GE

კახა კალაძის მკაცრი გაფრთხილება ბაღის დირექტორებს – ხვალიდან ბაგა–ბაღებში საყოველთაო რეგისტრაცია იწყება

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ყველას აფრთხილებს, არავინ გაბედოს ბაღებში ბავშვების ნაცნობობით რეგისტრაცია.

„არავის უნდა მივცეთ შესაძლებლობა, რომ ვიღაცას მერიაში ჰყავდეს ნაცნობი, ვიღაცას საკრებულოში და მათი დახმარებით მოხდეს ბავშვების დარეგისტრირება“,- აცხადებს კახი კალაძე და ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

აღნიშნული განცხადება თბილისის მერმა დღეს, საბავშვო ბაგა-ბაღებში საყოველთაო რეგისტრაციის დაწყებამდე ერთი დღით ადრე გააკეთა.

„ძალიან ცუდი ხმები მომდის ბაღებში რეგისტრაციასთან დაკავშირებით და მინდა თქვენი საშუალებით გავაფრთხილო ყველა, რომ არავინ გაბედოს რაიმე პროტექციონიზმი იმისთვის, რომ ბავშვების რეგისტრაცია მოხდეს ვიღაცის დახმარებით, ნაცნობობით. ეს ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია. ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელს მინდა პირდაპირ ვუთხრა: არავინ გაბედოს არც სააგენტოში და არც მერიაში ვინმეს პროტექციონიზმის განხორციელება. ჩვენ ამ ჭაობიდან უნდა გამოვიდეთ ერთხელ და სამუდამოდ. ამისათვის არსებობს ელექტრონული შესაძლებლობა. რა თქმა უნდა, ყველას დაკმაყოფილება ვერ მოხდება, მაგრამ ჩვენ ჩვენს თავთან უნდა ვიყოთ მართალი. არავის უნდა მივცეთ შესაძლებლობა, რომ ვიღაცას მერიაში ჰყავდეს ნაცნობი, ვიღაცას საკრებულოში და მათი დახმარებით მოხდეს ბავშვების დარეგისტრირება“, – განაცხადა კახა კალაძემ და აღნიშნა, რომ ყველა ბავშვის უფლებებისთვის ერთნაირად იბრძოლებს.

„არსებობს რაღაც პრინციპები. მე ამ პრინციპებით მოვდივარ და ნამდვილად ვერ ვუღალატებ იმას, რა ცხოვრებითაც ვცხოვრობ. შესაბამისად, არავის მივცემ იმის შესაძლებლობას, რომ ის ადამიანები დაიჩაგრნონ, ვისაც მინისტრი ან სხვა თანამდებობის პირი ნაცნობი არ ჰყავს. ყველა ბავშვი – ჩემი თუ სხვისი – არის ერთი და იგივე და მათი უფლებებისთვის ვიბრძოლებ ბოლომდე. ადამიანებს ჩემი იმედი აქვთ და საზოგადოების ჩემდამი ამ დამოკიდებულებას ძალიან ვუფრთხილდები. ამიტომ არავინ გაბედოს რაიმე ნაბიჯის არასწორად გადადგმა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

2018 წელს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაციის ვადები და ეტაპები ცნობილია – პროცედურები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური