GE

ინტერნეტით ნასწავლი უცხო ენა ბავშვებში – რა საფრთხეებზე მიგვითითებენ სპეციალისტები

ჩვენს რეალობაში სულ უფრო ხშირად შეხვდებით ბავშვებს, რომელთაც ენის ადგმისთანავე, მშობლიურთან ერთად (და ზოგჯერ უკეთ), უცხო ენაც აითვისეს. ბავშვებს, რომლებიც უცხოენოვანი მულტფილმების წყალობით, საბავშვო ბაღსა და სკოლაში უკვე ამა თუ იმ ენის ცოდნით მიდიან. ისინი გართობით სწავლობენ, მშობლები ამით ვამაყობთ, თუმცა უცხო ენის სპეციალისტები და ნეიროფსიქოლოგები ამ ერთი შეხედვით სასიხარულო ფაქტის მიღმა არსებულ რისკებზე საუბრობენ და დასძენენ, რომ თითოეული ბავშვის შესაძლებლობები ინდივიდუალურია და თუ ვხედავთ, რომ მეზობლის 3 წლის ბავშვი ორ ენაზე საუბრობს, არ უნდა დავასკვნათ, რომ ეს ყველა ბავშვისთვის ნორმაა.

ამ თემაზე სტატიის მომზადება ერთმა ჩვეულებრივმა გოგონამ გადამაწყვეტინა, რომელიც სულ ახლახან გახდა 4 წლის და რომელმაც ჩემ თვალწინ აიდგა ფეხი თუ ენა. სულ ცოტა ხნის წინ, როდესაც ანანო ჩემს შვილთან ერთად თამაშობდა, ჩემთვის სრულიად მოულოდნელად, მან სუფთა, გამართული რუსულით დაწყო საუბარი. ძალიან გამიკვირდა, რადგან, როგორც აღვნიშნე, ბავშვს დაბადებიდან ვიცნობ და ის კი არ ვიცოდი, რუსულად საუბარი თუ შეეძლო. ჩემი გაოცება მაშინ გაათმაგდა, როცა დედამისმა მითხრა, რომ ოჯახში რუსული ენა ანანოს გარდა არავინ იცის. მან კი უცხო ენა, ასეთ პატარა ასაკში, ინტერნეტის, კერძოდ კი „იუთუბისა“ და სხვადასხვა ანიმაციური ფილმის და რუსულენოვანი არხის ყურებით აითვისა.

როგორც აღმოჩნდა, ანანოს მსგავსი მეთოდით უცხო ენის ათვისება სკოლამდელ თუ სასკოლო ასაკში საკმაოდ ფართოდ ფეხმოკიდებული და აპრობირებულია. სტატიაზე მუშაობისას გავიცანით ბავშვები, მოსწავლეები, რომელთაც უცხო ენა (ძირითადად, ინგლისური, ან რუსული), აბსოლუტურად დამოუკიდებლად, მხოლოდ და მხოლოდ ინტერნეტის მეშვეობით ისწავლეს. ვნახეთ ისეთებიც, რომელთა ენის ათვისების საქმეშიც ლომის წილი „იუთუბს“ მიუძღვის, თუმცა გარემოცვამაც (ძირითადად, ოჯახმა) შეუწყოთ ხელი.

ნათია ცომაიას გოგონა, ნიცა, 5 წლისაა და ინგლისური ისევე იცის, როგორც ქართული. დედამ შენიშნა, რომ 2 წლის ასაკიდან ბავშვს უცხო სიტყვების მიმართ ინტერესი გაუჩნდა და ამიტომ მიზანმიმართულად ისეთ მულტფილმებს ურთავდა, რომლებსაც საგანმანათლებლო შინაარსი აქვთ, ფერებითა და გამოსახულებით ბავშვებს იზიდავენ და ამავდროულად, ენის ადვილად ათვისებასაც უწყობენ ხელს.

დროთა განმავლობაში, ნიცას ინგლისური ენის სიტყვების მარაგი დაუგროვდა. ამ დროს უკვე ნათიაც ჩაერთო და თამაშისას შვილს ამ სიტყვების გამოყენებით ესაუბრებოდა. თუ შეამჩნევდა, რომ რომელიმე სიტყვას არასწორ კონტექსტში იყენებდა, უსწორებდა. ნათია მიიჩნევს, რომ ამ ყველაფერში მთავარი როლი მულტფილმებს ეკუთვნით.

„ახლა ნიცას თავისუფლად შეუძლია მესაუბროს ინგლისურად. ისე, როგორც ქართულად შეუძლია მელაპარაკოს თავისი ასაკისთვის შესაბამის ნებისმიერ თემაზე. ხშირ შემთხვევაში ბავშვებმა იციან უცხო ენაზე სიტყვები, სიმღერებსაც მღერიან, მაგრამ მნიშვნელობა ნაკლებად ესმით. სწორედ აქაა საჭირო მშობლის ჩართულობა, რომ ამ ცოდნას სწორი მიმართულება მისცეს. „იუთუბზე“ ბევრი ისეთი პროგრამაა, რომელიც სწორ მიმართულებას აძლევს ბავშვებს. რომ არა ეს პროგრამები და მულტფილმები, მე ვერ ვასწავლიდი. ინტერესი მან გაუჩინა“, – ამბობს ნათია.

მარიამ მამულაშვილი კი 13 წლისაა და ინგლისურს ისიც 3 წლის ასაკიდან ფლობს. შესაბამისად, სკოლაში უკვე ამ ენის სრულყოფილი ცოდნით შევიდა. ამბობს, რომ უცხო ენით მისი დაინტერესებაც „იუთუბმა“ გამოიწვია და მისი მეშვეობით ისწავლა კიდეც.

„იუთუბზე“ ძალიან ხშირად ვუყურებდი ინგლისურ, ფრანგულ, რუსულ და გერმანულ ანიმაციებსა და მულტფილმებს. ყველაზე ძალიან ინგლისურმა დამაინტერესა. წერა და ანბანი ადვილი იყო, ასევე როგორც გამოთქმა. თუ რაიმეს არასწორად ვიტყოდი, სახლში მისწორებდნენ. ჩემს მშობლებს უცხოელი მეგობრები ჰყავთ და ისინიც მესაუბრებოდნენ. ასე სწავლა ადვილია, ყური იმახსოვრებს და ენაც ეჩვევა. როგორც ვიცი, ინგლისურად 3 წლიდან ჩამოყალიბებული კომუნიკაცია შემეძლო. არასდროს მივსულვარ მოსამზადებელ ცენტრში, ამ ყველაფერს ჩემით მივაღწიე. ახლა უკვე ფრანგულს და რუსულს ვუთმობ დროს, რადგან ინგლისური ისე ვიცი, როგორც ქართული“, – ამბობს მარიამი.

როგორც ჩანს, მარიამი და ნიცა იმ ბავშვების კატეგორიას მიეკუთვნებიან, რომელთაც უცხო ენა საკმაოდ მარტივად, ყოველგვარი გვერდითი მოვლენებისა და გართულებების გარეშე აითვისეს. თუმცა, როგორც სპეციალისტები გვარწმუნებენ, ყველა შემთხვევა ასეთი არაა და ხშირად, ორი ენის ერთდროულად სწავლას, ან ეკრანთან გატარებულ დროს ბავშვის მეტყველებისა და ქცევის პრობლემების გამოწვევა შეუძლია.

ინგლისური ენის სპეციალისტ ქეთევან ტაბატაძეს მუშაობის საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს ისეთ ბავშვებთან, რომლებიც სკოლაში უკვე მეორე ენის ცოდნით შედიან. ამბობს, რომ უმეტესწილად, სწორედ ინტერნეტია ბავშვებისთვის ცოდნის წყარო, თუმცა ზოგჯერ მშობლები გამიზნულად ეძებენ ისეთ ძიძებს, რომლებიც ბავშვებს განსხვავებულ ენაზე დაელაპარაკებიან და, შესაბამისად, ასწავლიან უცხოურ ენაზე კომუნიკაციას. ამ ერთგვარ ტენდენციას, როგორც პედაგოგი, არცთუ ისე დადებითად აფასებს და ამბობს, რომ ამ ყველაფერს მთელი რიგი სირთულეები შეიძლება მოჰყვეს. მისი თქმით, ბევრად უკეთესია ბავშვმა უცხოური ენის შესწავლა სკოლაში დაიწყოს და თანაც არა აუცილებლად პირველ კლასში, რადგან თითოეული ბავშვისთვის სასკოლო გარემო (როგორი მეგობრულიც არ უნდა იყოს იგი), განსხვავებული დღის განრიგი, თანაკლასელებთან და მასწავლებლებთან ურთიერთობის დამყარება და სხვ. სრულიად ახალი გამოცდილება და ერთგვარი გამოწვევაა.

„როდესაც ბავშვი სკოლაში უცხოური ენის გარკვეული ცოდნით მოდის, მას აღარ აკმაყოფილებს ის მასალა და რესურსი, რასაც სკოლაში სთავაზობენ. პროგრამა, რომელიც დანარჩენი მოსწავლეებისთვის ახალია, მისთვის მარტივია და ამის გამო, ხშირ შემთხვევაში, მოტივაცია ეკარგება. ამავდროულად, თანაკლასელთა ნაწილს თვითშეფასება უმცირდება, რადგან არათანაბარ პირობებში არიან. ზოგჯერ თანაკლასელების მხრიდან ე.წ. ,,მცოდნე“ მოსწავლის მიმართ არაკეთილგანწყობაც შეიმჩნევა ხოლმე. მასწავლებელსაც დამატებითი ძალისხმევა სჭირდება, რადგან ასეთ მოსწავლეებს გაკვეთილის გეგმიდან განსხვავებული, დამატებითი მასალა უნდა შესთავაზოს, რათა დაინტერესდეს და გაკვეთილზე დისციპლინის პრობლემა არ შეიქმნას. საბოლოოდ, გაკვეთილის გეგმა იცვლება, კლასში არაჯანსაღი გარემო იქმნება და მოსწავლეთა ნაწილი უკმაყოფილოა. ამ ყველაფრის მოსაგვარებლად კი, მასწავლებელს დამატებითი დროისა და ენერგიის დახარჯვა სჭირდება. ამასთანავე, ზოგჯერ ცალკე პრობლემაა ხოლმე მშობელთა განსხვავებული რეაქციები.

„ბუნებრივია, რომ ყველა მშობელს უხარია თავისი შვილის წარმატება და განსაკუთრებული უნარების გამოვლენა, თუმცა, მიმაჩნია, რომ ეს უნარები მას ისედაც არ დაეკარგება. ინტერნეტიდან ნასწავლი უცხო ენა არაა გაცნობიერებულად ნასწავლი. ბავშვმა შეიძლება იცოდეს მზა ფრაზები, თუმცა, საუბარში, ვერ შეანაცვლოს მაგალითად, პირის ნაცვალსახელი. სწავლის პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია მეტაკოგნიცია, (რათა გაიაზროს რას სწავლობს, როგორ იქცევა და შეძლოს გარკვეული მართვა თავისი აზრებისა და ფიქრებისა) და ეს სრულიად იკარგება. ასევე, ხშირად, მათ შეუძლიათ მხოლოდ საუბარი და არა წერა. ამ შედეგის გამოსწორება უფრო რთულია ხოლმე, რადგან, ფიქრობენ, რომ თუ საუბრობენ, ენა უკვე იციან. შესაბამისად, სჯობს, იმ დროის სხვა რამეში გამოიყენება, რასაც ეკრანებთან ხარჯავენ. მაგალითად თამაშში, ოჯახის წევრებთან ურთიერთობაში და ა.შ. მე, როგორც მშობელი და პედაგოგი, წინააღმდეგი ვარ, რომ ბავშვმა ადრეულ ასაკში ისწავლოს უცხოური ენა. ყველაზე მთავარი სოციალური უნარებია, რაც სწორედ ადრეული ასაკიდან უნდა განვითარდეს და რაც ძალიან ეხმარება თითოეულ მოსწავლეს აკადემიური პროგრესის მიღწევაში“, – ამბობს ქეთევანი.

თემაზე ნეიროფსიქოლოგ მარიამ ხვადაგიანსაც ვესაუბრეთ, რომელიც ამბობს, რომ შემთხვევები, როდესაც ბავშვები ადრეულ ასაკში უცხო ენაზე საუბრობენ, ხშირია. მისი თქმით, ამ შემთხვევაში საყურადღებოა ის, თუ რამდენად გამართულად მეტყველებს ბავშვი ამავდროულად მშობლიურ ენაზეც. რადგან პრიორიტეტი სწორედ მშობლიურ ენაზე საუბარია. სპეციალისტის განცხადებით, ბავშვებს, რომლებიც კარგად საუბრობენ ეკრანიდან ნასწავლ უცხო ენაზე, ხშირად, მშობლიურ ენაზე საუბრის სირთულეები აქვთ.

EDU.ARIS.GE -სთან ინტერვიუში ნეიროფსიქოლოგი იმასაც ამბობს, რომ უნდა განვასხვაოთ უცხო ენის სწავლა ბუნებრივი გარემოდან (მაგალითად, ოჯახი, სადაც რომელიმე წევრი სხვა ენაზე საუბრობს) და უცხო ენის სწავლა ეკრანიდან. მისი თქმით, ბავშვი, რომელიც ენას ბუნებრივ გარემოში კომუნიკაციის გზით სწავლობს, უპირატეს მდგომარეობაშია იმ ბავშვთან შედარებით, რომელიც იმავეს ეკრანიდან სწავლობს.

„ტვინის კონკრეტული უბნები და ჰემისფერო კონკრეტულ უნარებზე მეტ-ნაკლებად პასუხისმგებლები არიან. ბუნებრივ გარემოში მიღებული ინფორმაცია თავის ტვინის სხვა უბნების მიერ აღიქმება, ხოლო ეკრანიდან წამოსული – სხვა უბნების მიერ. გარდა ამისა, ბუნებრივ გარემოში ინფორმაცია კომუნიკაციის, სოციალური ინტერაქციის შედეგად მიიღება, ეკრანთან კი კომუნიკაცია არ ხდება.

„როცა სწავლება ბუნებრივი გარემოდან ხდება, ანუ როცა ოჯახში სხვადასხვა ენაზე საუბრობენ, ჯობია ერთი წევრი ბავშვს ესაუბროს ერთ ენაზე და მეორე – მეორე ენაზე. ამ შემთხვევაში, ენების ერთმანეთთან აღრევის საშიშროება ნაკლებადაა. რაც შეეხება ეკრანიდან ნასწავლს, აქაც რამდენიმე ფაქტორია მნიშვნელოვანი. პირველ რიგში ის, თუ რა დროს ატარებს ბავშვი ეკრანთან. არიან ბავშვები, რომლებიც მართლაც ძალიან დიდ დროს ატარებენ ეკრანთან და ამიტომ იციან სხვა ენა. თუმცა, ისეთი ბავშვებიც არიან, რომლებიც ძალიან მცირე დროს უთმობენ მულტფილმებს, მაგრამ სწავლისთვის დღეში 15 წუთიც კი ჰყოფნით. ჩვენს რეალობაში, მშობლები ხშირად აღნიშნავენ, რომ მათი 2-3 წლის ბავშვები ეკრანთან დღეში 3-4 საათს ატარებენ. მათ შორის კვების დროსაც. ეს დრო კომუნიკაციას აკლდება. კომუნიკაცია კი ისაა, რითაც ბავშვი ვითარდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ 3-4 საათის განმავლობაში ბავშვს არ აქვს ემოციის, შეძენილი ცოდნის გაზიარების შესაძლებლობა. აი, კომუნიკაციის ნაკლებობამ კი შეიძლება მეტყველების, ემოციური და ქცევითი სირთულეები გამოიწვიოს“, – აცხადებს სპეციალისტი.

როგორც ნეიროფსიქოლოგი ჩვენთან საუბრისას ამბობს, კვლევები იმასაც ცხადყოფს, რომ თუ ეკრანიდან სწავლობს ბავშვი ენას, უმჯობესია ამ დროს მას გვერდით სხვაც ჰყავდეს – მშობელი, ან თანატოლი, რომელსაც მიღებულ ცოდნასა და შთაბეჭდილებებს გაუზიარებს.

„თუ ერთეულ შემთხვევებზე ვისაუბრებთ, რა თქმა უნდა, არსებობენ ბავშვები, რომლებიც 4 წლის ასაკში სამ ენაზე გამართულად საუბრობენ. ისევე როგორც, არსებობენ ბავშვები, რომლებიც ამავე ასაკში ფორტეპიანოზე უკრავენ და 10 წლის ასაკში ნაწარმოებებსაც ქმნიან, მაგრამ ერთეულ შემთხვევებს ვერ განვაზოგადებთ. სტატისტიკურად ხშირია, როდესაც ციფრული ტექნოლოგიების გზით შესწავლილი ენა და მშობლიური ენის შეფერხება ერთმანეთთან კორელაციაშია.

„თუ ბავშვი 3-4 წლის ასაკში გამართულად საუბრობს მშობლიურ ენაზე, დამატებით უცხო ენის შესწავლა ადრეულ ასაკში სირთულეებს ნაკლებად შექმნის. მაგრამ თუ ბავშვს მშობლიურ ენაზე საუბარი უჭირს, დიდია ალბათობა, რომ სკოლაში წერა-კითხვის სირთულეები შეექმნას. ძალიან კარგია, როცა ბავშვმა რამდენიმე ენა იცის. ამ დროს თავის ტვინი ვითარდება, მაგრამ ჩვენი პრიორიტეტი მხოლოდ უცხო ენაზე საუბარი ხომ არაა. ჩვენი შვილების შესაძლებლობებს უნდა დავაკვირდეთ. თუ ბავშვს მცირედი შეფერხება მაინც აქვს მეტყველებასთან დაკავშირებით, სასურველია, რომ მეორე ენა ჩამოვაშოროთ და ჯერ ერთ ენაზე ისწავლოს საუბარი. როცა მშობლიურ ენას კარგად აითვისებს, მეორე ენა უკვე ამის შემდეგ შემოვიტანოთ, ისიც დოზირებულად“, – დასძენს მარიამ ხვადაგიანი.

ინგლისურ ენაში გავრცელებული შეცდომები, რომლებსაც ყველა უშვებს

20 ინგლისური იდიომა, რომლებიც ყველამ უნდა იცოდეს

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური