GE

„მოსწავლეები არათანაბარ პირობებში იქნებიან! პედაგოგებს ჰკითხეთ, პატიოსნად მოიქცევიან?“ – მშობლები შიდა ქართლიდან სკოლებში დაგეგმილ ცვლილებებზე

სკოლის კურსდამთავრებულთა განწყობები დამამთავრებელ კლასში გამოცდების დაბრუნდებისა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხვისას სასკოლო შედეგების გათვალისწინების შესახებ, რომელსაც დაანონსებულ საგანმანათლებლო რეფორმა ითვალისწინებს, EDU.ARIS.GE-მ უკვე შემოგთავაზათ. დღეს კი ჩვენი რესპონდენტები 2025 წლის აბიტურიენტების მშობლები არიან, რომლებსაც 2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მიმდინარეობისას ვესაუბრეთ.

მოსწავლის სასკოლო აკადემიურ მოსწრებას უნივერსიტეტში ჩაბარებისას გაითვალისწინებენ – მთავრობის 4-წლიანი გეგმა ზოგად განათლებაში

რა ვიცით ცვლილების შესახებ დღეს – ამონარიდი ირაკლი კობახიძის ანგარიშიდან:

„საშუალო საფეხურის პოლიტიკის განვითარების ფარგლებში, ზოგადი და უმაღლესი განათლების საფეხურებს შორის კავშირის გასაძლიერებლად, მსოფლიო ბანკის მიმდინარე ადამიანური კაპიტალის პროგრამის ფარგლებში, მუშავდება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ტრანზიციის ახალი მოდელი.

ამასთან, შემუშავდა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის ახალი სისტემის კონცეფცია, რომელიც ითვალისწინებს ჩარიცხვის მრავალკომპონენტიანი სისტემის შექმნას და მოიცავს მე-12 კლასის გამოცდებს შერჩეულ საგნებში (ცოდნისა და კოგნიტური უნარების შეფასება), აბიტურიენტის საშუალო საფეხურის საშუალო ქულებსა (GPA) და დამატებით კრიტერიუმს, რომელსაც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება განსაზღვრავს.

მომზადდა ახალი სისტემისთვის პროგრამული უზრუნველყოფის კონცეფცია და ტექნიკური სპეციფიკაციების აღმწერი დოკუმენტი“.

დაგეგმილი რეფორმები არაერთგვაროვან შეფასებას იწვევს შიდა ქართლში მცხოვრები აბიტურიენტების მშობლებში. მათი დიდი ნაწილი ცვლილებას, რომელიც დამამთავრებელ კლასში გამოცდების დაბრუნებას და უნივერსიტეტში ჩაბარების ახალ მოდელს გულისხმობს, სკეპტიკურად უყურებს. ბევრს ეჭვი აქვს, რომ ცვლილება განათლების ხარისხს რეალურად ვერ გააუმჯობესებს და მიაჩნიათ, რომ ასეთ სისტემაში მოსწავლის ობიექტური შეფასება დიდი გამოწვევა იქნება.

მანანა პავლიაშვილის აზრით, სხვადასხვა სკოლებში და რეგიონებში მყოფი მოსწავლეეები არათანაბარ პირობებში იქნებიან.

„ასეთი სისტემის აწყობა ძალიან რთული იქნება ჩვენს რეალობაში. სკოლებში მოსწავლეების მიღებული განათლების შემოწმება იმისთვის, რომ მერე ამ ნიშნებით გააგრძელონ სწავლა უმაღლესებში, გამოიწვევს კორუფციის რისკს და ნეპოტიზმს განსაკუთრებით რეგიონებში, რადგან იქ კონტროლი ჯერ კიდევ შეუძლებელია. ასევე, ეს ყველაფერი ნიშნების არაობიექტურად დაწერის რისკს აჩენს. ბავშვებმა, რომლებიც უკეთეს სკოლებში სწავლობენ, შესაძლოა, უფრო მარტივად ჩააბარონ გამოცდები, ვიდრე მათ, რომლებსაც არ გაუმართლდათ და ისეთ სკოლებში სწავლობენ, სადაც სწავლების ხარისხს დიდად ყურადღება არ ექცევა. ამიტომ, რთულად შესაფასებელია საბოლოოდ რა შეიძლება მივიღოთ აქედან. ძალიან საფრხილო და კარგად დასაფიქრებელი საკითხია, რათა არ დაიჩაგროს არცერთი ბავშვი“, – გვიხსნის მანანა პავლიაშვილი.

ამ სახით რეფორმის განხორციელების წინააღმდეგია აბიტურიენტის მშობელი მაია კობახიძე, რომელსაც საკუთარი არგუმენტი აქვს იმაზე, თუ რა შეიძლება გამოიწვიოს ახალ სისტემაზე გადასვლამ.

“თავის დროზე, როცა ერთიანი ეროვნული გამოცდები მოიგონეს, მახსოვს, რომ მაშინ მიზანი სწორედ კორუფციის დამარცხება იყო და ახლა ისევ ამ მანკიერ სისტემას აბრუნებენ უკან? რა ვიცი, რა გითხრათ… მე წინააღმდეგი ვარ, ზოგი კი კმაყოფილია. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ სკოლებში გაიზარდოს სწავლების ხარისხი და აღარ დასჭირდეთ ბავშვებს ფულების ყრა რეპეტიტორებთან. აი, ამ კუთხით უნდა მუშაობდეს სახელმწიფო. საკითხავია, იმ სკოლის გამოცდებს ვინ ჩაიბარებს და რა სისტემით მოხდება. ისევ თუ პედაგოგებმა ჩაიბარეს, რა აზრი აქვს, მაშინ ეგრევე დაწერონ ნიშნები. ვერ ვხვდები, რა სისტემაა“.

აბიტურიენტების მშობლებს არც ის ავიწყდებათ, რომ მშობლები ყველაფერს გააკეთებენ, მასწავლებლებს შვილებისთვის მაღალი ქულები დააწერინონ:

„ეს გადაწყვეტილება გაზრდის კორუფციისა და ნეპოტიზმის რისკებს სკოლებში. არ მიმაჩნია სწორად და იმედი მაქვს, ეს ინიციატივა ინიციატივადვე დარჩება. ამ საკითხზე ბევრი არაფერი ვიცი, თუმცა ვეჭვობ, რომ ვერ გაამართლებს. ჯერ პედაგოგები ჩავარდებიან უხერხულ მდგომარეობაში და შემდეგ მშობლები შეეცდებიან, მასწავლებლებს საკუთარი შვილებისთვის მაღალი შეფასებები დააწერინონ. ეს აკადემიური მოსწრება იქნება თუ სხვა… არ მგონია, ეს საკითხი ვინმესთვის მოსაწონი იყოს. თუ სკოლებში კონტროლი გამკაცრდება და ყველა მხარე ადეკვატურად მოიქცევა, შეიძლება, კიდევ რამე გამოვიდეს, მაგრამ მე არ მაქვს ამის იმედი. აი, ნახავთ რაც მოხდება სკოლებში – დაიწყება ფულისა და საჩუქრების ფრიალი“, – ამბობს ნუნუკა ღამბაშიძე EDU.ARIS.GE-სთან.

ზიზი ქობლიანიძე საკუთარ მაგალითს იხსენებს და ამბობს, რომ არ სურს, მისი შვილები იმავე რეალობაში აღმოჩნდნენ:

„მე მინდა, რომ სკოლა განათლების კერა იყოს და არ მინდა ძველ დროში დაბრუნება. მე გამოვიარე პერიოდი, როცა სკოლებში შეფასებებს საჩუქრების სანაცვლოდ წერდნენ და ახლაც ვეჭვობ, რომ ეგრე იქნება. სხვას ვერაფერს გეტყვით. პედაგოგებს ჰკითხეთ, რამდენად პატიოსნად მოიქცევიან და გეტყვიან. მე საერთოდ ეროვნული გამოცდების წინააღმდეგიც ვარ. არც ესაა არაა ის გამოცდა, რაც მოსწავლის განათლებას აფასებს. ერთ მაგალითს მოგიყვანთ, აბიტურიენტების ნაწილი მათემატიკას იმიტომ არ ირჩევს ეროვნულებზე ჩასაბარებლად, რომ არ იციან. ამ ბავშვებს შემდეგ უნივერსიტეტში მაინც უწევთ ამ საგანი სწავლა, რამდენად სამართლიანია ეს? დასახვეწია ყველა მიმართულება“.

ლალი მამულაშვილი კი ხელისუფლებას მეტ გამჭვირვალობას სთხოვს და რეფორმის შესახებ მეტი დეტალების გასაჯაროებისკენ მოუწოდებს.

„სამწუხაროა, რომ ჯერ დეტალებზე არავინ საუბრობს ამ ახალი რეფორმის შესახებ. სწორედ ეს აჩენს კითხვებს, რა და როგორ იქნება. მე, როგორც ერთი აბიტურიენტის მშობელი გეტყვით, რომ ბევრი კითხვები მაქვს ამასთან დაკავშირებით. მაგალითად როგორ შეძლებენ ამ რეფორმით აამაღლონ სწავლის დონე სკოლებში? როგორ გააკონტროლებენ, რომ არ მოხდეს ბავშვების ამორჩევა და კიდევ ბევრი სხვა. შესაძლოა, ვცდები და მართლაც სიკეთის მომტანი იყოს, მაგრამ ხომ უკვე უნდა იყოს ცნობილი ყველა დეტალი? ისე მალავენ ყველაფერს, რომ აშკარაა, არ იქნება კარგი გადაწყვეტილება. მე ყველა ბავშვს ვურჩევ, კარგად ისწავლონ და საკუთარ თავებს დაუმტკიცონ, რომ ღირსები არიან უმაღლესში სწავლის გაგრძელების. მე ჩემს შვილს სულ ამას ვეუბნები. შესაძლოა, იყოს ბავშვების ამორჩევაც, არაობიექტურად დაწერილი შეფასებებიც, გულისწყვეტის მომენტებიც, მაგრამ როცა სწავლობ, შენს ნასწავლს ვერავინ წაგართმევს“, – გვიხსნის ლალი მამულაშვილი.

ინგა ტარიელაშვილს კი მიაჩნია, რომ აღნიშნულ რეფორმაზე საუბარი ნაადრევია, რადგან სკოლებში სწავლების ხარისხი დაბალ ნიშნულზეა. მისი აზრით, აუცილებელია სკოლებში ხარისხიანი სწავლება, რომ ჯერ ქვეყანამ მიიღოს განათლებული სტუდენტი და შემდეგ პროფესიონალი კადრი.

„რომელ გამოცდებზე და უმაღლესში სწავლაზეა საუბარი, როცა ბოლო წლებია წაკითხულის გააზრება იქცა დიდ პრობლემად ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდებში. ეს რაზე მიანიშნებს, იმაზე ხომ არა, რომ სკოლა ვერ აძლევს სათანადო განათლებას ბავშვს? ჯერ ეს პრობლემა აღმოფხვრან და რეფორმებზე მერე ისაუბრონ. რთულია იმის თქმა, რა იქნება კარგი და რა – არა. ვნახოთ, რას გვეტყვიან დამატებით და რით ახსნიან სკოლებში როგორ ჩატარდება გამოცდები და ვინ ჩაიბარებს. რომელ საგნებს შეეხება და პედაგოგებს რა გავლენა ექნებათ საგამოცდო პროცესზე. თუ იქნება სიმკაცრე და კარგად გაკონტროლდება ყველაფერი, კი მივიღებთ კარგ სტუდენტებს და შემდეგ კარგ პროფესიონალებს საკუთარ პროფესიებში. მე ახლანდელი საგამოცდო სისტემაც არ მომწონს, რადგან ბარიერების გადალახვას ოცნებობენ ბავშვები“.

EDU.ARIS.GE-მ ისეთი მშობლებიც იპოვა, ვინც სკოლიდან უმაღლესში ტრანზიციის სისტემის განახლებას ეთანხმება და დაგეგმილი ცვლილებაც მოსწონს.

მაგალითად ნელი ლაფაჩი ფიქრობს, რომ ეს ნაბიჯი სწავლის მოტივაციას გაზრდის.
„ვფიქრობ, ეს ინიციატივა კარგი მაგალითი იქნება იმისა, რომ სკოლებში სწავლების დონე გაძლიერდეს და ბავშვებში მეტი კონკურენცია გაჩნდეს. მივესალმები იმას, რომ ვინც ნამდვილად კარგად სწავლობს სკოლაში, უნივერსიტეტშიც იმან უნდა გააგრძელოს სწავლა. არ არის გასაკრიტიკებელი ეს რეფორმა, რადგან ვფიქრობ, ყველას წაადგება და ერთხელ და სამუდამოდ ყველა მიხვდება, რომ სწავლა უპირველესია სკოლაში და არა რეპეტიტორებთან მომზადება მხოლოდ საგამოცდო საკითხებში. უნდა მოახდინოს სკოლის შეფასებებმა გავლენა უმაღლესში სწავლის გაგრძელებაზეც, ესეც სწორად მიმაჩნია, რადგან დროა, რომ სწორედ ღირსეულებმა ისწავლონ უმაღლესში და არა მათ, ვინც არ სწავლობს და შემდეგ რამდენიმე თვიანი მომზადება ჰყოფნით უმაღლესში ჩასაბარებლად. ეს ხომ დამღუპველია, როგორც ქვეყნის მომავლისთვის, ისე თავად ახალგაზრდისთვის. იმედია, არ გამაკრიტიკებთ, მაგრამ ეს ჩემი აზრია“.

აბიტურიენტის მამა, ბაქარ ბიჭიკაშვილი რეფორმის იდეას დადებითად აფასებს, თუმცა შესაბამისი უწყებების მხრიდან პრობლემური გარემოებების გათვალისწინებასაც საჭიროდ მიიჩნევს.

„სიმართლე გითხრათ, არ არის ცუდი იდეა, თუ ყველაფერი კარგად გაკეთდება. რატომაც არა, უნდა იყოს გამოცდები სკოლაში და უნდა იქონიოს სკოლის ნიშნებმა გავლენა უმაღლესში ჩაბარებაზე. მომწონს ეს გადაწყვეტილება, მაგრამ აქ ძალიან ბევრი რამ შეიძლება მოხდეს, ბევრი კითხვის ნიშნებია, რამდენად კარგად გაართმევენ თავს სკოლები. თუ პედაგოგებმა ხათრის წერეს შეფასებები, ასე ვერაფერს ვერ მიაღწევენ. მასწავლებლებზეც ბევრი რამ იქნება დამოკიდებული, რომ საკუთარი სიმპათიები გვერდით გადადონ და მართლა რეალურად შეაფასონ მოსწავლეები, რაც დღესაც კი პრობლემაა. სხვა რა გითხრათ, ინიციატივა კარგია, თუ კარგად განხორციელდება“.

გულიკო მებადური კი ფიქრობს, რომ სწავლის მოტივაციის გაჩენა მოსწავლეებში პატარა ასაკიდანვე უნდა დაიწყოს.

„იცით რას ვეტყვი ხელისუფლებას? ეს სიახლე პატარა კლასების მოსწავლეებსაც უნდა შეეხოთ და აი, მაშინ იქნება ყველაფერი კარგად. სწავლა პატარაობიდანვე უნდა მიაჩვიო ბავშვს და არა დამამთავრებელ კლასებში დაუნიშნო გამოცდები, როცა უკვე დაგვიანებულია ყველაფერი. მე ნაწილობრივ ვეთანხმები ამ რეფორმას და მიმაჩნია, რომ სკოლაში მიღებული ცოდნა არ უნდა იკარგებოდეს და აბიტურიენტების ცოდნის გამოცდა მხოლოდ ეროვნულებით არ უნდა შემოიფარგლებოდეს, მაგრამ აქ უკვე შემოდის სხვადასხვა ფაქტორები. მაგალითად, პედაგოგების კეთილსინდისიერება, მშობლების მოთმინება და მოსწავლეზე მორგებული სწავლება სკოლებში. ეს ყველაფერი რომ იქნება მაღალ ხარისხში, შემდეგ ყველას მოეწონება ეს რეფორმა“.

ასევე იხილეთ:

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

ესაუბრა ნიკა გაბლიშვილი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური