GE

მაია მიმინოშვილზე (ბლოგი)

მაია მიმინოშვილზე საუბარი ძველ მეგობრებთან ფეხბურთის ფინალის მოლოდინში ჩამოვარდა. საუბარში განათლების სფეროში მომუშავე 2 ადამიანი და აბიტურიენტების 2 მშობელი მონაწილეობდა, თამაშის დაწყების მაუწყებელმა მსაჯის სასტვენმა ძლივს გაგვაჩერა.

თემები, როგორც მახსოვს ისე დავალაგე, ვიფიქრე, რომ შეიძლება სხვებისათვისაც საინტერესო ყოფილიყო. ასე იწყებოდა:

– ვაიმე, ვაიმე! რა გააკეთა, სამაგისტრო გამოცდის B და C ნაწილის ჩატარებამდე სწორი პასუხები შემთხვევით გამოაქვეყნა!
– გაჩერდით, ასეც რომ იყოს, ამის გარკვევა შეუძლებელია და არ არის საჭირო, სხვა ვარიანტებით ჩაანაცვლებს.

ვის შეუძლია მაიაზე ობიექტურად საუბარი, ვინ შეაფასებს მის შრომას და შედეგებს?

რეპეტიტორები, დარგის სპეციალისტები? ჯერ კიდევ გახსოვთ, ალბათ, რომ მაია რეპეტიტორების მტერია?
– არ ვიცი, არ ვიცი.
– მაიას გამსწორებლების დიდი ნაწილი, ზუსტად რეპეტიტორებია და, ალბათ, დუმილს ამჯობინებენ.
– აბა რა ქნას მაიამ…
– უკაცრავად, მე მხოლოდ იმის თქმა მინდოდა, რომ რეპეტიტორები შეფასებისგან, ალბათ, თავს შეიკავებენ.

არასამთავრობო სექტორი და ექსპერტები? ყველანაირი კვლევების შედეგებს თუ ნახავთ – საქართველოს მოსახლეობას განათლების საკითხი ნაკლებად აინტერესებს.
– აუფ, რას ამბობ, ჩვენ ჩვენი შვილები ძალიან გვიყვარს.
– ვინ დავობს, ასეა, სოციალური დახმარების, დასაქმების, ჯანმრთელობისა და ქვეყანაში წესრიგის შემდეგ, შვილების განათლება არის.
– რა შუაშია ეხლა ეს არასამთავრობოებთან?
– რა ინტერესიც არის მოსახლეობის განათლების მიმართ ის არასამთავრობოები და განათლების სფეროში ექსპერტები გვყავს. გრანტიდან გრანტამდე ცხოვრობენ, გრანტის თემის იქით, გახედვის არც დრო და არც სურვილი აქვთ.
– ნაწილი ბევრ საკითხში ერკვევა
– ძალიან პატარა ნაწილი..

მშობლები და ბავშვები?
– ახლა ელაპარაკე ამათ, ვინ მოუსმენს (იკითხე – რა ესმით?)

– საზოგადოების მტერი, ლევან ბერძენიშვილი, თუ უკბენს ან სამინისტროდან, პირადი აუტანლობის ფონზე ვინმე..
– თემაზე, მეგობარო, თემაზე.

– კეთილი, და რატომ უნდა ვუკბინოთ? ტერორიზმის განმარტება რომ არ იცის?
– იცის, იცის. აბა უცხოურ გრანტებს ვერ მიიღებდა.
– არ იყო ეს ტერმინი მნიშვნელოვანი, ესეების თემები ხომ, როგორც იქნა, კარგად იყო შერჩეული?
– ნამდვილად.
– თემურ ლენგი?
– გაჩუმდით.
– შარშანდელი და შარშანწინდელი ცოდვები?
– გვახსოვს.
– აბა ჯამბულოლაშვილებს რატომ არ უშვებს, ამას კითხულობთ? არ ესმის?
– დიახ, ვიცი რატომაც არ უშვებს, ეს მაიას ცნობილი ჯინსების თემის გაგრძელებაა. დისკომფორტის შემქმნელია გაშვება, არც მეტია და არც ნაკლები. რთულად ვხსნი?
– არც ისე.

მაია მანიპულატორია?
– ნუ, რა სიტყვებს ხმარობ.
– მაპატიეთ, მაგრამ ეს ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია.
– რას გულისხმობ?
– მომპარავს როგორ უნდა დაათვლევინო საწყობი?
– ფუ, რა შედარებებია.
– აბა, მაიას, როგორ შეუძლია წლიდან წლამდე, ბავშვების ცოდნის დონის შეფასება, თუ ტესტების ავტორი და შემდგენი თვითონ არის? ცხადია, რომ მარტივ ტესტებზე – უკეთესი შედეგებია, რთულზე – უარესი. მარტივი იყო შარშან? არ მახსოვს. წელს? არ ვიცი.
– იტყვის, რომ არაფერს არ აფასებს და ბავშბების დონე ვის აინტერესებს, საერთოდ?
– სოფლის ბოლოა.

მაია – გმირია!
– რატომ?
– პრემიერმა, ერთ დღეში, ცენტრებში რომ კონდიციონერების ამბავი გადაწყვიტა, მაიას განა 1 თვით ადრე უთხრა.
– მოეშვი პრემიერს.
– არა! არ იყო ეს არც პრემიერის და არც მაიას საკეთებელი.
– აბა?
– განათლების მინისტრის საქმეა.
– მაშ, მელამ, ყბედმა და მდუმარემ ამდენი წელი რატომ ვერ გადაწყვიტეს?
– მთავარია, ახლა ხომ კმაყოფილია ყველა.
– ?
– სიგრილე, ცენტრები გარეუბნებშია გატანილი, მერიის სკამები – რამდენიც გინდა!! ჰა-ჰა, კრედოს ნაყინი და ალასანიას ყავა.
– სკოლები რას გავს?
– რა შუაშია ეს.
– 177-ე სკოლაში ინგლისურის გამოცდაზე ტექსტის მოსმენის დროს ტრაქტორი ამოქოქეს, იცი??
– მოინდომა ეხლა კორეა, მაინც გმირია.

ფულზე, ფულზე, რატომ არ საუბრობ? ამდენს შოულობს!
– არ მინდა.
– რას ჰქვია?
– დაიმსახურა.
– მე?
– შენც, როგორც კი მაიასნაირ შედეგებს დადებ.
– BENAEC-ის და NAEC4SCHOOLS-ის პროექტების შედეგებზე, შემთხვევით, ხომ არ ლაპარაკობ?
– რასაკვირველია, არა, გამჭვირვალე გამოცდებზე და შეკრულ კოლექტივზე ვლაპარაკობ, უყვართ მაია.
– ბავშვებსაც უყვარს, იმის შემდეგ, რაც სასკოლო გამოცდებზე ქულები გააუქმა..
– არ გესმის, ეს ასეთი ტიპის გამოცდე….
– გესმოდეს კარგად შენ და მაიას.

ახალი მინისტრი მაიას გაუშვებს ?
– სამოქალაქო განათლების ოლიმპიადები გახსოვს?
– ჯერ კიდევ ცოცხლობს მახსოვრობაში.
– მაიას დაანებოს თავი, მოადგილეებს მიხედოს, დიდებს და პატარებს
– რატომ, დადებითია მაია?
– არა, ადეკვატურია.
– თუ გამოიღვიძებს და ადამიანურ ტესტებს შესთავაზებს აბიტურიენტებს და კარგ იდეებს პალიტრას, მაშინ, დარჩეს მაია.
– ვიის? ჰო, ჰო, მაშინ დარჩეს, რასაკვირველია.
– მგონია, რომ უნდა წავიდეს, ძალიან ჯიუტია.
– კარგი რა, გაიხედე სამინისტროში რა ხდება, წარმატებები მაიას!

ავტორი: დავით ჯაფარიძე

 

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
aris.ge-adm