GE

IBSU-ის სტუდენტი გაცვლითი პროგრამით აშშ-ში იმყოფება

თათია ფარადაშვილი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობის პროგრამის მესამე კურსის სტუდენტია და ამჟამად, ამერიკაში ”ბოლ სტეიტის” უნივერსიტეტში იმყოფება გაცვლითი პროგრამით.

,,ამ უნივერსიტეტში სწავლობდა დეივიდ ლეტერმანი, რომელიც ამერიკაში ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული ტელეწამყვანია. მისი სახელობის შენობაში გვიტარდება ჟურნალისტიკის თეორიული და პრაქტიკული ლექციები, რაც მეტ პასუხისმგებლობას გვაკისრებს და ორმაგად სასიამოვნოს ხდის სწავლის პროცესს. სწორედ ამ ქალაქიდანაა ამერიკის ვიცე პრეზიდენტი მაიკ პენსი, რითაც ამაყობს აქ მცხოვრები ხალხი. როგორც ჩემთვისაა ცნობილი, ბოლო 20 წლის მანძილზე მე ერთადერთი ქართველი ვარ, რომელიც ბოლ სტეიტში სწავლობს.

პირველივე დღეს დამახვედრეს ქართული დროშა და ქართული ასოებით დაწერილი „მოგესალმებით! “, რამაც ნამდვილად გამახარა, მით უფრო რომ არ ველოდი ასეთ გულთბილ დახვედრას სხვა უნივერსიტეტში. ვფიქრობ, ყველა ის სტუდენტი, რომელიც მოტივირებულია გააკეთოს მაქსიმუმი და მიიღოს, რაც შეიძლება მეტი გამოცდილება სტუდენტური წლების განმავლობაში, ორიენტირებულია საზღვარგარეთაც მოსინჯოს ძალები და დამოუკიდებლად გაუმკლავდეს გამოწვევებს.

17498401_1119020051560799_5924732678614456144_nჩემი ისტორიაც მსგავსია, ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში ვიცოდი, რომ გამოვიყენებდი ყველა შანსს სანამ სასურველს არ მივაღწევდი ჩემი შრომით. მუდამ სიახლეებს ვეძებ და ვერ ვეგუები გარემოს, რომელიც თავიდან ბოლომდე შესწავლილად ასოცირდება ჩემთვის. ზუსტად ვიცოდი, რომ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა ჩემი სტუდენტური ცხოვრების თანმდევი ეტაპი იქნებოდა, რის გამოც რამდენიმე წელი თავდაუზოგავად ვშრომობდი. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს როცა ვახსენებ, დიდი სიამაყით ვუსვამ ხაზს სიტყვას „საერთაშორისო“, რადგან ჩემთვის ეს გახსნილ საზღვრებთან ასოცირდება.

ამ უნივერსიტეტში ჩაბარებაზე დიდხანს არ მიფიქრია, რადგან 100% -იანი ეროვნული გრანტითა და ოქროს მედლით მოვიპოვე დამატებითი შიდა დაფინანსება და მომეცა შანსი სრულიად უსასყიდლოდ მიმეღო უმაღლესი განათლება ინგლისურ ენაზე, რაც ჩემთვის პრიორიტეტული აღმოჩნდა. ბოლ სტეიტის უნივერსიტეტშიც სრული დაფინანსებით ვსწავლობ, რაც დამოუკიდებლად მოვიპოვე საქართველოში ამერიკის საელჩოს გაცვლით პროგრამაში გამარჯვების შედეგად. ასევე, აქ სწავლის მანძილზე ამერიკის მთავრობის სტიპენდიანტი ვარ. 2017 წელს სულ 3 ფინალისტი შეირჩა და მათ შორის აღმოვჩნდი მეც. შესარჩევი პერიოდი მოიცავდა ეტაპებს, რომელიც რამდენიმე თვე გრძელდებოდა.

ამერიკული სასწავლო პროცესი ნამდვილად დახვეწილი და 21-ე საუკუნეს სრულიად მორგებულია. აქ ყველაზე დიდი მნიშვნელობა ენიჭება კრეატიულ აზროვნებას და არა უბრალოდ დაზეპირებას.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში არსებული მეთოდი ნამდვილად გამოირჩევა ქართულ უმაღლეს სასწავლებლებს შორის, იმიტომ რომ ის შედარებით ყველაზე ახლოსაა სწავლების მსგავს ტიპთან. მე არ მქონია დიდი ბარიერი აქ ყოფნის პირველ დღეებში, რადგან სტუდენტობის პირველივე დღიდან ვსწავლობდი ინგლისურად და შეხება მქონდა სხვა ეროვნების წარმომადგენელ სტუდენტებთან და ლექტორებთან.

ბოლ სტეიტში ვსწავლობ არა მარტო იმ საგნებს, რაც პირდაპირ კავშირშია დიპლომატიასა და საერთაშორისო ურთიერთობებთან, არამედ ჟურნალისტიკის ფაკულტეტის რამდენიმე საგანსაც, რისი წყალობითაც მიწევს ვიყო არა მარტო ახალი ამბების წამყვანი, არამედ პროდიუსერი, რეპორტიორი. ყოველ კვირას სხვადასხვა როლს ვითავსებთ, რაც სოციალურ ქსელში ქვეყნდება უნივერსიტეტის ახალი ამბების ბრენდის სახელით „ NEWSLINK INDIANA “.

ის ფაქტორი, რომ ინგლისური არაა ჩემი მშობლიური ენა ხელს არ მიშლის ვიმუშაო კამერების წინ და ამერიკელ ხალხს მივაწოდო ახალი ამბები. ჩემი სტუდენტური დღე იწყება დილის ლექციებით, რაც საუკეთესო მიზეზია არ მოდუნდე და მთელი დღე ასევე აქტიურად გააგრძელო. თუ თავისუფალი დრო მაქვს, აუცილებლად ვსტუმრობ კამპუსში17498586_1119021838227287_1850464754920100379_n არსებულ დეივიდ ოსლის ხელოვნების მუზეუმს, რომელიც სხვადასხვა ცივილიზაციის უნიკალურ ნამუშევრებს წარმოგვიდგენს მსოფლიოს არაერთი ქვეყნიდან. უნივერსიტეტში გვაქვს შუა დასავლეთ ამერიკაში არსებული საუკეთესო პლანეტარიუმი. კვირაში ერთხელ იღება კინოთეატრის კარი ყველა სტუდენტისთვის ერთად, რათა ჰოლივუდის უახლესი ფილმების ყურების შანსი კამპუსში ცხოვრების გამო არ გავუშვათ ხელიდან. კვირის მანძილზე უნივერსიტეტს სტუმრობს არაერთი ბენდი, მოცეკვავეთა ჯგუფი და სპიკერი. სტუდენტებისთვის ეწყობა თამაშების საღამო, რაც ყოველ ჯერზე განსხვავებულია. ამ სანახაობას ენით ვერ აღვწერ. გასულ შაბათს სპეციალურად უნივერსიტეტისთვის მადაგასკარიდან ჩამოიყვანეს ლემურები, რამაც ჩემს მოლოდინს გადააჭარბა. ყველაზე საინტერესო ისაა,რომ კვირის ამ დღეს უნივერსიტეტს ვერ ვცნობ -აუდიტორიები, სადაც ჩვეულებრივ ლექციები ტარდება, ივსება ატრაქციონებით, ცხოველებით, სახატავი ფუნჯებით, ხელნაკეთი ნივთებითა და საჩუქრებით.

ამერიკაში გატარებულმა თითოეულმა დღემ საგრძნობლად შემცვალა. მე მზად ვიყავი ამისთვის, ზუსტად ვიცოდი, რატომ მინდოდა ამ ქვეყანაში სწავლა და რა სირთულეებს შეიძლებოდა გადავყროდი. საბედნიეროდ, მყავს არაჩვეულებრივი კურატორი, რომელიც ვაშინგტონიდან ადევნებს თვალს ჩემს აკადემიურ ცხოვრებას და ამ პროგრამის ფინალისტობის პირველივე დღიდან ჩემს გვერდითაა. ბოლ სტეიტის უნივერსიტეტშიც მყავს მრჩეველი, რომელიც სრულ მზადყოფნაშია ჩემს კითხვებზე პასუხის გასაცემად და დასახმარებლად. პირველივე დღეს ვიგრძენი, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია თითოეული სტუდენტის კეთილდღეობა და უსაფრთხოება მათთვის. ამ ფაქტორმა კიდევ უფრო მეტად შემაყვარა არა მარტო ეს უნივერსიტეტი, არამედ ამერიკული კულტურა და ეს ადამიანები.

ამერიკის საელჩოს ეს პროგრამა მიზნად ისახავს მომავალი ლიდერების აღმოჩენას და მათი განვითარების ხელშეწყობას. ვფიქრობ, აქ გატარებულმა თვეებმა საკუთარი თავი მაპოვნინა და დამანახა სრულიად განსხვავებული რაკურსით. ყველაზე მთავარია, აირჩიოთ ის განხრა, რისი სწავლაც არ მოგბეზრდებათ და მოგიტანთ სულიერ კმაყოფილებას და აირჩიოთ ის სასწავლებელი, რომელიც უზრუნველყოფს ზემოთ ჩამოთვლილ 2 ფაქტორს.რაც შეეხება, გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მიღების სურვილს, ეს ძალიან მისასალმებელია, როდესაც მზად ხარ გაიღო შენი ენერგია, დრო და არ დაიშურო ძალები. ამ შემთხვევაში ჩემი რჩევაა, კარგად ისწავლოთ უცხო ენები და ნელ-ნელა გახდეთ უფრო დამოუკიდებლები. ნუ იდარდებთ ფინანსურ მხარეზე, ჩემს მაგალითზე თამამად ვიტყვი, რომ საოცნებო სასწავლებლებში სრული დაფინანსებით ვისწავლე და ვსწავლობ. თუ მთელი არსებით გადაწყვეტთ რისთვის იბრძვით, მიზანს აუცილებლად მიაღწევთ!”, – თათია ფარადაშვილი.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური