GE

ილიაუნის ქართულ-გერმანულმა ექსპედიციამ კახეთში განძი აღმოაჩინა

ილიაუნის მკვლევარებმა და სტუდენტებმა, დედოფლისწყაროში, არქეოლოგიური გათხრების დროს განძი იპოვეს. უპრეცედენტო ოდენობის ბრინჯაოს ნივთები ნაქალაქარის ციტადელში აღმოაჩინეს. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის და ჰალლეს (გერმანია) მარტინ ლუთერის უნივერსიტეტის   მკვლევარების  ერთობლივი ექსპედიცია შირაქში,  მთა ნაზარლებზე მდებარე გვიანი ბრინჯაო-ადრე რკინის ხანის ნაქალაქარს სწავლობს. 30 ოქტომბერს, ილიას უნივერსიტეტში სწორედ აღნიშნული  ექსპედიციის და აღმოჩენილი განძის შესახებ ისაუბრეს. პრეზენტაციაზე შეკრებილ საზოგადოებას საშუალება ჰქონდა დეტალური ინფორმაცია მიეღო ჩატარებული სამუშაოების შესახებ.

ილიაუნი რექტორის მოადგილე ნინო დობორჯგინიძე აცხადებს, რომ მსგავსი ღონისძიებები სწავლების ინტერნაციონალიზაციის უმთავრესი ინსტრუმენტია, რადგან სტუდენტები ადგილობრივ და უცხოელ მეცნიერებთან ერთად უშუალოდ არიან  ჩართული არქეოლოგიურ სამუშაოებში და დიდ გამოცდილებას იღებენ.

„აღნიშნული ექსპედიცია ძალიან მნიშვნელვანია. ჩვენ გერმანიის რამდენიმე უნივერსიტეტთან გვაქვს ყოველწლიური არქეოლოგიური ექსპედიცები და მათ შორისაა ჰალლეს უნივერსიტეტი, გერმანიის კვლევითი საზოგადოება, რომლებიც  მუდმივი მხარდამჭერები არიან. პროექტის ფარგლებში, რომელსაც  „კავკასიაში სახელმწიფოებრიობის სათავეებთან“ ეწოდება, უკვე მეორე წელია ეს ექსპედიცია მიმდინარეობს. წელს აღმოჩნდა მართლაც უპრეცედენტო რაოდენობის ბრინჯაოს ნივთები. სინჯები უცხოურ ლაბორატორიებში დამუშავების პროცესშია. მსგავსი თანამშრომლობა გახლავთ მეცნიერების და სწავლების ინტერნაციონლიზაციის უმთავრესი ინსტრუმენტი. ექსპედიციაში ძირითადად მუშაობენ ჩვენი სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები მათ ხელმძღვანელთან ერთად. ისინი  ადგილზე იკვლევენ  ყველაფერს, სწავლობენ   ამ არქეოლოგიური გათხრების დროს. არქეოლოგიური განყოფილების ყველა სამაგისტრო პროგრამა უშუალოდ ამ კვლევებზეა მიბმული. მომავალ წელს, ამ მიდამოებში ისევ გაგრძელდება ექსპედიცია. ეს არის ხანგრძლივი პროცესი, რომელიც მნიშვნელოვანია სასწავლო და კვლევითი კუთხით“, – განაცხდა ნინო დობორჯგინიძემ  EDU.ARIS.GE -სთან საუბარში.

ილიაუნის პროფესორი პაატა ბუხრაშვილი, რომელიც თავადაც ექსპედიციის მონაწილეა ამბობს, რომ აღმოჩენილი ნივთები იშვიათი და უპრეცედენტო რაოდენობისაა.

„ეს აღმოჩენა მნიშვნელოვანია ჯერ იმით, რომ ასეთი რაოდენობის ბრინჯაოს ნივთები ძალიან იშვიათია.  არის შუბისპირები, მახვილი, სატევარი, არის 450 ცალი ბრინჯაოს მახვილის იმიტაცია.  ბრინჯაოს ნივთების გარდა, აღმოჩენილია სატაძრო ნაგებობა, რომლიც მსგავსიც ადრეა 76-78 წლებში იქნა გათხრილი, ოღონდ სხვა რეგიონში, ყვარელში. ეს ივრის ზეგანზეა, თუმცა  მსგავსია არქიტექტურული ფორმები და ინტერიერის მოწყობა; გამომდინარე აქედან, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს არის დიდი კულტურული ტრადიციების და რელიგიური დანიშნულების ცენტრი. ადრეც იყო ნავარაუდევი, რომ მსგავსი აღმოჩენა შესაძლებელი იყო, პერიოდი სავარაუდოდ გახლავთ  გვიანი ბრინჯაოს ხანა“, – განმარტა პაატა ბუხრაშვილმა.

ექსპედიციის კიდევ ერთი მონაწილე  პროფესორი გურამ ყიფიანი აცხადებს, რომ  საქართველოს ტერიტორიაზე არ ეგულება ადგილი, რომელიც ამ ეტაპზე კვლევების ჩასატარებლად, უფრო საინტერესო იქნება.

„ექსპედიციაში აქტიურად იყო ჩართული გერმანული მხარე ჰალლეს უნივერსიტეტიდან და ქართული მხარე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან.  მართლაც შთამბეჭდავია, არ მეგულება 21-ე საუკუნეში საქართველოს ტერიტორიაზე უფრო საინტერესო აღმოჩენა, ვიდრე ეს არის. საუბარია  ბრინჯაოს  განძზე, მათ შორის რამდენიმე ნივთი უნიკალურია, მაგალითად ორმხრივი ცული, რომელიც ჩემი აზრით, ალბათ ძველი წელთაღრიცხვის მე–9 საუკუნით თარიღდება, თუმცა ეს წინასწარი მოსაზრებაა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ეს განძი აღმოჩნდა არქიტექტურულ კომპლექსში, რომელიც ასევე უნიკალურია. სამუშაოებს სახელმწიფოც აფინანსებს, ნაწილობრივ უნივერსიტეტი, გერმანული მხარე და ა.შ“, – აღნიშნავს გურამ ყიფიანი.

ილიაუნის ვიზუალური ანთროპოლოგიის და ლოკალური ისტორიის ლაბორატორიისა და ჰალლეს მარტინ ლუთერის უნივერსიტეტის აღმოსავლეთის არქეოლოგიისა ხელოვნების ინსტიტუტის ერთობლივი ექსპედიცია გერმანული მხარის მიერ იყო დაფინანსებული. მთა ნაზარლებზე მდებარე გვიანი ბრინჯაო-ადრე რკინის ხანის ნაქალაქარის შესწავლა 2 წელია მიმდინარეობდა და მეცნიერები ვარაუდობენ, რომ იქ კიდევ ბევრი მასალა იქნება საინტერესო.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური