GE

გზა საკლასო ოთახიდან NASA-ს სასწავლო ბანაკამდე – სკოლა AIA-GESS-ის მოსწავლეების გამარჯვების ისტორია

2014 წლიდან დღემდე, ათასწლეულის ფონდი, აშშ-ის საელჩოს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, NASA-ს კოსმოსურ ცენტრთან და თიბისი ბანკთან თანამშრომლობით ათასწლეულის ინოვაციის პროექტს ახორციელებს.

კონკურსის მიზანია ე.წ STEM მიმართულების გაძლიერება, საბუნებისმეტყველო, საინჟინრო და ტექნოლოგიურ სფეროში ახალგაზრდების ინოვაციების წახალისება, მხარდაჭერა და დაჯილდოება.

გამარჯვებისთვის მებრძოლმა გუნდებმა იციან, რომ, პირველ ადგილზე გასულები აშშ-ში, NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამაში, ჰიუსტონის კოსმოსურ ცენტრში გაივლიან პროფესიულ მომზადებას, რაც საუკეთესო გამოცდილება და საერთაშორისო წარმატებაა.

წელს პროექტის ფინალში 11 გუნდი გადავიდა. მათი ინოვაციები კოსმოსისა და ავიაციის, რობოტექნიკის, მობილური ტექნოლოგიების აპლიკაციების, განათლების, გარემოს დაცვის, ჯანდაცვის, ენერგეტიკის თუ ტრანსპორტის მიმართულებებს ეხებოდა. გუნდები თვეების განმავლობაში, ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო ბაზაზე ქმნიდნენ ინოვაციურ გამოგონებებს.

გამარჯვებულის დაჯილდოება რამდენიმე დღის წინ გაიმართა და მთავარი პრიზი, პირველი ადგილი გუნდმა – ,,Elves’’ (ელფები) მოიპოვეს. გუნდის წევრები გიმნაზია AIA-Gess-ის მოსწავლეები არიან. AIA-Gess-ის მოსწავლეებმა პროექტში წამყვანი ადგილი მეხუთედ მოიპოვეს და შესაბამისად თვლიან, რომ მათი გამარჯვება სკოლის ტრადიციის გაგრძელებაა. EDU.ARIS.GE დაინტერესდა გუნდის პროექტის შესახებ და კიდევ უფრო მეტის გარკვევას შეეცადა თავად გამარჯვებულებისგან, რომლებმაც თავიანთი ემოციები გაგვიზიარეს და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს.

მარიამ მიქაძე, 16 წლის – გამარჯვებული გუნდის წევრი, მომავალი საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი:

-მარიამ, მოგვიყევით თქვენი პროექტის ინოვაციის შესახებ, რა შექმენით და რა მიზნით?

-პირველ რიგში გეტყვით, რომ ჩვენი გუნდი შედგებოდა 5 წევრისგან. როცა ვსაუბრობდით რა პროდუქტი შეგვექმნა ყველანი შევთანხმდით, რომ ჩვენი გუნდის ინოვაცია უნდა მოგვერგო პანდემიური რეალობისთვის და იმ პრობლემის გადაჭრაზე ვყოფილიყავით ორიენტირებული, რომლებიც დედამიწის მთელს მოსახლეობას თანაბრად აწუხებს. ასეთ პრობლემად გამოვკვეთეთ ეკოლოგია და ზოგადად ჰაერის დაბინძურების შეუქცევადი პროცესი. საბოოლოოდ, შევქმენით კარბორის ნანობოჭკოების გამოყენებით დაბალ ძაბვაზე ფუნქციონირებადი ჰაერის იონიზატორი. მარტივად რომ გითხრათ, ეს არის ჰაერის გამწმენდი, რომელიც უკვე არსებულ იონიზატორებისგან განსხვავებით, იმუშავებდა დაბალ ძაბვაზე და არ გამოყოფდა ოზონს, რადგან როგორც იცით, ოზონი არის მავნე და აზიანებს გარემოს. რასაკვირველია, მოველოდით რომ ეს ინოვაცია პირველ ეტაპზევე დაიმსახურებდა დიდ აღფრთოვანებას და ინტერესს, რაც ასეც მოხდა და გამარჯვება მოვიპოვეთ.

– რამ გიბიძგათ პროექტში ჩართვისკენ რა გახდა თქვენი მოტივაცია?

– ჩვენი სკოლის მოსწავლეები ყოველთვის წამყვან ადგილებს იღებენ ამ პროექტში, ეს ჩვენთვის რიგით მე-5 გამარჯვებაა. პირადად ჩემს მაგალითზე გეტყვით, რომ 2016 წელს ჩემი ძმაც იყო გამარჯვებული გუნდის წევრი და რასაკვირველია, ეს იყო დიდი მოტივაცია. დღეს ის ამერიკაში სწავლობს და ეს იყო უდიდესი გამოცდილება და მოტივაცია მისთვის, დარწმუნებული ვარ, ჩემთვისაც ასე იქნება. მინდა საერთაშორისო სამართლის სტუდენტი გავხდე და მეც მასთან ერთად გავაგრძელო სწავლა. ამაღელვებელი იყო ეს გამარჯვება ჩემი ოჯახისთვის, უკვე მეორედ, მეორე შვილს მიულოცეს ასეთი დიდი მიღწევა. რასაკვირველია, ეს მათთან ერთად არის ჩვენი სკოლისა და მენტორის, თემურ ჩიჩუას დამსახურება. ჩვენ გავაგრძელეთ გამარჯვების ისტორია და იმედი მაქვს, რომ მომავალ წელსაც ჩვენი სკოლის მოსწავლეები იგივეს გააკეთებენ.

გუნდის კიდევ ერთი წევრი, პანტელეიმონ კობახიძე, 17 წლის- მომავალი ინჟინერი, გვიყვება, რომ მისთვის, როგორც აბიტურიენტისთვის ეს მნიშვნელოვანი გამარჯვებაა.

„პირადად ჩემთვის ეს პრექტი იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან აბიტურიენტი ვარ და ვაპირებ სწავლა გავაგრძელო ელექტრო ინჟინერიის მიმართულებით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში. შესაბამისად, ნებისმიერი ტექნოლოგიებთან დაკავშირებული პროგრამა ჩემთვის გამოსადეგი გამოცდილება იქნება, ისევე როგორც NASA. ვიღებთ მოლოცვებს და ყველა კიდევ უფრო დიდ წარმატებებს გვისურვებს. მადლიერები ვართ პირველ რიგში სკოლის, რადგან ჩვენ გვაქვს კლუბები, სადაც სხვადასხვა პროფესიულ მიმართულებას ვსწავლობთ. STEM-ისა და ინჟინერიის ფიზიკის კლუბებმა მოგვცა განსხვავებული ცოდნა ამ მიმართულებით, რომელსაც პირადად მე სამომავლოდ კიდევ ბევრჯერ გამოვიყენებ“.

– რა რჩევას მისცემდით მოსწავლეებს, რომლებიც გეგმავენ პროექტში ჩართვას და თქვენს მსგავსად არიან დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები?

– მთავარი რჩევა იქნებოდა, რომ არ შეცვალონ გეგმები და ჩაერთონ პროექტში. რასაკვირველია, ეს არის საკმაოდ დიდი შრომა, რადგან სკოლაში სწავლის პარალელურად რთულად გამოიყურება, მაგრამ უკან არ უნდა დაიხიონ და ბოლომდე დაიხარჯონ, არა მარტო გამარჯვებისთვის, არამედ იმისთვის, რომ საუკეთესო გამოცდილება შეიძინონ და დროის უქმად ხარჯვის ნაცვლად, მნიშვნელოვანი საქმით დაკავდნენ

(R)

ასევე იხილეთ:

როგორ აღმოჩნდნენ სკოლის მოსწავლეები მილიონი წლის გამოქვაბულში

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური