაბამისად (მიმდინარე ქულების მიხედვით).

იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლის (გარდა მე-12 კლასის მოსწავლეებისა) შეფასება ვერ ხორციელდება 34-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად, მაშინ მოსწავლე ფასდება ერთ შემაჯამებელ დავალებაში მიღებული განმსაზღვრელი შეფასების საფუძველზე“, – ნათქვამია შეტყობინებაში.

გარდა ამისა, განათლების სამინისტრო სკოლებს აწვდის ინფორმაციას, რა შემთხვევაში იგეგმება  განსაზღვრული შემაჯამებელი დავალებების შემცირება.

შეგახსენებთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ სემესტრის 1/3-ზე მეტი დისტანციური სწავლების სრულად ელექტრონული, სინქრონული ან/და ასინქრონული მოდელის გამოყენებით მიმდინარეობდა, სკოლას უფლება აქვს შეამციროს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული შემაჯამებელი დავალებების რაოდენობა, რაც უნდა იყოს ასახული სასკოლო სასწავლო გეგმაში. ამ შემთხვევაში, შემაჯამებელი დავალებების მინიმალური რაოდენობა დაემთხვევა სემესტრის განმავლობაში ნასწავლი თემების რაოდენობას“, – ნათქვამია დოკუმენტში.

„ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის ბრძანების პროექტში ნათქვამია, რომ გადაწყვეტილება 15 ივნისს უნდა გამოქვეყნდეს.

იხილეთ გასული წლის გადაწყვეტილება მსგავს საკითხთან დაკავშირებით.

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური