GE

„მასწავლებლის მომზადება და პროფესიაში შესვლა უფრო მცირე დროში იქნება შესაძლებელი“ – რა იცვლება კანონში

“მასწავლებლის პროფესიაში შემსვლელთა მცირე რაოდენობისა და რიგ სფეროებში მასწავლებელთა ნაკლებობის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია შემოღებულ იქნეს დამატებითი ინსტრუმენტი, რათა შესაძლებელი იყოს ბაკალავრიატის პროგრამის ფარგლებში მასწავლებლების მომზადება. აღნიშნული მიდგომის მთავარი დადებითი მხარეა მასწავლებლების მომზადება უფრო მცირე დროში, ვიდრე დღეს არის შესაძლებელი. ასევე, საგნის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულს ეზრდება დასაქმების არეალი. თუ პირი გადაწყვეტს მასწავლებლობას, მას აღარ მოუწევს დამატებითი პროგრამის გავლა”, – ვკითხულობთ საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენილ კანონპროექტში, რომლის ავტორებიც განათლების კომიტეტის თავმჯდომარე და მისი მოადგილე არიან.

საკითხის შესახებ დღეს პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ამილახვარმა ისაუბრა:

„დღეს ვიწყებთ განხილვას ერთი მნიშვნელოვანი საკითხის, რომელიც შეეხება საბაკალავრო პროგრამებში, ე.წ. მასწავლებლების მომზადების მაინორ პროგრამების დანიშვნას. აღნიშნული ინიციატივა გულისხმობს, რომ საბაკალავრო პროგრამებზე ჩარიცხულ სტუდენტებს შეეძლებათ სწავლის განმავლობაში აირჩიონ და გაიარონ მასწავლებლის მომზადების პროგრამა და სწავლის დამთავრების შემდგომ, პროფესიის ბაკალავრის დიპლომთან ერთად, ასევე მოიპოვონ მასწავლებლად მუშაობის უფლება. შესაბამისად, შესაძლებელი გახდება მასწავლებლების მომზადება და პროფესიაში შესვლა უფრო მცირე დროში და კურსდამთავრებულებს გაეზრდებათ მოტივაცია დასაქმების კუთხით, ასევე აღნიშნული ინიციატივა უზრუნველყოფს, სხვადასხვა საგნობრივი ჯგუფების მასწავლებლების მომზადებას, ეგრეთ წოდებულ STEM საგნებში, რომლებშიც ნამდვილად გვაქვს გამოწვევები“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

ცვლილება “უმაღლესი განათლების შესახებ” კანონში უნდა განხორციელდეს და ავტორები განმარტავენ რა პრობლემას გადაჭრის ცვლილება:

“მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, მასწავლებლის მომზადება ხდება ორი სახის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის მეშვეობით: მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამით და მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამით.

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, მასწავლებლის მომზადების პროგრამა წარმოადგენს ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამისა და მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამისაგან დამოუკიდებელ, შესაბამის დარგობრივ სტანდარტზე დაყრდნობით შემუშავებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამას, რომლის სწავლის შედეგებიც შეესაბამება ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოთი გათვალისწინებული ბაკალავრიატის საფეხურის სწავლის შედეგებს. აღნიშნული პროგრამის დასრულების შემდგომ გაიცემა მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატი. მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის გავლის უფლება აქვს არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს. ამასთან, მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს 60 კრედიტს და ისწავლება არანაკლებ 1 სასწავლო წლის განმავლობაში.

“რაც შეეხება მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამას, იგი არის შესაბამის დარგობრივ სტანდარტზე დაყრდნობით შემუშავებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა, (რომელითაც მზადდება დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი) რომელიც მოიცავს – საგნების/საგნობრივი ჯგუფების მოდულს, მასწავლებლის მომზადების მოდულს, თავისუფალი კომპონენტების მოდულს, სასკოლო პრაქტიკისა და პრაქტიკის კვლევის მოდულს და რომლის სწავლის შედეგებიც შეესაბამება ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მაგისტრატურის საფეხურის სწავლის შედეგებს. მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა სრულდება ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნობრივი ჯგუფის განათლების მაგისტრის აკადემიური ხარისხის მინიჭებით. ამასთან, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს არანაკლებ 300 კრედიტს”, – წერია განმარტებით ბარათში.

ავტორების განმარტებით, კანონპროექტით გათვალისწინებული საკითხების მოწესრიგება ხელს შეუწყობს ახალი თანამედროვე საჭიროებებს მორგებული ეფექტური ინსტრუმენტის ამოქმედებას. შესაძლებელი იქნება მასწავლებლის მომზადება და პროფესიაში შესვლა უფრო მცირე დროში. გარდა ამისა, შესაბამისი საგნის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულს გაეზრდება მოტივაცია დასაქმების კუთხით, რის შედეგადაც გაიზრდება მასწავლებლის პროფესიაში შემსვლელთა წრე. ცვლილება ასევე უზრუნველყოფს სახვადასხვა საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებლების მომზადებას (მათემატიკა, ქიმია, ფიზიკა და ა.შ).

ავტორების თქმით, წარმოდგენილი ცვლილება ასევე დადებით გავლენას მოახდენს მასწავლებლობის მსურველ პირებზე, ვინაიდან, თუ პირი გაივლის საბაკალავრო პროგრამას, რომელშიც ინტეგრირებულია 60 კრედიტიანი მასწავლებლის მომზადების პროგრამა ის აღარ გადაიხდის აღნიშნული პროგრამის გავლისათვის დადგენილ საფასურს. გავლენის სიდიდე დამოკიდებული იქნება პროგრამის გავლის მსურველთა რაოდენობაზე. გარდა ამისა, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას შეუმცირდება შემოსავალი, რომელიც მას უნდა მიეღო 60 კრედიტიანი პროგრამის განხორციელებისას. ხოლო ინტეგრირებული საბაკალავრო პროგრამის გავლის მსურველთა ზრდა შესაბამისად გაზრდის სასწავლებლის შემოსავალს. ცვლილება გავლენას მოახდენს იმ აკადემიურ პერსონალზე, რომელიც ასწავლიდა 60 კრედიტიანი პროგრამის გავლისას. აღნიშნული გავლენები ვრცელდება როგორც საჯარო ისე კერძო სამართლის იურიდიულ პირებზე.

კანონპროექტის ძირითადი არსი:

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების პროექტით ახლებურად ყალიბდება მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის ცნება. მე-2 მუხლის ,,წ2“ ქვეპუნქტით მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა არის ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის ძირითად სწავლის სფეროში შემავალი ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში ან ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამისა და მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო- სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამისაგან დამოუკიდებელი, შესაბამის სტანდარტზე დაყრდნობით შემუშავებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა, რომლის სწავლის შედეგებიც შეესაბამება ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მე-6 დონისათვის განსაზღვრულ განზოგადებულ სწავლის შედეგებს.

ანალოგიური შინაარსის ცვლილება შედის 47(2) მუხლის პირველ პუნქტში, რომლითაც მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა არის შესაბამის სტანდარტზე დაყრდნობით შემუშავებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა. ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის ძირითად სწავლის სფეროში შემავალი ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა შეიძლება მოიცავდეს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამას.

47(2) მუხლის მეორე პუნქტით დგინდება, რომ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის გავლის უფლება აქვს აგრეთვე იმ პირს, რომელსაც აქვს არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის ან შესაბამისი სახელოვნებო/სასპორტო/სამხედრო პროფესიული განათლების მქონე პირს.

47(2) მუხლის მე-5 პუნქტით მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის შემთხვევაში გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამას დიპლომსა და დიპლომის დანართში ასევე მიეთითება ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლება “.

ასევე იხილეთ:

განათლების კოდექსის შემუშავების პროცესში შესაძლოა, მსოფლიო ბანკი ჩაერთოს

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური