GE

ილიაუნის სამართლის სკოლის სამი სტუდენტი ჰუგო ზინსჰაიმერის კონკურსის გამარჯვებულია

საქართველოს სახელით მოასპარეზე იურისტ სტუდენტთა გუნდმა 16 ივნისს გაიმარჯვა ჰუგო ზინსჰაიმერის საერთაშორისო შრომის სამართლის კონკურსში. საქართველოს გუნდმა ლიტვისა და საფრანგეთის გუნდების დამარცხების შემდეგ ნახევარფინალში პოლონეთს სძლია, ფინალში კი გერმანია დაამარცხა და 13 ქვეყანას შორის პირველი ადგილი დაიკავა. აღსანიშნავია, რომ საქართველო კონკურსის მონაწილე ევროკავშირის ერთადერთი არაწევრი ქვეყანა იყო.

საქართველოს სახელით ჰუგო ზინსჰაიმერის სახელობის საერთაშორისო შრომის სამართლის იმიტირებულ სასამართლო კონკურსში მონაწილეობა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სამმა სტუდენტმა – ელენე სამადბეგიშვილმა, თამარ გოგიბერიძემ, ლელა გიგაურმა – და საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტმა ნინო კოტიშაძემ მიიღეს. გუნდის მწვრთნელი იყო იურისტი ზაქარია შველიძე, რომელმაც საერთაშორისო შეჯიბრებისთვის სტუდენტების მომზადებასთან ერთად მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა კონკურსის ეროვნული რაუნდის ორგანიზებასა და განხორციელებაში.

კონკურსის მესამე საერთაშორისო შეჯიბრებისთვის ქართული გუნდის გამგზავრება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (USAID/PROLog) პროექტისა და ილიაუნის სამართლის სკოლის მხარდაჭერით განხორციელდა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური