GE

გეოგრაფიის გამოცდაზე 2019 წლის აბიტურიენტებს სავარაუდო პასუხების მქონე დავალებები შეუმცირდებათ – ცვლილების მიზეზი

2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის 4 საგანში დაანონსდა ცვლილებები და აბიტურიენტებს განსხვავებული ფორმატის საგამოცდო ტესტებზე მოუწევთ მუშაობა. ეს საგნებია: ქართული ენა და ლიტერატურა, ლიტერატურა, უცხოური ენები და გეოგრაფია. ამ საგანში ცვლილებების შესახებ 2018 წლის გამოცდების ჩატარებამდე დაანონსდა. შეფასებისა და გამოცდების ცენტრში ამბობენ, რომ აბიტურიენტები უნდა მოემზადონ არა ტესტისთვის, არამედ საგნისთვის.

გეოგრაფიაში ცვლილებები შეეხება შემდეგ დავალებებს: ტესტში გაიზრდება ე.წ. ღია დავალებების ხვედრითი წილი, რომლებიც კიდევ უფრო მეტად იქნება ორიენტირებული ცოდნის გამოყენებასა და ანალიზზე; შემცირდება ე.წ. არჩევითპასუხებიანი კითხვების წილი და დაემატება 1, 2, 3 და 4-ქულიანი ღია დავალებების ბლოკი; ტესტში უცვლელია შემდეგი დავალების ტიპები: კითხვა არჩევითი პასუხებით; რუკის ანალიზი (ფიზიკური და ტოპოგრაფიული); ინფორმაციის ანალიზი; ტესტის მაქსიმალური ქულა იქნება 60 ნაცვლად 59-ისა.

აბიტურიენტებს გამოცდაზე კვლავინდებურად დაურიგდებათ საქართველოსა და მსოფლიოს A3 ფორმატის ფიზიკური რუკები და შესაბამისი დავალებისათვის გათვალისწინებული ტოპოგრაფიული რუკები.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მინიმალური კომპეტენციის ზღვრები გამოცდებში პროცენტულად არ შეცვლილა. უნარების მინიმალური ზღვარი არის 30%-ზე მეტი, უცხო ენების – 20%-ზე მეტი, ხოლო ყველა სხვა საგნის – 25%-ზე მეტი.

უფრო დეტალურად გეოგრაფიის ტესტში ცვლილებების შესახებ EDU.ARIS.GE-ს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის გეოგრაფიის საგნის ჯგუფის ხელმძღვანელი დავით გოგელიძე ესაუბრა.

–ბატონო დავით, კიდევ უფრო რომ დავაკონკრეტოთ, რას ეხება გეოგრაფიის გამოცდაში დაანონსებული ცვლილებები ძირითადად?

–შემოსახაზი დავალებების წილი მცირდება. აბიტურიენტებმა უნდა იმუშაონ საკუთარი აზრის გასაგებად ჩამოყალიბებაზე და კითხვის შესასაბამისად უნდა გასცენ პასუხი ღიადაბოლოებიან დავალებებს. ღიადაბოლოებიანი დავალებები იყო ისედაც ტესტში, პატარ-პატარა დავალებებისგან შედგებოდა. ეს არის შედარებით მცირე 1-ქულიანი, 2-ქულიანი, და 3-ქულიანი, 4-ქულიანი დავალებების ბლოკი,  რომელშიც სავარაუდო პასუხები არ იქნება. თითოეული დავალების ნიმუშის ნახვა აბიტურიენტებს უკვე შეუძლიათ.

აბსოლუტურად არანაირი ცვლილება არ არის რუკებთან დაკავშირებით. ყველაფერი ძველებურად დარჩა, უბრალოდ აი, ეს მცირე ბლოკი დაემატება. ძალიან ვრცელი ბლოკი იყო არჩევითბოლოიანი დავალებების. მათი წილი შემცირდება და მის ნაცვლად ჩაჯდება ღიადაბოლოებიანი დავალებები. დანარჩენი ჩვეულებრივად. საქართველოს და მსოფლიოს ფიზიკური რუკები დაურიგდებათ, რომლის გამოყენებაც შეეძლებათ ტესტირების დროს და ერთ-ერთ დავალებაში ცალკე იქნება ტოპოგრაფიული რუკა.

–რამ განაპირობა აღნიშნული ცვლილებები გეოგრაფიის გამოცდაში?

–ჩვენ ყოველი წლის ბოლოს ვაკეთებ ტესტის ფსიქომეტრიულ ანალიზს. თითოეული დავალების პარამეტრები იზომება. ჩვენი ტესტის დავალებების მიზანია, მოახდინოს სელექცია აბიტურიენტებს შორის და გამოავლინოს საუკეთესო. რაც შეეხება ამ ღია დავალებებს, ამგვარი ტიპის დავალებები ყველაზე კარგად აკეთებს სელექციას აბიტურიენტებს შორის. შესაბამისად, ამ დავალებების წილი გავზარდეთ. მეტსაც გეტყვით, ამ ტიპის ტესტით, ამ დავალებების მრავალფეროვნება უფრო მისაღებია იმ აბიტურიენტებისთვის, რომლებიც შემოქმედებითად აზროვნებენ, რომლებსაც არგუმენტირების უნარი აქვთ.

–ხომ არ შეცვლილა საგამოცდო დრო და მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გეოგრაფიის გამოცდაზე?

–მინიმალური კომპეტენციის ზღვარი არ შეცვლილა, უბრალოდ ქულიდან გამომდინარე 59 რომ იყო და 60 გახდა, 60 ქულიდან უნდა დაითვალოს მაქსიმალური ქულის 25%. ესაა გამსვლელი ზღვარი. იქ რამდენიმე ვარიანტი არის და მათი გათანაბრება მოხდება. ამიტომ ზუსტად წინასწარ იმის თქმა, რამდენი იქნება მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, ძნელია.

დროს რაც შეეხება, არ შეცვლილა. ამ თვალსაზრისით არანაირი პრობლემა არ არის. საგამოცდო დრო იმაზე მეტია, ვიდრე საჭიროა. 2 საათი და 40 წუთი.

ამავე თემაზე:

2019 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ცვლილება 4 საგანის ტესტს შეეხება – დეტალები

2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის შეცვლილი ტესტების ნიმუშები საგნების მიხედვით

რამდენი იქნება გამსვლელი ქულა აბიტურიენტებისთვის ქართულის გამოცდაზე და ვისთვის გართულდა ტესტი

მოამზადა ცისანა შერგილაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური