GE

მასწავლებლებს პრაქტიკის კვლევის დაწერას 300 ლარად სთავაზობენ, ანონიმურობა დაცულია

მასწავლებელთა ნაწილი რომ პრაქტიკის კვლევას თანხის სანაცვლოდ სხვას აწერინებდა ამის შესახებ EDU.ARIS.GE-მ რამდენიმე დღის წინ დაწერა. დღეს კი საჯაროდ გავრცელებული განცხადება მოგვაწოდეს, სადაც დაინტერესების შემთხვევაში, მასწავლებლებს კვლევის დაწერის სანაცვლოდ 300 ლარს სთხოვენ. განცხადების ავტორი მსურველებს მაღალი ხარისხის პრაქტიკულ კვლევას, კონფიდენციალურობის დაცვის გარანტიას და ფასდაკლებასაც სთავაზობს იმ შემთხვევაში, თუ კვლევის დაწერის მსურველი ერთი სკოლიდან ორი და მეტი მასწავლებლი იქნება.

სტატუსის გ.ჭ. ავრცელებს, რომელსაც როგორც “ფეისბუკის” საკუთარ გვერდზე აქვს მითითებული, მარნეულის მეორე საჯარო სკოლაში კონსულტანტ-მასწავლებლად მუშაობს, მანამდე კი წიგნიერების მიმართულების ჯგუფის წევრი იყო UP-Gried დაწყებითი განათლების პროექტში, ხოლო უფრო ადრე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში ქართული ენის კონსულტანტ-მასწავლებელად მუშაობდა.

EDU.ARIS.GE გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„ვწერ კვლევებს და ვყიდი. ვწერ იაფად. თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ აქტივობის შედეგად მთელი 300 ლარით მოგემატებათ ხელფასი, ერთ კვლევაში 300 ლარი სულაც არაა ძვირი, სწორედაც რომ იაფია.

ვწერ კვლევებს შემდეგ საგნებში:

ა) ქართული ენა და ლიტერატურა. ბ) ქართული, როგორც მეორე ენა. გ) უცხოური ენა. დ) ისტორია. ე) სამოქალაქო განათლება.

კვლევის წერის პროცესში, რომელიც სექტემბერში დაიწყება და დაახლოებით სამ თვემდე გაგრძელდება, უშუალოდ იქნება ჩართული კვლევის დამკვეთიც. როგორ? როგორ და

ა) ჩვენ ერთად შევარჩევთ მოსწავლეთა სიმრავლეს, ვისზეც კვლევას ჩავატარებთ.

ბ) განვსაზღვრავთ სასწავლო პრობლემასა და საკვლევ საკითხს, კვლევის მიზანს.

გ) გავეცნობით სხვათა გამოცდილებას ამ საკითხთან დაკავშირებით, მიმოვიხილავთ არსებულ ლიტერატურას.

დ) დავგეგმავთ ინტერვენციებს – აქტივობებს, რომლებსაც განვახორციელებთ კვლევის პროცესში ამ ორი თვის განმავლობაში.

ე) კვლევის რაოდენობრივი და თვისებრივი მეთოდების გამოყენებით აღვრიცხავთ, შევაგროვებთ შედეგებს, გავაანალიზებთ მათ.

ვ) შედეგების ანალიზის შედეგად გავაკეთებთ დასკვნებსა და მიგნებებს იმის შესახებ, თუ როგორ შეიცვალა მოსწავლეთა შედეგები საკვლევ საკითხთან დაკავშირებით, თუ რამდენად გამართლდა ჩვენი ჰიპოთეზები.

ზ) შევიმუშავებთ გარკვეულ რეკომენდაციებს და მოვამზადებთ კვლევის ანგარიშს.

ჩემ მიერ დაწერილი კვლევის მსურველები გამომეხმაურეთ აგვისტოს ბოლო ან სექტემბრის პირველ დეკადაში. გარწმუნებთ, რომ სურვილის შემთხვევაში ანონიმურობა გარანტირებულია. ჩვენ შეგვიძლია ვიურთიერთოთ მხოლოდ არაიდენტიფიცირებადი ფეისბუქპროფილების საშუალებით.

სკოლიდან ორი და მეტი მსურველის შემთხვევაში, შესაძლებელია 275 ლარამდე ფასდაკლებაც, ხოლო წარმატებული დამკვეთი კვლევის ანგარიშთან ერთად მიიღებს ჩემი ხელმოწერით დამშვენებულ სერტიფიკატსაც, რაც იმის გარანტი იქნება, რომ მომავალში თქვენვე დაწერთ კვლევის ანგარიშებს და გაყიდით კიდეც.

P.S. პატივცემულო მსურველებო, ნუ შეგაშინებთ მავანთა ქილიკი, კვლევებს ყიდულობენო. ცხადია, ხარისხიანი სწავლა და პროდუქტი იყიდება და ამაში სასირცხვილო არაფერია. სასირცხვილო ისაა, როდესაც რაიმე არც გაქვს და არც ყიდულობ.

ამასთან, სრულიად ბუნებრივია, მასწავლებელი ყიდულობდეს იმ პროდუქტს, რომელიც მხოლოდ ფორმალურად სჭირდება კარიერული წინსვლისთვის და იგი ამ პროდუქტს თავის პროფესიულ საქმიანობასთან ორგანულად ვერ აკავშირებს, ანუ არ მიაჩნია, რომ უამისოდ არასრულფასოვნად იმუშავებს, მოსწავლეებს დააკლებს რამეს.

შესაბამისად, იმ პოზაში ჩადგომას, – ტრენინგებში ფულს დავხარჯავ, კვლევის დაწერა ვისწავლოო, – ალალად ითხოვს, ბარემ, დაწერილი მომყიდეთო!“

პრაქტიკული კვლევები, რომლის დაწერაშიც მასწავლებლები ფულს იხდიან

მოამზადა გვანცა ღვედაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური