მინისტრის საათი პარლამენტში და მთავარ თემაზე ისევ მდუმარე მიხეილ ჩხენკელი
ვისაც მოლოდინი გქონდათ, რომ საქართველოს პარლამენტში, მინისტრის საათის ფორმატში მისული განათლების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალი მოდელის იმპლემენტაციის შესახებ რაიმეს ახალს, ან გარკვევით იტყოდა, იმედი უნდა გაგიცრუოთ.
მეტიც, დეპუტატმა გიორგი ვაშაძემ ფრაქცია რეფორმების ჯგუფიდან, ჩხენკელის გამოსვლას, მისი დასრულების შემდეგ, „ცრუ რეფორმების შესახებ ინფორმაციის“ მიწოდება უწოდა, პარტია „ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა კი თქვა, რომ „მინისტრი რეალობას ძალიან არის აცდენილი“…
ცხადია, მიხეილ ჩხენკელმა, ზოგადად უმაღლეს განათლებაზეც და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტზე (ეს არავის გვიკვირს), მრავალი გვერდი ჩაიკითხა. მაგრამ რეალურად საეტაპო, უმაღლესი განათლების დაფინანსების ცვლილებაზე ისევ ის თქვა, რაც აქამდეც ვიცოდით – რეფორმა იქნება.
განათლების უწყების ხელმძღვანელისგან სიტყვაც ვერ მოვისმინეთ რატომ დუმს სამინისტრო და არ დგამს შემდეგ ნაბიჯს მსოფლიო ბანკის თანხებით დაფინანსებული პროექტის რეკომენდაციებზე? როდის ამოქმედდება უმაღლესების დაფინანსების ახალი მოდელი და მთავარი, რამდენით, რა პრინციპით, ან რა პროცენტულობით გაიზრდება უმაღლესების დაფინანსება, თუკი გაიზრდება?
მინისტრის ამ დუმილს საკუთარ კითხვაში „პარტია ქართული ოცნების“ დეპუტატი და განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი ამილახვარიც გამოეხმაურა და მიხეილ ჩხენკელს ვადებზე მიუთითა. ამილახვარი დაინტერესდა, როგორი იქნება მსოფლიო ბანკის მიერ გაცემული რეკომენდაციების კვალდაკვალ სამოქმედო პროცესი, პროექტის ჩაშვების ვადები და როდის შეძლებენ პარლამენტში საკითხზე რეალურ მსჯელობას.
მინისტრმა უმრავლესობის დეპუტატის არც ერთ კონკრეტულ კითხვას უმაღლესების დაფინანსებაზე არ უპასუხა, თქვა რომ მას საკითხების გამჭვირვალობა იზიდავს და სწორედ ამიტომ, დაფინანსების ფორმულას ვიდრე მიიღებენ, საკითხი გავა რექტორთა საბჭოზე და ასევე, ფართო საზოგადოებრივი განხილვაც იქნება.
ერთადერთი იმედი, რაც დღეს პარლამენტარებს განათლების მინისტრმა დაუტოვა ასე ჟღერს: „ამ დოკუმენტს, რასაკვირველია, გაგიზიარებთ და შემდეგ ეტაპზე მსჯელობა ამ თემასთან დაკავშირებით გახდება სრულად გამჭვირვალე და საჯარო“. აქაც უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი იმედი დეპუტატებს უკვე არაერთგზის დაუტოვეს განათლების მინისტრის მოადგილეებმაც.
ბატონო მინისტრო, როდის გადადგამთ ქმედით ნაბიჯებს უმაღლესი განათლების დაფინანსების მოდელთან დაკავშირებით?
ამავე თემაზე:
- რას უნდა ველოდოთ უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებაში 4 წლის განმავლობაში – ახალი სამთავრობო პროგრამა by ARIS.GE-განათლება
- „საქართველომ და ქართველმა პედაგოგებმა უნდა დავინახოთ და კარგად გავიაზროთ მოსალოდნელი საფრთხეები“ – გამოსავლები მათემატიკის სწავლებაში by განათლებული ბლოგი
- 500 და 300 ლარი ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს – წახალისება რუსთავის 2025 წლის ბიუჯეტით განისაზღვრა by ARIS.GE-განათლება