GE

ილიაუნიში, ევრაზიის პროექტის ფარგლებში, დაფინანსებული პროექტის მეოთხე მოდული გაიმართა

14-15 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ევრაზიის პროექტის ფარგლებში დაფინანსებული პროექტის მეოთხე მოდული გაიმართა. მისი მიზანია პრაქტიკაზე დაფუძნებული უმაღლესი განათლების განვითარება სოციალურ მუშაობაში შშმ პირების ინკლუზიისა და სოციალური რეფორმებისათვის სოციალური პედაგოგიკის მეთოდოლოგიის გამოყენებით.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ 50-მდე საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები, მათ შორის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური მუშაობის სამაგისტრო და სადოქტორო დონის სტუდენტები.

სამწლიან პროექტში, რომელიც 2017 წლიდან მიმდინარეობს ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით, მონაწილეობენ ნორვეგიის, საქართველოს, სომხეთისა და ყირგიზეთის უნივერსიტეტები და არასამთავრობო ორგანიზაციები.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური მუშაობის სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში მუშავდება ახალი სასწავლო პრაქტიკული სწავლების მოდული „სოციალური პედაგოგიკა სოციალურ მუშაობაში“ და პრაქტიკის ხელმძღვანელების უწყვეტი განათლების პროგრამა. გარდა ამისა, სოციალური მუშაობის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები 3-კვირიან სოციალური მუშაობის პრაქტიკას გაივლიან ნორვეგიის უნივერსიტეტში (რუდოლფ შტაინერის კოლეჯში, რომელთანაც გაფორმდა ურთიერთთანამშროლობის მემორანდუმი).

პრაქტიკის სწავლებაში ჩართულნი არიან შშმ პირებთან მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები: ა(ა)იპ კავშირი ადამიანებისათვის განსაკუთრებულ ზრუნვას რომ საჭიროებენ (სოციალური თერაპიის სახლი), ა(ა)იპ თავისუფალი პედაგოგიკის ცენტრი, თემი ქედელი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული ბავშვის განვითარების ინსტიტუტი.

ღონისძიებას უმასპინძლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტის სოციალური მუშაობის სამაგისტრო პროგრამამ სოციალური მომსახურებებისა და ინტერვენციების მეცნიერული განვითარების კვლევით ცენტრთან ერთად.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური