GE

„მოლოდინის პროცესში ვართ“ – როდის გასაჯაროვდება უმაღლესი განათლების „ფუნდამენტური რეფორმის“ კონცეფცია?

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მთავრობა უმაღლესი განათლების ფუნდამენტური რეფორმის კონცეფციას საზოგადოებას ახლო მომავალში წარუდგენს, ერთ-ერთი პრიორიტეტი კი რეგიონული უნივერსიტეტების განვითარება იქნება.

ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ 20 აგვისტოს, შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი სასწავლო კორპუსის გახსნის ღონისძიებაზე ისაუბრა.

უმაღლესი განათლების ფუნდამენტური რეფორმის კონცეფციის წარდგენას საზოგადოება ჯერ კიდევ ივლისის ბოლოს ელოდა.

19 ივლისს, ამ თემაზე კითხვით EDU.ARIS.GE-მ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილეს, ზვიად გაბისონიას მიმართა.

“პრეზენტაცია ამ მომენტისთვის ჩანიშნული არ არის, მოლოდინის პროცესში ვართ და მთავრობისგან ველოდებით გადაწყვეტილებას”, – გვითხრა გივი მიქანაძის მოადგილემ.

ირაკლი კობახიძემ ზუგდიდში კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მთავრობის გეგმა უმაღლესი განათლების რეფორმირების თვალსაზრისით, ამბიციურია, თუმცა ახალი კონცეფციის წარდგენის ზუსტი დრო არ დაუკონკრეტებია:

„როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ გვაქვს ამბიციური გეგმა, რომ ფუნდამენტური რეფორმები განვახორციელოთ საუნივერსიტეტო, უმაღლესი განათლების სფეროში. ამისთვის, ვამუშავებთ კონცეფციას, რომელიც საზოგადოებას ახლო მომავალში წარედგინება. კონცეფციაში თავისი მნიშვნელოვანი ადგილი ექნება დაკავებული, ბუნებრივია, რეგიონულ უნივერსიტეტებს, მათ შორის შოთა მესხიას უნივერსიტეტს. ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი იქნება რეგიონული უნივერსიტეტების შესაძლებლობების მუდმივი და მასშტაბური განვითარება“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამავე თემაზე:

„კომისია საბოლოოდ შეჯერდა“ – ვის შემდეგ გაეცნობა საზოგადოება უმაღლესი განათლების რეფორმირების კონცეფციას (+ფოტო)

მარიამ იმერლიშვილი, edu.aris.ge

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური