„კლასის დამრიგებელი შესაძლებელია იყოს პირი, რომელსაც არ აქვს პედაგოგის კვალიფიკაცია და სკოლაში მასწავლებლად არ არის დასაქმებული“ – ინიციატივა
საჯარო სკოლების დირექტორების ნაწილს აქვს ინიციატივა, რომ კლასის დამრიგებელი შესაძლებელია ისეთი ადამიანი იყოს, რომელიც სკოლაში საგნის მასწავლებლად არ არის დასაქმებული და მეტიც, არ აქვს მასწავლებლის კვალიფიკაცია.
ამის შესახებ საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს უახლესი მოკვლევიდან ხდება ცნობილი, რომელშიც როგორც მასწავლებლები, ისე სკოლის ხელმძღვანელები, სხვა საკითხებთან ერთად, სკოლაში მოსწავლეთა თვითმმართველობის გაძლიერებაში კლასის დამრიგებლის როლზე საუბრობენ.
როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, მასწავლებლები აღნიშნავენ, რომ თვითმმართველობის გააქტიურებას, ძირითად შემთხვევაში, სასკოლო კლუბები იწვევს, რომელსაც, თავის მხრივ, ხელმძღვანელობს აქტიური და მოტივირებული მასწავლებელი. აღნიშნული გამოწვევის დაძლევის ერთ-ერთ შესაძლებლობად ასახელებენ დამრიგებლის საათს. მათი შეფასებით, მნიშვნელოვანია განახლდეს კლასის დამრიგებლის კონცეფცია და ის მოიცავდეს მოსწავლეთა მხარდაჭერის საკითხებსაც, მათ შორის ინფორმაციის გაზიარების, შესაძლებლობების გაძლიერებისა და გააქტიურების მიმართულებით, თუმცა, ამასთანავე, სკოლების ხელმძღვანელები საუბრობენ მასწავლებლების დაბალ მოტივაციაზე გახდნენ კლასის დამრიგებლები, ამის მიზეზად მაღალ პასუხისმგებლობასა და მცირე ანაზღაურებას ასახელებენ.
“მოკვლევის ჯგუფისთვის გაზიარებული ინიციატივის მიხედვით, სახელმწიფომ უნდა დაიწყოს ფიქრი მოდელზე, როდესაც კლასის დამრიგებელი შესაძლებელია იყოს პირი, რომელსაც მასწავლებლის კვალიფიკაცია არ აქვს და სკოლაში მასწავლებლად არ არის დასაქმებული, ამ კუთხით, განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებენ ახალგაზრდა კადრების მობილიზებაზე, თუმცა, ყველა მხარე თანხმდება, რომ კონცეფციის შინაარსობრივ გააზრებას, თან უნდა ახლდეს მათი ანაზღაურების საკითხიც” , – ვკითხულობთ საქართველოს საპარლამენტო მოკვლევის ჯგუფის ანგარიშში რომელმაც კვლევა ჩაატარა თემაზე – „სასკოლო საზოგადოების ჩართულობა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მართვის პროცესში“.
გაგვიზიარეთ თქვენი შეფასება ამ საკითხზე, ეთანხმებით კლასის დამრიგებლად ისეთი პირის დასაქმებას, რომელიც არ არის პედაგოგი?
ასევე იხილეთ:
- რას და როგორ ისწავლიან სტუდენტები ამ ფაკულტეტზე – დამტკიცდა კიბერუსაფრთხოების უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი by ARIS.GE-განათლება
- ხელფასი 10 000, 9 000 და 8 000 ლარი – განათლების სამინისტროს ქვეუწყებისთვის გამონაკლისი წესი დადგინდა – დეტალები by ARIS.GE-განათლება
- აშენდება თუ არა 179-ე საჯარო სკოლის ახალი შენობა? – რა პასუხი აქვს განათლების სამინისტროს by ARIS.GE-განათლება