GE

განათლების სამინისტრომ სახალხო დამცველის 30 რეკომენდაციიდან სრულად მხოლოდ 3 შეასრულა – დეტალები

„ბავშვის უფლებათა კონვენციით ნაკისრი ვალდებულების მიუხედავად, ნათელია, რომ საქართველოში სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში ადამიანის უფლებათა შესახებ განათლება არსებითი გამოწვევაა“, – ვკითხულობთ საქართველოს სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის 2023 წლის შესახებ მომზადებული წლიური საპარლამენტო ანგარიშში.

ირკვევა, რომ წლების განმავლობაში განათლების სამინისტრო პარლამენტის მიერ სახალხო დამცველის ანგარიშის საფუძველზე გაცემულ დავალებებს ცუდად ასრულებს.

2 აპრილს გამოქვეყნებულ ანგარიშში წერია, რომ 2022 წლის საპარლამენტო ანგარიშში საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მიმართ გაიცა 30 რეკომენდაცია, რომელთაგანაც:

  • სრულად შესრულდა: 3
  • ნაწილობრივ შესრულდა: 14
  • არ შესრულდა: 10
  • უწყებისგან დამოუკიდებელი მიზეზის საფუძვლით, შეუძლებელია შეფასდეს რეკომენდაციის შესრულების მდგომარეობა: 3

სახალხო დამცველის შეფასებით, 2023 წელს განათლების მიმართულებით მთავარ გამოწვევად პოლიტიკის დოკუმენტებში ადამიანის უფლებათა საკითხების ფრაგმენტული ინტეგრირება რჩება და ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიის სამოქმედო გეგმაში ადამიანის უფლებათა სწავლების გაფართოებისკენ მიმართული აქტივობები მხოლოდ ზოგადი განათლების სისტემას მიემართება. ეს მიდგომა გაურკვეველს ტოვებს სახელმწიფოს ხედვას ფორმალური განათლების სხვა სფეროებში ადამიანის უფლებათა სწავლების თაობაზე. ამ თვალსაზრისით, ზოგად განათლებაში სტაბილური პროგრესია, ხოლო პროფესიულ და სკოლამდელ საფეხურზე ადამიანის უფლებათა სწავლების სათანადო ინტეგრირება მზარდი გამოწვევაა.

ყოველწლიურ საპარლამენტო ანგარიშში, ომბუდსმენი ლევან იოსელიანი წერს: “მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტის მიერ გაცემული დავალებები პარლამენტის მიმართ ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელი საჯარო უწყებებისა და თანამდებობის პირებისთვის შესასრულებლად სავალდებულოა, სამწუხაროდ, წლიდან წლამდე არაერთი დავალება რჩება ადრესატი უწყებების მხრიდან შეუსრულებელი. სახალხო დამცველი მოუწოდებს სახელმწიფო უწყებებს გააცნობიერონ საქართველოს პარლამენტის მიერ გაცემული დავალებების შესრულების მნიშვნელობა, ხოლო, თავის მხრივ, საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს გააძლიეროს საქართველოს კონსტიტუციითა და პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული მის ხელთ არსებული ყველა მაკონტროლებელი მექანიზმის პრაქტიკაში გამოყენება, რათა გაუმჯობესდეს პარლამენტის მიერ გაცემული დავალებების შესრულების მდგომარეობა”.

იმის საილუსტრაციოდ, თუ რა მნიშვნლოვანი რეკომენდაციებისა და დავალებების შეუსრულებლობაზეა საუბარი სახალხო დამცველი ანგარიშში გასული 3 წლის განმავლობაში სახალხო დამცველის მიერ სახელმწიფო უწყებების მიმართ საპარლამენტო ანგარიშებით გაცემული რეკომენდაციების სიას გვთავაზობს, რომლებიც ნაწილობრივ ან სრულად გაიზიარა პარლამენტმა და გასული სამი წლის პარლამენტის დადგენილებებით სავალდებულოდ შესასრულებელ დავალებებად გადასცა უწყებებს იმავე შინაარსით, თუმცა წლების მანძილზე კვლავ შეუსრულებელია.

განათლების მიმართულებით შეუსრულებელი დავალებების მაგალითებში დასახელებულია:

სკოლაში ადამიანის უფლებათა სწავლება: შემუშავდეს ადამიანის უფლებათა სწავლების ერთიანი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, შესაბამისი საერთაშორისო სახელმძღვანელო პრინციპების გათვალისწინებით; პოლიტიკის დოკუმენტებში ასახოს ადამიანის უფლებათა სწავლების კომპონენტები; სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის რეცენზირების სააპელაციო კომისიის ერთერთ წევრად, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობის სრული უფლებამოსილებით, განისაზღვროს ადამიანის უფლებათა სფეროში მუშაობის შესაბამისი გამოცდილების მქონე ექსპერტი; გადახედოს სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების არსებულ პროცედურას და გამოვლენილი საჭიროების შესაბამისად უზრუნველყოს ყველა ეტაპზე ადამიანის უფლებათა ექსპერტის ჩართულობა.

ეროვნული უმცირესობების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით არ შესრულებულა რეკომენდაციის საფუძველზე პარლამენტისგან გაცემული დავალებები, როგორიცაა: განახორციელოს ქმედითი ღონისძიებები საქართველოს სომხურენოვანი, აზერბაიჯანულენოვანი და რუსულენოვანი სკოლებისთვის მშობლიური ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოების შედგენისა და გამოცემის და ამ საგნებში სასწავლო პროცესის საქართველოში გამოცემული სახელმძღვანელოებით წარმართვის უზრუნველსაყოფად; უზრუნველყოს მცირერიცხოვანი ეროვნული უმცირესობების ენების (ოსური, ჩეჩნური, ხუნძური/ავარული, უდიური, ასურული და ქურთული/ყურმანჯი) სასკოლო სახელმძღვანელოების მომზადება და გამოცემა, აგრეთვე მასწავლებელთა გადამზადება; თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელი შეუწყოს როგორც მულტიკულტურული პროგრამების, ისე სპეციფიკურად ეროვნული უმცირესობების კულტურის პოპულარიზაციის მიზნით საგანმანათლებლო ღონისძიებების განხორციელებას.

სახალხო დამცველი განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა განგრძობადი ტრენინგები საგანმანათლებლო პერსონალისთვის საერთაშორისო სტანდარტების თანახმად, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების პერსონალისთვის უფლებრივ საკითხებში სისტემური ტრენინგების ჩატარება აუცილებელია. მაგრამ, თუ ციფრებს დავეყრდნობით, არ ხორციელდება.

“საანგარიშო პერიოდში, სახალხო დამცველმა, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე არსებულ ყველა მუნიციპალიტეტში პერსონალისთვის ადამიანის უფლებათა შესახებ ტრენინგების ჩატარების პრაქტიკა შეისწავლა. აღმოჩნდა, რომ 2023 წლის განმავლობაში სხვადასხვა უფლებრივ თემატიკაზე ტრენინგები მხოლოდ 21 მუნიციპალიტეტში დასაქმებულ სკოლამდელი აღზრდისა და განათლების პერსონალს ჩაუტარდა. ამავე დროს, მუნიციპალიტეტებს ჯერაც არ შეუქმნიათ შინაარსობრივი, ან მეთოდოლოგიური რესურსი ადამიანის უფლებათა სწავლებისთვის. ამდენად, ბავშვის უფლებათა კონვენციით ნაკისრი ვალდებულების მიუხედავად, ნათელია, რომ საქართველოში სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში ადამიანის უფლებათა შესახებ განათლება არსებითი გამოწვევაა”, – წერს ლევან იოსელიანი წლიურ ანგარიშში, რომელიც საქართველოს პარლამენტს გადაეგზავნა.

ასევე იხილეთ:

„საქართველოს ისტორიის ნაცვლად, რუსულ ენაზე ასწავლიან აფხაზეთის ისტორიას“ – სახალხო დამცველი ოკუპირებულ ტერიტორიებზე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური